უდანაშაულოდ მომიკლეს მამა. ეს არ აკმარეს, არ აკმარეს, რომ ოჯახს არ დაგვიტოვეს გვამი, გადაგდეს შუა ზღვაში და კიდევ დააბრალეს, რომ ის იყო მოღალატე, – ამის შესახებ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიაზე“ თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელის, პაატა ქარდავას შვილმა, ქრისტინე ქარდავამ განაცხადა.
საგამოძიებო კომისია პაატა ქარდავას მკვლელობის საქმეს განიხილავს.
„ძალიან მიჭირდა აქ მოსვლა და ამ ყველაფრის მოყოლა, მაგრამ რომ ვუყურე დავით ცინდელიანის დედას, თავს უფლება ვერ მივეცი, არ მოვსულიყავი და მამაჩემზეც იგივე არ მეთქვა. მამა, რომელიც ნამდვილად იყო გმირი, მამა, რომელიც ასე უდანაშაულოდ მომიკლეს. ეს არ აკმარეს, არ აკმარეს ის, რომ ოჯახს არ დაგვიტოვეს გვამი, გადააგდეს შუა ზღვაში, კიდევ დააბრალეს, რომ ის იყო მოღალატე და ასე გავუსწორდით“, – აღნიშნა ქრისტინე ქარდავამ.
ქრისტინე ქარდავას თქმით, დილის საათებში გაუჩინარებული მამის შესახებ დღის ბოლოს შეიტყო, რომ მანქანა, რომლითაც პაატა ქარდავა გადაადგილდებოდა, სოფელ ხურჩის საზღვართან იპოვეს.
„დღის ბოლოს შეგვატყობინეს ინფორმაცია, რომ მანქანა, რომლითაც მამა გადაადგილდებოდა, იყო ხურჩის საზღვართან. ბიძაჩემი მაშინვე წავიდა, იქ, თუ სწორად მახსოვს, დარჩელის პოლიციის თანამშრომლები დახვდნენ და უთხრეს, რომ შეგვატყობინეს, ეს მანქანა დატოვებულია საზღვართანო – ზუსტად ხიდთან იყო მანქანა მიყენებული. მანქანაში იდო მამას ყველანაირი დოკუმენტაცია, თავდაცვის სამინისტროს საბუთი, მისი პირადობა და სხვა დოკუმენტები, სამსახურებრივი ჩანაწერები და ა.შ. ყველაფერი მანქანაში იდო. ბიძაჩემს ისე გამოატანეს მანქანა, ექსპერტიზაც არ ჩაუტარებიათ, პაატას შემდეგ შეეხო ამ მანქანას ვინმე, იყო თუ არა ძალადობის კვალი. იმავე დღეს მივმართეთ პოლიციას თხოვნით, იქნებ ექსპერტიზა ჩაეტარებინათ და გამოეკვლიათ ეს ინფორმაცია, იყო თუ არა მანქანაში კვალი, რაც რაღაც ინფორმაციამდე მიგვიყვანდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენი მოთხოვნა მეორე თუ მესამე დღემდე არ დაკმაყოფილდა“, – აღნიშნა ქრისტინე ქარდავამ.
ქრისტინე ქარდავას განმარტებით, ერთ-ერთი მოწმის ჩვენებიდან ახსოვს სიტყვები, როგორ სცემდა მამას რომან შამათავა.
„სადისტი, არაადამიანი, და აიძულებდა, რომ რაღაც ეღიარებინა. არ ვიცი, რის აღიარებას სთხოვდა, ალბათ რაღაც აბსურდი რომ დაებრალებინათ მამისთვის. შემდეგ მიიყვანეს ბათუმში ნავმისადგომთან, ჩასვეს კატერში, გაიყვანეს დიდ სიღრმეში ზღვაში. მამა თურმე სთხოვდა, არ გადაეგდოთ ზღვაში, რადგან ცურვა არ იცოდა. ალბათ კიდევ იმედი ჰქონდა, რომ არ მოკლავდნენ. იცნობდა რამდენიმე ადამიანს, ვინც იჯდა იქ კატერზე და ჰქონდა მათთან კვეთა, იქნებოდა ეს სამსახურებრივი, პოლიციაში როცა მუშაობდა, და ალბათ ჰქონდა იმედი, რომ ისინი რაღაც სიტყვას შეაწევდნენ“, – განაცხადა ქრისტინე ქარდავამ.
ქრისტინე ქარდავამ დაასახელა პიროვნებები, ვინც, მისი განმარტებით, კატერში იჯდა.
„რომან შამათავა, ალექსანდრე დანელია, ეს არის პიროვნება, მამიკოს ტელეფონები რომ ედო სამსახურში; ბახვა ჩიქობავა, რომელიც დღეს თურმე გმირია და მამაჩემი – მოღალატე, კატერს მართავდა გიორგი ჩიქოვანი, იგივე მაიმუნა“, – აღნიშნა ქრისტინე ქარდავამ.
ქრისტინე ქარდავას განმარტებით, გარდაცვლილია კატერში მყოფი ორი ადამიანი – ალექსანდრე დანელია და ბახვა ჩიქობავა.
„ალექსანდრე დანელიამ თავი მოიკლა, წავიკითხე სოციალურ ქსელში, და ბახვა ჩიქობავა მოკლეს უკრაინაში. ზუსტად ბახვას და ალექსანდრეს მიმართავდა მამა, რადგან მაგათ იცნობდა, მიმართავდა, რომ არ გადაეგდოთ ზღვაში, ვინაიდან ცურვა არ იცოდა. ალბათ ჰქონდა იმედი, რომ ისინი მაინც დაინდობდნენ და ასე სასიკვდილოდ არ გასწირავდნენ მამაჩემს. დიდება უფალს, ღმერთი მაღალია“, – განაცხადა ქრისტინე ქარდავამ.