ულტრამემარჯვენე ევროპელმა ლიდერებმა ბუდაპეშტში გამართულ აქციაზე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს მხარდაჭერა გამოუცხადეს. მათ უნგრეთი ევროპის მომავლისთვის ბრძოლის მთავარ ასპარეზად წარმოაჩინეს და ამომრჩევლებს მოუწოდეს, რომ 12 აპრილის საპარლამენტო არჩევნებში ორბანის გუნდს მისცენ ხმა.
უნგრეთის დედაქალაქში გამართულ შეკრებაზე ორბანს მხარდაჭერა გამოუცხადეს ევროსკეპტიკოსების ჯგუფის, „პატრიოტები ევროპისთვის“, ისეთმა ფიგურებმა, როგორებიც არიან მარინ ლე პენი, მატეო სალვინი, ანდრეი ბაბიში და სხვები. მათ შორის იყო პოლონელი დეპუტატი, კშიშტოფ ბოსაკიც.
საფრანგეთის „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერმა, მარინ ლე პენმა ორბანს „შორსმჭვრეტელი ლიდერი და გზამკვლევი“ უწოდა და აქციის მონაწილეებს მიმართა: „თქვენ, უნგრელი ამომრჩევლები, 12 აპრილს ასევე გზამკვლევები იქნებით“.
„ვიქტორ, შენი გამბედაობა მომდინარეობს რწმენიდან, რომ შენი ერის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებ, – თქვა მან, – ერისადმი შენი ურყევი ერთგულება გაძლევს ძალას, რომ ზეწოლასა და შანტაჟს გაუძლო და შეეწინააღმდეგო“.
იტალიის ვიცე-პრემიერმა, მატეო სალვინიმ უნგრულ ენაზე წარმოთქვა, რომ „ვიქტორ ორბანი ნამდვილი გმირია“.
პოლონეთის პარლამენტის ქვედა პალატის ვიცე-სპიკერმა, ბოსაკმა აღნიშნა: „წლების განმავლობაში გვეუბნებოდნენ, რომ უნგრეთი, პოლონეთი და რეგიონის სხვა ქვეყნები გლობალისტებს უნდა დაემორჩილონ“.
„დღეს ვითარება განსხვავებულია, ევროპას ჩვენი საღი აზრი სჭირდება, – განაცხადა მან, – გლობალისტები ევროპელების უსაფრთხოებას, კეთილდღეობასა და იდენტობას ანადგურებენ“.
ნიდერლანდელმა ულტრამემარჯვენე ლიდერმა, გერტ ვილდერსმა, აქციაზე გამოსვლისას, ხაზი გაუსვა, რომ მისთვის „პატივია, მხარი დაუჭიროს შესანიშნავ ლიდერსა და ძვირფას მეგობარს, ვიქტორ ორბანს“, ბოლოს კი შეკრებილ საზოგადოებას მიმართა: „თქვენი პრემიერ-მინისტრი ჰგავს ლომს, ცხვრების მიერ მართულ კონტინენტზე“.
ესპანური პარტია „ვოქსის“-ის ლიდერის, სანტიაგო აბასკალის თქმით, ორბანმა დაამტკიცა, „რომ ყველაფერი შესაძლებელია“ და უნგრელებს მოუწოდა, „ბრიუსელის მარიონეტებს“ არ მისცენ იმის წართმევის უფლება, რასაც უკვე მიაღწიეს.
ღონისძიების დასასრულს, ორბანმა განაცხადა, რომ პატრიოტები „ბრიუსელის აღებას და მის გარდაქმნას“ აპირებენ.
„ჩვენ გვინდა კავშირი, რომელიც სუვერენული ერების ალიანსი იქნება. ჩვენ არ გვინდა ფედერაცია, არ გვინდა „უფრო მჭიდრო კავშირი“. ჩვენ გვინდა სუვერენული, ამაყი ევროპელი ერები“, – აღნიშნა მან.
„ისინი, ვისაც დღეს აქ ხედავთ, სამ წელიწადში ევროკავშირის ლიდერები იქნებიან. ბრიუსელის ლიბერალური ელიტა სუსტდება, მაშინ როცა ევროპელი პატრიოტები ძლიერდებიან“, – დასძინა ორბანმა.
ჯგუფს „პატრიოტები ევროპისთვის“, რომელიც 2024 წელს შეიქმნა, ევროპარლამენტში ამჟამად 84 დეპუტატი ჰყავს.
წყარო: პოლონეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო PAP (Polska Agencja Prasowa)

