ბოლო პერიოდში ვნახეთ აღიარებები პოლიტიკური პარტიებიდან, რომ ისინი ყალბი „ენჯეოების“ დაფუძნებით იღებენ უცხოურ დაფინანსებას. ვნახეთ აღიარება, რომ არსებობს ფონდები, რომლებიც მალავენ საკუთარ ხარჯებს საქართველოში. დღეს ამ მდგომარეობაში ვართ. – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
სამწუხაროდ, ვაწყდებით ყრუ კედელს დონორების მხრიდან. მიუხედავად იმისა, რომ რამდენჯერმე მოვუწოდე როგორც საჯაროდ, ისე პირადი შეხვედრების დროს, გაასაჯაროონ საკუთარი დაფინასებები საქართველოში, სამწუხაროდ, რამდენიმე დონორი ორგანიზაცია კვლავ მალავს, რაში ხარჯავს თანხებს საქართველოში. კეთილი საქმეების დამალვა არავის არაფერში არ სჭირდება, როდესაც რაღაცას მალავენ, ამის უკან არ დგას კეთილი საქმეები. ჩვენ ვნახეთ ზოგიერთი ორგანიზაცია, მაგალითად, „ევროპის დემოკრატიის ფონდი“ აფინანსებდა ჯარიმების გადახდას იმ ადამიანებისთვის, რომლებიც არღვევდნენ წესრიგს და კანონს. ვნახეთ, რომ ზოგიერთი დონორი ორგანიზაცია ფარულად აფინანსებს პოლიტიკურ პარტიებს, აფინანსებს რადიკალურ ორგანიზაციებს, რომლებიც ძალადობით არიან გამორჩეული. ასე რომ, ეს ფაქტები, ჩვენთვის შემთხვევით ხდება ხოლმე ცნობილი. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა დონორს და საელჩოს, გაასაჯაროონ თავისი დაფინანსება, ვინაიდან, ეს გახლავთ რუსული სტილი, როდესაც სხვა ქვეყანაში, ფარულად, სპეცსამსახურების მეთოდებით ხდება იატაკქვეშა საქმიანობების დაფინანსება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.