„ფეიკ ნიუსები“, როგორც სტანდარტიდან ამოვარდნილი ჟურნალისტური საქმიანობა, ექსტრაორდინარულ სიტუაციაში უსაფრთხოებისთვისაც არის გამოწვევა – იქნება ეს სტიქიური უბედურება, სხვა საგანგებო მდგომარეობა, როდესაც „ფეიკ ნიუსმა“ შეიძლება საფრთხე შეუქმნას საზოგადოების, თუ სახელმწიფოს უსაფრთხოებას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ამიტომ არის მნიშვნელოვანი იმ სტანდარტის ამოქმედება, რომელიც კანონშია გაწერილი და რომელზეც ყველა თანხმდება.
„გუშინდელმა დღემ გვაჩვენა, რომ ნაცვლად თვითრეგულირებისა, ის მედია, რომელიც „ფეიკ ნიუსს“ ავრცელებს, კეტავს კომენტარს, იმის საშუალებასაც არ აძლევს სხვებს, მის გვერდზევე ამხილოს მანიპულაცია, დეზინფორმაცია, თუ კონტექსტიდან ამოგლეჯა ამა თუ იმ საკითხის. გუშინდელი დღე იყო მაგალითი, როგორ შეიძლება „ფეიკ ნიუსმა“, ზოგმა შემდეგ ბოდიშიც მოიხადა, რომ არასწორ ინფორმაციას ავრცელებდა, მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ საგანგებო მდგომარეობა როცა არის, როცა ექსტრაორდინარული სიტუაციაა, ღმერთმა დაიფაროს ყველა და საომარი მდგომარეობა რომ არსებობდეს, ამ დროს ყველა წამი, როდესაც დეზინფორმაცია არსებობს და მიდის საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენელთან, ყოველი ეს წამი აზიანებს ქვეყნის და საზოგადოების უსაფრთხოებას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ყველა თანხმდება სტანდარტზე, რომელიც კანონში დიდი ხანია წერია და შეთანხმებული სტანდარტია.
„ასევე ვთანხმდებით, რომ არ მოქმედებს ეს სტანდარტები, ასე ვთქვათ, მიშვებულია თვითრეგულაციაზე. ერთადერთი რაზეც უნდა შევთანხმდეთ, თუ სტანდარტები სწორია და ვთანხმდებით, ხომ უნდა იმუშაოს ამ სტანდარტებმა, მათ შორის, ზუსტად ეს არის ბრიტანული მოდელი, რომ ამუშავდეს ეს სტანდარტები და არსებობდეს ეფექტიანი მექანიზმი ამ სტანდარტების ამოქმედების. გარანტიას გაძლევთ, რომ ბრიტანეთის პარლამენტის ორივე პალატის არცერთ თავმჯდომარეს ისე ხშირად არ აქვს კომუნიკაცია მედიასთან, ფართო სპექტრთან, როგორც მაქვს მე. გარანტიას გაძლევთ, რომ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს ისე ხშირად არ აქვს კომუნიკაცია მედიასთან, ფაქტობრივად „ჰარდ თოქის“ რეჟიმში, როგორც ეს აქვს საქართველოს პრემიერ-მინისტრს. ერთადერთი, ბოლო პერიოდში ვატყობთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტი გვისწრებს, მე მგონი ყოველ დღე აქვს მედიასთან კომენტარები, თუმცა სხვა მხრივ რომ შეხედოთ, საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი პირები მედიასთან კომუნიკაციის ლიდერები არიან, არა უბრალოდ ბრიფინგით, თუ გამოსვლით, არამედ ფაქტობრივად „ჰარდ თოქის“ რეჟიმში ერთსაათიანი თოქ შოუები იმართება ასეთი კომენტარების სახით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
შალვა პაპუაშვილმა მედიის შესახებ კანონის ამოქმედება შუქნიშნის მუშაობას შეადარა.
„ჩავთვალოთ, ეს არის შუქნიშანი, შუქნიშანიც არის გარკვეული წესი, სადაც არის წითელი, ყვითელი, მწვანე ფერები და ვიცით, რას ნიშნავს წითელი, რას ნიშნავს ყვითელი და რას ნიშნავს მწვანე. წარმოიდგინეთ შუქნიშანი რომ არსებობდეს და ის იყოს გამორთული, აი, ასეთი მდგომარეობა გვაქვს ახლა ჟურნალისტურ სტანდარტებთან დაკავშირებით. თქვენი მანქანაც კერძო მანქანაა, მაგრამ ის შუქნიშანი ყველასთვის დგას – კერძოსთვისაც, სახელმწიფო მანქანისთვისაც და ყველა უნდა დაემორჩილოს წესებს. ამ წესებზე ყველა ვთანხმდებით. ჟურნალისტური, მედია სტანდარტი მაუწყებლობის კანონში წლებია წერია, ათწლეულები თუ არა და ამაზე ყველა ვთანხმდებით. მათ შორის, თქვენი თვითრეგულაცია თუ არსებობს, არ ვიცი გაქვთ თუ არა ტელევიზიაში, ამ წესების დაცვას უნდა უზრუნველყოფდეთ. ჩვენ ვთანხმდებით წესებზე, ანუ შუქნიშანზე. ვთანხმდებით, რომ წითელი ნიშნავს უნდა გაჩერდე, ყვითელი – მოემზადო, მწვანე – უნდა დაიწყო სვლა. ამ წესებზე ვთანხმდებით, უბრალოდ ეს შუქნიშანი დღეს არის გამორთული, გათიშულია. ეს კანონი რასაც აკეთებს, რომ უნდა ჩავრთოთ ეს შუქნიშანი, რომ ამუშავდეს ეს წესები. დღეს ეს წესები არ მუშაობს, ვთანხმდებით შუქნიშანზე, ვთანხმდებით მის ფერებზე და პრინციპზე. სახელმწიფომ უნდა ჩართოს, როგორც საგზაო მოძრაობაში სახელმწიფო არის პასუხისმგებელი, რომ მოაწესრიგოს საგზაო მოძრაობა, აქაც სახელმწიფო იღებს თავის თავზე ამ პასუხისმგებლობას. თვითრეგულირება რომ იყოს საგზაო მოძრაობაში, გასაგებია, გვექნებოდა კოლაფსი საგზაო მოძრაობის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.