ოთხშაბათი, იანვარი 15, 2025

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – შვედეთი ევროკავშირს მოუწოდებს, თავისი პოზიცია მკაფიოდ გამოხატოს და საქართველოს საკითხი საგარეო საქმეთა საბჭოს დღის წესრიგში დადგეს

შვედეთი ევროკავშირს მოუწოდებს, თავისი პოზიცია მკაფიოდ გამოხატოს და საქართველოს საკითხი საგარეო საქმეთა საბჭოს დღის წესრიგში დადგეს, – ამის შესახებ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარია მალმერ სტენერგარდმა პარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებით გამართული დებატების დროს განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში ჩატარებული არჩევნები დიდ შეშფოთებას იწვევს.

„საქართველოში ჩატარებული არჩევნები დიდ შეშფოთებას იწვევს. 2024 წელს მიღებულ იქნა რამდენიმე კანონი, რომელიც ზღუდავს სამოქალაქო საზოგადოებას, ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს. 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით დამკვირვებლებმა მათ შორის ეუთო-დან, რიგი დარღვევების შესახებ განაცხადეს. 2024 წლის 28 ნოემბერს „ქართულმა ოცნებამ“ გამოაცხადა, რომ პარტია ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას 2028 წლამდე არ აპირებს და ამ პერიოდში ევროკავშირის ყველანაირ ფინანსურ მხარდაჭერაზე უარის თქმას გეგმავს. ამ განცხადებამ საქართველოს მრავალ ადგილას მასშტაბური საპროტესტო აქციები გამოიწვია. რიგ შემთხვევაში, როგორც დემონსტრანტების, ისე ჟურნალისტების წინააღმდეგ მოხდა გადამეტებული ძალის გამოყენება.

შვედეთი ევროკავშირს მოუწოდებს, რომ ამ მოვლენების წინააღმდეგ თავისი პოზიცია მკაფიოდ გამოხატოს, მათ შორის საქართველოს საკითხი საგარეო საქმეთა საბჭოს დღის წესრიგში დადგეს. ბოლოს საქართველოს საკითხი ბრიუსელში საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე 16 დეკემბერს განიხილებოდა. იქ მე აღვნიშნე, რომ შვედეთს სურს, დაინახოს სანქციები მათ წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობაზე. ხაზი გავუსვი საქართველოსთვის განკუთვნილი ევროკავშირის გაყინული თანხების სამოქალაქო საზოგადოებისთვის გადანაწილების მნიშვნელობას. ასევე ევროკომისიას დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების შესაძლებლობის დამატებითი ანალიზი მოვითხოვე. ეს მნიშვნელოვანი გზავნილი იქნება, რომ არ შეიძლება ევროკავშირთან მჭიდრო ურთიერთობების უპირატესობის გამოყენება ვალდებულებების შეუსრულებლობის პირობებში. მე მივესალმები იმ ფაქტს, რომ კომისიამ ასეთი წინადადება წამოაყენა“, – აღნიშნა სტენერგარდმა.

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, საქართველო დიდი ხნის განმავლობაში რეგიონში იყო რეფორმების პროგრესის მაგალითი, თუმცა ბოლო ერთი წლის განმავლობაში განვითარებულმა მოვლენებმა  დემოკრატიული უკუსვლა აჩვენა.

„შვედეთი მუშაობდა იმაზე, რომ ევროკავშირს შეეჩერებინა საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერა, რაც ახლა მოხდა, მათ შორის ევროპის მშვიდობის ფონდიდან. შვედეთი არაერთხელ მოუწოდებდა ევროკავშირს და მის წევრ სახელმწიფოებს საქართველოში პროევროპულად განწყობილი ძალების მხარდაჭერისკენ, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოების. ამ მიმართულებით ევროკავშირის მხარდაჭერის რეორგანიზაცია განხორციელების სტადიაშია. 2024 წლის ოქტომბერში მთავრობამ დაავალა SIDA-ს საქართველოს ხელისუფლებასთან დარჩენილი პირდაპირი თანამშრომლობის შეწყვეტა. სანაცვლოდ, შვედეთმა 2024 წელს გაზარდა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა 25 მილიონი შვედური კრონით. ვინაიდან ბოლო კვირებში საქართველოში მოვლენები კვლავ არასწორი მიმართულებით ვითარდებოდა, სკანდინავიური და ბალტიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ასევე გამოაქვეყნეს ერთობლივი განცხადება, რომელშიც კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობას ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტებისადმი ნდობის აღდგენის გზის პოვნაზე. მაგალითად, ჩვენ მოვუწოდეთ საქართველოს ხელისუფლებას, შეასრულოს ეუთოს რეკომენდაციები და განიხილოს ამ რეკომენდაციების საფუძველზე ახალი არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა.

შვედეთი დიდ ხნის განმავლობაში უჭერდა მხარს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას. საქართველო დიდი ხნის განმავლობაში რეგიონში იყო რეფორმების პროგრესის მაგალითი. ამიტომ განსაკუთრებით სამწუხაროა, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოში განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა ასეთი სერიოზული დემოკრატიული უკუსვლა. 2024 წელს მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო რამდენიმე კანონი, რომლებიც ზღუდავს ქართულ სამოქალაქო საზოგადოებას და ადამიანის უფლებებს. 2024 წლის გაზაფხულზე, პრეზიდენტის ვეტოს მიუხედავად, მიღებულ იქნა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონი. შემოდგომით მიღებულ იქნა კანონი ოჯახური ღირებულების შესახებ, რომელიც საქართველოს მოსახლეობის, კერძოდ ლგბტ პირების უფლებებისა და თავისუფლებების გამოყენებას ზღუდავს“, – განაცხადა საგრეო საქმეთა მინისტრმა.

მალმერ სტენერგარდის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს დაახლოება ევროკავშირთან შეფერხდა „ქართული ოცნების“ ქმედებების გამო, შვედეთს სურს იმუშაოს, რათა ევროკავშირმა შეინარჩუნოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი თავისი პრინციპული მხარდაჭერა

შვედეთი და ევროკავშირი მკაფიოდ გამოვიდნენ ამ კანონების წინააღმდეგ და ამას გავაგრძელებთ. ჩვენ მუდმივად ვეცდებით, ვიპოვოთ უკეთესი გზა, რათა მხარი დავუჭიროთ საქართველოში არსებულ დემოკრატიულ ძალებს. ჩვენ კარგად გვესმის, რომ არსებობს აშკარა რუსული გავლენა და რომ ის უნდა იქნას გათვალისწინებული. უზრუნველყოფა, რომ დაფინანსება მიიღოს სწორმა შემსრულებელმა, არ არის მარტივი ამოცანა იმის მიუხედავად, თუ რომელ ქვეყანაში ვმუშაობთ, თუმცა პრობლემები შეიძლება, იყოს სხვადასხვა სახის. ეს არის ის, რაზეც ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ დამოუკიდებლად, ასევე სხვებთან ერთად. აქ მნიშვნელოვანია, რომ ყურადღებით ვადევნოთ თვალი მოვლენების განვითარებას“, – განაცხადა მარია მალმერ სტენერგარდმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ევროპის საბჭოს მონიტორინგის ჯგუფის წევრებს მივაწვდით ინფორმაციას, თუ როგორ ცდილობს რადიკალური ოპოზიცია განახორციელოს სახელმწიფო სისტემის საბოტაჟი, ეს არის აბსოლუტურად უსუსური მცდელობა – ირაკლი კობახიძე

ევროპის საბჭოს მონიტორინგის ჯგუფის წევრებს მივაწვდით ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ცდილობს რადიკალური ოპოზიცია განახორციელოს სახელმწიფო სისტემის საბოტაჟი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, შეხვედრაზე საუბარი შედგება ყველა თემაზე. „ევროპის საბჭოს მონიტორებთან ჩვენ ყველა თემაზე გვექნება საუბარი, შევეხებით აბსოლუტურად ყველა საკითხს, მათ შორის მივაწვდით ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ცდილობს რადიკალური ოპოზიცია განახორციელოს სახელმწიფო სისტემის საბოტაჟი. ეს არის აბსოლუტურად უსუსური მცდელობა, თუმცა ყველა შემთხვევაში ეს ინფორმაცია უნდა ჰქონდეთ მონიტორინგის ჯგუფის წევრებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ყველა ინსტანციამ დაადასტურა, რომ არავითარი გაყალბება, ან რაიმე მნიშვნელოვანი მანიპულაცია ამ არჩევნებზე არ ყოფილა, ეს პირველ რიგში დაადგინა ეუთო/ოდირმა, რომელმაც უარყო რადიკალური ოპოზიციის ხუთივე...

ყველა ინსტანციამ დაადასტურა, რომ არავითარი არც გაყალბება, არც რაიმე მნიშვნელოვანი მანიპულაცია ამ არჩევნებზე არ ყოფილა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, ეს დაადასტურა პირველ რიგში ეუთო/ოდირმა, რომელმაც უარყო ხუთივე ძირითადი ბრალდება, რითაც გამოდიოდა რადიკალური ოპოზიცია. „ყველა ინსტანციამ დაადასტურა, რომ არავითარი არც გაყალბება, არც რაიმე მნიშვნელოვანი მანიპულაცია ამ არჩევნებზე არ ყოფილა. ეს პირველ რიგში დაადგინა ეუთო/ოდირმა, რომელმაც უარყო ხუთივე ძირითადი ბრალდება, რითაც გამოდიოდა რადიკალური ოპოზიცია, ეს დაადგინა საკონსტიტუციო სასამართლომ და ეს პრაქტიკულად უკვე დაადგინა საქართველოს პროკურატურამ. ასევე, ეს ფაქტი დასტურდება იმით, რომ ყველა თავს არიდებს გამოძიებას, მისვლას გამოკითხვაზე, მიზეზი არის მარტივი, არავის აქვს არავითარი მტკიცებულება, არათუ გაყალბებასთან, არამედ რაიმე არსებით მანიპულაციასთან დაკავშირებითაც კი. შესაბამისად, ყველაფერი დღესავით ნათელია. როგორც ჩვენ 4 წლის წინ დავუმტკიცეთ რადიკალურ ოპოზიციას, რომ არა არჩევნები იყო გაყალბებული, არამედ გაყალბებული იყო მათი პარალელური დათვლის შედეგები, ასევე წელსაც დამტკიცდა, რომ გაყალბდა არა არჩევნები, არამედ გაყალბდა მათი ეგზიტპოლები. შესაბამისად, ყველაფერი დანარჩენი არის აქაც უსუსური მცდელობა, რომ რაღაცნაირად შემოიტანონ არეულობა პოლიტიკურ პროცესებში, თუმცა 4 წლის წინანდელი მოვლენებისგან განსხვავებითაც კი, წელს ამის არანაირი რესურსი აღარ აქვთ,“- განაცხადა პრემიერმა.

კახა კალაძემ სამტრედიაში მცხოვრებ ადეიშვილების ოჯახს საჩუქრად სახლი გადასცა

ძველით ახალი წელი თბილისის მერმა კახა კალაძემ მშობლიურ სამტრედიას საზეიმო კონცერტით მიულოცა და სამტრედიაში მცხოვრებ ადეიშვილების ოჯახს საჩუქრად საცხოვრებელი სახლი გადასცა. მარტოხელა მამას, გოჩა ადეიშვილს, რომელიც სამ შვილს ზრდის, ამ დრომდე საკუთარი საცხოვრებელი არ გააჩნდა. სახლის გასაღები ოჯახს საზეიმო კონცერტზე გადაეცა, რომელიც ტრადიციულად, ძველით ახალ წელს, კახა კალაძის ინიციატივით ტარდება. კონცერტს, რომელიც სამტრედიის ცენტრალურ მოედანზე გაიმართა, კახა კალაძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად დაესწრო. „ეს ტრადიცია 2012 წლიდან დავამკვიდრეთ. ყოველ წელს ვიკრიბებით სამტრედიაში, ტარდება საახალწლო კონცერტი და პარალელურად, საქველმოქმედო ღონისძიება, რომელზეც ოჯახებს ვაბედნიერებთ. რა თქმა უნდა, ეს ტრადიცია წელსაც არ დაირღვა. მინდა, ყველა იმ კომპანიას, ადამიანს გადავუხადო მადლობა, ვინც ჩემთან ერთადაა ჩართული ამ საქველმოქმედო ღონისძიებაში და გასულ წლებშიც იყო ჩართული. მოქალაქეების მხარდაჭერასა და თანადგომას ყოველთვის გავაგრძელებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ. აღსანიშნავია, რომ დღევანდელ ღონისძიებაზე კომპანია „არქისგან“ და ერთ-ერთი ბიზნესმენისგან საცხოვრებელი სახლები საჩუქრად კიდევ ორმა ოჯახმა მიიღო. „რვა წელია მარტო ვზრდი სამ შვილს. ამას ემატებოდა უსახლკარობა, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან რთულია. დღეს ბედნიერი დღე გვაქვს მე და ჩემს შვილებს, ბატონმა კახა კალაძემ საჩუქრად გადმოგვცა საცხოვრებელი სახლი. მადლობა მას ჩემი ოჯახის სახელით“, - განაცხადა გოჩა ადეიშვილმა. საზეიმო კონცერტზე საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, ასევე, ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი, მეუფე საბა იმყოფებოდნენ.

ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლის ემოციურად დაემშვიდობა – რა კადრები ვრცელდება

AreaNapoli-ს ცნობით, პსჟ-ში გადასვლის წინ სკუდეტოს მომპოვებელი ხვიჩა კვარაცხელია, კასტელ ვოლტურნოზე თანაგუნდელებს დაემშვიდობა. გამოცემა წერს, რომ ეს ძალიან ემოციური და გულის ამაჩუყებელი მომენტი იყო და მან ადგილობრივი დროით 15:00 საათზე დატოვა კლუბის ბაზა: „ეს „ნაპოლიში“ „კვარას“ ბოლო დღე გახლდათ, რომელმაც აქ თითქმის 2.5 წელი გაატარა. ის საკმაოდ ცივად მიესალმა ანტონიო კონტეს. მწვრთნელი ქართველის მოულოდნელი წასვლით აშკარად იმედგაცრუებული დარჩა. ხვიჩა საერთო ჯამში კარგი ბიჭია, მაგრამ მიუხედავად ამისა, ბევრს თავისი გადაწყვეტილებით გული დასწყვიტა“. რადიო Crc-ის ჟურნალისტმა მასიმო დ’ალესანდრომ განაცხადა, რომ კვარაცხელიამ კარიერის ნეაპოლური ეტაპი ტრამპლინად გამოიყენა, ახალ თავგადასავალს იწყებს, თუმცა ლორენცო ინისინიესგან, დრის მერტენსისგან და პიოტრ ზილენსკისგნ განსხვავებით თავისუფალი აგენტის სტატუსით კი არ წავიდა, არამედ კლუბის ხაზინას 75 მილიონი ევრო შესძინა.

იენს სტოლტენბერგს ახალი სამსახური აქვს

ამის შესახებ ინფორმაციას სკანდინავიის ქვეყნების მედია ავრცელებს. ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი „ჩრდილოეთის და ბალტიის რვიანში" (Nordic-Baltic Eight) დასაქმდა. დანიშვნის შესახებ დღეს, სტოკჰოლმში, სტოლტენბერგის და შვედეთის პრემიერ მინისტრ ულფ კრისტერსონის ერთობლივ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი. „ჩვენ არქტიკული სახელმწიფოები ვართ და ჩრდილოატლანტიკური უსაფრთხოება და კონტროლი ჩვენთვის აბსოლუტურად აუცილებელი საჭიროება. მე მთხოვეს შევიმუშავო კონკრეტული ზომები ჩვენს დიდ რეგიონში თანამშრომლობის გასაძლიერებლად“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. კრიტიკული ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, თავდაცვის ინდუსტრიის ოპტიმიზაციისა და ტრანსატლანტიკური კავშირების გაძლიერების მიზნით კონკრეტული ზომების შემუშავება, ანგარიშის მომზადება და მოხსენების წარდგენა დაგეგმილია ივნისისთვის, ნატოს მომდევნო სამიტის დაწყებამდე. „ჩვენ აღარ შეგვიძლია მშვიდობა თავისთავად არსებულად განვიხილოთ“, - თქვა სტოლტენბერგმა პრესკონფერენციაზე. მან მიუთითა რუსეთის მოსაზღვრე ჩრდილოეთ ევროპისა და ბალტიისპირეთის რეგიონის განსაკუთრებულ პრობლემებზე. „ჩვენ არ ვართ საომარ მდგომარეობაში, მაგრამ არც ნორმალურ მშვიდობიან ვითარებაში ვართ“, - განაცხადა მან და მაგალითად მოიყვანა რუსეთის დივერსიულ ქმედებები და სკანდინავიურ ქვეყნებში პოლიტიკურ პროცესებში ჩარევა.

ბოლო სიახლეები