მიხაელ გალერის ბრიყვული, დეჰუმანიზებაზე მიმართული ენის გამოყენება საქართველოს ლიდერებს კი არ ამცირებს, არამედ ჩირქს სცხებს იმ ქვეყანას, რომელსაც ეს პოლიტიკოსი წარმოადგენს, – აღნიშნულის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
შალვა პაპუაშვილი ეხმაურება ევროპარლამენტარ მიხაელ გალერის იმ განცხადებას, სადაც მან აღნიშნა: „ეს მოსკოვური არსებები – ივანიშვილი, კობახიძე და სხვები – არიან ისინი, ვინც უნდა დატოვონ ქვეყანა და ქართველი ხალხის დიდ უმრავლესობას საშუალება მისცენ, განაგრძონ გზა ევროპული საქართველოსკენ და არა საბჭოთა საქართველოსკენ“.
როგორც გალერის საპასუხოდ პაპუაშვილი აღნიშნავს, ამგვარი მძიმე შეცდომის გამოსწორება პოსტის წაშლით და ბოდიშის მოხდით შეიძლება.
„ამგვარი ბრიყვული, დეჰუმანიზებაზე მიმართული ენის გამოყენება საქართველოს ლიდერებს კი არ ამცირებს, არამედ ჩირქს სცხებს იმ ქვეყანას, რომელსაც ეს პოლიტიკოსი წარმოადგენს. ამგვარი მძიმე, ატავისტური შეცდომის გამოსწორება პოსტის წაშლით და ბოდიშის მოხდით არის შესაძლებელი“, – წერს პაპუაშვილი.

