ხუთშაბათი, ნოემბერი 28, 2024

შალვა პაპუაშვილი – მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელებაზე ოპონენტების პანიკური რეაქცია დასტურია, რომ ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო

ოპონენტების რეაქცია არის დასტური, რომ ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა სწორი არჩევანი გააკეთა მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელებით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, საქართველოს ეყოლება პრეზიდენტი, რომელსაც ექნება მთავარი თვისება – ქართველი ხალხის ერთგულება და ქვეყნის ინტერესებით მოქმედება.

„როგორც იცით, წელს პირველად მოხდება პრეზიდენტის არჩევა ამერიკული ტიპის არჩევნებით, კერძოდ, კოლეგიის მიერ, რომლის ნახევარსაც დააკომპლექტებს საქართველოს პარლამენტი. პარლამენტის საქმეც აქ მნიშვნელოვანია, გარდა იმისა, რომ ეს პოლიტიკური გუნდის ერთგული გადაწყვეტილება იყო. რაც შეეხება მიხეილ ყაველაშვილს, მგონი, ოპონენტების რეაქცია ყველაზე კარგი დასტურია, რომ ყველაზე სწორი არჩევანი გააკეთა ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა. ნახეთ მათი პანიკური რეაქციები, შესაბამისად, ეს ადასტურებს, რომ სწორი გადაწყვეტილებაა. გასაგებია, რომ ჩვენ „ნაცმოძრაობის“ და მისი სატელიტების მოსაწონი კანდიდატი არც გვეყოლება და არც უნდა გვყოლოდა. მათი რეაქცია დასტურია, რომ ზუსტად სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ და მიზანში გავარტყით იმ მხრივ, რომ ჩვენ გვეყოლება პრეზიდენტი, რომელსაც ექნება მთავარი თვისება. ეს თვისება, სამწუხაროდ, აღმოჩნდა, რომ ჩვენს წინა სამ პრეზიდენტს არ ჰქონდა, ეს არის ქართველი ხალხის ერთგულება და ქვეყნის ინტერესებით მოქმედება“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილის თქმით, მიხეილ ყაველაშვილი თავისი განვლილი ცხოვრებით ადასტურებს, რომ ამ პოზიციაზე ღირსეული კანდიდატია.

„ერთი მხრივ, მას აქვს წარმატებული სპორტული კარიერა და მეორე მხრივ, წარმატებული პოლიტიკური კარიერა. რვა წელია, აქტიურ პოლიტიკაშია, არის ერთ-ერთი წამყვანი ლიდერი, პოლიტიკური მოღვაწე და პარლამენტის წევრი. ბოლო 20 წელია, ჯერ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს იყო იმ რეჟიმის წინააღმდეგ, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ კი, დღევანდელი დღის ჩათვლით აკეთებდა ყველაფერს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და „ნაცობა“, როგორც იდეოლოგია, არასდროს მობრუნებულიყო ქვეყანაში და არ დაეტრიალებინათ ის კოშმარი, რომლითაც ყოველ ჯერზე ემუქრებიან ჩვენს საზოგადოებას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისში აცხადებენ, რომ ისრაელმა მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა

ისრაელმა მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. როგორც პრემიერის განცხადებაშია ნათქვამი, ისრაელი უარყოფს ჰააგის სასამართლოს უფლებამოსილებას და არ აღიარებს დაკავების ორდერების ლეგიტიმურობას ბენიამინ ნეთანიაჰუსა და ისრაელის ყოფილი თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის წინააღმდეგ. ნეთანიაჰუს ოფისში ასევე აცხადებენ, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო საჩივარს თუ არ დააკმაყოფილებს, ეს მხოლოდ თვალსაჩინოდ დაანახებს ისრაელის მეგობრებს აშშ-სა და მსოფლიოში, რამდენად მიკერძოებულია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ისრაელის მიმართ. მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ ბენიამინ ნეთანიაჰუს, იოავ გალანტისა და „ჰამასის“ ლიდერის, მოჰამედ დეიფის დაკავების ორდერი 21 ნოემბერს გასცა.

მედიის ცნობით, დონალდ ტრამპის მომავალ მინისტრთა კაბინეტსა და ადმინისტრაციაში რამდენიმე ადამიანი აფეთქების შესახებ მუქარის შემცველი შეტყობინების სამიზნე გახდა

დონალდ ტრამპის მომავალ მინისტრთა კაბინეტსა და ადმინისტრაციაში რამდენიმე ადამიანი აფეთქების შესახებ მუქარის შემცველი შეტყობინების სამიზნე გახდა. ამის შესახებ „სქაი ნიუსი“ წერს. ტრამპის საარჩევნო შტაბის წარმომადგენლის, კაროლინ ლევიტის თქმით, მუქარის შემცველი შეტყობინებები მინისტრთა კაბინეტის წევრებმა გასულ ღამეს და დილით მიიღეს. ლევიტმა განაცხადა, რომ მომხდარს სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან დროული რეაგირება მოჰყვა და მოახერხეს კონკრეტული პირების უსაფრთხოების უზრუნველყოფა. „პრეზიდენტ ტრამპისგან მაგალითს ვიღებთ, დაშინებისა და ძალადობის მუქარები ხელს ვერ შეგვიშლის“, – განაცხადა ლევიტმა. მომხდარის შესახებ ასევე განაცხადა კონგრესის წევრმა, ელის სტეფანიკმა, რომელიც გაერო-ში აშშ-ის ელჩად დაინიშნა. სტეფანიკის თქმით, მისი ოჯახი მუქარის სამიზნე გახდა. კონგრესის წევრმა აღნიშნა, რომ ის, მისი მეუღლე და მათი სამი წლის შვილი ვაშინგტონიდან ნიუ იორკში, სარატოგას ოლქში მიემგზავრებოდნენ, როდესაც საფრთხის შესახებ აცნობეს. მისივე თქმით, პოლიციამ დაუყოვნებლივ იმოქმედა. სამართალმდამცავი უწყებების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მუქარები არ იყო ნამდვილი და რეალური საფრთხე არ გამოვლენილა. როგორც გამოძიების ფედერალურ ბიუროში ამბობენ, მათ იცოდნენ მუქარისა და ინციდენტის შესახებ, რომლებიც მიმართული იყო ტრამპის კაბინეტისა და ადმინისტრაციის კანდიდატებისკენ. „ჩვენ სერიოზულად ვითვალისწინებთ ყველა პოტენციურ საფრთხეს და, როგორც ყოველთვის, მოვუწოდებთ საზოგადოებას, დაუყოვნებლივ შეატყობინოს ყველაფრის შესახებ, რაც საეჭვოდ მიაჩნია“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ირაკლი კობახიძე – ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა იყო ღრმად ჩახედვა, რას სწავლობენ მოსწავლეები, ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებში შევიტანეთ საკითხები, რაც აუცილებლად უნდა იყოს სასწავლო პროგრამაში

სისტემურად ხდებოდა ისეთი საკითხების ამოღება ეროვნული სასწავლო გეგმიდან, პროგრამიდან და სახელმძღვანელოებიდან, რომლებიც აღვივებს მოსწავლეებში პატრიოტულ სულისკვეთებას, დამოკიდებულებას საკუთარი ეროვნული იდენტობის მიმართ, ეს პროცესები შეგნებულად მიმდინარეობდა და გაგრძელდა სამწუხაროდ 2012 წლის შემდეგაც, – ამის შესახებ ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ირაკლი კობახიძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, ჯერ კიდევ წლის დასაწყისში, ეროვნული მნიშვნელობის საკითხებზე მსჯელობისას, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა იყო ღრმად ჩახედვა მოსწავლეების სასწავლო პროგრამაში. „ჩვენ ჯერ კიდევ წლის დასაწყისში გვქონდა განხილვა, სხვათა შორის ეს იყო ბატონი ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა. ერთ-ერთი პირველი საკითხი, რაც მან დააყენა, როდესაც საუბარი გვქონდა ეროვნული მნიშვნელობის თემებზე, იყო ღრმად ჩახედვა იმაში, თუ რას სწავლობენ მოსწავლეები სკოლებში, იგივე ისტორიის, ლიტერატურის მიმართულებით, თუმცა არა მარტო. საუბარია ყველა საგანზე. ყველაფერი იქნა მხედველობაში მიღებული. ჩვენ დავამტკიცეთ ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტი, გზამკვლევი, სადაც ასახულია მთავარი პრინციპები და ამ დოკუმენტში შევიტანეთ ის საკითხები, რომლებიც აუცილებლად უნდა იყოს ასახული სასწავლო პროგრამაში. ამან, სხვათა შორის კონკრეტული სუბიექტების სერიოზული გაგულისება გამოიწვია, მათ შორის იყვნენ ე.წ ენჯეოები და ოპოზიციასთან დაკავშირებული სხვა სუბიექტები, განათლების სისტემაში „მოღვაწე“ ადამიანები, რომლებიც ამ პოლიტიკურ ძალებს უკავშირდებიან, იმიტომ, რომ იქ საუბარი იყო ეროვნული იდენტობის, პატრიოტული სულისკვეთების გაღვივებაზე და ა.შ. მანამდე იყო ფსევდოლიბერალური ღირებულებების გაღვივება. ეს ყველაფერი ამოვიღეთ და ჩავანაცვლეთ ეროვნული იდენტობით, პატრიოტიზმით და ა.შ. ეს არის პირველი ნაბიჯი. ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტს უნდა დაეფუძნოს ეროვნული სასწავლო გეგმა, რომელზეც მიმდინარეობს მუშაობა და ამას უნდა დაეფუძნოს სასწავლო პროგრამები და სახელმძღვანელოები, რაც თვისებრივად გადასახედია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„ასოშიეითედ პრესი“ – ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინას მოუწოდებს, მობილიზაციის შესახებ კანონს გადახედოს და ჯარში გასაწვევი ასაკი 18 წლამდე დაწიოს

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინას მოუწოდებს, მობილიზაციის შესახებ კანონს გადახედოს და ჯარში გასაწვევი ასაკი 18 წლამდე დაწიოს. ამის შესახებ „ასოშიეითედ პრესი“ ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს. როგორც მაღალჩინოსანი ანონიმურობის დაცვით აცხადებს, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია მოითხოვს, რომ უკრაინამ ომში გასაწვევი ასაკი 25-დან 18 წლამდე დაწიოს, რათა შეძლონ სამხედრო ასაკის მამაკაცთა ჯგუფის გაფართოება. ამერიკელი მაღალჩინოსნის თქმით, უკრაინას უფრო მეტი სამხედრო სჭირდება საომარი მოქმედებების ჩასატარებლად. სააგენტო ასევე ევროპელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინის პრეზიდენტი დასავლელ ლიდერებთან შეხვედრის დროს ისმენს მათ შეშფოთებას საკითხზე, რომ უკრაინას არა იარაღის, არამედ სამხედროების არასაკმარისი რაოდენობა ჰყავს.

ირაკლი კობახიძე – მოსწავლეების მოთხოვნა იყო, საგამოცდო საკითხებში არ შეგვეტანა თემები, რომლებიც სავალდებულო პროგრამით არ არის გათვალისწინებული, ეს ჯანსაღი მოთხოვნაა

მოსწავლეების მოთხოვნა იყო,  საგამოცდო საკითხებში არ შეგვეტანა თემები, რაც სავალდებულო პროგრამით არ არის გათვალისწინებული, რაც ჯანსაღი მოთხოვნაა, თუ სკოლაში რაღაცის სწავლა არ გევალებოდა, შესაბამისად გამოცდაზე მისი ჩაბარება არ უნდა მოგთხოვონ, – ამის შესახებ ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ირაკლი კობახიძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა. ირაკლი კობახიძის შეფასებით, ამ თემაზე გაკეთებული განცხადებები წმინდა წყლის სპეკულაციაა. „არის გარკვეული ჩამონათვალი ლიტერატურის და ისტორიის მონაკვეთებიც, რომლებიც აქამდეც არ შედიოდა სავალდებულო პროგრამაში. რატომ არ შედიოდა, ამას, შეგვიძლია, ცალკე დავუბრუნდეთ, რაც სერიოზული პრობლემაა. იყო მოთხოვნა მოსწავლეების მხრიდან, რომ საგამოცდო საკითხებში არ შეგვეტანა ისეთი თემები, რაც სავალდებულო პროგრამით არ არის გათვალისწინებული, რაც არის ჯანსაღი მოთხოვნა. შენ თუ არ გევალებოდა სკოლაში რაღაცის სწავლა, შესაბამისად გამოცდაზე მისი ჩაბარება არ უნდა მოგთხოვონ. შესაბამისად, გავითვალისწინეთ, მხედველობაში მივიღეთ მოსწავლეების ეს მოთხოვნა და არასავალდებულო საკითხები აღარ იქნა შეტანილი საგამოცდო პროგრამაში. მათ შორის აღმოჩნდა ეს კონკრეტული ლიტერატურული ნაწარმოებები და კონკრეტული პასაჟები ისტორიის სახელმძღვანელოებიდან, რომლებიც არ იყო სავალდებულო პროგრამის ნაწილი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა აღნიშნა, რომ გამაოგნებელია იმ ლიტერატურის ჩამონათვალი, რომელიც სავალდებულო პროგრამაში არ შედის. „უბრალოდ არ შეიძლება, ის ნაწარმოებები, საუბარია ქართულ პროზაზე და ქართულ პოეზიაზე, არ შედიოდეს სავალდებულო პროგრამაში. რა თქმა უნდა, ეს გარკვეულწილად ჩვენი გუნდის პასუხისმგებლობაც არის, რადგან რაღაც პრობლემა იყო მოსავლელი ამ 12 წლის განმავლობაში, თუმცა ჩანს, რომ სათანადოდ მოვლილი არ არის, რასაც უნდა მივხედოთ და ამაზე ზრუნვა დაწყებული გვაქვს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ბოლო სიახლეები