ჩვენს ისტორიას თავად გავიაზრებთ დახმარებების და მით უმეტეს, ასეთი მავნე დახმარებების გარეშე, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ირაკლი ხვადაგიანი წარსულის ვერგააზრების მაგალითია, რადგან 2024 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიულ სიაში ჩაეწერა.
„არაფერს ვედავები არც ხვადაგიანს და არც კობახიძეს, გერმანიის საელჩოს ვედავები, რომელიც შეხვედრაზე სააკაშვილის რეჟიმის პროპაგანდისტს წარადგენს, როგორც წარსულის გამააზრებელ ადამიანს. ეს ხომ თვალში ნაცრის შეყრაა. ფაქტია, იქ საქმე გვექნებოდა არა წარსულის გააზრებასთან, არამედ ტვინების გამორეცხვასთან. წარმოიდგინეთ, წარსულის გააზრებაზე უნდა ისაუბროს ადამიანმა, რომელიც წარსულს იმდენად ვერ იაზრებს, რომ რომ 2024 წელს, „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიულ სიაში ჩაეწერა. ირაკლი ხვადაგიანი მაგალითია წარსულის ვერგააზრების. ადამიანი 2024 წელს, „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიულ სიაში რომ ჩაეწერება, იმან საერთოდ არ იცის, რა არის ისტორია და მისი გააზრება. გერმანიის საელჩომ ზუსტად იცის ამ ადამიანების და ორგანიზაციის მიმართ დამოკიდებულება ბოლო სკანდალებიდან გამომდინარე. საფრანგეთის საელჩომ როცა კანონის მიღებამდე რამდენიმე საათით ადრე ფული მისცა, ზუსტად იცოდნენ, ვის მოჰკიდეს ხელი და ვინ მიჰყავდათ ექსპერტად. თუმცა, გერმანიის საელჩო ასე უტიფრად და უხეშად იქცევა, რაც სამწუხაროა.
როდესაც საუბარია გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის შემდეგ ისტორიის გააზრებაზე და თითქოს ამ მხრივ, საქართველოს გააზრებაში გერმანიის დახმარება სჭირდება, გერმანიაში ბოლო არჩევნების შედეგებს გადახედონ. ფედერალური მიწების მიხედვით დახედონ, რომელ რეგიონში ვინ გაიმარჯვა და პირდაპირ დაინახავენ საზღვარს აღმოსავლეთ და დასავლეთ გერმანიას შორის. ისე ვერ გაიაზრა გერმანულმა საზოგადოებამ თავისი წარსული, რომ ახლაც, გერმანიის გაერთიანებიდან 35 წლის თავზე, გაყოფილია წარმოსახვითი საზღვრით, რაც აღმოსავლეთ და დასავლეთ გერმანიას ზუსტად მიჰყვება. ამიტომ, როცა ისტორიის გააზრება, გადააზრება და გადახარშვა საკუთარ ქვეყანაში ვერ შეძლეს და ზუსტად ამაზე მეტყველებს არჩევნების შედეგები, მგონი, ამ შემთხვევაში, გერმანიის საელჩომ ცოტა თავმდაბლობა უნდა აჩვენოს, რომ ქართველ ხალხს გერმანიის საელჩოს დახმარება სჭირდება საკუთარი ისტორიის გასააზრებლად. ისტორიის, რომელიც სხვათა შორის, რამდენიმე ათწლეული არ არის, ათასწლეულის ისტორია გაგვიაზრებია აქამდეც და როგორმე ჩვენს ისტორიას თავად გავიაზრებთ დახმარებების და მით უმეტეს, ასეთი მავნე დახმარებების გარეშე“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოში გერმანიის საელჩომ 15 ივნისს გაავრცელა პოსტი, სადაც ნათქვამია, რომ საელჩომ საქართველოში მოიწვია ისტორიკოსი და აღმოსავლეთ გერმანიის (გდრ) დროინდელი მოვლენების მოწმე, პეტერ კოიპი. მათივე ცნობით, გორსა და ქუთაისში პეტერ კოიპის ლექციები მიმდინარეობდა. საელჩოს ინფორმაციით, ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდა ისტორიკოსი ირაკლი ხვადაგიანი.