ჩვენი ერთადერთი გზა ქართულია. ტერმინოლოგიური ჟონგლიორობა – პროევროპული, ანტიევროპული, პრორუსული, პროჩინური, ანტიირანული, ყველაფერი მოფიქრებულია, რომ მთავარ გზას, ქართულ გზას აგვაცდინონ, სიტუაცია ისე წარმოაჩინონ, თითქოს საზოგადოებამ არჩევანი უნდა გააკეთოს, რუსებს, ევროპას, ირანს, ჩინეთს და კიდევ არ ვიცი, რა მიმართულებებს შორის, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს არანაირი არჩევანი არ აქვს გასაკეთებელი.
„ჩვენი არჩევანი ქვეყნის მშენებლობა, ხალხის ინტერესების დაცვაა. ამ ინტერესების დაცვა გვიწევს მტერთანაც და მოყვარესთან. ამერიკის შეერთებული შტატებიც კი, კონფრონტაციულ დამოკიდებულებაშია ნატო-თან იმის გამო, რომ ათწლეულები ამერიკა იყო და დღემდეა თავად ნატო. ამერიკა იცავდა ნატო-ს ევროპულ ნაწილს და როგორც ტრამპი ამბობს, ამის საპასუხოდ არაფერს იღებს ევროპელი კოლეგების მხრიდან, რომელთაც ამერიკელებისგან გარანტირებული უსაფრთხოება ჰქონდათ და ახლა არათუ ეხმარებიან, არამედ ზოგიერთი ამ საქმეში ფეხსაც უდებს. ჩვენი ინტერესები უნდა დავიცვათ რუსეთთანაც და ევროპასთანაც, ყველასთან დასაცავი გვაქვს და ბრმად არავის უნდა მივენდოთ. ვინც მიენდო და მათ შორის ევროპელებს, ვხედავთ, ომშია გახვეული. ევროპელი ლიდერები თავისი მოწოდების სიმაღლეზე რომ ყოფილიყვნენ, უკრაინაში ომი არ იქნებოდა. ამერიკის ახალი ადმინისტრაცია ამბობს, რომ ომი არ იქნებოდა, მოქმედი ადმინისტრაცია ხელისუფლებაში რომ ყოფილიყო. ქართველმა ხალხმა სუვერენიტეტის ხელყოფის გამო ევროპელების მიმართ ნდობა დაკარგა. ამ ნდობას მათი მხრიდან აღდგენა სჭირდება. ჩვემ არაფერი გაგვიკეთებია, რომ ნდობა დაკარგულიყო. აქ რომ ცდილობდნენ ხელისუფლების დამხობას, სხვა ხალხის მოყვანას ხელისუფლებაში, რუსეთთან საქართველოს ესკალაციაში ჩათრევას, ქართველმა ხალხმა ამის გამო, ევროკავშირისა და ბრიუსელის მიმართ ნდობა დაკარგა. შესაბამისად, ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ პრო რაღაც ვიყოთ, არამედ იმაზე, ჩვენი ინტერესები როგორ გავატაროთ. ზოგიერთი ქვეყანა ამ პრო ფიქრმა ომში შეიყვანა, ჩვენ კი, იქამდე მიგვიყვანა, რომ ფსევდო რელიგიურ ფუნდამენტალიზმში გადავარდნილი ჯგუფი გვყავს, რომელსაც რომ დაანახებ ბრიუსელის რომელიღაც პრესკონფერენციის დარბაზს, რაღაც რელიგიური საკურთხეველი ჰგონია. ეს არის სამწუხარო რეალობა, რაც პროტესტანტების მცირე ჯგუფში გვაქვს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

