კვირა, სექტემბერი 14, 2025

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი ვარკეთილის მოსახლეობას შეხვდა და ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. კახა კალაძე ამჯერად, დედაქალაქის საკრებულოში სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ რევაზ სოხაძესთან ერთად, ვარკეთილის დასახლებას ეწვია.

თბილისის მერობისა და სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატები ვარკეთილის ზემო პლატო, მეორე მიკრორაიონის მოსახლეობას შეხვდნენ და N25-N26 საცხოვრებელ კორპუსებს შორის არსებული სკვერი დაათვალიერეს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ამავე მისამართზე, მოსახლეობის მოთხოვნიდან გამომდინარე, დაპროექტდა და მოეწყო საბავშვო გასართობი სივრცე, ველობილიკი, ატრაქციონები და ფიტნეს ზონა.

„პირობას გაძლევთ და ვპირდები თბილისს, რომ მომდევნო ოთხი წელი იქნება კიდევ უფრო აქტიური, ვიშრომებთ კიდევ უფრო თავდაუზოგავად, გვაქვს ამბიცია, რომ ქალაქში განვახორციელოთ მასშტაბური და მნიშვნელოვანი პროექტები. ჩვენთვის არ არსებობს გარკვეული უბნები, რომელთაც უფრო მეტი ყურადღება ექცევა – ყველას თანაბრად ვუნაწილებთ არსებულ ბიუჯეტს და ყველა რაიონთან და უბანთან მიმართებაში, თანაბარი მიდგომა გვაქვს. ჩვენი საარჩევნო სლოგანია „მეტი სიცოცხლე ყველა უბანში“ და ეს არ არის უბრალოდ სიტყვები. ამ სიტყვების უკან დგას ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები და ხედვა, რომელსაც საზოგადოებას რამდენიმე დღეში წარვუდგენ. ამ ყველაფერს მხოლოდ მე ვერ გავაკეთებ, რადგან მნიშვნელოვანია, ძლიერი გუნდი საკრებულოში, პროფესიონალი ადამიანები მერიაში და რა თქმა უნდა, საზოგადოების მხარდაჭერა და თანადგომა“, – განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა.

კახა კალაძემ და რევაზ სოხაძემ დღესვე, დაათვალიერეს ვარკეთილის მეორე მიკრორაიონში არსებული დასასვენებელი სივრცე. ასევე, გაეცნენ სუხიშვილისა და თაყაიშვილის ქუჩების მიმდებარედ რეკრეაციული სივრცის მოწყობის სამუშაოებს და მოსახლეობას შეხვდნენ. შეხვედრაზე ქალაქში მწვანე სივრცეების მოწყობასა და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას გაესვა ხაზი. აღინიშნა, რომ დასასვენებელი სივრცის გარდა, ამავე ტერიტორიაზე ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნები, შადრევანი და ატრაქციონები მოეწყობა.

კანდიდატები ვარკეთილის მეორე მიკრორაიონში, N1-N2-N3 და N9 საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარედ იმყოფებოდნენ, სადაც ასევე, დასასვენებელი სივრცე მოეწყო. გარდა ამისა, თბილისის მერობისა და სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა ვარკეთილი 3-ის მეოთხე მიკრორაიონში, N420 საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ არსებული რეკრეაციული სივრცეც დაათვალიერეს, რომელიც მიმდინარე წელს მოეწყო. ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით, ამავე ტერიტორიაზე განხორციელდება სპორტული მოედნის რეაბილიტაციაც.

„ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, გაკეთდა იმდენი რამ, რაც ქალაქში არასდროს გაკეთებულა. ჩვენ კიდევ უფრო მეტი ძალით უნდა ვიმუშაოთ და ვარკეთილის დასახლებაში კიდევ უფრო მეტი პროექტი განვახორციელოთ. ბედნიერი ვარ, რომ ვარ ამ გუნდის წევრი, მაქვს საშუალება, მათთან ერთად, ყველა მნიშვნელოვან პროექტში მონაწილეობა მივიღო და ჩემი წვლილიც შევიტანო. თქვენ, სამგორელებს უნდა გქონდეთ იმის ამბიცია, რომ ერთ-ერთ საუკეთესო უბანში იცხოვროთ და ვარკეთილი თბილისში ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო საცხოვრებელი უბანი გახდეს.  დარწმუნებული ვარ, ამას აუცილებლად მივაღწევთ. თქვენი მხარდაჭერის იმედი გვაქვს, რადგან პროექტებში თქვენი ჩართულობა მნიშვნელოვანია. ჩვენი მხრივ კი, მაქსიმალურად დავიხარჯებით იმისთვის, რომ გემსახუროთ“, – განაცხადა რევაზ სოხაძემ.

ვარკეთილის მოსახლეობასთან შეხვედრებს კახა კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ამილახვარი, ასევე, პარლამენტისა და საკრებულოს სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატები ესწრებოდნენ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

„რაღაც სერიოზული გჭირს… ეს უბრალოდ ავადმყოფობაა“ – ვის მიმართავს ნიკოლოზ ბასილაშვილი

საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი სოციალურ ქსელში  ამერიკელი კონსერვატორი კომენტატორის ჩარლი  კირკის მკვლელობას ეხმაურება.„თუ ჩარლი კირკის გარდაცვალებას ზეიმობ, რაღაც სერიოზული გჭირს. არ მაინტერესებს, მემარჯვენე ხარ, მემარცხენე, ზემოთ, ქვევით, თუ სადღაც შუაში - ეს უბრალოდ ავადმყოფობაა...“, - წერს ნიკოლოზ ბასილაშვილი.ცნობისთვის, ამერიკელი კონსერვატორი აქტივისტი ჩარლი კირკი 10 სექტემბერს, იუტის შტატის ერთ-ერთი უნივერსიტეტის კამპუსში სტუდენტებთან შეხვედრისას ცეცხლსასროლი იარაღიდან ყელის არეში დაჭრეს. რამდენიმე საათში ის საავადმყოფოში გარდაიცვალა. მის მკვლელობაში ეჭვმიტანილი 22 წლის ტაილერ რობინსონი თავდასხმიდან 33 საათის შემდეგ დააკავეს.კირკი, რომელიც დონალდ ტრამპის მოკავშირედ მიიჩნეოდა, კონსერვატიული სტუდენტური მოძრაობის ხელმძღვანელი იყო, მის პოდკასტს მილიონობით გამომწერი ჰყავს.

გიორგი ვოლსკი: როდესაც საქართველოს უვიზო მიმოსვლის რეჟიმი მისცეს, იგი ყველა მონაცემით იმსახურებდა ამას და დღესაც არ დავცილებივართ იმ პრინციპებს, რაზედაც თავიდან შევთანხმდით

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ გადაცემაში „EURO ანატომია“ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის გაუქმების საკითხზე ისაუბრა. მისი თქმით, ამ საკითხის მიღწევა პროცედურულად საკმაოდ რთულია.„როდესაც საქართველოს უვიზო მიმოსვლის რეჟიმი მისცეს იგი ყველა მონაცემით იმსახურებდა ამას და დღესაც არ დავცილებივართ იმ პრინციპებს, რაზედაც თავიდან შევთანხმდით, მათ შორის ასოცირების ხელშეკრულების გათვალისწინებით.არ არსებობს რეიტინგი, რომლითაც რომელიმე კანდიდატ ქვეყანას ჩამოვრჩებით. წინ ვუსწრებთ ევროკავშირის არაერთ ქვეყანას. აქედან გამომდინარე ამ გადაწყვეტილების მისაღებად ევრობიუროკრატიის მხოლოდ პოლიტიკური ნება არ კმარა, რათა დაისაჯოს საქართველო იმისათვის, რომ ყველა არ გამოდის და არ ებრძვის იმ ხელისუფლებას, რომელიც სტაბილურობას ინარჩუნებს. ქვეყნების გარკვეულ რაოდენობას, ამ გზაზე შედგომა არ აწყობს, იმ გარემოებებიდან გამომდინარე, რომელიც ყველამ ვიცით“, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.მისი თქმით, ადგილი აქვს სერიოზულ, ინტენსიურ და გეგმაზომიერ პოლიტიკურ ზეწოლას საქართველოზე კონკრეტული მიზნით.„სურთ, საქართველო ჩაერთოს იმ დაპირისპირებაში, რომელიც მსოფლიოში მიმდინარეობს. ეს არ არის ახალი თემა და ამას არც მალავენ. ასე, რომ ამ ვითარებაში განიხილო საქართველოსთვის თავისუფალი სავიზო რეჟიმის შეჩერების საკითხი, აბსოლუტურად არ შეესაბამება იმ სტანდარტს, რითიც ამაყობს ევროკავშირი“, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

14 სექტემბერს საეკლესიო ახალი წელია – ლოცვა, რომელიც ამ დღეს უნდა წაიკითხოთ

14 სექტემბერს საეკლესიო ახალი წელიწადია. ეს დღე, უფლის მიერ დადგენილ წმინდა დღესასწაულია. ჯერ კიდევ ძველი აღთქმის ისრაელს უბრძანა ღმერთმა, განსაკუთრებით ეზეიმა მეშვიდე თვის დადგომა – ანუ მარტიდან, (ქვეყნის შესაქმის თვიდან) მეშვიდე თვე – სექტემბერი.ტარადიცულად ყველა ტაძარში ამ დღეს იხდება სამადლობელი და სასწავლო პარაკლისი. ეკლესია მადლობას სწირავს უფალს, გასულ წელს მიღებული მოსავლისათვის და სამომავლოდაც ევედრება, ქვეყანამ გამოსცეს ნაყოფი თვისი.ლოცვა, რომელიც ამ დღეს უნდა წაიკითხოთ:ყოვლისა დაბადებულისა შემოქმედო, ჟამთა და წელთა თვისითა ხელმწიფებითა დამსხმელო, აკურთხე გვირგვინი ამის წელიწდისა სიტკბოებითა შენითა უფალო, დაიცევ მეფე და სამწყსო შენი, რომელი გევედრებიან ღმრთის-მშობელისა მიერ, დიდისაებრ წყალობისა შენისა.14 სექტემბერს არის ასევე ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის „შენ ხარ ვენახის“ ხსენების დღე.ამ ხატის წინაშე აღესრულება უამრავი სასწაული – უშვილოებს შვილი მისცემიათ, სნეულთ კურნება მიუღიათ. ხშირია ხატიდან მირონდენა..

ლევან ხაბეიშვილი მოსამართლეს – თქვენი მეუღლე არის სუს-ის თანამშრომელი და ამიტომ მიიღე ეს გადაწყვეტილება, გესმის? სირცხვილი შენ! სამარცხვინო!

თქვენი მეუღლე არის სუს-ის თანამშრომელი და ამიტომ მიიღე ეს გადაწყვეტილება, გესმის? სირცხვილი შენ! სამარცხვინო!, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ბრალდებულმა ლევან ხაბეიშვილმა მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილს მას შემდეგ მიმართა, რას მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.მოსამართლის გადაწყვეტილებას სხდომათა დარბაზში მყოფი პირების უკმაყოფილება და შეძახილები მოჰყვა. "მონა"!, "გრცხვენოდეს"!- ამ სიტყვებით მიმართავდნენ ისინი მოსამართლეს.ცნობისთვის, რამდენიმე წუთის წინ, მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილმა უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთამის დაპირებისა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ საქვეყნოდ მოწოდების ფაქტზე „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს, ბრალდებულ ლევან ხაბეიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, გამოძიებისთვის ხელის შეშლის ფაქტზე დაკავებულ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს მურთაზ ზოდელავას კი პატიმრობის უზრუნველყოფით 25 000-ლარიანი გირაო.ზოდელავას და ხაბეიშვილს რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანენ. მურთაზ ზოდელავა დაწესებულებას მას შემდეგ დატოვებს, რაც თანხას გადაიხდის.

ევროკავშირში აცხადებენ, რომ რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. რეგიონული არჩევნების ჩატარება საერთაშორისო სამართლისა და უკრაინის სუვერენიტეტის დარღვევაა

რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. რეგიონული არჩევნების ჩატარებას ევროკავშირი საერთაშორისო სამართლისა და უკრაინის სუვერენიტეტის დარღვევად აფასებს. ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერის განცხადებაშია ნათქვამი.„14 სექტემბერს რუსეთის ხელისუფლება ატარებს რეგიონულ და ადგილობრივ არჩევნებს, მათ შორის უკანონოდ ანექსირებულ ყირიმში, კერძოდ, ქალაქ სევასტოპოლში. ევროკავშირი არ აღიარებს არც ე.წ. არჩევნებს და არც მათ შედეგებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ეს არის საერთაშორისო სამართლის, მათ შორის, გაერო-ს ქარტიის და უკრაინის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის კიდევ ერთი დარღვევა.რუსეთის შეჭრისა და მის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიის მცდელობიდან ათ წელზე მეტი ხნის შემდეგ ევროკავშირი კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის პოზიციას: ყირიმი უკრაინაა. გაერო-ს გენერალური ასამბლეის 2014 წლის 27 მარტის რეზოლუციაზე დაყრდნობით, ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს უკრაინის ეროვნული ერთიანობისა და ტერიტორიული მთლიანობის შელახვის მცდელობები. ევროკავშირი გამოხატავს ურყევ მხარდაჭერას უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიის ომის წინააღმდეგობის გაწევის მცდელობებში და მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინაში ყოვლისმომცველ, სამართლიან და ხანგრძლივ მშვიდობას“,  – ნათქვამია განცხადებაში.ცნობისთვის, რუსეთში რეგიონული არჩევნები 12-14 სექტემბერს ტარდება.

ბოლო სიახლეები