შაბათი, ნოემბერი 15, 2025

შემზარავი ტრაგედია სიყვარულის გამო დათმობილი სიცოცხლე – ახალგაზრდა ბიჭმა ცოლისა და სიდედრის თვალწინ თავი მოიკლა

შემზარავი ტრაგედია რუსთავში, ლერმონტოვის ქუჩაზე მოხდა. 27 წლის დათო ქურდაძემ ყოფილი ცოლისა და სიდედრის თვალწინ გადაჭრილი სანადირო თოფი საფეთქელთან მიიდო, მათ რამდენიმე სიტყვა უთხრა და ჩახმახს თითი გამოჰკრა. ბიჭი იქვე, სადარბაზოს შესასვლელთან პირაღმა დაეცა. ქალების განწირულ კივილზე ბინებიდან მეზობლები გამოცვივდნენ და ამ შემზარავი სურათის თვითმხილველები გახდნენ. სიდედრი ახალგაზრდა კაცის სისხლში იყო მოსვრილი და ისტერიკულად კიოდა. “”სასწრაფოც” გამოიძახეს, მაგრამ დათო ადგილზევე გარდაიცვალა.

უმძიმეს მდგომარეობაშია დღეს ქურდაძეების ოჯახი. დათოს ცხედარს შვილმკვდარი დედა დასტიროდა და მოსთქვამდა, რომ მისმა ვაჟმა სიყვარულის გამო მოიკლა თავი:
“ორჯერ მკვდარი ვარ ახლა, წესიც თუ ვერ აგიგე, მაშინ რა უნდა ვქნა?! როგორ დაგვღუპე! სიყვარულისთვის მოხდა ყველაფერი. ვერ დაინახეს შენი გრძნობა, ვერ დაგაფასეს. როგორი სათნო გული გქონია, ვერ გაუძლო ამდენს შენმა გულმა და ჩვენც ვერ მივხვდით, რამდენი გტკიოდა. ვხვდებოდი, გტკიოდა, რომ გიყურებდი ასე, მეწვოდა გული, მაგრამ რა მექნა, დედი, მე აღარ მემორჩილებოდი. ახლა რა ვქნათ? იმის იმედად ვარ, რომ საპატრიაქოსგან მივიღებ თანხმობას წესის აგებაზე… ეს რა გაგვიკეთე, როგორ დაგვღუპე! შენი სულის წადილი ვერ ამოვიცანით, შვილო. სიკვდილის დროსაც მერიკოზე ფიქრობდი, მერიკო არ დაადანაშაულოთ ჩემს სიკვდილშიო, დამიბარე”…

დათო ქურდაძე კერძო კომპანიის დაცვის უფროსი იყო. მანამდე სახელმწიფო დაცვის სამსახურში მუშაობდა. იყო პრეზიდენტის დაცვაში, სპეცრაზმში, გარკვეული პერიოდი საპატრიარქოს დაცვაშიც მუშაობდა. მას თურმე ყველა პატივს სცემდა.
დათომ და მერი გოგიამ წელიწად-ნახევრის წინ იქორწინეს. მათი ოჯახი სიყვარულით შეიქმნა, მაგრამ ერთად დიდხანს არ ყოფილან. 9 თვეა, რაც მერი მშობლებთან დაბრუნდა. ამას თურმე დათო ვერ ეგუებოდა. ხშირად მიდიოდა ცოლთან და შერიგებას სთხოვდა, გოგო კი უარზე იყო. იმ საბედისწერო დღეს, მერის დის, ნინოს დაბადების დღე იყო. გოგიების სახლში დათო ნასვამი მივიდა და ეს ტრაგედია დაატრიალა. წინაღამეს, 3 საათზე დათოს დედისთვის მესიჯი მიუწერია: “დედა, ხომ იცი, ყველანი ძალიან მიყვარხართ, მაგრამ თუ თავს მოვიკლავ, მერის არაფერი უთხრათ, არაფერი დააბრალოთ, მისი ბრალი არაფერია!”
ბუნებრივია, ამ სიტყვებმა დედა ძალიან ააფორიაქა, მოსვენება დაკარგა და შვილს ეძებდა. პირველ რიგში, მის ყოფილ ცოლს დაურეკა და ჰკითხა, დათო მასთან ხომ არ იყო? ამის შემდეგ დათოს ცოლიც ურეკავდა, მაგრამ არც მის ზარებს უპასუხა, მერე საერთოდ გამორთო ტელეფონი.
შემთხვევის ადგილზეც მივედით. იქ სისხლის კვალი მეზობლებს გადაერეცხათ. მეზობლები ამბობენ, რომ გასროლის ხმა გაიგონეს. გოგიების ბინიდან მოთქმა-გოდების ხმა გამოდიოდა. სიმართლე გითხრათ, იმედი არ მქონდა, რომ ჩემთან საუბარს მოინდომებდნენ, მაგრამ მაინც დავაკაკუნე. კარი დათოს სიდედრმა გამიღო და შინ შეგვიპატიჟა. ცოტა რომ დამშვიდდა, მომხდარის შესახებ დაწვრილებით მოგვიყვა.

ლია გრძელიძე, გარდაცვლილის სიდედრი:
– ტრაგედია დღის პირველ საათზე დატრიალდა. იმ დღეს ჩემი მეორე ქალიშვილის, ნინოს დაბადების დღე იყო. ვემზადებოდით, რომ ეს დღე აღგვენიშნა. წინადღეს გოგონები მეგობრის დაბადების დღეზე იყვნენ და გვიან დაბრუნდნენ შინ. დათუნას იქაც გაუვლია და ცოტა ხანი უსაუბრია მერიკოსთან. ღამით დათოს დედამ დარეკა, შვილს ეძებდა. აფორიაქებული იყო: შვილს მიუწერია, თავს მოვიკლავო. ამის შემდეგ მერიკოც ურეკავდა, მაგრამ ვერ დაუკავშირდა. მერე მითხრეს, რომ თურმე იმ ღამით აქ ტრიალებდა. მესიჯებიც გამოუგზავნია გოგონებისთვის. ბოდიშებს იხდიდა ამ მესიჯებით – ვინც მიყვარს, იმათ ვატკინე გულიო. დათო ბრწყინვალე ადამიანი იყო, ძალიან კეთილშობილი. თუ შეიძლება, ადამიანი შეიმკოს ყველანაირი დადებითით, ასეთი იყო ჩემი დათუნა. ისინი ერთმანეთს დაშორდნენ, მაგრამ ამის მიუხედავად, დათო ჩვენს სახლში ხშირად მოდიოდა. სულ მეფერებოდა, – ლია დეიდა, ძალიან მიყვარხარო. იმ დღესაც კარი მე გავუღე, გოგონებს ეძინათ. ისევ ისე თბილად მომეფერა, მეც ვეფერე. ჩემი მეგობარი იყო სახლში. ამ დროს მერიკოც გამოვიდა ოთახიდან და ჩაეხუტნენ ერთმანეთს. მერიკოს უთხრა, – ხომ იცი, როგორ მიყვარხარო? – შენც იცი, როგორ მიყვარდი, მაგრამ ახლა აღარ მიყვარხარო, – უთხრა მერიკომ. გაბრაზებული იყო და ასე იმიტომ უთხრა. დათო ისევ მოეფერა. სამზარეულოში გავედი, – ყავას მოგიდუღებ-მეთქი. მის ხელში იარაღი არ დამინახავს, თურმე, ქურთუკში ჰქონდა ჩამალული. მკითხა, – შენი მეგობარი მალე წავაო? მერე ნინოს 5 წლის შვილის სახლიდან გაყვანა ითხოვა. ალბათ, სახლში უნდოდა, ტრაგედია დაეტრიალებინა და ბავშვის გარიდებას იმიტომ ითხოვდა. ღმერთმა ყველა დაიფაროს მსგავსი ამბისგან! შვილივით მიყვარდა და ვცდილობდი, შერიგებულიყვნენ… როგორ ეფერებოდა ცოლს, თქვენ არ იცით. სადარბაზოში გავიდა. უცებ გასროლის ხმა გაისმა. გვეგონა, ბავშვებმა რამე ააფეთქეს. მერიკო შემოვარდა ტირილით, – დედიკო, დათოს იარაღი აქვსო. წინათ მას იარაღი არასოდეს ჰქონია. გავედი და დავინახე, ეზოში, სადარბაზოს წინ იდგა და ხელში გადაჭრილი თოფი ეჭირა. მივუახლოვდი და ვუთხარი, – დედი, ასე ნუ მეთამაშები, იარაღით თამაში არ შეიძლება-მეთქი. მეგონა, მაშინებდა… – ბოდიში, ლია დეიდაო, – მე მითხრა, – მიყვარხარო, – მერიკოს, – და ჩახმახს გამოჰკრა. ყველაფერი წამებში მოხდა, აზრზე მოსვლა ვერ მოვასწარი. თქვენ არ იცით, რა განცდაა ეს… ნეტავ მოვკვდებოდე მეც და მასთან წავიდოდე. გაისროლა და იქვე გადავარდა. მივვარდი, მაგრამ ცოცხალი არ იყო. მისი სისხლით მოსვრილი ვიყავი და ვკიოდი. არ ვიცი, მის გარეშე როგორ ვიცხოვრო. ჩემი გული წაიღო, შვილო. ჩემს შვილსაც დაუნგრია ცხოვრება და ყველაზე მთავარი, თავისი სიცოცხლე მოისპო. ჩემი შვილების სიცოცხლეს ვფიცავ, სიკვდილი მინდა. შვილივით მყავდა, ძალიან მიყვარდა.

ბუნებრივია კითხვა: თუ ასეთი ურთიერთობა ჰქონდათ ერთმანეთთან და მათი შერიგებაც მოსალოდნელი იყო, დათოს თავი რატომ უნდა მოეკლა? მისი ცოლისა და ცოლისდის ტელეფონებში დათოს არაერთი მესიჯია შემონახული. ის მათ პატიებას სთხოვდა. ცოლისდას წინაღამით ასეთი მესიჯი მისწერა:
“ნინო, ბოდიშს გიხდი, როგორ არაადამიანურად მოგექეცით. ვიცი, არასდროს დაგავიწყდებათ. თუ შეძლებ, მაპატიე, მაგრამ დამიჯერე, მე გადამიხადა უფალმა სამაგიერო. მრცხვენია და არაადამიანად მიმაჩნია თავი. მთელი ცხოვრება უნდა ვატარო ეს ტვირთი. ვეღარასდროს ვერავისთან ვილაპარაკებ კაცობასა და ადამიანობაზე. ამაზე საშინელი არაფერია, როცა ადამიანი ისეთ რამეს ჩაიდენ, რომ მთელი ცხოვრება ვერ გამოასწორებ და თან, იმ ადამიანებთან, ვინც ყველაზე ძალიან გიყვარს. გავბოროტდი და ასეთი რამ ჩავიდინე. შენ ვერ მიხვდები, როგორ სულიერად დავეცი. მაპატიეთ ყველამ, თუ შეძლებთ”.
ამის შემდეგ, ნინომ გვიან ღამით კიდევ ერთი მესიჯი მიიღო. “ნინო, გილოცავ ნინოობას, მრავალს დაესწარი შენს შვილთან და შენს ოჯახთან, შენს მეგობრებთან ერთად. კარგია, რომ ასეთი სიურპრიზი მოგიწყვეს, მეც მინდოდა შენთვის საჩუქარი გამეკეთებინა, მაგრამ არა უშავს, მერე იყოს. მართლა ძალიან მიყვარხართ. თქვენ კიდევ ვერ ხვდებით. მე შენი დიდი რიდი მაქვს და პატივს გცემ, ნინო. შენ მაინც ხომ იცი, მე თქვენთვის კარგი მინდა და ამიტომ ვარ ამ დღეში. მე ადამიანებს არაფერს ვუშავებ, უბრალოდ, არაკაცი და უნამუსო გავხდი, მაგრამ თქვენთვის ყოველთვის კარგი მინდა. ეს იცოდეთ. მე თუ ვიტანჯები, ესეც ჩემი არაადამიანობის ბრალია, მაგრამ თქვენი გულისთვის ყველაფერს გავაკეთებ”. ნინოს ამ მესიჯის წაკითხვისას თვალები აუცრემლიანდა და თქვა, ეს მესიჯი იმ ღამით არ მინახავს და გული მტკივა, პასუხი რომ არ მიმიწერია მისთვისო.
ბუნებრივია, ამ მესიჯებიდან ირკვევა, რომ სრული იდილია მათ ურთიერთობაში არ იყო და დავინტერესდი, რატომ წერდა ამ შინაარსის მესიჯებს ცოლსა და ცოლისდას. გაირკვა, რომ ამის წინაპირობა არსებობდა: ტრაგედიამდე რამდენიმე დღით ადრე, მერიკოს ვიღაცამ “ფეისბუკი” გაუტეხა. რუსთავში იმასაც ამბობენ, მერიკოსა და ვიღაც რუსთაველი ბიჭის მიმოწერა აჩვენეს დათოსო. თითქოს იმ ბიჭს ეუბნებოდა, ძალინ ვნანობ, დათოს ცოლად რომ გავყევი, შენ უნდა გამოგყოლოდიო. მერიკოს და ამბობს, რომ ვიღაცამ გატეხა “ფეისბუკი” და ეს მის დას მოუწყვეს. ფაქტია, ამან დათოს გაღიზიანება გამოიწვია და შესაძლოა, ეჭვიანობაც ყოფილიყო მათი კონფლიქტის მიზეზი. დათომ თურმე მერიკოს დედას აჩვენა “ფეისბუკის” მიმოწერა.

ნინო გოგია, მერიკოს და:
– დათოსთან ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა. ჩემგან გაიცნო მერიკომ და შეუყვარდათ ერთმანეთი, მაგრამ ჩვენ მათ ურთიერთობაში არ ვერეოდით. სულ გვინდოდა, რომ შერიგებულიყვნენ. დათო მერიკოს ეუბნებოდა, სწავლის ქირას გადაგიხდი და სწავლა გააგრძელეო. მერიკო ფიქრობდა, აეღო თუ არა მისგან სწავლის ქირა. ერთ დღეს დათო მოსულა სახლში და დედაჩემისთვის უთქვამს, წამოდი ბანკში, საბუთზე ხელი მაქვს მოსაწერიო. დედაც გაჰყვა. ბანკის ნაცვლად ისინი ჩემი ყოფილი ქმრის სახლში აღმოჩნდნენ. თურმე, იქ აჩვენეს დედაჩემს გატეხილი “ფეისბუკი” და იქაური მიმოწერა, რაც ვიღაცამ სპეციალურად გააკეთა, ასევე, ფოტოები და ვიდეოები. დედას ეს სურათები ნანახი ჰქონდა, დაბადების დღის ფოტოები იყო, მაგრამ ძალიან შეურაცხყოფილად იგრძნო თავი, რომ ასე მოტყუებით აღმოჩნდა იქ. სახლში ტირილით მოვიდა, საშინელ დღეში იყო. დათო ამბობდა, განა მერიკოს არ ვენდობი, მაგრამ ხალხი მეუბნება რაღაცებსო. ეჭვიანობდა ალბათ. დედაჩემი ასე ატირებული რომ ვნახეთ, ძალიან გავნაწყენდით. მერიკომ დაურეკა დათოს, – როგორ გაბედე მოტყუებით დედაჩემის წაყვანა, ამხელა ქალი როგორ გაატუტუცეო? ამის გამო იხდიდა ის ბოდიშს. მიხვდა, რომ ვიღაცების ჭორებს აჰყვა და განიცდიდა. ეს მესიჯებიდანაც ჩანს. ალბათ, ბრაზობდა, რომ მერიკო დაბადების დღეზე დადიოდა და იქ ცეკვავდა კიდეც. ალბათ ფიქრობდა, რომ ის სულ სახლში უნდა ყოფილიყო ჩაკეტილი. წარმოიდგინეთ, როგორ უნდა იცხოვროს მერიკომ ამ ტრაგედიის შემდეგ? ის დღეს ხმასაც ვერ იღებს, საშინელ დღეშია. ვერ ამიხსნია, დათომ ეს რატომ დაატრიალა. შეიძლება, შერიგებულიყვნენ. მათ შორის სერიოზული კონფლიქტი არ ყოფილა. მარტო რომ ეცხოვრათ, ალბათ ბედნიერები იქნებოდნენ. თურმე, სამჯერ სცადა თავის მოკვლა მერიკომ დათოს სახლში ცხოვრებისას. ეს ჩემი დის მეჯვარისგან გავიგეთ. შვილი არ ჰყავდათ, პირველი ბავშვი დაკარგა და დედამთილი სულ ეუბნებოდა, – ჩემს ქმარს ძალიან უნდა შვილიშვილიო. სერიოზული კონფლიქტი არ ჰქონიათ, მაგრამ წამოვიდა იქიდან. მოუნელებელი ტკივილია დათო ჩვენთვის.

რუსთავში დათოს ყველა დადებითად ახასიათებს. მომხდარით შეძრულები არიან. მის სკოლაში ყოფილი მასწავლებლები თვალცრემლიანი დაგვხვდნენ.
მაყვალა ოღიაშვილი, პედაგოგი:
– ძალიან ზრდილობიანი, მოსიყვარულე ბიჭი იყო. სალამს ვერ დაასწრებდი. წარმატებული ახალგაზრდა. არ ვიცი, რატომ დაასრულა სიცოცხლე ასე. სკოლაში შევიტყვე ეს ამბავი და გამიჭირდა გაკვეთილების ჩატარება. ძალიან ვწუხვარ მომხდარის გამო. მის მშობლებსაც ვიცნობ. კარგი ოჯახი აქვთ. გავიგე, ცოლთან უთანხმოება ჰქონდაო. მასწავლებლები შეწუხებულები ვართ მომხდარით. მისი კლასის დამრიგებელი ვიყავი და სულ თვალწინ მიდგას მისი ბავშვობა.

როგორც ჩანს, დათომ სანადირო თოფი სპეციალურად გადაჭრა და ქურთუკში დამალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მერი გოგია და მისი ოჯახის წევრები უკვე დაჰკითხეს. ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე 115-ე მუხლით, ადამიანის თვითმკვლელობამდე მიყვანით მიმდინარეობს. ვნახოთ, რა გაირკვევა გამოძიებით.

წყარო: be.facetube.ge

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ვოლოდიმირ ზელენსკი – მთავრობამ უკვე დაიწყო ყველა სახელმწიფო კომპანიის აუდიტი, შედეგები სამართალდამცავ და ანტიკორუფციულ ორგანოებს გადაეცემათ

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პირობა დადო,  რომ მთავრობა ჩაატარებს სახელმწიფო კომპანიების აუდიტს და შედეგებს სამართალდამცავ და ანტიკორუფციულ ორგანოებს გადასცემს. ამის შესახებ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა.„მთავრობამ უკვე დაიწყო ყველა სახელმწიფო კომპანიის აუდიტი. შემოწმების შედეგები სამართალდამცავ და ანტიკორუფციულ ორგანოებს გადაეცემათ. მთავრობამ ამას სრულად უნდა დაუჭიროს მხარი. სწორედ ამაზე ვამყარებ იმედებს“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა ამზადებს სპეციალურ გადაწყვეტილებებს, რომლებიც გააძლიერებს ქვეყნის თავდაცვას. ზელენსკის თქმით, დღის განმავლობაში კიევში რუსეთის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 30-მდე დაშავდა, მათ შორის ბავშვები.

1-ლი იანვრიდან ქვეყანაში მნიშვნელოვანი რეგულაცია შედის ძალაში

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, საქართველოს მთავრობამ „სურსათთან შეხებისათვის განკუთვნილი პლასტმასის მასალებისა და ნაკეთობების (საგნების) შესახებ დამტკიცების თაობაზე“ 2022 წლის 8 ივნისის N 304 დადგენილებაში ცვლილებები შეიტანა.ცვლილება, რომელიც ძალაში 2026 წლის პირველი იანვრიდან შევა, ითვალისწინებს სურსათთან შეხებისათვის განკუთვნილი პლასტმასის გარკვეული საგნების მოხმარების აკრძალვას.იკრძალება პლასტმასისგან დამზადებული ჩანგლების, დანების, კოვზების, ჩხირების, თეფშების, საწრუპების, სასმელის მოსარევების, გაფართოებული პოლისტიროლისგან (EPS) დამზადებული სასურსათო კონტეინერების და მათი თავსახურების, გაფართოებული პოლისტიროლისგან (EPS) დამზადებული ჭიქების და მათი თავსახურების წარმოება (გარდა ექსპორტის მიზნით წარმოებისა), იმპორტი და ბაზარზე განთავსება.ასევე იკრძალება პლასტმასისგან დამზადებული ერთჯერადი სასურსათო კონტეინერების და ჭიქების საშუალებით საზოგადოებრივი კვების ობიექტების მიერ მომხმარებლისთვის მზა სურსათის მიწოდება.აღსანიშნავია, რომ რეგულაცია არ ეხება პლასტმასისგან დამზადებულ ერთჯერადი გამოყენების შესაფუთ ნაკეთობებს (საგნებს), რომლებიც განკუთვნილია დაფასოებული სურსათისათვის.დადგენილება გარკვეულ გარდამავალ პერიოდს ითვალისწინებს.პლასტმასისაგან დამზადებული ჩანგლების, დანების, კოვზების, ჩხირების, თეფშების, საწრუპების, სასმელის მოსარევების, გაფართოებული პოლისტიროლისგან (EPS) დამზადებული სასურსათო კონტეინერების და მათი თავსახურების, გაფართოებული პოლისტიროლისგან (EPS) დამზადებული ჭიქების და მათი თავსახურების რომლებიც განთავსებულია ბაზარზე ამ დადგენილების ამოქმედებამდე, დასაშვებია ბაზარზე განთავსებული იყოს დადგენილების ამოქმედებიდან სამი თვის განმავლობაში.ასევე, პლასტმასისგან დამზადებული ერთჯერადი სასურსათო კონტეინერების და ჭიქების საშუალებით საზოგადოებრივი კვების ობიექტების მიერ მომხმარებლისთვის მზა სურსათის მიწოდება შესაძლებელია დადგენილების ამოქმედებიდან (2026 წლის 1 იანვრიდან) ექვსი თვის განმავლობაში.კონტროლს ტექნიკური რეგლამენტის ცვლილებების შესრულებაზე, კომპეტენციის ფარგლებში, სურსათის ეროვნული სააგენტო, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი და საქართველო ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განახორციელებენ.მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ არ იკრძალება პლასტმასის ზემოთ ჩამოთვლილი საგნების წარმოება ექსპორტის მიზნით. მწარმოებელი, რომელიც სურსათთან შეხებისათვის განკუთვნილი პლასტმასის საგნებს ამზადებს ექსპორტის მიზნით, ვალდებულია, წარმოების დაწყებამდე ერთი თვით ადრე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებულ უწყებას – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს წერილობით აცნობოს როგორც წარმოების დაწყების, ასევე, დამთავრების ვადების, დასამზადებელი ნაკეთობების (საგნები) რაოდენობის, საექსპორტო ქვეყნებისა და ექსპორტის განხორციელების ვადების შესახებ.

,,2 კვირაში, მძიმე ოპერაცია გაუკეთდება… ბაჩოზე არაფერი იცის…“ – მძიმე ავარიაში გადარჩენილ ლიკა კუჭუხიძეზე ახალი ინფორმაცია ვრცელდება

სამტრედია–აბაშის გზაზე 24 ოქტომბერს მომხდარი უმძიმესი ავარიის შედეგად მძიმედ დაშავებული 18 წლის ლიკა კუჭუხიძე გადარჩა. მისი ჯანმრთელობისთვის მთელი საქართველო ლოცულობდა, ხოლო აბაშის ერთ-ერთ ტაძარში მის სახელზე საჯანმრთელო ლოცვები ყოველდღიურად ტარდებოდა.სტიქაროსანი საბა ზარქუა ამბობს, რომ ლიკა უკვე გაეწერა საავადმყოფოდან. მას ოპერაციისთვის ამზადებენ და ამჟამად ნათესავის სახლში იმყოფება.„საავადმყოფოდან გამოწერეს ლიკა, მაგრამ ქუთაისშია ახლობლის სახლში, იმიტომ რომ აქ მნახველებმა რომ არ შეაწუხოს.თან 2 კვირაში მძიმე ოპერაცია უკეთდება ხერხემალზე“,  - ამბობს საბა ზარქუა.გადარჩენილ ლიკა კუჭუხიძეს არ აქვს წვდომა ინტერნეტთან და არ იცის მისი მეუღლის 19 წლის ახალგაზრდის გარდაცვალების შესახებ.19 წლის ახალგაზრდა მამაკაცი 24 ოქტომბერს გარდაიცვალა.მას სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმები ჰქონდა.შეგახსენებთ, სამტრედია-აბაშის მონაკვეთზე  უმძიმესი ავარია მოხდა. თვითმხილველის თქმით, ერთმანეთს, ოთხი ავტომობილი შეეჯახა.დაშავდა ათი პირი, მათგან შვიდი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებმა სხვადასხვა კლინიკაში გადაიყვანეს, სამს კი დახმარება ადგილზე გაეწია.გარდაცვლილი ახალგაზრდა მამაკაცის მეუღლე საავადმყოფოში გადაიყვანეს, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმედ რჩება.

,,წვიმაა მოსალოდნელი” – გარემოს სააგენტოს უახლესი პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის განახლებულ პროგნოზს აქვეყნებს.15-17 ნოემბერს საქართველოში მოსალოდნელი ამინდი:🌧 უახლოეს დღეებში საქართველოს ცალკეულ რაიონში წვიმაა მოსალოდნელი.🌧 ქ. თბილისში მცირე წვიმა.  ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება.🌊 სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 15-16 ნოემბერს მცირე წვიმაა მოსალოდენელი, ხოლო 17 ნოემბერს გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +19 გრადუსი დაფიქსირდება.🌧 დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) 15-16 ნოემბერს ზოგან მცირე წვიმაა მოსალოდენელი, ხოლო 17 ნოემბერს გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, +20 გრადუსი დაფიქსირდება.🌧 დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): 15-16 ნოემბერს ზოგან მცირე წვიმაა მოსალოდენელი, ხოლო 17 ნოემბერს გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +19 გრადუსი დაფიქსირდება.🌦 დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): 15-16 ნოემბერს ზოგან მცირე წვიმაა მოსალოდენელი, ხოლო 17 ნოემბერს გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +11, +13 გრადუსი დაფიქსირდება.🌧 ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): ზოგან წვიმაა მოსალოდენელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +19 გრადუსი დაფიქსირდება.🌧 კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): ზოგან წვიმაა მოსალოდენელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით+17, +19 გრადუსი დაფიქსირდება.🌧 აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): ზოგან წვიმაა მოსალოდენელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +15, +17 გრადუსი დაფიქსირდება.🌧 აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): ზოგან  წვიმაა მოსალოდენელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით+9, +11 გრადუსი დაფიქსირდება.

5 ძალიან ძლიერი ლოცვა, რომელიც რთულ მომენტში დაგეხმარებათ

5 ძლიერი ლოცვა უფლის მიმართ, რომელიც მხოლოდ 2 სიტყვისაგან შედგება:დამლოცე უფალო!წარმოთქვით ყოველთვის, როცა ღვთის კურთხევა გჭირდებათ. მაგალითად, სახლიდან გამოსვლისას, ასევე ახალი საქმის დაწყების..უფალო შემიწყალე!ეს ძალიან ძლიერი ლოცვაა, რომელიც მორწმუნე ადამიანს რთულ მომენტში და სახიფათო სიტუაციაში დაეხმარება. ის სულის დახმარებისკენაა მიმართული.დიდება უფალს!ამ სიტყვებს ვამბობთ, რომ უფლის მიმართ მადლობა გამოვხატოთ და განვადიდოთ. ღმერთი ყოველთვის ჩვენთან იმყოფება და გვეხმარება, ამიტომ მას მადლობა უნდა გადავუხადოთ და ვადიდოთ.დამეხმარე, უფალო!კიდევ ერთი ძალიან მოკლე ლოცვა, როცა უფლის დახმარება და მხარდაჭერა გჭირდებათ. მაგალითად, შეგიძლიათ მაშინ წაიკითხოთ, როცა რაღაც არ გამოგდით და სასოწარკვეთაში ვარდებით, ან სიტუაციიდან გამოსავალს ვერ ხედავთ.მადლობა უფალო!გიჭირს? გილხინს? გიხარია? გტკივა? ყოველთვის მადლობა შესწირე უფალს და წყალობა ღვთისა იქნება შენთან.

ბოლო სიახლეები