გუშინ ჩვენ ვნახეთ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აქცია, რომელზეც საჯაროდ, პირდაპირ გაისმა მოწოდება ხელისუფლების დამხობის შესახებ. ეს არის კატასტროფა, როდესაც ევროკავშირის საელჩო აფინანსებს აქციებს და მოწოდება გაისმის დამხობის, დასჯის, მებრძოლების გამოყვანის შესახებ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
პაპუაშვილის თქმით, ბრიუსელი დღეს ევროპული ღირებულების ყველანაირ გაგებას არის აცდენილი.
„ეს არის ჩიხი, სადაც მიიყვანეს საკუთარი თავი, მათ შორის ევროკავშირის საელჩომ ფარული დაფინანსებებით, რასთან დაკავშირებითაც ვერაფრით მივაღწიეთ, ერთხელ მაინც თქვან, ვის და რისთვის აფინანსებენ. ამიტომ, ახლა პასუხისმგებლობა სრულად არის ბრიუსელზე და საქართველოში მის საელჩოზე. ფაქტია და პირდაპირ ხელის გულზე დევს, რომ ევროკავშირის დაფინანსებით ჩატარდა აქცია, სადაც ხელისუფლების დამხობაზეა საუბარი. როგორ გადახარშავენ ამ მოცემულობას, რომ ვიღაცები ევროკავშირის მოქალაქეების ფულით სხვა ქვეყანაში გეგმავენ ხელისუფლების დამხობას, ეს უკვე მათი პრობლემაა. ფაქტია, ბრიუსელი დღეს აბსოლუტურად აცდენილია ევროპული ღირებულების ყველანაირ გაგებას. ვუყურებთ, რომ, სამწუხაროდ, ევროკავშირის ბიუჯეტიდან ფინანსდება ექსტრემიზმი, ევროკავშირის მოქალაქეების ინტერესების საწინააღმდეგოდ. მართლაც გასაკვირი და გასაოცარია, რა შევუკვეთეთ და რა ჩამოგვივიდა. ჩვენ შევუკვეთეთ ევროპული ღირებულებები და ჩამოგვივიდა ევროპული ექსტრემიზმი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა