ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ იმ მტრული პოლიტიკის მიუხედავად, რომელსაც უკრაინის ხელისუფლება ქართველი ხალხის წინააღმდეგ აწარმოებს, უკრაინელი ხალხის მხარდაჭერის მიმართ ერთგული ვრჩებით, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ომის დაწყების პირველი დღიდან საქართველო უკრაინელი ხალხის მხარდაჭერისთვის ყველაფერს აკეთებს.
„ერთადერთი, რაც შეიძლება, გასაკვირი ყოფილიყო, იმ უმადურობის ფონზე, რომელსაც უკრაინის ხელისუფლება და კონკრეტულად, უკრაინის პრეზიდენტი ქართველი ხალხის წინააღმდეგ ირჩევს, შეიძლება, ვიღაცას გაჰკვირვებოდა, რომ საქართველოს ხელისუფლება ასეთ გადაწყვეტილებებს და ინსტრუმენტებს მხარს უჭერს, თუმცა ჩვენთვის საზომი არ არის პრეზიდენტი ზელენსკი, რომელიც საქართველოსა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ ღია და მტრულ პოლიტიკას აწარმოებს. ჩვენთვის საზომი უკრაინელი ხალხია, რომელსაც გვინდა, იმ მძიმე პერიოდში გვერდში დავუდგეთ, რომელსაც გადიან. არავის გაღიზიანების ან არგაღიზიანების შიშით არ ვმოქმედებთ, ქართველი ხალხის ეროვნულ ინტერესებზე დაყრდნობით და ინტერესების საფუძველზე ვმოქმედებთ. მივდივართ იმ ნაბიჯებით, რაც ჩვენს ინტერესებში ჯდება და ხელს არ უშლის მთავარ პრიორიტეტებს. ვერ გამოგვიყენეს ინსტრუმენტად, რომ საქართველოში ცეცხლის რკალი დაენთოთ რუსეთის გარშემო და ჩვენ ვყოფილიყავით მარიონეტი, ისევე, როგორც უკრაინას იყენებს ზოგიერთი ძალა მარიონეტად რუსეთის წინააღმდეგ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმაც დაადასტურა, რომ ეს არის მარიონეტული ომი.
„ვიღაცას უნდოდა, რომ ჩვენ მარტიონეტული ომის ინსტრუმენტი ვყოფიკიყავით და ახლა როგორც არის უკრაინასთან დაკავშირებით, ვაი-ვიშვიში ყოფილიყო, ფული საიდან გამონახავდნენ. რუსეთის სუვერენულ აქტივებს ხელს თუ ვერ ადებენ, გეგმა „ბე“ რა არის? ბელგიის პრემიერის განცხადება იყო, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს ფაშისტური გერმანიის აქტივებს თითი ვერავინ დაადო. ცუდი კი არ არის, ვერ აკეთებენ და ეს არის პრობლემა, გეგმა „ბე“ არ აქვთ. ამას თუ ვერ აკეთებენ, რას აკეთებენ, თავის ფულს ხარჯავენ? არ აპირებენ, თავისი ფული დახარჯონ. მათთვის, ვინც საქართველოში უცხოს მადიდებლები და უცხო დროშაზე მლოცველები არიან, რა თქმა უნდა, მათთვის საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებები აუხსნელია. ფიქრობენ, რომ უკრაინის დროშა უნდა აფრიალონ და ეს მათი ქცევის მაგალითია. ამიტომ, უკვირთ. სინამდვილეში, ვერ ხვდებიან, რომ ჩვენ უკრაინელ ხალხს ვუჭერთ მხარს მიუხედავად იმ მტრული პოლიტიკის, რომელსაც პრეზიდენტი ზელენსკი ქართველი ხალხის წინააღმდეგ აწარმოებს და იმ უმადურობის, რომელსაც პრეზიდენტი ზელენსკი პირადაც ქართველი ხალხის მიმართ სხვადასხვა გადაწყვეტილებაში იჩენს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

