ხუთშაბათი, ივლისი 3, 2025

შალვა პაპუაშვილი: ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს, საქართველომ ნატოს ავღანეთის მისიაში ერთ სულ მოსახლეზე გაგზავნილი სამხედრო პერსონალის მიხედვით, ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის კომენტარებმა ნატო-ს გაფართოებასთან დაკავშირებით, რაც მან რუსეთის უკრაინაში შეჭრის ერთ-ერთ საბაბად დაასახელა, სხვადასხვა და მეტწილად, მცდარი ან მიზანმიმართულად დამახინჯებული ინტერპრეტაცია გამოიწვია,’’ – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ,,ტვიტერში’’ წერს.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, გვაქვს უფლება, ეჭვის ქვეშ დავაყენოთ ზოგიერთი მეგობრისა და კრიტიკოსის ორპირი დამოკიდებულება, რადგან, უკვე ბევრჯერ, საქართველო გახდა უსამართლო, ფაქტობრივად, ფარისევლური მოპყრობის ობიექტი.

მისი თქმით, ყველაფერს თავისი სახელი უნდა დავარქვათ და უნდა ვუთხრათ დასავლელ პარტნიორებს, რომ შეუსაბამო და გადაჭარბებული კრიტიკის ნაცვლად, დროა, დაგვეხმარონ, გავუმკლავდეთ ჩვენს უსაფრთხოების რთულ გარემოს და მივიღოთ ნატო-სა და ევროკავშირის დამსახურებული წევრობა, რადგან, უკვე 15 წელია, ბურთი დასავლეთის მხარესაა – როგორც ევროკავშირის, ისე ნატო-ს მოედანზე.

,,საქართველოს პრემიერ-მინისტრის კომენტარებმა ნატო-ს გაფართოებასთან დაკავშირებით, რაც მან რუსეთის უკრაინაში შეჭრის ერთ-ერთ საბაბად დაასახელა, სხვადასხვა და მეტწილად მცდარი ან მიზანმიმართულად დამახინჯებული ინტერპრეტაცია გამოიწვია. მჯერა, რომ საქართველოს ეთქმის სიტყვა რეგიონულ და საერთაშორისო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით და ბატონი ღარიბაშვილის სიტყვები სწორად უნდა იყოს გაგებული.

ჩვენ გვაქვს უფლება, ეჭვის ქვეშ დავაყენოთ ჩვენი ზოგიერთი მეგობრისა და კრიტიკოსის ორპირული დამოკიდებულება, რადგან, უკვე ბევრჯერ, საქართველო გახდა უსამართლო, ფაქტობრივად, ფარისევლური მოპყრობის ობიექტი.

საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული, საქართველოს დამოუკიდებლობა და უსაფრთხოება არაერთხელ აღმოჩნდა რისკის ქვეშ: თავდაპირველად რუსეთის მიერ წაქეზებული სეპარატიზმის, შემდეგ, 15 წლის წინ, რუსეთის პირდაპირი შეჭრის და, კვლავ, უკანონო ბორდერიზაციის, საქართველოს მოქალაქეების გატაცებისა და საქართველოს ტერიტორიების მცოცავი ოკუპაციის გამო.

მას შემდეგ, ჩვენი დასავლელი მეგობრების რჩევის შესაბამისად, საქართველო იჩენს სტრატეგიულ მოთმინებას, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რათა გამოგვეჩინა მედეგობა, მაგრამ, ამავდროულად, შეგვეტანა წვლილი უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და საერთაშორისო უსაფრთხოების გაძლიერებაში: ბატონი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს, სხვა ყველაფერთან ერთად, საქართველომ ნატო-ს ავღანეთის მისიაში ერთ სულ მოსახლეზე გაგზავნილი სამხედრო პერსონალის მიხედვით ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა.

ამ დროს, უცხო ძალის ოკუპაციის ფონზე, საქართველოს სარისკო არსებობისა და საფრთხეებისა და შევიწროების ყოველდღიური შემთხვევების მიუხედავად, დასავლეთს სათანადო რეაგირება არ მოუხდენია. 2008 წლის ომის შემდეგ, დასავლეთის ქვეყნებმა საქართველოს დაუწესეს დე-ფაქტო ემბარგო იარაღის შეძენაზე და მცირე დროში გამოაცხადეს „გადატვირთვის“ პოლიტიკა რუსეთთან. შემდგომ წლებში, დასავლეთმა უპრეცედენტო დონემდე გაზარდა საგარეო ვაჭრობა მოსკოვთან, რითაც ბევრი დასავლური ეკონომიკა დაუმორჩილა რუსული ენერგეტიკის დიქტატს. ბევრ დასავლურ ქვეყანას დღემდე ეშინია, საქართველოს დაპყრობილ ტერიტორიებზე რუსეთის ქმედებებს დაარქვას შესაბამისი სახელი – ოკუპაცია.

სიტუაცია მნიშვნელოვნად შეიცვალა მხოლოდ ახლა, რუსეთის მიერ უკრაინაში განმეორებითი შეჭრის შემდეგ. თუმცა, იმის მიუხედავად, რომ საქართველოს პოლიტიკა იყო და არის მტკიცედ პროდასავლური, საქართველოს ყოველგვარი არგუმენტის გარეშე პრორუსულობაში სდებენ ბრალს. საქართველო კი აგრძელებს რუსეთის მიმართ სტრატეგიული მოთმინების პასუხისმგებლობიან პოლიტიკას, რომელსაც ზედმიწევნით მისდევდა წლების განმავლობაში. ეს პოლიტიკა გულისხმობს უარის თქმას რუსეთისთვის ორმხრივი სანქციების შემოღებაზე და საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენის გადაწყვეტილების გამო რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე, რითაც მოიხსნა ჩვენი ხალხის წინააღმდეგ უსამართლო სასჯელი.

ქართველები ნეგატიურად აღიქვამენ ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან მსგავს არათანმიმდევრულ და უსაფუძვლო კრიტიკას:

პირველ რიგში, საქართველოს წინააღმდეგ აგრესიული ომი არანაკლებ სასტიკი და დამაზიანებელი იყო, ვიდრე რუსეთის უკრაინაში შეჭრა. თუმცა, იმ დროს, რუსეთის აგრესიას არ მოჰყვა დასავლეთის სათანადო ნეგატიური რეაგირება.

მეორე მხრივ, იმის მიუხედავად, რომ საქართველოს არ აქვს დასავლეთის უსაფრთხოების არანაირი გარანტია, ჩვენს ქვეყანას მუდმივად მოუწოდებენ გაბედული ქმედებებისკენ. ეს უცნაურია, რადგან ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს კარგად ესმით, რომ საქართველოს არ შესწევს უნარი, გაუწიოს რუსეთს ისეთივე წინააღმდეგობა, როგორც ალიანსის წევრ ქვეყნებს, რომლებიც დაცულები არიან ნატო-ს მეხუთე მუხლით.

მესამეც, ჩვენი ზოგი პარტნიორი გვემდურის ჩვენი პრაგმატულობის გამო რუსეთისთვის ორმხრივი სანქციების არდაწესების გამო (მაშინ როცა, არასდროს დაგვიშვია საქართველოს ტერიტორიისა ან ინსტიტუტების მეშვეობით სანქციების რეჟიმის გვერდის ავლა). ყველასთვის, პირველ რიგში კი ჩვენი ყველა მოქალაქისთვის, ნათელია, რომ საქართველოს მიერ რუსეთისთვის ორმხრივი სანქციების დაწესებას საქართველოს ეკონომიკაზე დამანგრეველი ეფექტი ექნებოდა, მაშინ როცა, რუსეთს ფაქტობრივად ზიანის გარეშე დატოვებდა. რუსეთის საპასუხო ქმედებები კი საქართველოს ეკონომიკასა და სახელმწიფოებრიობას დიდად დააზარალებდა.

და ბოლოს, ქვეყნები, რომლებიც შედარებით მცირე ხნის წინ გაწევრიანდნენ ნატო-სა და ევროკავშირში და, შესაბამისად, გახდნენ გეოპოლიტიკურად დაცულები (იმ ნაკლოვანებების მიუხედავად, რომლებიც ჰქონდათ გაწევრიანების დროს), დღესდღეობით ყველაზე ხმამაღლა აჟღერებენ თავიანთ შეშფოთებას საქართველოს ძალისხმევასთან დაკავშირებით. ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიმართული საქართველოს მაქსიმალური ძალისხმევის მიუხედავად, ჩვენ არასდროს მიგვიღია დამსახურებული საპასუხო ნაბიჯები დასავლეთის მხრიდან. იმის მიუხედავად, რომ ასოცირებულ ტრიოს შორის აშკარად მოწინავენი ვიყავით, გასულ წელს საქართველოს კანდიდატის სტატუსიც კი არ მიენიჭა.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ყველაფერს თავისი სახელი უნდა დავარქვათ. უნდა ვუთხრათ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, რომ შეუსაბამო და გადაჭარბებული კრიტიკის ნაცვლად, დროა, დაგვეხმარონ, გავუმკლავდეთ ჩვენს რთულ უსაფრთხოების გარემოს და მივიღოთ ნატო-სა და ევროკავშირის დამსახურებული წევრობა. უკვე 15 წელია, ბურთი დასავლეთის მხარესაა – როგორც ევროკავშირის, ისე ნატო-ს მოედანზე,’’ – წერს შალვა პაპუაშვილი.

-0:16
ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

რობერტო მონტელა – შევინარჩუნოთ და დავიცვათ ეუთო-ს სულისკვეთება, ამ ორგანიზაციაში არ არიან მასწავლებლები და მოსწავლეები ან ღირსეულები და უღირსები, არიან თანასწორი ქვეყნები

ეუთო არ არის თანამოაზრეების ორგანიზაცია, ჩვენ არ ვართ ნატო, არ ვართ მოკავშირეები, ეს ორგანიზაცია შეიქმნა მტრებს შორის, ქვეყნებს შორის, რომლებსაც ჰქონდათ პრობლემები 1975 წელს. საქმე გვაქვს ქვეყნებთან, რომლებსაც აქვთ უთანხმოებები, ქვეყნებთან, რომლებმაც დაარღვიეს ჰელსინკის მთელი დასკვნითი აქტი, – ამის შესახებ ეუთო-ს საპარლამენტო ასმაბლეის გენერალურმა მდივანმა, რობერტო მონტელამ განაცხადა.ამასთან, მისივე თქმით, ამ ორგანიზაციაში ქვეყნების გაძევების ტექნიკური ინსტრუმენტები არ არსებობს, ამ ორგანიზაციაში არ არიან მასწავლებლები და მოსწავლეები„ბევრი დისკუსიაა ამ ორგანიზაციის ბუნებაზე. ვფიქრობ, ამასთან დაკავშირებით ჩემი სიტყვა უნდა დავამატო. შესაძლოა, ეს არაპოპულარული სიტყვები იყოს, თუმცა, ტენდენციიის გაყოლის ნაცვლად, მე, როგორც გენერალურმა მდივანმა, წარმოდგენა უნდა შევქმნა, რა ტიპის ორგანიზაცია ვართ. ეუთო არ არის თანამოაზრეების ორგანიზაცია. ჩვენ არ ვართ ნატო, არ ვართ მოკავშირეები. ეს ორგანიზაცია შეიქმნა ქვეყნებს შორის, რომლებსაც ჰქონდათ პრობლემები 1975 წელს. ჩვენ გვაქვს საქმე ქვეყნებთან, რომლებსაც აქვთ უთანხმოებები, ქვეყნებთან, რომლებმაც დაარღვიეს ჰელსინკის მთელი დასკვნითი აქტი. ამ ორგანიზაციაში ჩვენ არ გვაქვს ტექნიკურად ინსტრუმენტები, რომ გავაძევოთ ქვეყნები, არ გვქონდეს ურთიერთობა ქვეყნებთან, რომლებიც არღვევენ ვალდებულბებს. მე არ ვსაუბრობ იმ ერთ ქვყანაზე, რომელზეც ყველამ გავიფიქრეთ. მე ვსაუბრობ სხვა ქვეყნებზე, რომლებიც არღვევენ ეუთო-ს ვალდებულებებს. ასეთი კი ბევრია. ჩვენ თუ ვიქნებოდით ჩართული მხოლოდ იმ ქვეყნებთან, რომელთა მიერ ვალდებულებების შესრულება უნაკლოა, ვიქნებოდით როგორც იტალიურ სიმღერაშია – „ოთხი მეგობარი ბარში“. ჩვენ ვიქნებოდით ოთხი ან ხუთი ქვეყანა, თუ ვიტყოდით, რომ მხოლოდ უნაკლო რეპუტაციის მქონე ქვეყნებს შეუძლიათ აქ მონაწილეობა. გამიგია, რომ მასწავლებელი როდესაც ხედავს მოსწავლის ცუდ ქცევას, ხმა უნდა ამოიღოს. აქ მასწავლებლები და მოსწავლეები არ არიან. არ არიან ღირსეულები და უღირსები. არიან მონაწილე ქვეყნები, ყველა თანსწორი, რომელთაგან ზოგიერთი ჰელსინკის დასკვნითი აქტის დიდი, დრამატული, აღმაშფოთებელი დარღვევით გამოირჩევა და საჭიროა მათი გაკიცხვა. არიან სხვები, რომლებიც უკეთ მოქმედებენ“, – აღნიშნა ეუთო-ს საპარლამენტო ასმაბლეის გენერალურმა მდივანმა.მისივე თქმით, ინსტრუმენტები, რომლებიც ორგანიზაციას აქვს, არის – საუბარი, ჩართულობა და სწორედ ეს გახლავ ორგანიზაციის მანდატი.„ინსტრუმენტები, რაც ხელთ გვაქვს, არის ის, რომ ჩვენ ვსაუბრობთ, ჩართულები ვართ, ეს არის ჩვენი მანდატი. ვინმე რამეს არასწორად თუ აკეთებს, ჩვენ უნდა წავიდეთ და ვთქვათ: ჰეი, შენ არასწორად იქცევი. ჩვენ ეს უნდა შევასწოროთ. ეს არის ჩვენი ამოცანა და მანდატი. და – დიალოგი. ვიცი, ეს არ არის ძალიან პოპულარული სიტყვა და, რა თქმა უნდა, ამ დიალოგის დრო უნდა იყოს განხილული, თუმცა ის გაწერილია ჩვენს კონსტიტუციაში. ჩვენ თუ ამას არ ვაკეთებთ, მაშინ ეს პლატფორმა არ გვჭირდება. მოდით, შევინარჩუნოთ და დავიცვათ ეუთო-ს სულისკვეთება,  ამ ორგანიზაციაში არ არიან მასწავლებლები და მოსწავლეები“, – განაცხადა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურმა მდივანმა.

მიხეილ სააკაშვილი – მიხარია, რომ სალომე ზურაბიშვილი საუბრობს ერთობის აუცილებლობაზე, შარშან იმავეს როცა ვამბობდი, აცხადებდა, ერთობა არის შემოგდებული თემაო, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს

მიხარია იმის მოსმენა, რომ სალომე ზურაბიშვილი საუბრობს ერთობის აუცილებლობაზე. შარშან მე იმავეს როცა ვამბობდი, ქალბატონი სალომე აცხადებდა, რომ „ერთობა არის შემოგდებული თემა“. სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, მხოლოდ ყველა პოლიტიკური აქტორის ერთობა და საზოგადოების აქტიური ნაწილის თვითორგანიზება გამოიწვევს „რეჟიმის დემონტაჟს“.„რუსული რეჟიმის მიერ შემოგდებულმა და ბევრის მიერ ატაცებულმა თემამ – „მოვა მიშა და შეგვჭამს“ – ძალიან დახია უკან ჩვენი ბრძოლა საქართველოს თავისუფლებისთვის. მხოლოდ ყველა პოლიტიკური აქტორის ერთობა და, რაც მთავარია, საზოგადოების აქტიური ნაწილის თვითორგანიზება მიგვიყვანს რეჟიმის დემონტაჟამდე. ჯერჯერობით ახალ-ახალი რეპრესიებით ეს პროვინციული ტირანია ამოწმებს წინააღმდეგობის მოძრაობის სიმტკიცეს, იმის მაგივრად, ჩვენ ვამოწმებდეთ მათ სიმტკიცეს რეჟიმში გაჩენილი ბზარების ფონზე. პოლიცია კი არ უნდა გვავიწროებდეს, იქით უნდა ვუტევდეთ ამ ფორმაში გამოწყობილ მოძალადეებს, ჯარიმებს კი არ უნდა ვითმენდეთ, არამედ უკვე შედგენილი უნდა გვქონდეს ჩამოსართმევი, მოპარული ქონების სია და ფინანსურ მაქინაციებზე აქტიურად უნდა ვაწვდიდეთ ინფორმაციებს უცხოელ მეგობრებს.„ვარდების რევოლუციის“ წინ მე ვიყავი ჩასული ბელგრადში მათი წინააღმდეგობის მოძრაობის გამოცდილების შესასწავლად და ბევრი რამ რაც ვისწავლე, გამოვიყენე კიდევაც 2003 წელს. ახლაც ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ, როგორ იბრძვიან სერბები და გადმოვიღოთ მათი ახლანდელი გამოცდილება. სერბეთსაც მართავს პრორუსული ავტორიტარული კორუფციული რეჟიმი და მათთან დაპირისპირება ძალიან ჰგავს ჩვენს სიტუაციას“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

თურქეთში, იზმირის პროვინციაში ხანძარი საცხოვრებელ ზონაში გავრცელდა, ერთი ადამიანია დაღუპული, 200-მდე სახლი – დაზიანებული

თურქეთში, იზმირის პროვინციაში ძლიერ ხანძარს ებრძვინ, რომელიც საცხოვრებელ ზონაში გავრცელდა.„როიტერის“ ინფორმაციით, ხანძრის შედეგად ერთი ადამიანია დაღუპული.თურქეთის ხელისუფლებამ ეგეოსის ზღვის კურორტ ჩეშმესთან მიმავალი რამდენიმე გზა გადაკეტა.თურქეთის დასავლეთით გაჩენილმა ხანძრებმა დაახლოებით 200 სახლი დააზიანა.ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის, ალი იერლიკაიას განცხადებით, დაზარალებულებს ალტერნატიული საცხოვრებელი უკვე შესთავაზეს.ხანძრის გამო თურქეთში კვირის დასაწყისში 50 ათასამდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე აბიტურიენტებს წარმატებებს უსურვებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარე, აკადემიკოსი დავით გურგენიძე აბიტურიენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებას ულოცავს და წარმატებებს უსურვებს.რექტორის მიმართვას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.დავით გურგენიძე თავის მიმართვაში ხაზს უსვამს იმ გზის მნიშვნელობას, რომელსაც ახალგაზრდები ცხოვრების ახალ ეტაპზე გაივლიან.მისი თქმით, ეროვნული გამოცდების ჩაბარება დიდ მიზანთან მიახლოების პირველი ეტაპია. რექტორი ყურადღებას ამახვილებს იმ გარანტირებულ შესაძლებლობებზე, რომელსაც მომავალ სტუდენტებს საქართველოს განათლების სისტემა აძლევს და რაც მათ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ცოდნის, ასევე, პროფესიონალისთვის აუცილებელი პრაქტიკული უნარ-ჩვევების დაუფლების საშუალებას აძლევს.„ძვირფასო აბიტურიენტებო, გილოცავთ თქვენი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ეტაპის დაწყებას, რომელიც განსაზღვრავს თქვენს პროფესიულ და პიროვნულ განვითარებას.21-ე საუკუნე ინოვაციისა და მაღალი ტექნოლოგიების ეპოქაა, რომელშიც პროფესიონალიზმი და თანამედროვე ცოდნაზე დაფუძნებული მიდგომები აუცილებელი პირობაა ქვეყნის განვითარებისა და აღმშენებლობისთვის.ახალგაზრდებო, სწორი საგანმანათლებლო სივრცის არჩევა გადამწყვეტ როლს თამაშობს, როგორც თქვენს ცხოვრებაში, ასევე ჩვენი საზოგადოების წინსვლაში. განათლება არის საძირკველი, რომელზეც შენდება თქვენი და ჩვენი ქვეყნის მომავალი, რამეთუ უნივერსიტეტში სწავლება-სწავლის პროცესი ეფუძნება ისეთ ღირებულებებს, როგორიცაა ცოდნის ხელმისაწვდომობა, სამოქალაქო პასუხისმგებლობა, ეთიკა, კოლეგიალობა და უკეთესი მომავლის რწმენა.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი საუკუნეზე მეტია ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს უმაღლესი ტექნიკური და ტექნოლოგიური განათლების სფეროში და წარმატებით ავითარებს ჰუმანიტარულ მიმართულებებსაც. უნივერსიტეტი არა მხოლოდ თანამედროვე მოთხოვნებზე მორგებულ აკადემიურ პროგრამებს სთავაზობს სტუდენტებს, არამედ უწყვეტად ნერგავს კვლევებზე დაფუძნებულ ინოვაციურ მიდგომებს, თანამშრომლობს წამყვან საერთაშორისო უნივერსიტეტებთან და რეალურ შესაძლებლობებს აძლევს ახალგაზრდებს, გახდნენ მომავლის ინჟინრები, მეცნიერები, ლიდერები ტექნოლოგიურ ინდუსტრიებში.გისურვებთ წარმატებებს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე! გქონდეთ საკუთარი ძალების, ცოდნისა და მიზანდასახულობის რწმენა“, - აღნიშნულია რექტორის მიმართვაში.

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველ მოადგილედ ლევან ღირსიაშვილი დაინიშნა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველ მოადგილედ ლევან ღირსიაშვილი დაინიშნა.პირველი მოადგილე უწყების თანამშრომლებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ წარუდგინა.მინისტრმა ლევან ღირსიაშვილს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.ლევან ღირსიაშვილს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ის სხვადასხვა დროს იკავებდა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის ხელმძღვანელის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მრჩევლისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობებს. ასევე, იყო გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩეველი, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მოადგილე, თავდაცვის მინისტრის მოადგილე და სხვა.

ბოლო სიახლეები