შაბათი, იანვარი 11, 2025

შალვა პაპუაშვილი: საგარეო ჩარევაზე წუწუნთან ერთად, ზოგიერთი გერმანელი მოხარულია, თავად ჩაერიოს სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში და დეზინფორმაციაც გაავრცელოს

საგარეო ჩარევაზე წუწუნთან ერთად, ზოგიერთი გერმანელი მოხარულია, თავად ჩაერიოს სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში და დეზინფორმაციაც გაავრცელოს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელ X-ში წერს.

პაპუაშვილი გამოეხმაურა საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ბუნდესტაგის წარმომადგენლების განცხადებას, რომელშიც ისინი აღნიშნავენ, თითქოს არჩევნებზე ეუთო-ს გრძელვადიანი დამკვირვებლები არ იყვნენ დაშვებული.

„ევროპაში საგარეო ინტერვენციისა და დეზინფორმაციის თაობაზე ცხარე განხილვების პარალელურად, გერმანიის წამყვანი პარტიების ზოგიერთი წარმომადგენელი ვერ აცნობიერებს, რომ თავად ერევა სხვის საქმეში და დეზინფორმაციასაც თვითონ ავრცელებს. საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შესახებ მათ მიერ გამოქვეყნებული განცხადება აშკარა ტყუილებს შეიცავს. ჯერ ერთი, ამ განცხადებაში მოყვანილი ფაქტის საპირისპიროდ, ეუთო/ოდირის დელეგაცია საქართველოში საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი თვით ადრე ჩამოვიდა და ყველანაირი პირობაც შეექმნა საქმიანობისათვის; მეორეც, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს არასოდეს უთქვამს, რომ „გამორიცხავდა ევროკავშირთან წევრობის მოლაპარაკებებს 2028 წლამდე“. მან განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება თავად არ წამოწევდა ამ საკითხს და, იმავდროულად, მოუწოდა ევროკავშირს, დროულად გაეხსნა ეს მოლაპარაკებები. „გამორიცხვა“ მხოლოდ და მხოლოდ განცხადების ავტორების ფანტაზიის ნაყოფია. ეს აშკარა ტყუილები, გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, როთის მიერ არათუ საქართველოს საქმეებში ჩარევასთან, არამედ რადიკალური ოპოზიციის წინასაარჩევნო კამპანიაში პირდაპირ მონაწილეობასთან ერთად, შეცდომას გამორიცხავს: საგარეო ჩარევაზე წუწუნთან ერთად, ზოგიერთი გერმანელი მოხარულია, თავად ჩაერიოს სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში და დეზინფორმაციაც გაავრცელოს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

სალომე სამადაშვილი – თუ ვუშვებთ, რომ არჩევნების მოგების შანსი არსებობდა, მაშინ ბელარუსიზაცია არ მომხდარა, არჩევნები არ გაყალბებულა

ერთ დღეს ვწერთ, რომ საქართველოს ბელარუსიზაცია მოხდა, მეორე დღეს კი ვწუხვართ, რომ ომის შიშის ნარატივს ვერ დაუპირისპირდა პროპაგანდაო. თუ ვუშვებთ, რომ არჩევნების მოგების შანსი არსებობდა, მაშინ ბელარუსიზაცია არ მომხდარა, არჩევნები არ გაყალბებულა, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, მსჯელობა იმაზე, ომის პროპაგანდაზე და სხვა თემაზე უკეთესი საპასუხო გზავნილი რას შეცვლიდა, ამ ვითარებაში რაიმე შედეგზე ორიენტირებული არ არის. „ერთ დღეს ვწერთ, რომ საქართველოს ბელარუსიზაცია მოხდა, მეორე დღეს კი ვწუხვართ, ომის შიშის ნარატივს ვერ დაუპირისპირდა პროპაგანდაო. თუ ვუშვებთ, რომ არჩევნების მოგების შანსი არსებობდა, მაშინ ბელარუსიზაცია არ მომხდარა, არჩევნები არ გაყალბებულა. თუ არჩევნები გაყალბდა, საარჩევნო გზავნილები რას ცვლის? ან მომავალში რა მნიშვნელობა ექნება, ხალხს რას ვეტყვით? არჩევნებს საქართველოში აზრი გაუუქმა გაყალბების სისტემამ. მსჯელობა იმაზე, უკეთესი საპასუხო გზავნილი ომის პროპაგანდაზე და სხვა თემაზე რას შეცვლიდა, არ მგონია რაიმე შედეგზე ორიენტირებული ამ ვითარებაში. დღეს აზრი აქვს ერთ დისკუსიას – როგორ და რა გზებით შექმნა ისეთი რეალობა, რომ ქვეყნის მართვა ვერ გააგრძელოს არალეგიტიმურმა მთავრობამ. სხვა ყველაფერზე დისკუსია, ვშიშობ, ამ კონტექსტში აღარაა არაფრის მომცემი“, – დაწერა სალომე სამადაშვილმა.

დაჩი ცაგურია: მიხარია, რომ დღეს ჩემს ქვეყანას აქვს სუვერენიტეტი, იმის ძალა და ნება, რომ სამართალი აღასრულოს და შეფასდეს, რა ხდებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში

ძალიან მიხარია, რომ დღეს ჩემს ქვეყანას აქვს სუვერენიტეტი, იმის ძალა და ნება, რომ სამართალი აღასრულოს და შეფასდეს, რა ხდებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში, - განუცხადა „ქრონიკას“ ყოფილმა პოლიტპატიმარმა, დაჩი ცაგურიამ საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით. „ჩრდილოეთ კორეის მსგავსი სიტუაცია იყო. ჩემს ნათესავებს და ბევრ ახლობელს, ტელეფონზე რომ დამერეკა და ეპასუხათ, მაგის ეშინოდათ. ზოგიერთი, ქუჩაში რომ მხვდებოდა, ვერ მესალმებოდა და გვერდს მივლიდა, ვითომ, ვერ დამინახა. ძალიან მიხარია, რომ დღეს ჩემს ქვეყანას აქვს სუვერენიტეტი, იმის ძალა და ნება, რომ სამართალი აღასრულოს და შეფასდეს, რა ხდებოდა იმ პერიოდში“, - განაცხადა ცაგურიამ. საქართველოს პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირაში შეიქმნება 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია.

გია ხუხაშვილი: ივანიშვილი აპირებს „სინდისის პატიმრების“ თავისუფლებით ვაჭრობას და საუკეთესო დროს არჩევს სარფიანად გასაყიდად

ივანიშვილი აპირებს „სინდისის პატიმრების“ თავისუფლებით ვაჭრობას და საუკეთესო დროს არჩევს სარფიანად გასაყიდად, ეს უნდა რომ გააკეთოს ყაველაშვილის ხელით, - ამის შესახებ პოლიტოლოგი გია ხუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „ბიძინა სინდისის პატიმრებთან მიმართებაში იქცევა კლასიკური ტერორისტული მეთოდით: ის აპირებს მათი თავისუფლებით ვაჭრობას და საუკეთესო დროს არჩევს სარფიანად გასაყიდად. რაც შეეხება ფორმას - ეს უნდა რომ გააკეთოს ყაველაშვილის ხელით,  ორმხრივი ამინისტიით, რათა გაყიდვასთან ერთად ჩაფარცხოს ძალოვანების მიერ ჩადენილი წამების სისტემური დანაშაული. P.S. ყველას ვთხოვ ამ ბიჭებთან მიმართებაში გამოვიყენოთ მხოლოდ ტერმინი - “სინდისის პატიმარი”. განსხვავება იმაშია, რომ “პოლიტ-პატიმარი” არ გულისხმობს, რომ მსჯავრდებული უდანაშაულოა. ეს ნიშნავს იმას, რომ მის მიმართ მიუხედავად შესაძლო ბრალეულობისა, არსებობს პოლიტიკური მიკერძოება. სინდისის პატიმარი კი ნიშნავს, რომ ის ამასთანავე სრულიად უდანაშაულოა“, - წერს ხუხაშვილი.

მარკ ცუკერბერგი: გარკვეული პირები ბაიდენის ადმინისტრაციიდან ურეკავდნენ Facebook-ის გუნდს, უყვიროდნენ და ლანძღავდნენ, რათა პლატფორმიდან გარკვეული კონტენტი წაეშალათ

Meta-ს დამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმა, UFC-ის კომენტატორ და პოდკასტერ ჯო როგანთან ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ ტრამპის არჩევნებისა და კოვიდის შემდეგ, მასზე ინსტიტუციური ზეწოლა დაიწყო, რათა სხვადასხვა კონტენტზე ცენზურა დაეწესებინა. „იდეოლოგიაზე დაფუძნებული ცენზურისკენ სწრაფვა ბოლო 10 წლის განმავლობაში დაიწყო და ვფიქრობ ორი მთავარი მოვლენა, რამაც ამას ხელი შეუწყო იყო 2016 წელს პრეზიდენტ ტრამპის არჩევა, რომელიც დაემთხვა Brexit-ს ევროკავშირში და ევროკავშირის გარკვეულ გაყოფას, შემდგომ კი კოვიდი 2020 წელს. ვფიქრობ ეს იყო პირველი ორი შემთხვევა, რომლის დროსაც, ჩვენ შევეჩეხეთ ძლიერ ინსტიტუციურ ზეწოლას, რათა დაგვეწყო კონტენტის დაცენზურება იდეოლოგიურ ნიადაგზე", - აცხადებს მარკ ცუკერბერგი. მისივე თქმით, გარკვეული პირები ბაიდენის ადმინისტრაციიდან ურეკავდნენ Facebook-ის გუნდს, უყვიროდნენ და ლანძღავდნენ, რათა პლატფორმიდან გარკვეული კონტენტი, მათ შორის იუმორისტული და სატირული მასალა წაეშალათ.

ავარია ქუთაისი-ხონის გზაზე – დაღუპული 2 ახალგაზრდა

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გუბში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ახალგაზრდა დაიღუპა. შემთხვევა გუშინ მოხდა. ახალგაზრდები თანასოფლელები იყვნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ბოლო სიახლეები