გალობის უნივერსიტეტი და ფონდი „ქართული გალობა“ საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამენ.
„უღრმეს მწუხარებას გამოვთქვამთ, რომ ღვთივგანისვენა უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტმა ილია მეორემ. საქართველომ დაკარგა სულიერი წინამძღვარი, რომელმაც პატრიარქობის ნახევარსაუკუნოვანი ღვაწლით გააცოცხლა და ააღორძინა ქართული სულიერი კულტურა.
გალობის უნივერსიტეტი მისი შორსმჭვრეტელი იდეიდან აღმოცენდა. ყველაფერი 2006 წელს დაიწყო, როცა უწმინდესის ლოცვა-კურთხევით გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებელი დაფუძნდა. სასწავლებლის შენობის კურთხევისას, უწმინდესმა ბრძანა: „ჩვენ ვიწყებთ ძალიან დიდ საქმეს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ის ლოტბარები, ვისაც ჩვენ აღვზრდით, მთელ საქართველოში შექმნიან გუნდებს, რომელთა მეშვეობითაც მთელი საქართველო ადიდებს უფალს“. დღეს გალობის უნივერსიტეტის აღზრდილი რეგენტებისა და ლოტბარების გალობა მთელ საქართველოს მოეფინება.
ქართული ტრადიციული მუსიკის სფეროს მეტი ხელშეწყობისთვის 2012 წელს უწმინდესის ლოცვა-კურთხევით საქველმოქმედო ფონდი „ქართული გალობა“ დავაფუძნეთ.
დღეს, რომ სიმღერა-გალობის სფეროს ცხოვრების გზად ირჩევენ ახალგაზრდები, ეს უპირველესად უწმინდესის ღვაწლისა და იმ სიყვარულის დამსახურებაა, რომელიც თავის სამწყსოს გულში დატოვა სამარადჟამოდ.
მისი ნათელი ხსნოვნა ჩვენთვის სულიერ საყრდენად დარჩება, – ნათქვამია სამძიმრის წერილში.

