პარასკევი, ოქტომბერი 30, 2026

„ქართული ოცნება“ პარტიული რეფორმის მეორე ტალღას გეგმავს

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დარწმუნებულია, რომ „ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო არჩევნებში დიდ წარმატებას მოიპოვებს.

ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ პარტია „ქართული ოცნების“ რუსთავის საოლქო ორგანიზაციის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, „ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო არჩევნებიდან საპარლამენტო არჩევნებამდე,ორწლიან პერიოდში პარტიული რეფორმის მეორე ტალღას გეგმავს, რაც მისივე თქმით, საბოლოოდ „ქართულ ოცნებას“ ევროპული ტიპის პოლიტიკურ პარტიად ჩამოაყალიბებს.

„ჩვენ წინ გველის მნიშვნელოვანი საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც შედგება ამა წლის ოქტომბერში და დარწმუნებული ვართ, რომ ამ მნიშვნელოვან არჩევნებში ჩვენ ასევე ძალიან დიდ წარმატებას მოვიპოვებთ.

შემდეგ ჩვენ გვექნება დაახლოებით ორწლიანი პერიოდი საპრეზიდენტო არჩევნებიდან საპარლამენტო არჩევნებამდე, ორწლიანი პერიოდი იმისთვის, რომ დამატებით ვიზრუნოთ პარტიის განვითარებაზე, პარტიის გაძლიერებაზე და ამ პერიოდისთვის ჩვენ გვაქვს დაგეგმილი მეორე ტალღა ჩვენი პარტიული რეფორმების, რაც საბოლოოდ ჩამოაყალიბებს „ქართულ ოცნებას“ ევროპული ტიპის პოლიტიკურ პარტიად, რომელიც არა მხოლოდ საარჩევნო პერიოდშია გააქტიურებული, არამედ არჩევნებიდან არჩევნებამდე პერიოდშიც მუდმივად მონაწილეობს საარჩევნო პროცესებში, არის ჩართული პოლიტიკური პროცესების დაგეგმაში და ამ პროცესების მართვაში“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, საქართველო დღემდე უამრავი გამოწვევის წინაშე დგას.

„კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ ის მიღწევები, რომელზეც ჩვენ გვქონდა საუბარი, არის თითოეული თქვენგანის დამსახურება და მინდა მადლობა გადაგიხადოთ თითოულ თქვენგანს თქვენი წვლილისთვის ამ საქმეში. მინდა მადლობა გადაგიხადოთ ერთად დგომისთვის, რომლის გარეშეც ეს წინსვლა იქნებოდა შეუძლებელი. ჩვენ ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, წინსვლაზე, განვითარებაზე, ამავე დროს არ გვავიწყდება, რომ ჩვენს წინაშე დგას უმნიშვნელოვანესი გამოწვევები, არის უამრავი სირთულე, ქართული ეკონომიკა საჭიროებს შემდგომ გაძლიერებას და განვითარებას. ჯერ კიდევ მრავალი ოჯახია, მათ შორის რუსთავში, მათ შორის ამ რეგიონში, რომელიც ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს მიღმა და რესურსების სიმწირის გამო შეუძლებელია ხშირად მათთვის ღირსეული ცხოვრების პირობების შექმნა. ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა არის კვლავაც დარღვეული და ჩვენი მთავარი საგარეო პოლიტიკური ამოცანები არის ჯერ კიდევ შეუსრულებელი.

ამ ყველაფრის, ამ მიზნების მიღწევა საჭიროებს, რა თქმა უნდა, ჩვენს ერთად დგომას, საჭიროებს ყოველდღიურ შრომას, მუხლჩაუხრელ შრომას და მე დარწმუნებელი ვარ, რომ ჩვენი ერთად დგომის პირობებში და ჩვენი შრომის და ბრძოლის პირობებში ეს მიზნები აუცილებლად იქნება საბოლოოდ მიღწეული“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

„ახლა ხვიჩას რთული პერიოდი აქვს ცხოვრებაში…“ – თორნიკე კვარაცხელიას პირველი კომენტარი ძმაზე

ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი, თორნიკე კვარაცხელია ძმის შესახებ პირველ კომენტარს აკეთებს.„ახლა ხვიჩას რთული პერიოდი აქვს ცხოვრებაში, უმძიმესი ტრავმა მიიღო. მეც, როგორც ყველა ქართველი, მის გვერდით ვარ და სულ მის გვერდით ვიქნები“, - თქვა თორნიკემ "90 წუთთან".ცნობისთვის, ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე, კოპენჰაგენის წინააღმდეგ, თორნიკე კვარაცხელიამ დუბლი გაიფორმა და ორივე გოლი ტრავმირებული ძმის, ხვიჩას სტილში აღნიშნა.

კაბადოკიაში კლდის ჩამოშლის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა – ადგილზე სამაშველო სამუშაოები გრძელდება

კაბადოკიაში კლდის ჩამოშლის შედეგად სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო მედია ადგილობრივ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.თურქი ოფიციალური პირების თქმით, თურქეთის პოპულარულ ტურისტულ ადგილას, კაბადოკიაში, გორემეს რეგიონში, კლდოვანი წარმონაქმნის - ე.წ. „ფერიების ბუხრის“ - ნაწილი ჩამოიშალა.ნევშეჰირის პროვინციის გუბერნატორის, ჰუსეინ კოკის თქმით, კლდის ჩამოშლა, სავარაუდოდ, ბოლო დროს მოსულმა ძლიერმა წვიმებმა გამოიწვია. მან აღნიშნა, რომ სამაშველო ჯგუფები განაგრძობენ იმ ადამიანების ძიებას, რომლებიც შესაძლოა, ნანგრევების ქვეშ იყვნენ მოყოლილი.კოკის თქმით, სამი გარდაცვლილიდან ორი თურქეთის მოქალაქეა. მესამე დაღუპულის შესახებ მას ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

კაჭრეთის ერთ-ერთი რესტორნის მეპატრონე გარდაცვლილი იპოვეს – რა დეტალებია ცნობილი

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში ერთ-ერთი რესტორნის მეპატრონე გარდაცვლილი იპოვეს.60 წლამდე ასაკის მამაკაცის ცხედარი საკუთარ მიკროავტობუსში ნახეს.თვითმხილველების ინფორმაციით, მას ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა ჰქონდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

დაკავებულია განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის ძებნილი პირი – შსს კადრებს აქვეყნებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის ძებნილი პირი დააკავეს.„ბრალდებული დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტებზე იძებნებოდა. გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 14 ოქტომბერს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარში, ბრალდებულმა მეზობლად მცხოვრები მამა-შვილი დაჭრა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გამოძიების ფარგლებში, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვის ბრალდებით, სამართალდამცველებმა სხვადასხვა დროს, ძებნილი პირის ოთხი ნათესავიც დააკავეს. გამოძიებით დგინდება, რომ აღნიშნული პირები ბრალდებულს მიმალვაში ხელს უწყობდნენ.გარდა ამისა, დაკავებულ პირს, ამჟამად პატიმრობაში მყოფ ძმასთან ერთად, 2024 წელს სამეგრელოს რეგიონში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაუსწრებლად აქვს მისჯილი 18 წლით თავისუფლების აღკვეთა.დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე და 375-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

მომსახურების სააგენტო განცხადებას ავრცელებს

შსს მომსახურების სააგენტო განცხადებას ავრცელებს:„შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო გაცნობებთ, რომ 31 ოქტომბერს თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივნის №270-ში მდებარე სააგენტოს სარეგისტრაციო მომსახურების ცენტრი არ იმუშავებს.2 ნოემბრიდან სარეგისტრაციო მომსახურების ცენტრი საქმიანობას ახალ მისამართზე - დავით აღმაშენებლის ხეივნის №129-ში განაგრძობს".

ბოლო სიახლეები