საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ფასების შემსწავლელი საპარლამენტო კომისია თავის სამუშაოს ასრულებს და მოცულობით, დეტალურ დასკვნას დადებს.
პაპუაშვილის განმარტებით, კომისია შეიმუშავებს დასკვნას, როგორ ხდება საქართველოში ფასწარმოქმნა და რა შეიძლება, გამოსწორდეს.
„კომისიის ამოცანა იყო, ფასების წარმოქმნის სტრუქტურა შეესწავლა და ენახა, ფასწარმოქმნის ჯაჭვში ხომ არ არის რაიმე რგოლი, რომელიც ხელოვნურია, სხვა რაღაც ბარიერია, რომელსაც შეიძლება, სხვანაირი მოწესრიგება სჭირდებოდეს, საკითხი ობიექტურია თუ სუბიექტური. კომისიის მხრიდან იქნება შინაარსობრივი დასკვნა, როგორ არის საქართველოში ფასწარმოქმნა და რა შეიძლება გამოსწორდეს. მთავარი ამოცანაა, ფასების საკითხზე კითხვაზე პასუხი გაეცეს. ბოლოს და ბოლოს, უნდა გვქონდეს კომპეტენტური აზრი, არის ობიექტური მოცემულობა თუ ამაში რაიმე ხელოვნურია“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

