ორშაბათი, თებერვალი 23, 2026

შალვა პაპუაშვილი: ვადასტურებთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წამყვან როლს ჩვენი ქვეყნისა და მოქალაქეებისთვის მშვიდობიანი და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფაში

ვადასტურებთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წამყვან როლს ჩვენი ქვეყნისა და მოქალაქეებისთვის მშვიდობიანი და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაარსების ცხრა წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

მისი თქმით, დაარსების დღიდან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ქვაკუთხედია, დაუღალავად იცავს ქვეყანას შიდა და გარე საფრთხეებისგან.

„9 წლის განმავლობაში ამ სამსახურმა არაერთხელ დაადასტურა კანონის უზენაესობის, კეთილსინდისიერებისა და უსაფრთხოების პრინციპების დაცვისადმი პატივისცემა.

დღევანდელ მსოფლიოში არსებული გამოწვევებისა და ტურბულენტური გარემოს ფონზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საოცარი მედეგობა და მოქნილობა გამოიჩინა. იქნება ეს საგარეო თუ ეკონომიკური საფრთხეები, ტერორიზმსა დაორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა, თუ ისეთ ჰიბრიდულ საფრთხეებთან გამკლავება, როგორიც დეზინფორმაციაა, ეს სამსახური წარმატებითა და მაღალი პროფესიონალიზმით ასრულებს თავის საპასუხისმგებლო მისიას.

უკანასკნელ პერიოდში უსაფრთხოების სამსახურის მიერ განხორციელებული სამუშაოების შედეგად, ქვეყანამ თავიდან აირიდა უცხო ძალთა ჩარევით იმგვარი სცენარების განვითარება, რომლებიც საბოლოო ჯამში საქართველოში არეულობასა და დესტაბილიზაციას შექმნიდა. რომ არა თქვენი უდიდესი პროფესიონალიზმი და ქვეყნის სიყვარული, შესაძლებელია დღეს სავალალო რეალობაში აღმოვჩენილიყავით.

სწორედ უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელთა წარმატებული საქმიანობის შედეგად, უკანასკნელი წლების განმავლობაში შესაძლებელი გახდა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობასა და მისი სტრატეგიული სატრანსპორტო-სატრანზიტო პოტენციალის მეტად გამოყენებაზე კონცენტრირება.

ამ სამსახურის წარმომადგენლები საქმის მცოდნე, გამოცდილების მქონე და სამშობლოს მოამაგე ადამიანები ხართ და ქმნიან გუნდს, რომელსაც სწორი ღირებულებები და წრფელი დამოკიდებულებები აქვს. თქვენ ხშირად ჩვენი თვალთახედვის არეალს მიღმა მუშაობენ, რათა საქართველოს ეროვნული ინტერესები დაიცვან და ჩვენი უსაფრთხოება უზრუნველყონ. იმის მიუხედავად, რომ თქვენი ძალისხმევა არ არის ყოველდღიურად ხილვადი, ეს შრომა ჩვენს დიდ პატივისცემას იმსახურებს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის სახელით შალვა პაპუაშვილმა დაადასტურა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელების მზაობა.

„ასევე, მზად ვართ, შევუწყოთ ხელი უსაფრთხოების სამსახურის მუდმივ განვითარებასა და გაძლიერებას, რათა მისმა თანამშრომლებმა ყოველთვის შეძლონ, სათანადოდ გაუმკლავდნენ მზარდ ჰიბრიდულ საფრთხეებს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელობასა და თანამშრომლებს გულითად მადლობას გიხდით. სწორედ თქვენი ძალისხმევის, სიმამაცისა და თავდადების შედეგია მშვიდობა და სტაბილურობა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში შენარჩუნდა მძიმე საერთაშორისო და რეგიონული გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე.

ჩვენ დღევანდელ სამყაროში ვაკვირდებით, რომ საქართველო ფაქტობრივად ცეცხლის რკალშია მოქცეული. სადაც არ უნდა გავიხედოთ, ყველგან შიდა კონფლიქტები, ქვეყნებს შორის ომებია და სწორედ, ამ პირობებში, საქართველომ შეძლო და ფაქტობრივად ვართ მშვიდობის კუნძული იმ ფონზე, როდესაც ჩვენი ტერიტორიების ნაწილი ოკუპირებულია. ეს, რა თქმა უნდა, არის უდიდესი დამსახურება სრულად ჩვენი უსაფრთხოების სისტემის. რა თქმა უნდა, აქ უდიდესი როლი აქვს უსაფრთხოების სამსახურს, შინაგან საქმეთა სამინისტროს. საქმემ აჩვენა, რომ მთლიანად ჩვენი უსაფრთხოების სისტემა ისეა აწყობილი, რომ რაიმე უმნიშვნელო უსაფრთხოების რისკიც კი არ განხორციელებულა, განსაკუთრებით ბოლო ორ წელიწად ნახევარში, მას შემდეგ, რაც რუსეთ-უკრაინის ომი მიმდინარეობს. ამისთვისაც მინდა მადლობა გადაგიხადოთ, როგორც ყველაზე ძლიერ და მნიშვნელოვან რგოლს ამ ჯაჭვში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საქართველოს მიღწევათა ერთ-ერთი უმთავრესი შემოქმედია, რომელიც უდიდესი პროფესიონალიზმით ასრულებს სამშობლოს ერთგული გუშაგების მოვალეობას, რომლებიც უხმაუროდ, ცივი გონებითა და ცხელი გულით, დღისითა და ღამით დარაჯობენ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას, ჩვენი სამშობლოს სიმშვიდესა და ქვეყნის სტაბილურობას.

კიდევ ერთხელ გილოცავთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაარსების წლისთავს. დიდ წარმატებას გისურვებთ თქვენს საქვეყნოდ მნიშვნელოვან საქმეში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ზელენსკი: პუტინმა მესამე მსოფლიო ომი უკვე დაიწყო

უკრაინის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ვლადიმერ პუტინმა მესამე მსოფლიო ომი უკვე დაიწყო. ამ თემაზე ვოლოდიმირ ზელენსკიმ BBC-სთან ინტერვიუში ისაუბრა. მას მიაჩნია, რომ რუსეთის პრეზიდენტის შეჩერების ერთადერთი გზა ინტენსიური სამხედრო და ეკონომიკური წნეხია.„ვფიქრობ, პუტინმა ის უკვე დაიწყო. საკითხავი ის არის, თუ რამხელა ტერიტორიის მითვისებას შეძლებს და როგორ შევაჩეროთ ის... რუსეთს სურს მსოფლიოს ცხოვრების განსხვავებული წესი მოახვიოს თავს და შეცვალოს ის ცხოვრება, რომელიც ადამიანებმა თავად აირჩიეს“, - განაცხადა ზელენსკიმ.უკრაინის პრეზიდენტის აზრით, ტერიტორიული დათმობები პუტინს მხოლოდ დროებით დააკმაყოფილებს, ძალების აღდგენის შემდეგ კი კრემლის ლიდერი ომის გაგრძელებას მოისურვებს.

შალვა პაპუაშვილი – გვჭირდება სახელმწიფოებრივი სიმტკიცე პოლიტიკური გზებით საფრთხეების გასამკლავებლად, რათა ვიყოლიოთ ცოცხალი იუნკრები, რომ არ დადუმდნენ სიტყვები და მათ ნაცვლად არ ალაპარაკდნენ ქვემეხები

ჩვენ ჩვენი თებერვალი გვაქვს – თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის და ერთიანობისთვის ბრძოლის სიმბოლო, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი იუნკერთა ხსოვნის დღესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, „საუკუნის წინანდელი ბრძოლის გახსენება მით უფრო აქტუალურია დღეს, როდესაც ვცხოვრობთ გლობალური თუ რეგიონული კატაკლიზმების ეპოქაში, რომლის აქტიური ფაზაც სწორედ თებერვალში რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრით დაიწყო“.„მიმდინარე დაპირისპირება გვაჩვენებს იმ საფრთხეს, რაც შეიძლება მოიტანოს ვითარების ვერ შეფასებამ, დიდი სურათის ვერ დანახვამ, გეოპოლიტიკური ინტერესისა და ძალის მქონე სახელმწიფოების განზრახვათა ვერ გაგებამ და შიდა ინსტიტუციურმა სისუსტემ. ჩამოთვლილმა და კიდევ არაერთმა ფაქტორმა განაპირობა საქართველოს პირველი რესპუბლიკის ხანმოკლე არსებობა. თუმცა, ამ მოკლე პერიოდმაც დაგვიტოვა მნიშვნელოვანი გამოცდილება, რომელიც დღესაც გვეხმარება მოვლენების სწორად გაგებაში და გადაწყვეტილებების გონივრულად მიღებაში.დღეს, ჩვენ პატივს მივაგებთ იუნკრების თავდადებას, როგორც პატრიოტიზმისა და სამშობლოს სიყვარულის უმაღლეს გამოვლინებას, როგორც მაგალითს თავგანწირვისა, თუნდაც უკვე მარცხისთვის განწირულ ბრძოლაში. მათი ეს თავდადება და გმირობა, გადაეფარო საკუთარ ქვეყანას უკიდურეს ვითარებაში, არასოდეს იქნება დავიწყებული. ეს არის მარო მაყაშვილის, შალვა ერისთავის და სხვათა ღვაწლი, ისევე როგორც ჩვენს დროში გიორგი ანწუხელიძის, ძმები რომელაშვილების თუ სხვა ასობით გმირის, რომელმაც სიცოცხლე დადეს სამაჩაბლოსა და აფხაზეთში ქვეყნის ერთიანობისთვის.სწორედ ამიტომ, ჩვენ გვჭირდება სახელმწიფოებრივი სიმტკიცე, კეთილგონიერება და ძალა პოლიტიკური გზებით საფრთხეების გასამკლავებლად, რათა ვიყოლიოთ ცოცხალი იუნკრები და ცოცხალი გმირები, რათა არ დადუმდნენ სიტყვები და მათ ნაცვლად არ ალაპარაკდნენ ქვემეხები.და მაინც, თუ ოდესმე დადგება უკიდურესი წუთი, ყოველმა ავისმსურველმა უნდა იცოდეს, საქართველო არ დანებდება და უბრძოლველად არ შეეგუება თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და ერთიანობის დაკარგვას. საქართველო იბრძოლებს, როგორც იბრძოდა ყოველთვის“,- წერს შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი: თეირანი თავის ბირთვულ პროგრამაზე უარს არ იტყვის

თეირანი თავის ბირთვულ პროგრამაზე უარს არ იტყვის, - განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა CBS News-თან. როგორც აბას არაღჩიმ აღნიშნა, ურანის გამდიდრება ირანის სუვერენული უფლებაა და როგორ გამოიყენებს ამ უფლებას, მხოლოდ ირანის გადასაწყვეტია.„ურანის გამდიდრება ჩვენი უფლებაა. ჩვენ გვაქვს მშვიდობიანი ბირთვული ენერგეტიკის განვითარების უფლება; როგორ გამოვიყენებთ ამ უფლებას, ჩვენი საქმეა“, - აღნიშნა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა

ილია მეორე – დაივიწყეთ ურთიერთწყენა, შეურიგდით მოშუღართ, ნუ უპასუხებთ ავისმთქმელთ, გააძლიერეთ ლოცვა

დაივიწყეთ ურთიერთწყენა, შეურიგდით მოშუღართ, ნუ უპასუხებთ ავისმთქმელთ, გააძლიერეთ ლოცვა, - ამის შესახებ ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის დიდმარხვის დაწყების წინ გავრცელებულ მიმართვაში.პატრიარქი განცხადებაში აღნიშნავს, რომ "ვინც თავს მართლმორწმუნედ მიიჩნევს", ყველასთვის მარხვის დაცვა აუცილებელია.„დგება ჟამი დიდი მარხვის დაწყებისა...ეს არის წლის მანძილზე ყველაზე განსაკუთრებული პერიოდი, - გულისტკივილით, სინანულით, მადლიერებითა და, ამავე დროს, იმედით სავსე 40-დღიანი დროის მონაკვეთი, რომელსაც ვნების შვიდეულიც ემატება.ამ მარხვის დაცვა აუცილებელია ყველასთვის, ვინც თავს მართლმორწმუნედ მიიჩნევს (არ ვგულისხმობ ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების მქონეთ), რათა, ძალისამებრ ჩვენისა, ღირსეულად შევხვდეთ მაცხოვრის აღდგომის დიდებულ დღეს.დაივიწყეთ ურთიერთწყენა, შეურიგდით მოშუღართ, ნუ უპასუხებთ ავისმთქმელთ, გააძლიერეთ ლოცვა, მუდმივად თქვით იესოს და ღვთისმშობლის ლოცვა („მოწყალებისა კარი განგვიღე“) ასევე 50-ე ფსალმუნი; ყოველკვირეულად აღსარებითა და ზიარებით განმტკიცდით და სიყვარულით, სიმშვიდითა და სიკეთით შეიმოსეთ.ღმერთმა დალოცოს თითოეული თქვენგანი, შეგინდოთ შეცოდებანი თქვენნი და მოგცეთ ძალა, ღვთის ერთგულ ძეებად და ასულებად იწოდებოდეთ.ჩემო სულიერო შვილებო, გთხოვთ, შემინდოთ მეც შეცოდებანნი ჩემი და უძლურება.მუდამ თქვენთვის მლოცველი ილია II“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საპატრიარქო ავრცელებს.

მანქანა გაზზე იყო… ბავშვები ეკლესიიდან ბრუნდებოდნენ – რა არის ამ დროისთვის ცნობილი კახეთში დატრიალებულ ტრაგედიაზე

გურჯაანში ავარიის დროს დაღუპულ არასრულწლოვნებს გლოვობენ. ადგილობრივები ოჯახს და ახლობლებს სამძიმარს უცხადებენ.სოფელ მელაანში მომხდარი ტრაგედიის შედეგად სამი არასრულწლოვანი გარდაიცვალა, ისინი  ერთმანეთის ნათესავები არიან. ადგილობრივების ინფორმაციით, ავტომობილში დამწვარი ბიჭები დეიდაშვილები, ხოლო გოგონა - მათი ბიძაშვილია.მოზარდები ეკლესიიდან ბრუნდებოდნენ.  საჭესთან, სავარაუდოდ, 14 წლის მოზარდი იჯდა. რომელმაც საჭე ვერ დაიმორჩილა, შეჯახების დრო მანქანას ცეცხლი გაუჩნდა. გადარჩენილია მხოლოდ ორი მგზავრი.როგორც სოფელში ამბობენ, არასრულწლოვანმა მანქანა პაპას სთხოვა, რომელიც თავიდან უარს ეუბნებოდა, მაგრამ საბოლოოდ, მაინც დათანხმდა შვილიშვილისთვის მანქანა ეთხოვებინა. როგორც ამბობენ, მოზარდმა  მანქანის ტარება იცოდა.ადგილობრივების ცნობით, მანქანა გაზზე იყო, ამიტომ შეჯახების დროს ცეცხლი სწრაფად გავრცელდა და მოზარდებმაც მანქანიდან გადმოსვლა ვერ მოახერხეს.შემთხვევა გუშინ, ღამით მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი პირის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ბოლო სიახლეები