გამოსვლას დავიწყებ მილოცვით და იმ წარმატების აღნიშვნით, რაც ჩვენმა გუნდმა მოიპოვა ზამთრის ოლიმპიადაზე, რომელიც მართლაც გამორჩეულად სასიხარულო აღმოჩნდა. საქართველოსთვის სპორტული გამარჯვებები და მაღალი მიღწევები უცხო არ არის და ჩვენ თითოეული შეჯიბრიდან თუ ტურნირიდან ყოველწლიურად მაქსიმალურ შედეგს ველოდებით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ფიგურულ მოციგურავეთა ეროვნული ნაკრების წევრებისა და საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის წარმომადგენლების დაჯილდოების ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, თითოეული ნაბიჯი და მიღწევა სპორტში უმძიმეს ძალისხმევას, ყოველდღიურ შრომას უკავშირდება.
„ქართველები მაქსიმალისტები ვართ, გვინდა, მეტს მივაღწიოთ, საუკეთესოები ვიყოთ, მუდამ გვწყურია გამარჯვება. ეს ადვილი არ არის. ძნელი და რთულია, უპასუხო გულშემატკივრის ასეთ მოთხოვნას, რადგან თითოეული ნაბიჯი, მიღწევა სპორტში უმძიმეს ძალისხმევას და ყოველდღიურ, მუხლჩაუხრელ შრომას უკავშირდება.
მეორე მხრივ კი, ეს მხარდაჭერა, გულშემატკივრის სიყვარული და ენერგია იძლევა იმ ძალას და მოტივაციას, რაც სპორტსმენს მიზნისკენ სვლაში ეხმარება.
წლების წინ არსებობდა სპორტის რამდენიმე პოპულარული სახეობა, რასაც მაყურებელი და გულშემატკივარი ჰყავდა და ბევრი სახეობა გულშემატკივართა მხოლოდ ვიწრო ჯგუფის მხარდაჭერით სარგებლობდა. დღეს ეს ვითარება სრულად შეიცვალა.
ჩვენ დღეს ვხედავთ ქართული სპორტის, ქართული დროშის ერთიან და უპირობო მხარდაჭერას. ჩვენ დღეს ვხედავთ უპრეცედენტო აღმაფრენას ნებისმიერი სახეობის მიმართ, სადაც კი ქართული დროშა ფრიალებს და ქართული ჰიმნი ისმის. ეს ჩვენი სახელმწიფოს სიძლიერესა და თვითშეგნებაზე მეტყველებს.
ამ ყველაფრის გამოხატულებაა საქართველოს ფიგურულ მოციგურავეთა ეროვნული ნაკრები, რომელსაც, მის ფედერაციასთან ერთად, ვულოცავ ზამთრის ოლიმპიადაზე მიღწეულ შედეგს და ქართულ სპორტში შეტანილი წვლილისთვის ვუხდი მადლობას. მადლობა კიდევ ერთხელ და გილოცავთ მიღებულ ჯილდოებს“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით, საქართველოს ფიგურულ მოციგურავეთა ეროვნული ნაკრების წევრები და საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის წარმომადგენლები ღირსების ორდენებით დააჯილდოვა.

