ორშაბათი, აპრილი 7, 2025

ქალაქ ღაზაზე ისრაელის ახალი შეტევის შედეგად, ასეულობით ადამიანი დაიღუპა

48 საათით ადრე, ვიდრე პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ „ჰამასზე“ ზეწოლის გაძლიერების შესახებ განცხადებას გააკეთებდა, ისრაელმა ქალაქ ღაზაზე ახალი სახმელეთო შეტევა დაიწყო. ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში განხორციელებული თავდასხმების შედეგად, სულ მცირე, 112 პალესტინელი დაიღუპა. მათ შორის არიან ქალები და ბავშვები, რომლებიც სკოლებში აფარებდნენ თავს.

ასე გამოიყურება ალ-თუფაჰის უბანი ქალაქ ღაზაში ისრაელის თავდასხმიდან ერთი დღის შემდეგ OMAR AL-QATTAA / AFP.

ისრაელის ოფიციალური განცხადების თანახმად, ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში, მისმა არმიამ შუჯაიას რაიონში, რომელიც ქალაქ ღაზას აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს, სახმელეთო ოპერაციები დაიწყო. ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ამ ოპერციის მიზანი ღაზას სექტორში, ისრაელ-ეგვიპტის საზღვრის გასწვრივ შექმნილი ბუფერული ზონის გაფართოებაა.

ამ ოპერაციის ფარგლებში, ისრაელის სამხედროებმა გაანადგურეს „ჰამასის“ პერსონალი და ინფრასტრუქტურა, სამეთაურო ცენტრის ჩათვლით. ისრაელის არმიის მიერ სოციალურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მათი შეტევის სამიზნეებს წარმოადგენდნენ „ცნობილი ტერორისტები, როლებიც „ჰამასის“ მართვისა და კონტროლის ცენტრში იმყოფებოდნენ“.

ისრაელი ასევე ამტკიცებს, რომ სამოქალაქო პირებს საბრძოლო მოქმედების ზონიდან გასვლის უფლება მისცა, თუმცა, ამ საკითხზე სხვა დამატებითი დეტალები არ გაუმჟღავნებია.

„ორთვიანი ზავის შემდეგ, 18 მარტს ისრაელმა ღაზაზე თავდასხმა განაახლა და აცხადებს, რომ სამხედრო ზეწოლა არის ერთადერთი გზა, რათა „ჰამასმა“ ისრაელის ხელისუფლებას გადასცეს ანკლავში მყოფი დაახლოებით სამოცი მძევალი, მიუხედავად იმისა, ცოცხლები არიან ისინი თუ გარდაცვლილნი“.

„ჩვენ ვყოფთ ღაზას უბნებად და ვაძლიერებთ ზეწოლას თითოეულ სექტორზე, ჩვენი მძევლების დაბრუნების მიზნით“, – განაცხადა 2 აპრილს ნეთანიაჰუმ.

ისრაელის ახალმა შეტევამ ათასობით ადამიანი აიძულა, კვლავ დაეტოვებინა თავისი საცხოვრებელ ადგილები, სადაც ისინი დაზავების შემდეგ დაბრუნდნენ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

მამუკა ხაზარაძე – როგორც კი პოლიტპატიმრები გათავისუფლდებიან და დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება, ახალი ხელისუფლება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას დაასრულებს

სენატორი შაჰინი მართალია. ივანიშვილის პრორუსულმა და პროჩინურმა რეჟიმმა საქართველოს მოსახლეობას და მთელ რეგიონს წაართვა საუკუნის შესაძლებლობა, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.ხაზარაძის თქმით, ამერიკული და ევროპული ინვესტიციების კონფისკაციით და ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ კონტროლირებადი კომპანიისთვის პროექტის გადაცემით მათ შეაჩერეს საქართველოს სტრატეგიული განვითარება.„ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ხელიდან გაშვებული შესაძლებლობაა, რომელსაც შეეძლო კავკასია გადაექცია მთავარ სატრანზიტო კვანძად ცენტრალური და აღმოსავლეთ აზიიდან ევროპისკენ. მე მჯერა, რომ ეს დროებითი მოვლენაა. როგორც კი პოლიტპატიმრები გათავისუფლდებიან და დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება, ახალი პროდასავლური ხელისუფლება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას დაასრულებს“, – წერს ხაზარაძე. 

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე ირაკლი ოქრუაშვილს თბილისის პროკურატურაში ბრალი წარუდგინეს

საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს თბილისის პროკურატურაში ბრალი წარუდგინეს.საქმე ეხება პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობას. ირაკლი ოქრუაშვილს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე წარედგინება ბრალდება.„არავის აქვს მორალური უფლება, არანაირი არგუმენტით, გამოცხადდეს იმ მასკარადზე და იმ კომისიაზე, ვიდრე საპატიმროში რჩება ათეულობით ახალგაზრდა, მათ შორის მზია ამაღლობელი. არანაირი კომისია არ არსებობს, როგორც საქართველოს არ ჰყავს პარლამენტი. ბავშვობიდან მასწავლიდნენ, ხარება დღეს ჩიტიც კი არ იკეთებს ბუდესო, მაგრამ, ეტყობა, ამ სასამართლოში სხვა კალენდრით მუშაობენ. იმედი მაქვს, ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძისგან განსხვავებით, პატარა ფასდაკლებას გამიკეთებენ“, – განუცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა ჟურნალისტებს თბილისის პროკურატურის დატოვების შემდეგ.ცნობისთვის, პროკურატურაში გამოძიება 349-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. პროკურატურამ გამოძიება ოქრუაშვილის წინააღმდეგ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის მიმართვის საფუძველზე დაიწყო. ოქრუაშვილმა საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოცხადებაზე უარი თქვა.

შალვა პაპუაშვილი – საპროცედურო კომიტეტსა და აპარატთან ერთად, ბოლო ორი წელი მიმდინარეობდა ახალ რეგლამენტზე მუშაობა, უფრო დინამიკური საპარლამენტო ცხოვრება იქნება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საპროცედურო კომიტეტსა და აპარატთან ერთად, ბოლო ორი წელი მიმდინარეობდა პარლამენტის ახალ რეგლამენტზე მუშაობა.პაპუაშვილის თქმით, პროექტში მნიშვნელოვანი სიახლეებია, თუმცა პროცედურების დიდი ნაწილი იგივე რჩება.„მოქმედი რეგლამენტი 2018 წელს იყო მიღებული. უკვე შვიდი წელია, რაც რეგლამენტი მუშაობს. ბოლო ორი წელი მიმდინარეობდა პრაქტიკის შესწავლა და ახალ რეგლამენტზე მუშაობა საპროცედურო კომიტეტთან და აპარატთან ერთად. ამ სამუშაო პროცესს ვხელმძღვანელობდი. ახლა გვაქვს პროექტი, სადაც მნიშვნელოვანი სიახლეებია, თუნდაც ის, რომ ყოველ სასესიო კვირას ინტერპელაცია იქნება, რაც პარლამენტის წევრებსა და ფრაქციებს მისცემს შესაძლებლობას, ყოველ სასესიო კვირას, თუ აქტუალური საკითხები არსებობს, მინისტრი ან სხვა ანგარიშვალდებული პირი დაიბარონ და ცოცხალი საპარლამენტო დებატები იყოს. ასევე იგეგმება დროებითი კომისიების გაცოცხლება, რაც კონსტიტუციური ინსტრუმენტია, საპარლამენტო ცხოვრებაში რეალურად არ გამოიყენება. ამის ნაცვლად, შემოღებული იყო საბჭოები, თემატური მოკვლევები, სხვა ინსტიტუტები, რაც უცხო იყო ქართული საპარლამენტო ცხოვრებისთვის. ის, რაც კონსტიტუციაშია საპარლამენტო ცხოვრებაზე, ამუშავდება და უფრო დინამიკური საპარლამენტო ცხოვრება იქნება. ტექსტის 90-ზე მეტი იგივეა, სტრუქტურაა შეცვლილი. რა თქმა უნდა, ძირითადი პროცედურები რაც არის, წლებია, პარლამენტს ტრადიცია მოჰყვება და გამჯდარი პროცედურებია. ამიტომ ამ მხრივაც არ იქნება სიახლე როგორც პარლამენტის თანამშრომლებისთვის, ასევე გარე პირებისთვის, რომ პროცედურებში გაერკვნენ, რადგან ბევრი პროცედურა იგივეა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ირაკლი ფავლენიშვილი – პარტიებს აუქმებენ, არასამთავრობო ორგანიზაციებს ანადგურებენ და ამ პერიოდში ვერ იქნება საუბარი რაღაც გეგმებზე, ქუჩის პროტესტის გარდა, სხვა გზა აღარ რჩება

არანაირ საარჩევნო პროცესში მონაწილეობას აზრი არ აქვს და ვერც ექნება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.ფავლენიშვილმა შესაბამის კითხვაზე საპასუხოდ აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს.„საქართველო აღარ არის ოფიციალური საარჩევნო დემოკრატია, მათ შორის ბოლო პერიოდში მიიღეს ისეთი კანონები, როგორც ასეთი, დამკვირვებლის ინსტიტუტსაც კი კრძალავს ქვეყანაში. ამიტომაც არანაირ საარჩევნო პროცესში მონაწილეობას აზრი არ აქვს და ვერც ექნება. ეს ხალხი აპირებს ყველა რეალური ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის გაუქმებას, მხოლოდ სისტემური ოპოზიციური პარტიის დატოვებას. ამიტომაც ეს საკითხი, არ მგონია, აქტუალური იყოს. ისედაც ყველამ ვიცით, რომელ პოლიტიკურ ჯგუფებს შორის არსებობს არამკაფიო პასუხი ამ საკითხზე“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.ამასთან, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, ქუჩის პროტესტის გარდა, სხვა გზა აღარ რჩება.„ზოგადად, ოპოზიციას რაც შეეხება, თვალი უნდა გავუსწოროთ სიმართლეს, ქვეყანაში აღარ არსებობს რაღაც ნახევრად დემოკრატიული პროცესიც, რაც აქამდე მაინც იყო. ახლა ეგ მოცემულობაც აღარ არის. ქვეყანაში პოლიტიკურ პარტიებს აუქმებენ, თავისუფალ მედიასაშუალებებს ხურავენ, არასამთავრობო ორგანიზაციებს ბოლომდე ანადგურებენ და ამ პერიოდში უბრალოდ ადგილი ვერ ექნება საუბარს რაღაც გეგმებზე, გარდა ქუჩის წინააღმდეგობისა და ეროვნული წინააღმდეგობისა. ქვეყანაში კანონი როცა აღარ კანონობს, სამართალი აღარ არსებობს, რადგან კონსტიტუციას პირველი არღვევს ე.წ. ხელისუფლება, რა თქმა უნდა, ქუჩის პროტესტის გარდა, სხვა გზა აღარ რჩება“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

შალვა პაპუაშვილი – ზურაბიშვილი დასაქმებულია ომის აქტივისტთა ორგანიზაციაში, რომელიც საქართველოს უმზადებდა სცენარს – „მერე რა“, დაიხოცება ხალხი, მთლიანად ვერ დაგიპყრობენ და თქვენ გვერდით სამყარო...

სალომე ზურაბიშვილი დასაქმებულია ომის აქტივისტთა ორგანიზაციაში, რომელიც საქართველოს უმზადებდა სცენარს – „მერე რა“, დაიხოცება ხალხი, მთლიანად ვერ დაგიპყრობენ და თქვენ გვერდით სამყარო იდგებაო. როგორ უდგანან გვერდში, ამასაც კარგად ხედავს ის ერი, რომელიც ომის ასეთი აქტივისტების იმედადაა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.პაპუაშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილი არის „მაკკეინის ინსტიტუტში“ დასაქმებული ადამიანი, მათგან ფულს იღებს.„„მაკკეინის ინსტიტუტი“ ომის აქტივისტების ინსტიტუტია, რომელიც უკრაინაში მშვიდობის დამყარებას ეწინააღმდეგება. თბილისში ყოფნისას, „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუს დროს კითხვაზე, – არსებობს მოსაზრება და შიშები, რომ შეიძლება, სანქციების დაწესებამ და სხვა ნაბიჯებმა რუსეთთან ესკალაცია გამოიწვიოს და ეს, შეიძლება, სამხედრო კონფლიქტში გადაიზარდოს, – ქალბატონი სალომეს უფროსმა უპასუხა, „მერე რაო“. ვიღაცას დახოცავენ, „მერე რაო“, მთლიანად ვერ დაგიპყრობენო.ცოტა ხნის წინ ბიძინა ივანიშვილმა გაიხსენა სიტყვები, რომლებიც მაშინდელ პრემიერ-მინისტრთან ერთ-ერთმა უცხოელმა მაღალჩინოსანმა თქვა: „მერე რაო“, მთლიანად ვერ დაგიპყრობენო. როგორც „მაკკეინის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელმა თქვა, პარტიზანულ ომს გამართავთ და ტყეში გახვალთო. აქაც ჩანს, ამ სცენარების დამწერი ვინ იყო. ასე რომ, სალომე ზურაბიშვილი დასაქმებულია ორგანიზაციაში, რომელიც ომის აქტივისტების ორგანიზაციაა და საქართველოს „მერე რა“ სცენარს უმზადებდა – „მერე რა“, დაიხოცება ხალხი, მთლიანად ვერ დაგიპყრობენ და თქვენ გვერდით სამყარო იდგებაო. როგორ უდგანან გვერდში, სამწუხაროდ, ამასაც კარგად ხედავს ის ერი, რომელიც ომის ასეთი აქტივისტების იმედად არის“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ბოლო სიახლეები