პარასკევი, თებერვალი 6, 2026

ფიტარეთის მონასტრის მახლობლად დღემდე უცნობი სამონასტრო კომპლექსი იპოვეს

აღმოჩენის შესახებ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ცნობა კომპანია RMG-გან მიიღო, რომლის სპეციალისტებმაც არქიტექტურულ ობიექტს ბნელი ხევის ტერიტორიაზე სამთო მინაკუთვნის ფართობიდან 1200 მეტრის დაშორებით, გეოლოგიური-სამძებრო სამუშაოებისას ტყეში მიაგნეს. ინფორმაციას კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო ავრცელებს.

დღევანდელი მონაცემებით, ნამონასტრალი ფიტარეთის მონასტრის (თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი) ჩრდილო-აღმოსავლეთით 3 კილომეტრის მანძილზე მდებარეობს, რომელიც ტყით დაფარული ქედის თხემზეა განლაგებული. ამ მონასტრის შესახებ ცნობები არ მოიპოვება არც ისტორიულ წყაროებსა და არც სამეცნიერო ლიტერატურაში.

გაირკვა, რომ ადგილობრივი მოსახლეობისთვისაც მისი სახელი უცნობი იყო. სპეციალისტების შეფასებით, მონასტერი ძლიერაა დანგრეული, გარშემო მიმობნეულია არქიტექტურული დეტალები, ძველი სტელების ფრაგმენტები. სამშენებლო ნაშთები ადგილზევეა დაცული და მათი დიდი ნაწილი მიწითაა დაფარული.

სპეციალიტები ვარაუდობენ, რომ მონასტრის უძველესი ნაგებობა VIII-IX საუკუნეების დარბაზული ეკლესია უნდა ყოფილიყო. 8,40 მ სიგრძისა და 5 მეტრი სიგანის ზომის ეკლესია კლდის ნამტვრევი ქვითაა ნაგები. მის გამორჩეულ ხუროთმოძღვრულ ელემენტს წარმოადგენს ნახევარწრიულად შვერილი აფსიდა.
ეკლესიის კედლებში ჩაშენებულია VI საუკუნის ქვაჯვარათა ორნამენტირებული ფრაგმენტები, ერთ-ერთ მათგანზე ნიამორის რელიეფური გამოსახულებაცაა; კედლებში ასევე ჩადგმულია ბრტყელი ფილები, რომელიც სავარაუდოდ საფლავის ქვებს უნდა წარმოადგენდნენ. მათზე წრეში ჩაწერილი ტოლმკლავა ჯვრებია გამოკვეთილი.

ეკლესიის სამხრეთ კედელში გაჭრილ კარს ნათალი ქვის გრძელი არქიტრავი ფარავს. ეკლესია ბრტყელი და ღარიანი კრამიტით იყო გადახურული, კედლებს აბოლოებდა ნათალი ქვის კბილანებიანი კარნიზები, რაც შენობის ადრეულობის ერთ-ერთი ნიშანია.

ვინაიდან ნამონასტრალი სამეცნიერო კუთხით სრულიად შეუსწავლელია, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო უპირველეს ამოცანათა რიგში ახლადგამოვლენილი ნაგებობებისა და მიდამოს არქეოლოგიურ და სახელოვნებათმცოდნეო კვლევას უზრუნველყოფს. სამეცნიერო შესწავლის შემდეგ კი უწყება სამონასტრო კომპლექსის კონსერვაციაზე იზრუნებს. მანამდე კი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს უკვე დაწყებული აქვს გამოვლენილი ობიექტისთვის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების პროცედურები.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მარტა კოსი – მშვიდობა უკრაინაში შეცვლის რეალობას ევროპაში, განსაკუთრებით შავი ზღვის რეგიონში, თურქეთი კი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი იქნება

გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, მარტა კოსის განცხადებით, მშვიდობა უკრაინაში შეცვლის რეალობას ევროპაში, განსაკუთრებით შავი ზღვის რეგიონში, თურქეთი ევროკავშირისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი იქნება.ამის შესახებ მარტა კოსმა თურქეთში გამგზავრებამდე „პოლიტიკოს“ განუცხადა.„ევროპაში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის სამზადისი გულისხმობს თურქეთთან ძლიერი პარტნიორობისთვის მზადებას. გაფართოების უკანასკნელ ანგარიშებში ჩვენ ვნახეთ ევროკავშირის სტანდარტებიდან დაშორებისკენ გადადგმული ნაბიჯები, განსაკუთრებით ეს ეხება კანონის უზენაესობას და დემოკრატიას. ვიცი, თურქეთს გააჩნია ხანგრძლივი დემოკრატიული ტრადიცია და ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება. სწორედ ამის გაძლიერების ხილვა გვსურს, რომ ევროკავშირსა და თურქეთს შორის ნდობა ავაშენოთ“, – განაცხადა ევროკომისარმა.როგორც „პოლიტიკო“ წერს, ანკარაში ვიზიტისას მარტა კოსი დაესწრება ევროპის საინვესტიციო ბანკისა და თურქეთის მთავრობას შორის ხელშეკრულების ხელმოწერას, რომელიც ანკარასთვის განახლებადი ენერგიის პროექტებში 200 მილიონი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს.ამასთან ერთად, ევროკომისია წარადგენს კვლევას, რომელიც „რეგიონთაშორისი დაკავშირებადობის დღის წესრიგის წინ წაწევას“ ეხება და მოიცავს თურქეთს, ცენტრალურ ევროპას და სამხრეთ კავკასიას.„პოლიტიკოს“ ცნობით, კვლევაში საუბარია საჭირო ინვესტიციებზე ტრანსპორტის, ვაჭრობის, ენერგიისა და ციფრული დაკავშირებადობის სფეროში, ტრანსკასპიური დერეფნის ფარგლებში, რომელიც ჩინეთს, ცენტრალურ აზიას, სამხრეთ კავკასიას და შავ ზღვას აკავშირებს.ცნობისთვის, ევროკავშირსა და თურქეთს შორის ურთიერთობები წლების განმავლობაში იყო გაუარესებული. ბრიუსელი შეშფოთებას გამოთქვამდა თურქეთში ოპოზიციის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯების გამო. ანკარა ევროკავშირში წევრობის კანდიდატია, თუმცა მოლაპარაკების პროცესი 2018 წლიდან არის შეჩერებული.

მამა აკაკი მელიქიძე წყევლის შესახებ

ქრისტიანულად გამორიცხულია მაწყევარობა. დაუშვებელია დედისგან შვილის დაწყევლა. შვილის წყევლა ღვთისათვის საძულველი მოქმედებაა. „მოყვასის სიკეთის სურვებისას, ას წილ სიკეთეს იღებ, სიბოროტის სურვებისას, ას წილ ბოროტებას ირებ“. დედისაგან შვილის წყევლა აუცილებლად სრულდება შვილზე და დედასაც უკან უბრუნდება. შვილები ამის გამო იტანჯებიან და არ ეწყობათ ცხოვრება. როგორც მშობელი, ისევე შვილიც კრძალვით უნდა იყოს მშობლისადმი დამოკიდებული. დაუშვებელი და მიუღებელია დედის და საერთოდ მშობლის დამცირება, ლანძღვა-გინება. მშობელი ღვთისგანაა დადგენილი, რომელსაც შვილი ყოველდღიურ პატივს უნდა აგებდეს. სწორედ ასეთი შვილები არიან ჯანმრთელები და ცხოვრებაშიც ხელი ემართებათ, აქვთ უფლის მფარველობა. კარგად აღზრდილ შვილებს მარადიულ ცხოვრებაშიც ელით კეთილდღეობა. მამა აკაკი მელიქიძე

კახა კალაძე – დღეს ბიზნესი თავისუფალია, თუმცა პროდუქტების ფასების დასტაბილურების საკითხში მათი ჩართულობა მნიშვნელოვანია

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ის მიესალმება ფაქტს, რომ ქვეყანაში პროდუქტებზე ფასების დარეგულირების საკითხში ბიზნესიც ჩართულია და პრემიერ-მინისტრის ინიციატივას იზიარებენ.„მივესალმები პრემიერ-მინისტრის ინიციატივას პროდუქტების ფასებთან დაკავშირებით. ზოგადად ფასების დასტაბილურების საკითხზე არაერთი შეხვედრა გაიმართა სხვადასხვა დარგის წარმომადგენელთან. ჩვენ ბევრჯერ გავაკეთეთ განცხადება, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი მოწესრიგებული იყოს. რა თქმა უნდა, ბიზნესი თავისუფალია, ხელშეუხებელია და მას არავინ ეხება, თუმცა ფასების დარეგულირების საკითხში მათი ჩართულობა და თანამონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა თბილისის მერმა.რაც შეეხება ჟურნალისტის შეკითხვას ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით, კახა კალაძის თქმით, ამ შედეგების ეჭვქვეშ დაყენება სასაცილოა, რადგან არსებობს საერთაშორისო სტატისტიკა და შესაბამისი დასკვნები.„საერთაშორისო ორგანიზაციები მუდმივად აქვეყნებენ სტატისტიკას ქვეყანაში ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით. ამის ეჭვქვეშ დაყენება სასაცილო მგონია. ქვეყანა ეკონომიკურად ვითარდება, წინ მიდის. შეიძლება ეს ჩვენს ოპონენტებს არ სიამოვნებთ, მაგრამ რეალობა ასეთია. ცხადია, ჯერ კიდევ რჩებიან ოჯახები, ვისაც ეკონომიურად უჭირთ, თანადგომა სჭირდებათ. მე როგორც დედაქალაქის მერმა, შემიძლია გითხრათ, რომ მუნიციპალიტეტს აქვს უამრავი სპეციალური პროგრამა. ვიდრე ასეთი ოჯახები არსებობენ, ჩვენ მათ ყოველთვის გვერდით დავუდგებით. ყველაფერი შედარებითია. გადავხედოთ წინა წლებს, შევადაროთ რამდენი გაჭირვებული ადამიანი იყო, ახლა რამდენია. იმის ილუზია არავის გვაქვს, რომ ქვეყანაში ყველაფერი საუკეთესოდ არის და გულზე ხელის ბჯენით ვთქვათ: აუ, რა მაგრები ვართო. ცხადია, ასე არაა და ჩვენ უფრო უკეთესი შედეგები და ქვეყნის მეტად ეკონომიკური წინსვლა გვინდა“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

„რვა ექიმს საქმიანობის უფლება ექვსი თვის ვადით შეეზღუდა…“ – რა ინფორმაციას ავრცელებს ჯანდაცვის სამინისტრო

ფსიქოტროპული მედიკამენტების არამართლზომიერად და ჭარბი ოდენობით გამოწერის გამო, ათ მედიკოსს პროფესიული პასუხისმგებლობა დაეკისრა, – ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.უწყების ცნობით, ერთ ექიმს საექიმო საქმიანობის სერტიფიკატი სამუდამოდ გაუუქმდა, რვა ექიმს საქმიანობის უფლება ექვსი თვის ვადით შეეზღუდა, ერთს კი წერილობითი გაფრთხილება მიეცა.„გამოვლენილი დარღვევების ცალკეული შემთხვევები, სამართლებრივი შეფასებისთვის საგამოძიებო უწყებებს გადაეცა.მედიკამენტების არამართლზომიერად გამოწერის შემთხვევები ჯანდაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოზე განიხილეს. საბჭოზე კრიტიკული ნაკლოვანებები და რისკები გამოვლინდა.დადგინდა, რომ ექიმების მიერ, ფსიქოტროპული მედიკამენტების რეცეპტების გაცემა ხდებოდა დასაბუთების, დიაგნოსტირებისა და პაციენტთან კონსულტაციის გარეშე. ასევე, ერთ პაციენტზე, ერთდროულად, გამოწერილი იყო სხვადასხვა დასახელების, ისეთი ძლიერმოქმედი ფსიქოტროპული მედიკამენტები, როგორიცაა: „ლირიკა“, „დიაზეპამი“ და „ბაკლოფენი“. ცალკეულ შემთხვევებში, ფსიქოტროპული მედიკამენტების რეცეპტს გასცემდა ექიმი, რომელსაც შესაბამისი ნებართვა არ ჰქონდა. ასევე, მედიკამენტი გაიცემოდა, დღიურ დოზასთან შედარებით, ორჯერ და სამჯერ დიდი დოზით.მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, განხორციელებული მონიტორინგისა და ანალიზის შედეგად გამოვლენილი დარღვევები საჭიროებს შესაბამის რეაგირებას, რომელიც განხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში. ამასთან, სამინისტრო მუშაობს ნორმატიული ბაზის განახლებაზე, რათა შემცირდეს მსგავსი რისკები და გაძლიერდეს კონტროლის მექანიზმები.საბჭოს წევრების განცხადებით, ფსიქოტროპული მედიკამენტების არამიზნობრივი გაცემის პრაქტიკის აღმოფხვრის პროცესში მნიშვნელოვანია ექიმების როლი, პროფესიული და ეთიკური სტანდარტების მკაცრი დაცვა“, – ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.

ომანში აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებები დაიწყო

ომანში აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებები დაიწყო.ირანის მხრიდან დელეგაციას ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი, აშშ-ის მხრიდან კი სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი ხელმძღვანელობენ.ირანული მედიის თანახმად, ირანი მოლაპარაკებებს იწყებს მკაფიო გეგმითა და განსაზღვრული ჩარჩოთი, სადაც ურანის გამდიდრებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დათმობა თანდათანობითი და დაბალანსებული იქნება. ირანის მხრიდან მომლაპარაკებლების ძირითადი აქცენტი ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნაზეა.აშშ ირანისგან ითხოვს ურანის გადმდიდრების შეზღუდვას, ბალისტიკური სარაკეტო პროგრამის შეზღუდვას და რეგიონული დაქვემდებარებული ძალების მხარდაჭერის შეწყვეტას.

ბოლო სიახლეები