„ლეიბორისტული პარტიის“ საქმიანობის 90% არა მარტო ქართული პოლიტიკის, არამედ მსოფლიო პოლიტიკის რადარებზე უკვე 30 წელია და სანქცირების პროცესი, რაც ახლა დაიწყო ივანიშვილის და მისი რეჟიმის მიმართ, ჩვენ მიერ არის საძირკველ ჩაყრილი, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
„ამაზე ახლა არავინ დავობს, კონგრესის ოქმებშია შეტანილი ჯო უილსონის მიერ 4 ივნისს ჰელსინკის კომისიის სხდომაზე, რომ „ლეიბორისტული პარტიის“ დაწყებულია ეს სანქცირება. ანუ, ის, რასაც ჩვენ ვითხოვდით თავის დროზე და არავის სერიოზულად არ მიაჩნდა, დღეს გახდა მსოფლიო გეოპოლიტიკის საფუძველი. ამ ფონზე, ჩვენი საქმიანობის 10% რომ შუქდება საზოგადოებრივ არხზე, რომელიც ვალდებულია, აშუქებდეს წამყვანი პოლიტიკური სუბიექტების 50%-ს, რა თქმა უნდა, არ მოგვწონს“, – განაცხადა ნათელაშვილმა.
მისი თქმით, „ლეიბორისტული პარტია“ დაფინანსების გარეშე დარჩა და დაკარგა ის, რის გარეშეც პარტიები ვერ არსებობენ, თუმცა პარტია ბრძოლას განაგრძობს.
„აგერ, მილიარდერი ხაზარაძის პარტიამ ვერ გაძლო დაფინანსების გარეშე და მისცა თანხმობა. ოთხი წელია, ჩვენ დაფინანსების გარეშე ვართ. ნებისმიერ პარტიას, „ქართული ოცნებიდან“ დაწყებული, „ნაცმოძრაობით“ გაგრძელებული და დაგვირგვინებული გახარიას პარტიით, შეუწყვიტე დაფინანსება, თანამშრომლებს არ მისცენ ფული და მომენტალურად, 24 საათში დაიშლება ყველა. არც ერთი არ არის შექმნილი იდეის გამო, პატრიოტიზმის საფუძველზე და ქვეყნის სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე. ყველას თავისი ვიწრო ინტერესები აქვს, ზოგს ბანკი უნდა, გადაარჩინოს, ზოგს, მილიარდები შეინარჩუნოს და ზოგს, ხელისუფლება დაიბრუნოს. ასეთი პატარ-პატარა მიზნები აქვთ და ეს მერე ქვეყნის ნგრევას იწვევენ“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.