მწარე აბედა სოკო Amaropostia stiptica-ს ალბათ ადგილობრივ ბაზარში ვერ ნახავთ, რადგან მას ძალიან, ძალიან საშინელი გემო აქვს.
ეს აბედა სოკო იმდენად მწარეა, რომ დამგემოვნებელი ფიზიოლოგებისა და ბიოქიმიკოსების ჯგუფმა მისი მოლეკულური შემადგენლობის შესწავლა გადაწყვიტეს. მათი მიზანი პირველ რიგში ის იყო, რომ დაედგინათ, საერთოდ რატომ არსებობს მწარე გემო.
კვლევისას, სოკოში აღმოაჩინეს აქამდე უცნობი მწარე ნაერთები, რომელთაგან ერთი შეიძლება ყველაზე მწარე ნივთიერება იყოს ადამიანისთვის ცნობილთა შორის. მისი სახელია ოლიგოპორინ D და ააქტიურებს ადამიანის მწარე გემოს რეცეპტორ TAS2R46-ს იმდენად დაბალი კონცენტრაციითაც კი, რომ თუკი ამ ოდენობას ოლიმპიურ საცურაო აუზში გავხსნით, შეიძლება ვერც კი დავაფიქსიროთ.
სამი ნაერთი ლაბორატორიაში გაზრდილ გემოს შემგრძნობ უჯრედებზე დატესტეს; აღმოჩნდა, რომ თითოეული მათგანი ააქტიურებს ადამიანში მწარე გემოს შემგრძნობი 25 ნაირსახეობის რეცეპტორიდან სულ მცირე ერთს.
ენაზე არსებულ გემოს რეცეპტორებს შეუძლიათ დაგვარწმუნონ, რომ გადმოვნერწყვოთ განსაკუთრებით მწარე ნივთიერებები — მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი სახეობა მიდრეკილია ასეთი გამოწვევებისკენ, ისწავლოს, რომ ისინი შეიყვაროს.
ეს კი მეცნიერებს არწმუნებს, რომ მწარე გემოები არსებობს იმისთვის, რათა არ ვჭამოთ ის, რისი ჭამაც არ შეიძლება. თუმცა, იმდენი გამონაკლისი არსებობს, რომ ეს თეორია სულ უფრო სუსტდება.
მაგალითად, მწარე აბედა სოკო გასტრონომიული ინტერესის საგანი არ არის, მაგრამ რეალურად, ის შხამიანი არ არის. შხამასოკო (Amanita phalloides) შეიძლება სასიკვდილო იყოს, მაგრამ ყველა ცნობით, ის საკმაოდ გემრიელია.
თუმცა, როგორც კვლევის ავტორები აღნიშნავენ, სოკოების ძირითადი მტაცებლები ადამიანები არ არიან; მათ სხვა მრავალი ხერხემლიანი თუ უხერხემლოც მოიხმარს და მათი რეცეპტორები შეიძლება ისე იყოს მორგებული, რომ ერთმანეთისგან უკეთესად არჩევდნენ შხამიან და არაშხამიან სოკოებს.
კიდევ უფრო დამაბნეველი ისაა, რომ ე. წ. გემოს რეცეპტორები ადამიანის სხეულის სხვა ნაწილებშიც არის, მათ შორის, მსხვილ ნაწლავში, კუჭში და კანზეც კი. ისინი ამ ნაწილებში ძლიერ სხვანაირ ფუნქციებს ასრულებენ.
„რაც უფრო საფუძვლიანი მონაცემები გვაქვს მწარე ნაერთების სხვადასხვა კლასებზე, გემოს რეცეპტორების ტიპებსა და ვარიანტებზე, უკეთესად შეგვიძლია შევქმნათ საპროგნოზო მოდელები სისტემური ბიოლოგიის მეთოდების გამოყენებით, რათა გამოვავლინოთ ახალი მწარე ნაერთები და შევძლოთ მწარე გემოს რეცეპტორების შუამავლობით გამოწვეული ეფექტების პროგნოზირება“, — ამბობს მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის მკვლევარი მაიკ ბეჰრენსი.
მწარე აბედა სოკოს შეიძლება ჩვენთვის პასუხები ჯერ არ აქვს, მაგრამ მისმა საზარელმა გემომ შეიძლება გზა გვიჩვენოს. ის მნიშვნელოვნად ავსებს მწარე გემოების მონაცემთა ბაზებში არსებულ ნაპრალებს, რომლებიც სავსეა მოყვავილე მცენარეთა თუ ქიმიური ლაბორატორიების მოლეკულებით, მაგრამ ძალიან მწირად არის წარმოდგენილი ცხოველური, ბაქტერიული და სოკოვანი მოლეკულები.
თუკი მწარე გემოს რეცეპტორების მიზნის დადგენა გვსურს, მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს ამ მონაცემთა გამრავალფეროვნება უფრო ძველი ნივთიერებებით: ისინი 500 მილიონი წლის წინ ჩამოყალიბდნენ, მოყვავილე მცენარეთა და ადამიანთა ქიმიკოსები კი შედარებით თანამედროვეა — პირველი დაახლოებით 200 მილიონი წლის, მეორე კი რამდენიმე საუკუნის.
„ჩვენ მიერ მიღებული შედეგები აფართოებს ცოდნას მოლეკულური მრავალფეროვნებისა და ბუნებრივი მწარე ნაერთების მოქმედების შესახებ. გრძელვადიან პერსპექტივაში, ინფორმაციამ ამ სფეროში შესაძლოა მოგვცეს ახალი ხელსაწყოები სურსათისა და ჯანდაცვის კვლევებში, მაგალითად, შესაგრძნობად მიმზიდველი საკვების შემუშავებაში, რომელიც დადებითად მოქმედებს საჭმლის მონელებაზე და დანაყრებაზე“, — ამბობს ბეჰრენსი.
კვლევა Journal of Agricultural and Food Chemistry-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია leibniz-lsb.de-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.