ორშაბათი, თებერვალი 24, 2025

შალვა პაპუაშვილი განცხადებას ავრცელებს

უკრაინის ომის მესამე წლისთავზე საქართველოს ხელისუფლებას შეუძლია, თამამად გაუსწოროს თვალი ქართველ ხალხს, ვინაიდან ჩვენ ჩვენი ღირებულებების, პრინციპებისა და რწმენების ერთგულნი დავრჩით, ამიტომაცაა, რომ გასული წლის ოქტომბერში მეოთხედ აგვირჩიეს ხელისუფლებაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„ეროვნული ინტერესები ჩვენი ხელისუფლების წარმმართავი პრინციპია, რომელიც დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დაცვას, ქვეყნის გამთლიანებას და ხალხის კეთილდღეობის გაუმჯობესებას მოიცავს. ამგვარად ჩამოყალიბებული ეროვნული ინტერესები, ამავე დროს, ჩვენი საგარეო პოლიტიკის ქვაკუთხედია. სწორედ ეროვნული ინტერესების ამგვარი გაგება ედო საფუძვლად ყველა იმ გადაწყვეტილებას, რომელიც უკრაინის ომის დაწყებამდე და დაწყების შემდეგ მივიღეთ.

მივყვეთ ბოლო წლების ძირითად თარიღებს, რათა გავიხსენოთ, თუ როგორ განაპირობებდა ჩვენი ეროვნული ინტერესები საქართველოს საგარეო კურსს.

ჯერ კიდევ მანამ, სანამ რუსეთი უკრაინაში შეიჭრებოდა, საქართველოს პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია უკრაინის შესახებ, რომელშიც „ომის დაუშვებლობაზე“ იყო საუბარი და რომელიც ყველა მთავრობას მოუწოდებდა, თავი შეეკავებინათ ვითარების ესკალაციისაგან. სამი წლის წინ მიღებული ეს რეზოლუცია კარგად ეხმიანება აშშ-ის დღევანდელი ადმინისტრაციის მოსაზრებებს, რომლებიც მშვიდობის ქვაკუთხედადაა მოაზრებული“, – წერს პაპუაშვილი.

მისივე თქმით, ომის დაწყების შემდეგ საქართველოს მთავრობამ სრული სოლიდარობა გამოუცხადა უკრაინელ ხალხს.

„ვიყავით თანაავტორი და ხელმომწერი ყველა საერთაშორისო პოლიტიკური და სამართლებრივი დოკუმენტისა, რომელიც რუსულ აგრესიას გმობდა; გამოვრიცხეთ რუსეთზე დადებული საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლის ნებისმიერი მცდელობა; მივაწოდეთ ჰუმანიტარული დახმარება უკრაინას; შევიფარეთ ათიათასობით უკრაინელი ლტოლვილი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილ ჩვენს 300,000 იძულებით გადაადგილებულ პირთან ერთად.

თუმცა, ღია და ფარული წნეხის მიუხედავად, ჩვენ არ დაგვიწესებია ორმხრივი სანქციები რუსეთისათვის და არც სახმელეთო და საჰაერო მიმოსვლა შეგვიზღუდავს, ვინაიდან ნათელი იყო, რომ ამგვარი ესკალაცია რუსეთისათვის საგრძნობი საერთოდ არ იქნებოდა, საქართველოსთვის კი უსაფრთხოებისა და ეკონომიკური ხასიათის საერთაშორისო გარანტიების არარსებობის პირობებში ეკონომიკურ კოლსაფსსა და ახალ ომს გამოიწვევდა.

უკრაინის მიმართ ჩვენი ქმედითი სოლიდარობის მიუხედავად, ზელენსკის ადმინისტრაციის მხრიდან საპასუხო ნაბიჯები გაუგებარი აღმოჩნდა. ომის დაწყებიდან ერთი კვირის შემდეგ უკრაინის მთავრობამ საქართველოდან ელჩი გაიწვია, თავად ზელენსკიმ კი საქართველოს პარლამენტის წინ შეკრებილ საპროტესტო შეკრებას მიმართა სიტყვებით, რომ „ქართველი ხალხი უკეთესი იყო, ვიდრე საქართველოს ხელისუფლება“, რითიც ცხადად წააქეზა საქართველოს ხელისუფლების საწინააღმდეგო პროტესტი. უკრაინელმა ოფიციალურმა პირებმა, მათ შორის პრეზიდენტის უსაფრთხოების მრჩეველმა, ღიად მოგვიწოდეს, ძალით დაგვებრუნებინა აფხაზეთი და ცხვინვალის რეგიონი. კარგად გვახსოვს უკრაინის ხელისუფლებასთან უნისონში მოქმედი რადიკალური ოპოზიცია და მათთან დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებები, რომ „ბომბები ერჩივნათ იმ სირცხვილს“, რომელიც საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკამ გამოიწვია.

დასავლეთის ზოგიერთი დედაქალაქის რეაქციაც არ იყო ამაზე უკეთესი. იმ ფონზე, რომ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში ისინი თავად მოგვიწოდებდნენ „სტრატეგიული მოთმინებისაკენ“, მათ ახლა, მოულოდნელად, ჩვენი მთავრობისაგან რუსეთის მიმართ აგრესიული პოზიციის დაკავება მოითხოვეს, მიუხედავად იმისა, რომ ამგვარი პოზიცია განმეორებითი სამხედრო კონფლიქტის მომაკვდინებელ საფრთხეს შეიცავდა. და ეს ყველაფერი ხდებოდა რაიმე სახის უსაფრთხოების გარანტიისა თუ ეკონომიკური სოლიდარობის შემოუთავაზებლად“, – წერს პარლამენტის თავმჯდომარე.

პაპუაშვილის განცხადებით, უკრაინის ომის პირველი დღეებიდანვე საქართველოს მოუწია, გაეძლო საშინაო და საერთაშორისო წნეხისთვის, „რათა თავიდან აგვერიდებინა რუსეთთან კონფლიქტში ჩაბმა“.

„2022 წლის ზაფხულში საქართველოს უარი უთხრეს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსზე, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყოველთვის მოწინავე ქვეყანა ვიყავით აღმოსავლეთის პარტნიორობის ფორმატში ევროკავშირის ყველა ინდიკატორის მიხედვით და დღემდე ვრჩებით ბევრი ნიშნით მოწინავე ქვეყნად ევროკავშირის ყველა კანდიდატ სახელმწიფოს შორის. ამ გადაწყვეტილებამ რადიკალური ოპოზიციისა და უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობოების მიერ მართული პროტესტის ტალღა გამოიწვია.

2023 წლის და, შემდეგ, 2024 წლის გაზაფხულზე, „უცხოური გავლენის გამჭვირვალების კანონის“ მიღების გაპროტესტების საბაბით, რადიკალურ ოპოზიციასა და უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობოებს მიეთითათ, მოეწყოთ ძალადობრივი დემონსტრაციები ხელისუფლების წინააღმდეგ. ასევე, დაიწყო ორკესტრირებული საერთაშორისო კამპანია საქართველოს ხელისუფლების დისკრედიტაციის მიზნით.

2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ რადიკალურმა ოპოზიციამ უარი განაცხადა პარლამენტში შესვლაზე იმ საბაბით, რომ არჩევნები გაყალბდა, მიუხედავად იმისა, რომ ეუთო/ოდირის საბოლოო მოხსენება არაფერს ამის მსგავსს არ შეიცავდა. ხელისუფლების საწინააღმდეგო პროტესტი კიდევ უფრო ძალადობრივი გახდა, ხოლო დასავლეთის ზოგიერთი მთავრობის მხრიდან ამ ძალადობის შეფასება გამაოგნებელი აღმოჩნდა, ვინაიდან მათ „მშვიდობიანად“ მოიხსენიებდნენ, ხოლო საქართველოს მთავრობის ლეგიტიმურ რეაქციას „ძალადობრივს“ უწოდებდნენ.

როგორც ქვეყნის შიდა რადიკალების, ასევე მათი უცხოელი მფარველების მხრიდან გამუდმებული წნეხის მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლებამ მოახერხა დანაღმულ ველზე ქვეყნის მშვიდობიანი გაყვანა. ახლა დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ერთადერთი ორიენტირი, რომელმაც საშუალება მოგვცა, ჩვენი ქვეყანა სწორი მიმართულებით წაგვეყვანა, იყო ჩვენი ხალხის სიბრძნეში რწმენა და ეროვნული ინტერესების ერთგულება.

2009 წლის მარტში, რუსეთის მიერ საქართველოში შემოჭრიდან სულ რამდენიმე თვეში, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა თავის რუს კოლეგას, სერგეი ლავროვს „გადატვირთვის“ სიმბოლური ღილაკი გადასცა. მომდევნო წელს ამერიკელმა და დასავლელმა სამხედროებმა, მათ შორის უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, მონაწილეობა მიიღეს მოსკოვში „გამარჯვების დღის“ აღნიშვნაში. საქართველო მიგდებული აღმოჩნდა. დასავლეთში ეს სამარცხვინო ფაქტი ვერც კი შენიშნეს, მაგრამ საქართველომ საჭირო გაკვეთილი მიიღო.

როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ 2012 წლის ოქტომბერში არჩევნებში გაიმარჯვა, საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ სუვერენიტეტის დაცვისათვის ზრუნვა დაიწყო და წარმატებასაც მიაღწია ეროვნული ინტერესების დაცვაში. ეროვნული ინტერესები უფრო მაღლა დავაყენეთ, ვიდრე საერთაშორისო სოლიდარობის ნებისმიერი ყალბი ფილოსოფია, რომელიც ჩვენ მანამდე უკვე გამოცდილი გვქონდა, როდესაც საბჭოთა ოკუპაციის ათწლეულებში საქართველოს ეროვნული მისწრაფებები „კომუნისტური ინტერნაციონალის პროლეტარული სოლიდარობის“ სახელით ითრგუნებოდა. ამის მსგავსად, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გვიბიძგებდნენ იქითკენ, რომ ჩვენი ეროვნული ინტერესები ახალი ფსევდოლიბერალური ინტერნაციონალის გაუგებარი მოთხოვნებისთვის დაგვექვემდებარებინა.

ეს არ მოხდება, მით უმეტეს, „ქართული ოცნების“ მმართველობისას“, – წერს შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

„სისხლის სამართლის კოდექსში“ სამშობლოს ღალატის მუხლის დამატების თაობაზე ცვლილებები დაინიცირდა

„სისხლის სამართლის კოდექსში“ სამშობლოს ღალატის მუხლის დამატების თაობაზე ცვლილებები უკვე ინიცირებულია. ცვლილებების მიხედვით, სამშობლოს ღალატად ჩაითვლება „სისხლის სამართლის კოდექსით“ გათვალისწინებული რომელიმე ისეთი ქმედების ჩადენა, როგორიც არის – ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევა, ანტიკონსტიტუციური ხელშეკრულების დადება ან მოლაპარაკების წარმოება, საქართველოს საგარეო უშიშროების ხელყოფა, უცხოეთის სადაზვერვო სამსახურში შესვლა, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ხელყოფა, სახელმწიფო საიდუმლეობის გაცემა. ასევე, ჯაშუშობა, შეთქმულება ან ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, საბოტაჟი ან უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისთვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარება.

რა ხდება გზებზე და სად აიკრძალა მოძრაობა – უახლესი ინფორმაცია მძღოლებს

ხაშური-ახალციხე-ვალეს გზაზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, - ამის შესახებ ინფორმაციას გზები დეპარტამენტი ავრცელებს. „თოვის და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზაზე, დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზესტაფონი-კიცხი-ხარაგაულის საავტომობილო გზებზე, დასაშვებია მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტთან დაკავშირებით კერძო პარტნიორთან კონტრაქტი, შესაძლოა, გაზაფხულზე გაფორმდეს

პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტთან დაკავშირებით კერძო პარტნიორთან კონტრაქტი, შესაძლებელია, მიმდინარე წლის გაზაფხულზე გაფორმდეს. როგორც დავითაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ამ მიმართულებით მოლაპარაკებები ინტენსიურად მიმდინარეობს. „ვფიქრობ, შევძლებთ, კონტრაქტი უკვე გაზაფხულზე გავაფორმოთ, არაუგვიანეს ზაფხულისა. ჩემი მოლოდინი იყო, რომ მოლაპარაკების რაუნდები უფრო სწრაფად შედგებოდა და შედეგებიც უფრო სწრაფად იქნებოდა, თუმცა გვესმის, რომ მსოფლიოს რამდენიმე წამყვანი კომპანიაა მოლაპარაკებებში ჩართული და ამ პროცესში კონფიდენციალობაა საჭირო, რათა მაქსიმალურად ეფექტიანად წარიმართოს“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

შალვა პაპუაშვილი – დარეგისტრირებულია ამერიკული „ფარას“ სიტყვასიტყვითი თარგმანი, პარლამენტში განხილვის პროცესში მოხდება შესაბამისობაში მოყვანა ქართულ სამართლებრივ სივრცესთან

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დღევანდელ ბიუროს სხდომაზე ახალ საკანონმდებლო ინიციატივაზე ისაუბრა. მისი თქმით, ამერიკული „ფარას“ ზუსტი ანალოგი არის დარეგისტრირებული პარლამენტში და სწორედ მისი განხილვა იგეგმება. როგორც ბიუროს სხდომაზე, პარლამენტის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელ,ა, ალექსანდრე ტაბატაძემ განაცხადა, წარმოდგენილი ინიციატივა არის აშშ-ში დღეს მოქმედი საკანონმდებლო აქტის ქართულენოვანი თარგმანი, შესაბამისად, ერთგვარ სამართლებრივ და შინაარსობლივ უზუსტობებს შეიცავს, რაც მომავალში აუცილებლად დასაკონკრეტებელი იქნება. „კანონის აღსრულების პროცესში მონაწილე სახელმწიფო ორგანოები და თანამდებობის პირები, რომლებიც აშშ-ში არის ამ კანონისთვის გათვალისწინებული, ქართულ რეალობასთან ერთგვარად შეუსაბამოა. მაგალითად, საქმე ეხება კანონპროექტში მოხსენიებულ ორგანოს, მაგალითად კონგრესს, კონგრესის ბიბლიოთეკას, სახელმწიფო დეპარტამენტს, იუსტიციის დეპარტამენტს, ხაზინის მდივანს, ფოსტის გენერალურ დირექტორს, შტატების პრეზიდენტს. ეს გარკვეულწილად უნდა იყოს ქართულ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანილი“,- აღნიშნა ტაბატაძემ. შალვა პაპუაშვილის თქმით, პარლამენტში განხილვის პროცესში მოხდება აღნიშნული კანონპროექტის ქართულ სამართლებრივ სივრცესთან შესაბამისობაში მოყვანა. „ახალი საკანონმდებლო ინიციატივა არის საქართველოს კანონის პროექტი – უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი, პაკეტი. არსი არის იმაში, რომ არის ამერიკული „ფარას“ სიტყვასიტყვით, მძიმე-წერტილით თარგმანი. შემდეგ უკვე პარლამენტში განხილვის პროცესში მოხდება შესაბამისობაში მოყვანა ქართულ სამართლებრივ სივრცესთან. თუმცა ამით დასრულებულია ნებისმიერი ყალბი, ცრუ ნარატივი, რომელსაც ზოგიერთი შიგნიდან თუ გარედან ავრცელებდა ხოლმე ქართულ კანონებთან დაკავშირებით. არის კანონპროექტი, რომელიც არის სიტყვასიტყვითი თარგმანი. ყველა სიტყვა, ყველა ტერმინი, ყველა მძიმე, ყველა წერტილი არის იდენტური აშშ-ში მოქმედი კანონისა და საზოგადოებას, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, ე.წ. თრექჩეინჯით დააკვირდნენ, რა შეიცვლება ამ კანონში. ნებისმიერი სპეკულაცია, თითქოს საქართველოს პარლამენტი მიიღებს კანონს, რომელიც რაიმე საერთაშორისო სტანდარტს არ შეესაბამება, ამით დასრულებული იქნება. ამიტომ, გთხოვთ გადაწყვეტილებას, რომ გადავცეთ სამსჯელოდ იურიდიულ საკითხთა კომიტეტს და, შესაბამისად, უკვე მოხდება ამ კანონპროექტზე მსჯელობა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კაია კალასი – ყველა დემონსტრანტი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს, ნაბიჯები, რომლებსაც საქართველო დგამს, არ არის ევროპის მიმართულებით გადადგმული

ყველა დემონსტრანტი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. ნაბიჯები, რომლებსაც საქართველო დგამს, არ არის ევროპის მიმართულებით, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა ბრიუსელში ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. კალასის თქმით, „საქართველო ნამდვილად არ დგამს სწორ ნაბიჯებს“. „მოკლედ განვიხილეთ საქართველოში არსებული ვითარება. რეპრესიული კანონმდებლობის მიღება და აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ძალის გადამეტებული გამოყენება რეგიონში საგანგაშო მდგომარეობას ქმნის. ყველა ეს დემონსტრანტი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. ცხადია, რომ ნაბიჯები, რომლებსაც საქართველო დგამს, არ არის ევროპის მიმართულებით გადადგმული. ჩვენ მოველით გარკვეულ ღირებულებებს, ნაბიჯებს კანდიდატი ქვეყნებისგან, როგორიც საქართველოა. ნათელია, რომ საქართველო ნამდვილად არ დგამს სწორ ნაბიჯებს“, – განაცხადა კაია კალასმა.

ბოლო სიახლეები