პარასკევი, მაისი 1, 2026

ქართველი ემიგრანტები “სკაიპით” ჩართვით შეძლებენ საჯარო სამსახურების ვაკანსიების კონკურსში მონაწილეობის მიღებას

ქართველი ემიგრანტები “სკაიპით” ჩართვით შეძლებენ საჯარო სამსახურების ვაკანსიების კონკურსში მონაწილეობის მიღებას – ამის შესახებ მინისტრმა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა, დისპორისა და კავკასიის საკითხთა და ევროპასთან ინტეგრაციის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

“ჩვენი მიზანია, რომ საჯარო სამსახურის ვაკანსიები უცხოეთში მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ, რათა მათ საზღვარგარეთ დარჩენა და იქ სამუშაოს ძიება არ მოუწიოთ, არამედ მათ შეეძლოთ ონლაინ რეჟიმში და “სკაიპით” ჩართვა კონკურსში და დისტანციურად მონაწილეობს მიღება. გვინდა, რომ მათთვის ეს დამატებითი შესაძლებლობაც გავაჩინოთ იგივე საჯარო სამსახურში დასაქმების კუთხით და ასევე, რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა, რომ კერძო სექტორიც ჩაერთოს ამაში და ხელი შევუწყოთ რაც შეიძლება მეტი ადამიანის დაბრუნებას ჩვენს ქვეყანაში და რაც შეიძლება მეტი პირობების შექმნას. ატეგორიულად ვერ მივიღებ იმ შენიშვნვას, რომ თითქოს ხალხის გადინებამ, ქვეყნის შიგნით გატარებულმა პოლიტიკამ შეუწყო ხელი. ქვეყანა ვითარდება, ქვეყანა ძლიერდება. რა თქმა უნდა, ამას დრო სჭირდება, რა თქმა უნდა ამას ვერ მივაღწევთ ერთ წელიწადში, როგორც ჩვენ გვინდა და ყველას ერთად გვინდა, მაგრამ ახალი შესაძლებლობები სწორედ ვიზალიბერალიზაციის შენარჩუნებამ, სწორედ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გამოყენებამ გააჩინა. მაგალითად, ახალი პროდუქციაა დაშვებული ბაზარზე, თაფლი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია მცირე მეწარმეებისთვის, სოფლად მაცხოვრებელთათვის თევზჭერის მხრივ, ქართული თევზის მიმართულებითაც გაიხსნა ბაზარი და კიდევ სხვა პროდუქციაზე ვმუშაობთ, რომელიც რა თქმა უნდა, ქვეყანაში სამუშაო ადგილებს აჩენს. ასევე უპრეცედენტო პროექტები ვითარდება ევროპული დახმარებით საქართველოში, რათა აქ გაჩნდეს სამუშაო ადგილები და ჩვენ რა თქმა უნდა, ეს სიკეთეები არ უნდა დავკარგოთ”, – განაცხადა მინისტრმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მინდა, მოგილოცოთ უდიდესი აღიარება, რომ საქართველო ხორბლისა და პურის უძველესი კერაა, ამით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საქართველო უძველესი აგრარული ქვეყანაა -დავით სონღულაშვილი

მინდა, მოგილოცოთ უდიდესი აღიარება, რომ საქართველო ხორბლისა და პურის უძველესი კერაა. ამით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საქართველო ბევრი მნიშვნელოვანი კულტურის საწყისი და უძველესი აგრარული ქვეყანაა, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით სონღულაშვილმა ეროვნულ მუზეუმში, საქართველოს ტერიტორიაზე პურის ხორბლის წარმოშობის უძველესი კერის დამადასტურებელი სამეცნიერო კვლევის პრეზენტაციის შემდეგ განაცხადა.მისივე თქმით, ეს აღიარება ხელს შეუწყობს მათ შორის იმას, რომ საქართველო ტურიზმისთვის დამატებითი მიზიდულობის ცენტრი გახდეს.„პირველ რიგში, მინდა, მივულოცო საქართველოს ეს უდიდესი აღიარება და კიდევ ერთი წარმატება. რა თქმა უნდა, ეს ხელს შეუწყობს, კიდევ უფრო განვითარდეს სოფლის მეურნეობაში ეს მიმართულება, გაჩნდეს კიდევ ერთი საექსპორტო პროდუქტი, კიდევ ერთი შესაძლებლობა, საქართველო ტურიზმისთვის დამატებითი მიზიდულობის ცენტრი გახდეს. მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ ადამიანს, ვინც წვლილი შეიტანა ამ უდიდესი აღიარებისთვის. მსოფლიო აღიარება მოიპოვა იმან, რაც ქართველებმა კარგად ვიცოდით, რომ საქართველო ხორბლისა და პურის უძველესი კერაა. ამით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საქართველო არის ბევრი მნიშვნელოვანი კულტურის საწყისი მსოფლიო ცივილიზაციაში, უძველესი აგრარული ქვეყანა“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.ცნობისთვის, აშშ-ის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ჟურნალში (PNAS) გამოქვეყნდა სტატია სახელწოდებით „სამხრეთ კავკასია, საქართველო, ნეოლითის პერიოდში პურის ხორბლის წარმოშობის დამოუკიდებელი ცენტრი“. სტატიაში ნათქვამია, რომ საქართველო პურის ხორბლის (Triticum aestivum) წარმოშობის დამოუკიდებელი და დღეისათვის დოკუმენტურად დადასტურებული უძველესი კერაა. ამასთან, საქართველოს ტერიტორიაზე პურის ხორბლის წარმოშობის უძველესი კერის დამადასტურებელი უახლესი სამეცნიერო კვლევის შედეგების პრეზენტაცია დღეს ეროვნულ მუზეუმში გაიმართა.

დავით ლორთქიფანიძე – დღეს შეგვიძლია, თამამად ვთქვათ, რომ 8 000 წლის წინ ჩვენი წინაპრები ამზადებდნენ ღვინოს და მოშინაურებული ჰქონდათ ხორბალი

საქართველო არის ერთ-ერთი უძველესი ცენტრი ინოვაციური მიწათმოქმედების, ეს არის შტამპი იმისა, რომ 8 000 წლის წინ საქართველოში უკვე იყო რბილი ხორბალი, რაც აღიარებულია სამეცნიერო საზოგადოების მიერ, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა, დავით ლორთქიფანიძემ განაცხადა.მისივე თქმით, საქართველო  ინოვაციური მიწათმოქმედების ერთ-ერთი უძველესი ცენტრია.„დღეს ჩვენ წარმოვადგინეთ იმ კვლევის შედეგები, რომელიც გამოქვეყნდა ამერიკის ეროვნული აკადემიის მოამბეში. ეს გახლავთ კვლევა, რომელმაც აჩვენა რომ საქართველოში აღმოჩენილია რბილი ხორბლის კვალი. იმ ხორბლის, რომლისგანაც დღეს პური მზადდება. ეს თარიღდება 8 000 წლით, ასე რომ, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, 8 000 წლის წინ ჩვენი წინაპრები ამზადებდნენ ღვინოს და უკვე მოშინაურებული ჰქონდათ ხორბალი. ეს არის ძალიან დიდი მეცნიერული აღმოჩენა, საქართველო კიდევ ერთხელ ხვდება მეცნიერულ რუკაზე, სადაც ხდება ინოვაციები სწორედ მიწათმოქმედებაში. ასე რომ, საქართველო არის ერთ-ერთი უძველესი ცენტრი ინოვაციური მიწათმოქმედების. ეს გახლავთ, მე ვიტყოდი, უკვე შტამპი იმისა, რომ 8 000 წლის წინ საქართველოში უკვე იყო რბილი ხორბალი, რომელიც არის მოშინაურებული და ეს არის სამეცნიერო საზოგადოების მიერ აღიარებული.ამერიკის ეროვნული აკადემიის სამეცნიერო ჟურნალი გახლავთ ძალიან მაღალი რეიტინგის და ასევე მას აქვს ძალიან დიდი რეპუტაცია. უკვე არის მაღალი რანგის ექსპერტების გამოხმაურებები. ეს აჩვენებს, რომ საქართველოში მეცნიერული კვლევები მიმდინარეობს და ამ კვლევების საფუძველი თავის დროზე სწორედ ქართველმა მეცნიერმა, ქალბატონმა ნანა რუსიშვილმა ჩაუყარა, ძალიან ცნობილმა პალეობოტანიკოსმა, რომელიც გახლავთ ამ სტატიის ერთ-ერთი მთავარი ავტორი“, – განაცხადა დავით ლორთქიფანიძემ.ცნობისთვის, აშშ-ის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ჟურნალში (PNAS) გამოქვეყნდა სტატია სახელწოდებით „სამხრეთ კავკასია, საქართველო, ნეოლითის პერიოდში პურის ხორბლის წარმოშობის დამოუკიდებელი ცენტრი“. სტატიაში ნათქვამია, რომ საქართველო პურის ხორბლის (Triticum aestivum) წარმოშობის დამოუკიდებელი და დღეისათვის დოკუმენტურად დადასტურებული უძველესი კერაა.აღნიშნული კვლევის პრეზენტაცია გაიმართა საქართველოს ეროვნულ მუზეუმში. პრეზენტაციას ესწრებოდნენ კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი.

ირაკლი ქადაგიშვილი – დიდი ხანია, „ნაციონალური მოძრაობის“ თავდასხმის ობიექტი ეკლესიაა, ახალი პატრიარქის არჩევის შემდეგ ეს პროცესი გააქტიურდება, ამაში საერთაშორისო მასშტაბია ჩართული

დიდი ხანია, „ნაციონალური მოძრაობის“ თავდასხმის ობიექტი ეკლესიაა. ახალი პატრიარქის არჩევის შემდეგ ეს პროცესი გააქტიურდება, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.ირაკლი ქადაგიშვილს კითხვა დაუსვეს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქპოსტზე, სადაც აღნიშნულია: „ძალიან მიკვირს მედიის, რომელიც ისე აქტიურად აშუქებს პატრიარქის ე.წ. არჩევნების რუსულ სპეცოპერაციას, ვითომ მართლა რაიმე კონკურენტულ პროცესთან გვქონდეს საქმე და ინტრიგა რჩებოდეს. ამ „არჩევნების“ სცენარი დიდი ხანია, დაწერილია ლუბიანკაზე, ინსტრუქციები გაშვებულია ივანიშვილთან და ეკლესიაში, აგენტურასთან“.„ნაციონალური მოძრაობის“ მიზანია, მათი კლასტერის მხრიდან ყველა პროცესი დაზიანდეს. აუცილებელი მოცემულობაა, რაც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, სენსიტიურია, სათუთია, ყველგან მუდმივი თავდასხმა და შეტევა უნდა იყოს. დიდი ხანია, მათი თავდასხმის ობიექტი ეკლესიაა. ბუნებრივია, როცა ახალი პატრიარქის არჩევის პროცესი მიმდინარეობს ისინი თავის მცდელობას გააქტიურებენ. რა თქმა უნდა, ახალი პატრიარქის არჩევის შემდეგ ეს პროცესი გააქტიურდება. ამაში საერთაშორისო მასშტაბია ჩართული. პოლონეთის მიერ დაფინანსებულ ტელევიზიაში სიუჟეტი დაიწყეს იმით, რომ რეალური კანდიდატის არჩევანი რუსული ინტერესებია. ისინი ამ მოჯადოებულ წრეს თავს არასოდეს დაანებებენ. სააკაშვილი პატრიარქის ეკლესიის ხან ყველაზე დიდი გულშემატკივარია, ხან კრიტიკოსი და მლანძღავი. მისი გამონათქვამები აღარ გვიკვირს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ირაკლი ქადაგიშვილი – ოპოზიციის პერსპექტივა ისეთია, რომ ჩამოიშალოს ეკონომიკა, რამენაირად პოლარიზაცია კიდევ უფრო გამძაფრდეს და ეკლესიაში პატრიარქის გამორჩევაზე საკითხები სკანდალურად წარმართონ

ოპოზიციის პერსპექტივა ასეთია – ამ ქვეყანაში ეკონომიკა ჩამოიშალოს, რამენაირად მოსახლეობაში პოლარიზაცია კიდევ უფრო გამძაფრდეს და ეკლესიაში პატრიარქის გამორჩევასთან დაკავშირებული საკითხები სკანდალურად წარმართონ, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.ქადაგიშვილის თქმით, საზოგადოებას შეიძლება, რაღაც უკეთესი უნდოდეს, მაგრამ „ნაციონალურ მოძრაობაში“ და ამ კლასტერში ის ხვალინდელ უკეთესობას ნამდვილად ვეღარ ხედავს.„აქედან გამომდინარე, ნეგატივი, რომელიც მათ უხვად აქვთ გამეტებული საქართველოსთვის, საბოლოო ჯამში, უბრუნდებათ და უტრიალდებათ უკან. მათ ურთიერთობაში ეს ყველაზე კარგად აისახება“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

გიორგი შარაშიძე – მიხეილ სააკაშვილს ქართულ ეკლესიაზე გული თუ მართლა შესტკივა, სჯობს, ხმა საერთოდ არ ამოიღოს, აბსოლუტურ ჭეშმარიტებასაც რომ ამბობდეს, ხალხი მისგან ამას არ...

მიხეილ სააკაშვილს მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური მოტივი და საქმის გაფუჭების ინტერესი ამოძრავებს, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა გიორგი შარაშიძემ განაცხადა.დეპუტატს კითხვა დაუსვეს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქპოსტზე, სადაც აღნიშნულია: „ძალიან მიკვირს მედიის, რომელიც ისე აქტიურად აშუქებს პატრიარქის ე.წ. არჩევნების რუსულ სპეცოპერაციას, ვითომ მართლა რაიმე კონკურენტულ პროცესთან გვქონდეს საქმე და ინტრიგა რჩებოდეს. ამ „არჩევნების“ სცენარი დიდი ხანია, დაწერილია ლუბიანკაზე, ინსტრუქციები გაშვებულია ივანიშვილთან და ეკლესიაში, აგენტურასთან“.როგორც შარაშიძემ კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა ეკლესიაზე საუბრისგან თავი უნდა შეიკავოს.„ქართული სიბრძნეა, საცა არა სჯობს, გაცლა სჯობსო. მიხეილ სააკაშვილს ქართულ ეკლესიაზე გული თუ მართლა შესტკივა, სჯობს, ხმა საერთოდ არ ამოიღოს. მან კარგად იცის, სულ რომ აბსოლუტური ჭეშმარიტება იყოს, ხალხი ამას მისგან არ მიიღებს. მას მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური მოტივი და საქმის გაფუჭების ინტერესი ამოძრავებს. მისი არცერთი განცხადება არ მახსენდება, რომელიც რეალური პრობლემების გადაჭრას ემსახურება. შეიძლება, გარკვეულ შემთხვევაში სიმართლესაც წერდეს, მაგრამ მის მიმართ ქართველი ხალხის დამოკიდებულება როგორიც არის, ის საქმეს აფუჭებს. როცა საქმე ეკლესიას ეხება, მას მოვუწოდებ, ახსოვდეს, ეს დიდი ქართული სიბრძნე“, – განაცხადა შარაშიძემ.

ბოლო სიახლეები