ხუთშაბათი, ოქტომბერი 31, 2024

შალვა პაპუაშვილი: ეუთო/ოდირმა მკაფიოდ თქვა, რომ არჩევნები შედგა და საქართველოს ჰყავს არჩეული ხელისუფლება, ჩვენი მოლოდინია, რომ ყველა, მათ შორის ევროკავშირი, ერთგული იქნება ეუთო/ოდირის დასკვნის

ზოგიერთი განცხადება, რომელიც სხვადასხვა ევროპელი პოლიტიკოსისგან, დიპლომატისა თუ ქვეყნისგან გვესმის, აჩენს აღქმას, ხომ არ არის სურვილი, რომ მოხდეს რევიზია ეუთო-ოდირის დასკვნისა, ან მისი გვერდის ავლა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ეუთო/ოდირმა მკაფიოდ თქვა, რომ არჩევნები შედგა და საქართველოს ჰყავს არჩეული ხელისუფლება.

„მინდა, მოგახსენოთ არჩევნებთან დაკავშირებით დეზინფორმაციის გავრცელების საკითხებზე. პირველი საკითხი: ჩვენ გვესმოდა, რომ ევროკავშირი არჩევნების შეფასების დროს დაეფუძნებოდა ეუთო/ოდირის დასკვვანს. სამწუხაროდ, ზოგიერთი განცხადება, რომელიც სხვადასხვა ევროპელი პოლიტიკოსისგან, დიპლომატისა თუ ქვეყნისგან გვესმის, აჩენს აღქმას, ხომ არ არის სურვილი, რომ მოხდეს რევიზია ეუთო-ოდირის დასკვნისა, ან მისი გვერდის ავლა და დაყრდნობა რაღაც სხვა ანგარიშებზე, რომელიც იქნებოდა, მაგალითად, ადგილობრივი „ენჯეოების“ მიერ მომზადებული, რომლებიც, ვიცით, რომ თავად საარჩევნო მიზნებით ხელმძღვანელობდნენ ამ არჩევნებზე. ეუთო/ოდირმა საკუთარ ანგარიშში წერილობითადაც და ზეპირადაც ბრიფინგზე მკაფიოდ თქვა, რომ ეს არჩევნები შედგა, რომ საქართველოს ჰყავს არჩეული ხელისუფლება, ეს არის მკაფიო ანგარიში და დასკვნა ეუთო/ოდირის და ჩვენი მოლოდინია, რომ ყველა, მათ შორის ევროკავშირი, იქნება ერთგული ეუთო/ოდირის დასკვნის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

საქართველო არც პრორუსია და არც პროევროპული, მან მისცა ხმა პროსაქართველოს – ტიერი მარიანი

ევროპარლამენტარმა ტიერი მარიანიმ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ საქართველო არც პრორუსია და არც პროევროპული. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ხელახალი არჩევით, ქართველები ავლენენ მზადყოფნას, დაიცვან თავიანთი ეროვნული ინტერესები, იდენტობა და მშვიდობა. „ქართველმა ხალხმა უთხრეს „არა“ მოსკოვის ან ბრიუსელის საგარეო გავლენებს“, - დაწერა მარიანიმ.

საქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პროკურატურა მოუწოდებს მათ, დროულად გამოცხადდნენ საგამოძიებო სტრუქტურებში და ითანამშრომლონ, სწრაფი, ეფექტიანი და ობიექტური გამოძიების ჩატარების უზრუნველსაყოფად - ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს განცხადებას. „საზოგადოების ინფორმირების მიზნით, გვსურს განვაცხადოთ, რომ საქართველოს პროკურატურაში, შინაგან საქმეთა სამინისტროში და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს ჩადენილი სავარაუდო დანაშაულების ფაქტებზე, 47 სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება, კერძოდ, არჩევნების გაყალბების, ამომრჩევლის ნებაზე ზეგავლენის, საარჩევნო ხმის ფარულობის დარღვევის, ამომრჩევლის მოსყიდვის, ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლის, საარჩევნო კომისიის განთავსების ადგილას ან წინასაარჩევნო აგიტაციისას ძალადობის და მუქარის, ნივთის დაზიანების და განადგურების კვალიფიკაციით. გამოძიებების დაწყებას საფუძვლად დაედო ოპოზიციური და მმართველი პარტიების, ცენტრალური საარჩევნო კომისიის და არასამთავრობო ორგანიზაციების მომართვები, ასევე მედიით გავრცელებული ინფორმაციები. საგამოძიებო უწყებებში ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს საარჩევნო პროცესში ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებზე ინფორმირებული და შემხებლობაში მყოფი პირების დაბარება და გამოკითხვა. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები, მიმდინარეობს ვიდეო მასალების შესწავლა და პირთა იდენტიფიცირება, ტარდება შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. აქვე, მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე გაცნობებთ, რომ მარნეულის 69-ე საარჩევნო უბანზე მომხდარ არჩევნების გაყალბების ფაქტზე დაკავებულია ორი პირი. აღსანიშნავია, რომ ცალკეულ შემთხვევებში პირები, რომლებიც საჯაროდ აცხადებენ, რომ ფლობენ ინფორმაციას და მტკიცებულებებს არჩევნების პროცესში ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებთან დაკავშირებით, ამ დრომდე არ თანამშრომლობენ გამოძიებასთან და უარს აცხადებენ შესაბამისი ინფორმაციის მოწოდებაზე, რაც აფერხებს გამოძიების პროცესს. საქართველოს პროკურატურა მოუწოდებს მათ, დროულად გამოცხადდნენ საგამოძიებო სტრუქტურებში და ითანამშრომლონ, სწრაფი, ეფექტიანი და ობიექტური გამოძიების ჩატარების უზრუნველსაყოფად.

შალვა პაპუაშვილი: სალომე ზურაბიშვილს ტელეფონით შეწუხებული ჰყავს ნახევარი სამყარო, ურეკავს, რომ ქვეყანა ჩამოინგრა, ზურაბიშვილი დაკავებულია დეზინფორმაციით

სალომე ზურაბიშვილს უცხოურ პრესასთან დღეში რამდენიმე ინტერვიუ აქვს, ის ცილს სწამებს სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფებს საქართველოში, რომ მათი გამოყენება ხდება გაყალბებისთვის, ის დაკავებულია დეზინფორმაციით, ზოგიერთმა უცხოელმა კოლეგამაც კი გვითხრა, რომ უკვე თვალში საცემია ქალბატონი სალომეს დესტრუქციული ქმედება საგარეო დონეზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი დესტრუქციული ქმედებებით არის დაკავებული. „ტელეფონით შეწუხებული ჰყავს ნახევარი სამყარო, ურეკავს, რომ ქვეყანა ჩამოინგრა. სალომე ზურაბიშვილი არ აპირებს მისცეს ჩვენება და ახალი განმარტება მოგვცა სისხლის სამართლის სისტემის, სადაც ამბობს, მე დავაბრალე და მათი ამოცანაა, გამოიძიონო. რატომ უნდა მოვიტანო რამე მტკიცებულებაო, ეს თქვა მან გუშინ. ის წლები იყო პარლამენტის წევრი, არის საქართველოს პრეზიდენტი და ელემენტარულ სამართლებრივ საკითხში ვერ ერკვევა. მან თქვა ერთ-ერთი უცხოურ პრესასთან, რომ არჩევნების გასაყალბებლად გამოიყენებოდა კარუსელი – ერთი პირადობის მოწმობით ხმის მიცემა დაახლოებით 17-ჯერ იყო შესაძლებელიო. ეს არის პირდაპირი ბრალდება, 17 თქვა იმიტომ, რომ რაღაც დაზუსტებული ინფორმაცია აქვს მეთოდოლოგიასთან დაკავშირებით, გამოვიდეს და თქვას, რატომ 17? რატომ არ თქვა 16 ან 19? ან თქვას, რომ ჭორაობდა და ამით იყო დაკავებული საერთაშორისო პრესასთან და ძირს უთხრიდა ქართველების რეპუტაციას ან წარმოადგინოს მტკიცებულებები. ასევე, სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ „ოცნებამ“ სავარაუდოდ რუსული სპეცცსამსახურებისგან მიიღო დახმარებაო. არ შეიძლება, ასეთი ჭორაობით იყო ადამიანი დაკავებული. მერე იფიქრა ეტყობა, რომ წარმოედგინა მტკიცებულებები, დაუკავშირდა „ენჯეოებს“ და მიაწოდეს იგივე ვიდეოები და ფოტოები, რომლებიც მათ ატვირთეს და რომლებშიც ბევრი ვერაფერი ვნახეთ. ადამიანმა ცილი დასწამა ცესკო-ს, პროკურატურამ დაიწყო გამოძიება, გამოვიდა პრესკონფერენციაზე და იქაც ცილი დასწამა ყველას. ეს არის იმ სასოწარკვეთილების მაგალითი, რომელსაც ახლა ვხედავთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

შვედეთის პრემიერ-მინისტრის მიერ საქართველოს არჩევნებთან დაკავშირებით ვიქტორ ორბანის განცხადების კრიტიკის გამო, უნგრეთის საგარეო უწყებაში შვედეთის ელჩი დაიბარეს

უნგრეთის საგარეო საგარეო საქმეთა სამინისტროში შვედეთის ელჩი დაიბარეს. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. ცნობილია, რომ ელჩის დაბარება შვედეთის პრემიერ-მინისტრის, ულფ კრისტერსონის მიერ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის კრიტიკას მოჰყვა. საქართველოში ვიზიტით მყოფმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ არჩევნები იყო თავისუფალი და დემოკრატიული. ორბანის განცხადებას კრისტერსონი გამოეხმაურა და თქვა, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი შვედეთის ან სხვა ევროპული ქვეყნების სახელით არ საუბრობს, არამედ, შესაძლოა, საუბრობდეს რუსეთის სახელით. შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა დაადასტურა, რომ ელჩი უნგრეთის საგარეო უწყებაში იყო დაბარებული. „ჩვენ გვაქვს კონტაქტი უნგრეთთან ორმხრივი ურთიერთობების ფარგლებში. ორმხრივი დიალოგი არის მნიშვნელოვანი და ურთიერთობების ბუნებრივი ნაწილი“, – განაცხადა მან.

გივი მიქანაძე: ვინც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს არჩევნების ლეგიტიმურობას, ვალდებულია სამართალდამცავ ორგანოებს წარუდგინოს მტკიცებულება, მხოლოდ განცხადებების გაკეთება და პასუხისმგებლობისგან “ხელის დაბანა” არ გამოვა

ჩვენ მივესალმებით იმას, რომ ცესკომ მიმართა პროკურატურას, გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან მძიმე ბრალდებები გაჟღერდა სალომე ზურაბიშვილისა და სხვა ადამიანების მხრიდან," - ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრმა, გივი მიქანაძემ "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა მისი თქმით, ოპოზიციამ უნდა ითანამშრომლოს გამოძიებასთან და არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით შესაბამისი მტკიცებულებები წარმოადგინოს. "ოპოზიციას მოსწონს თუ არ მოსწონს, ისინი უნდა დაემორჩილონ საქართველოს კანონმდებლობას და იმ რეგულაციებს, რაც ქვეყანაში არის დადგენილი. წინასწარ უნდობლობას რომ უცხადებენ სამართალდამცავ ორგანოებს თუ შეთავაზებულ კონკრეტულ ფორმატებს, ეს მიუთითებს იმაზე, რომ მათ წარსადგენი არაფერი არ აქვთ. 2021 წელს სწორედ "ქართული ოცნების" ინიციატივით, პარლამენტში შეიქმნა დროებითი საგამოძიებო კომისია, მე ვიყავი ამ კომისიის თავმჯდომარე და არაერთი მოწოდების მიუხედავად, ისინი არ შემოვიდნენ კომისიაში და, უფრო მეტიც, ერთი კონკრეტული მტკიცებულებაც კი არ წარმოადგინეს დარღვევებთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ ფიზიკურად ასეთი არ არსებობდა. ახლაც იგივე სურათით მივდივართ. ჩვენ მივესალმებით იმას, რომ ცესკომ მიმართა პროკურატურას, გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან მძიმე ბრალდებები გაჟღერდა სალომე ზურაბიშვილისა და სხვა ადამიანების მხრიდან. მათ განაცხადეს, რომ არჩევნები გაყალბდა, ამიტომ თუ ეს ასეა, ნება იბოძონ, მიბრძანდნენ პროკურატურაში ნებისმიერი ადამიანი, რომელიც აცხადებს და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ამ არჩევნების ლეგიტიმურობას, ვალდებულია, რომ ითანამშრომლოს სამართალდამცავ ორგანოებთან და წარუდგინოს მტკიცებულება, რომელიც ამას რაიმე ფორმით მაინც ადასტურებს. მხოლოდ განცხადებების გაკეთება და შემდგომში პასუხისმგებლობისგან "ხელის დაბანა" არ გამოვა, იმიტომ რომ აქ საუბარი არის საზოგადოებისა და ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობაზე. მინდა სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ პირველ რიგში, ჩვენი ინტერესი არის ყველა საკითხი იქნას დეტალურად გამოძიებული, რომ არ დარჩეს არანაირი კითხვის ნიშანი, როგორც ჩვენს საზოგადოებაში, ასევე ჩვენს პარტნიორებში. არჩევნები შედგა, ამას აღიარებს საერთაშორისო საზოგადოება და ეუთო/ოდირის მიერ გაკეთებული განცხადება პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ არჩევნები შედგა და ეს იყო კონკურენტუნარიანი არჩევნები," - განაცხადა გივი მიქანაძემ.

ბოლო სიახლეები