სამშაბათი, მაისი 5, 2026

შალვა პაპუაშვილი – მოვუწოდებ ყველა ელჩს, გაიაზრონ, აქ იმისთვის არ არიან, რომ ხელი აფათურონ ქართველი ხალხის ცხოვრებაში

ღმერთმა ხელი მოუმართოთ იმ დიპლომატებს, რომლებსაც კიდევ აქვთ იმედი, რომ ანტიქართული ძალებისგან რაიმე შეიძლება გამოაცხონ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

შალვა პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან „ძლიერი საქართველოს“ წევრების შეხვედრასთან დაკავშირებით.

„ყველა გეგმა, რომელიც სხვადასხვა საელჩოს ჰქონდა დაგეგმილი ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, ჩაიშალა მარტივი რამის გამო: ისინი გვერდში უდგებიან მათ, ვინც ერთგულებას უცხადებს მათ – უცხოელებს და არა ქართველებს და ამას არ ექნება არანაირი შედეგი.

რაც შეეხება კონკრეტულად „ლელოს“, ეს არის რადიკალური პარტია, რომელმაც უარი თქვა დემოკრატიულ მანდატზე და, შესაბამისად, არის ანტიდემოკრატიული ძალა, ანტიკონსტიტუციური ძალა. თქვენ იცით, რომ მიმართული გვაქვს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის და ველოდებით განხილვებს. ეს არის ძალა, რომელიც ცდილობდა, რომ საქართველოს ბიუჯეტიდან მილიარდ-ნახევარი ლარი ამოეღო და ჯიბეში ჩაედო. მამუკა ხაზარაძე ცდილობდა თაღლითური სარჩელებით ამას და დამარცხდნენ საქართველოში და საზღვარგარეთ. ეს ძალა როდესაც არის მხარდაჭერილი სხვადასხვა უცხოური ჯგუფების მიერ, აჩვენებს კიდევ ერთხელ, რომ, საბოლოო ჯამში, ყველაფერს აეხადა ფარდა; ღირებულებებზე საუბარი არის აბსოლუტური ფარსი ზოგიერთი ევროპელის მხრიდან, ვინაიდან ისინი ჩაფლული არიან თაღლითებთან, ანტიქართული განწყობების მქონე ძალებთან თანამშრომლობაში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, საქართველოს ისტორიაში არცერთი ადამიანის ბედი არ წასულა კარგად, ვინც ცდილობდა გარე ძალებით ხელისუფლების მოპოვებას.

„საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელსაც უნდა რაიმე გააკეთოს საქართველოს პოლიტიკაში, ყველას ვურჩევ, შეეშვან ერთი საელჩოდან მეორეში სიარულს და გარე ძალების იმედად აქ ყოფნას. საქართველოს ისტორიაში არცერთი ადამიანის ბედი არ წასულა კარგად, ვინც ცდილობდა გარე ძალებით ხელისუფლების მოპოვებას და შენარჩუნებას. ისტორია ყოველთვის მეორდება და არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საკუთარი გავლენის დამყარებას საქართველოში, აქვთ სხვადასხვა მტრული თუ არასწორი მიზნები საქართველოსთან დაკავშირებით. ყველა, ვინც დადგება და ჩადგება უცხო ქვეყნის სამსახურში საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, საბოლოო ჯამში, დამარცხდება საკუთარ ხალხთან. როგორც მარცხდებოდნენ აქამდე სხვადასხვა უცხო ქვეყნის პოლიტიკოსების თუ ელჩების იმედად, ასე დამარცხდებიან“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე მიმართა საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს.

„ასევე, ვეტყვი უცხო ქვეყნების ელჩებს, რომლებსაც ჰგონიათ, რომ სხვადასხვა დიდი ქვეყნის წარმომადგენლები რახან არიან, ეს მათ აძლევს რაიმე უფლებას, სხვა ხალხის ცხოვრებაში ჩაერიონ. შეიძლება, ბრიტანეთის ელჩი ფიქრობს, რომ ბრიტანეთის მიერ ატომური ბომბის ფლობა აძლევს უფლებას, სხვა ქვეყნებს შეხედოს, როგორც მეორეხარისხოვანს და თავს მოახვიოს საკუთარი დღის წესრიგი, გადახედონ გინდ საკუთარ და გინდ საქართველოს ისტორიას. ბევრი გვინახავს ასე ცხვირაწეული საქართველოსთან მოლაპარაკე ხალხი, მაგრამ, საბოლოო ჯამში, საქართველო დარჩა და სხვა, ვინც დიდი გონორით ცდილობდა საქართველოს დამორჩილებას, ვხედავთ, რომ სხვადასხვა ბედს იზიარებენ. მე ყველა ელჩს მოვუწოდებ, გაიაზრონ, აქ იმისთვის არ არიან, რომ საქართველოში ხელი აფათურონ ქართველი ხალხის ცხოვრებაში. კარგი არაფერი მოუტანია სხვისი ხელების ფათურს ქართველი ხალხის ცხოვრებაში. ამიტომ ყველა, შესაბამისად, უნდა შეეშვას ამგვარ ქცევას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

სტუ-ის რექტორი ღვაწლმოსილი ინჟინრის ანა გიორგიშვილის გარდაცვალების გამო ოჯახსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს ღვაწლმოსილი ინჟინრისა და მკვლევარის, ღირსების ორდენისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ოქროს მედლის კავალერის ანა გიორგიშვილს გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს ოჯახს, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტს, გარდაცვლილის მეგობრებსა და აღზრდილებს. სამძიმრის წერილს სტუ ავრცელებს.„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის ერთ-ერთი გამორჩეული თანამშრომლის, წამყვანი ინჟინრის ანა გიორგიშვილის გარდაცვალების გამო.ქალბატონ ანას ღირსეული ადგილი ეკავა საქართველოს საინჟინრო და სამეცნიერო წრეებში. იგი იყო გამორჩეული პროფესიონალი, რომლმაც მრავალწლიანი ნაყოფიერი საქმიანობით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართული მეცნიერებისა და საინჟინრო დარგის განვითარებაში.ანა გიორგიშვილის გარდაცვალება დიდი დანაკლისია როგორც ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტისთვის, ისე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ქვეყნის საინჟინრო საზოგადოებისთვის“, - აღნიშნულია რექტორის სამძიმრის წერილში.

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რომის პაპი ლეო XIV „კათოლიკეებს საფრთხეს უქმნის“

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რომის პაპი ლეო XIV „კათოლიკეებს საფრთხეს უქმნის“.აშშ-ის პრეზიდენტმა კონსერვატორ კომენტატორთან, ჰიუ ჰიუიტთან ინტერვიუში თქვა, რომ კათოლიკური ეკლესიის ხელმძღვანელი თეირანს ეხმარება და მსოფლიოს ნაკლებად უსაფრთხოს ხდის.„პაპი ამჯობინებს იმ ფაქტზე საუბარს, რომ ირანს შეუძლია, ბირთვული იარაღი ჰქონდეს. მე არ ვფიქრობ, რომ ეს ძალიან კარგია. ვფიქრობ, ის საფრთხეს უქმნის ბევრ კათოლიკეს და ბევრ ადამიანს“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.„ესოშიეთიდ პრესის“ თანახმად, რომის პაპს არ უთქვამს, რომ ირანმა ბირთვული იარაღი უნდა მიიღოს, არამედ მოუწოდა მხარეებს მეტი სამშვიდობო მოლაპარაკებებისკენ და ზოგადად გააკრიტიკა ომი.პაპმა ასევე აღნიშნა, რომ ის ასახავს ბიბლიურ და საეკლესიო სწავლებებს და არ საუბრობს, როგორც ტრამპის პოლიტიკური კონკურენტი.

დონალდ ტრამპი – ირანთან ომი შესაძლოა, კიდევ ორი ან სამი კვირა გაგრძელდეს, დრო ჩვენთვის არსებითი არ არის

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანთან ომი შესაძლოა, კიდევ ორი ან სამი კვირა გაგრძელდეს.მისივე თქმით, აშშ-მა ომში „უკვე გაიმარჯვა“.„ომი ალბათ კიდევ ორი კვირა ან შესაძლოა, სამი კვირა გაგრძელდება. დრო ჩვენთვის არსებითი არ არის“, – აღნიშნა ტრამპმა „ეიბისი ნიუსთან“ სატელეფონო ინტერვიუში.ამასთან, ტრამპმა განაცხადა, რომ ირანს სულ 159 გემი ჰყავდა, ახლა კი არც ერთი არ ჰყავს. მისივე თქმით, თითოეული მათგანი ამჟამად ზღვის ფსკერზეა.აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ ამჟამად ჰორმუზის სრუტეს აკონტროლებს. ტრამპის თქმით, „ირანელ ხალხს საკმარისი იარაღი თუ ექნებოდა, ისინი რეჟიმს აუცილებლად უპასუხებდნენ“.

შალვა პაპუაშვილი – 9 მაისს აღინიშნება ფაშიზმზე გამარჯვების დღე, სიმბოლურია, რომ რამდენიმე დღით ადრე რასა იუკნევიჩიენე, რომელიც ფაშისტური განცხადებებით გამოირჩევა, არის რეზოლუციის ავტორი

ევროპარლამენტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ დღითი დღე თავს იმკვიდრებს, როგორც საბჭოთა კავშირის საკავშირო სახალხო დეპუტატთა ყრილობის მემკვიდრე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.მისივე თქმით, ევროდეპუტატ რასა იუკნევიჩიანეს ქმედება გასაკვირი არ არის, რადგან ევროპარლამენტის რიგებში ვხედავთ საბჭოთა მოქალაქეებს, საბჭოთა ნომენკლატურისა თუ ელიტის წარმომადგენლებს.„დღეს ისინი ევროპარლამენტში არიან მოკალათებული, ვგულისხმობ, ბალტიის ქვეყნებისა და აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთი ქვეყნის წარმომადგენლებს. როგორც მოსკოვის საკავშირო ყრილობა იღებდა მტრულ გადაწყვეტილებებს საქართველოსთან დაკავშირებით, ასევე ბრიუსელის საკავშირო პარლამენტი დღეს იღებს ამგვარ მტრულ გადაწყვეტილებებს. ამ რეზოლუციის ავტორი არის ქალბატონი იუკნევიჩიენე, რომელიც გამოირჩევა ფაშისტური განცხადებებით ქართველის ხალხის მიმართ. რამდენიმე დღეში ჩვენ გვექნება კიდევ ერთი აღნიშვნა ფაშიზმზე გამარჯვების დღისა და სიმბოლურია, რომ 9 მაისამდე რამდენიმე დღით ადრე ადამიანი, რომელიც გამოირჩევა ფაშისტური განცხადებებით ქართველი ხალხის მიმართ, არის ამ რეზოლუციის ავტორი. მას ეკუთვნის განცხადება, რომ „ქართული ოცნება“ არის ინფექცია. ეს არის ფაშისტური ნარატივი. მან ასევე განაცხადა, რომ საქართველოში დამნაშავეები არიან „ქართული ოცნების“ ამომრჩევლები, რითაც კოლექტიური პასუხისმგებლობა წარგვიდგინა, რაც სწორედ ფაშისტური მიდგომაა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა საქართველოს შესახებ ანგარიში მიიღო, რომელიც მომხსენებელ რასა იუკნევიჩიენეს მიერ იყო წარდგენილი.

მიხეილ სააკაშვილი – საქართველოში თანდათან ჩნდებიან ვაკინსკაია ობლასტ, ჩუღურეთის ხალიფატი, რამდენიმე ადგილის რაჯასტანი

ივანიშვილის დროს, უკვე რამდენიმე წელია, მეტი ქართველი კვდება, ვიდრე იბადება. ჩემ დროს მეტი იბადებოდა, ვიდრე კვდებოდა. ჩემ დროს მეტი ქართველი ბრუნდებოდა, ვიდრე გადიოდა. ივანიშვილმა გადაუჯოკრა შაჰ აბასს, ნახევარ მილიონ ქართველს აიძულა ქვეყნიდან წასვლა და დაახლოებით ამდენი უცხოელი შემოიყვანა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, უახლოეს თვეებში გარდაუვალია ინდოელების მასობრივი შემოყვანა მშენებლობებსა და კომუნალურ სამუშაოებზე დასასაქმებლად.„მე ყოველთვის მინდოდა, ბევრი ტურისტი შემოსულიყო განვითარებული ქვეყნიდან, ფული დაეხარჯათ ქართულ ბიზნესებში და გასულიყო. ამათ შემოჰყავთ უცხოელები ძირითადად დაბალი განვითარების ქვეყნებიდან, მათ მიაქვთ ქვეყნიდან გაძევებული ქართველების ადგილები. ქმნიან ბიზნესებს და მიაქვთ ქართველების ფული. ეს არის ძალიან მწარე რეალობა – ხდება მრავალეთნიკური ქართველი არის გენეტიკური კოდის გამოცვლა.საქართველოში თანდათან ჩნდებიან ვაკინსკაია ობლასტ, ჩუღურეთის ხალიფატი, რამდენიმე ადგილის რაჯასტანი. რატომ ხდება ეს ასე? მარტივია, დიქტატურას ფეხებზე ჰკიდია ჩვენი ძირძველი მოსახლეობა, უცხოელები ნაკლებ ხელფასს კმაყოფილდებიან და არ ჯანყდებიან, მათთვის მთავარია ფულის გაკეთება და თუ ეს ნიშნავს ეთნიკური ქართველების, აზერბაიჯანელების და სომხების, ინდუსებით, პაკისტანელებით, რუსებით, ნიგერიელებით ჩანაცვლებას, ეს კლეპტოკრატიული რეჟიმი ამას მხოლოდ მიესალმება და ყველანაირად უწყობს ხელს. თუ არ მოვაშორეთ, საქართველო აღარ იარსებებს“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

ბოლო სიახლეები