მაიდანს გვიმზადებდნენ თვალსა და ხელშუა, მთელი ერი გაგვწირეს ქაოსისთვის და დღეს, რაღაც ბრძნულ აზრებს ვისმენთ სხვადასხვა უცხო ქვეყნის სამინისტროების განცხადებებში, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.
„გვახსოვს, 2022 წლის ივნისში კანდიდატის სტატუსი განზრახ რომ არ მოგვცეს, რომ აქ არეულობა ყოფილიყო. ეს დღეს უფრო და უფრო კარგად ჩანს, რომ ეს იყო განზრახული აქტი ქართველი ხალხის წინააღმდეგ, რათა რამენაირად აღელვება, მღელვარება შემოეტანათ საქართველოში. იმის შემდეგ ვერც ერთმა ევრობიუროკრატმა, ვერც ერთმა ევროპელმა ლიდერმა, ვერავინ ვერ გააკეთა გონივრული რამე განმარტება, რატომ არ მისცეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი, როცა მოლდოვას მისცეს. მაშინ „ენჯეოებმა“ თქვეს, რომ პარლამენტი თუ არ დაითხოვდა მთავრობას და არ გადააბარებდა მათ შორის „ენჯეოებს“ მთავრობას, ისინი წაგვლეკდნენ, ანუ, დაგვამხობდნენ. ეს ყველაფერი ჩაფლავდა და ამის შემდეგ, მე რამდენიმე ელჩთან, რომლებიც ამ „ენჯეოებს“ აფინანსებს, მქონდა საკმაოდ მკაცრი საუბარი, იზიარებენ თუ არა პასუხისმგებლობას, ისინი ხელებს ასავსავებდნენ და ამბობდნენ, ხომ ვერ დაგამხეს, რაღაზე ნერვიულობთ, ხომ ვერ დაგამხეს და მოდით, დავუბრუნდეთ ნორმალიზებას. აი, ეს დამოკიდებულება ჰქონდათ და ზუსტად ამას ვხედავთ დღესაც. ქალბატონი კალასის და კოსის განცხადება ზუსტად ეს არის. ნაცვლად იმისა, ბოდიში მოგვესმინა ქალბატონი კალასისგან და კოსისგან, რომ მათმა პრესსპიკერმა მხარი დაუჭირა წინასწარ დაანონსებულ ძალადობრივ აქციას და ძალადობას, ვისმენთ ან გაღმა შემოდავებას, ან ნორმალიზების მცდელობას, რომ დიალოგი იყოს კვლავ ვიღაცებთან, ტერორისტებთან და ქვეყნის დამმხობებთან, ადამიანებთან, რომლებიც ჩვენ ქვეყანას ამხობდნენ, სულ რაღაც, სამი დღის წინ. ასე რომ, რა თქმა უნდა, არანაირი ნორმალიზება ამ მხრივ არ იქნება, ვინაიდან ჩვენ ჩვენი გაკვეთილები გამოვიტანეთ. ჩვენ თვალწინ ამხობდნენ ამ ქვეყანას და ამხობდნენ ამ ქვეყნის მომავალს. შვედეთის ხელისუფლების წარმომადგენელი რომ იყო და მოუწოდებდა, გაიხსენეთ მაიდანი, მაიდანის აქტიო, ბოდიში მოიხადა შვედეთის ხელისუფლებამ დღემდე? საელჩომ რამე განმარტება ამაზე გააკეთა ? აი, ასე, მაიდანს გვიმზადებდნენ თვალსა და ხელშუა, მთელი ერი გაგვწირეს ქაოსისთვის და დღეს, რაღაც ბრძნულ აზრებს ვისმენთ სხვადასხვა უცხო ქვეყნის სამინისტროების განცხადებებში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, ვინ შეიძლება, იგულისხმებოდეს დონორში, როცა მურთაზ ზოდელავამ ვთქვა, არ ენდოთ დონორს, რამაც ოპოზიციაში დაბნეულობა გამოიწვია და შეიძლება თუ არა, ეს იყოს როგორც ფინანსური, ასევე პოლიტიკური გარანტიების დონაცია, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ დონორებს რომ არ უნდა ვენდოთ, ხელისუფლება ამას დიდი ხანია, საუბრობს, თუმცა არ იცის, ზოდელავა რომელ დონორს გულისხმობდა.
„დონორებს რომ არ უნდა ვენდოთ, ამას დიდი ხანია, ვსაუბრობთ, მაგრამ არ ვიცი ახლა, რომელ დონორს გულისხმობდა ეს გადამტრიალებელი ადამიანი, რომელსაც თავისი ცოდვები არ ეყო, 2012 წლამდე დაგროვილი ცოდვები. გენერალური პროკურორი იყო ეს ადამიანი, წამების სისტემის შემქმნელი, ის ცოდვები არ ეყო, ახლა ახალ ცოდვაში ჩადგა ფეხი და ქვეყნის გადატრიალებას ცდილობდა. არ ვიცი, ვის გულისხმობდა, თუმცა ჩანს სქემები, მათ შორის, ერთმანეთში ჩხუბი და დავიდარაბა რომ აქვთ, უცხოეთიდან შეგროვებული ფული და ასე შემდეგ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.