საინფორმაციო სააგენტო „უკრაინული ახალი ამბების“ ჟურნალისტებმა გენერალურ პროკურატურაში, უსაფრთხოების სამსახურსა და შინაგან საქმეთა სამინისტროში უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელის, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ განცხადება შეიტანეს. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.
საინფორმაციო სააგენტოს დირექტორი ოლეგ დეინეკა და საინფორმაციო პროდიუსერი ვალერი ტოვმაჩი მიხეილ სააკაშვილს მკვლელობის მცდელობის სამზადისის შესახებ ინფორმაციის დამალვასა და უცხოურ აგენტურასთან თანამშრომლობაში ადანაშაულებენ.
„ჩვენი გადაწყვეტილება ეს განცხადება უკრაინის სამართალდამცველ ორგანოებში მის შეტანამდე გამოქვეყნების თაობაზე ჩვენ მიმართ ნებისმიერი უკანონო ქმედების განხორციელების გაფრთხილების მიზნით გაკეთდა, კერძოდ, ქართველი ჟურნალისტი გიორგი გაბუნიას მკვლელობის მცდელობის შემკვეთების, ორგანიზატორებისა და შემსრულებლების მხრიდან. გიორგი გაბუნიას, როგორც საქართველოს მომავალი პოლიტიკური მოღვაწის გაპიარებაში ჩვენ ძალაუნებურად ჩაგვრთეს. ეს ძალები მიზნად ისახავენ საქართველოში სიტუაციის დესტაბილიზაციას, ასევე პროვოკაციებსა და არეულობას“, – განაცხადა საინფორმაციო სააგენტო „უკრაინული ახალი ამბების“ დირექტორმა, ოლეგ დეინეკამ.
ჟურნალისტებმა ასევე განაცხადეს, რომ მიმდინარე წლის მარტში მათ დაუკავშირდა პირი, რომელმაც ჟურნალისტ ელისო კილაძესთან დაკავშირება სთხოვა. მოგვიანებით მათ შეიტყვეს, რომ ელისო კილაძე არა ერთხელ იყო უკრაინაში, სადაც მიხეილ სააკაშვილს ხვდებოდა. ერთ-ერთმა წყარომ ასევე დაადასტურა ელისო კილაძის მიხეილ სააკაშვილთან თანამშრომლობისა და რეგულარული ფინანსური ანაზღაურების მიღების ფაქტი. როგორც ჟურნალისტები ამბობენ, ჩაფიქრებული იყო ჟურნალისტების საერთაშორისო გუნდის შექმნა ფართომასშტაბური საერთაშორისო PR-კამპანიისთვის, რომლის მიზანი გიორგი გაბუნიას, როგორც ოპოზიციის ახალი ფორმაციის მომავალ ლიდერად წარმოჩენა იყო.
უკრაინელი ჟურნალისტების განცხადებით, გიორგი გაბუნიას მკვლელობის მცდელობის შესახებ ინფორმაცია წინასწარ ჰქონდათ მიხეილ სააკაშვილს და ზურაბ ადეიშვილს, ამ ამბის გამოყენებას კი პოლიტიკური მიზნებისთვის აპირებდნენ.
„ინტერნეტში გამოქვეყნებული ვიდეოებიდან გავიგეთ, რომ ელისო კილაძე რამდენჯერმე იყო ნამყოფი უკრაინის მთავარ აეროპორტში – ბორისპოლში, სადაც მას მიხეილ სააკაშვილის პირადი დაცვა ხვდებოდა“, – განაცხადეს ჟურნალისტებმა პრესკონფერენციაზე, რომელზეც შესაბამისი ვიდეომასალაც წარადგინეს.
სააგენტო „უკრაინული ახალი ამბების“ დირექტორის, ოლეგ დეინეკას განცხადებით, არსებობს აუდიოჩანაწერები მიხეილ სააკაშვილსა და ზურაბ ადეიშვილს შორის, სადაც ისინი გიორგი გაბუნიას შესახებ საუბრობენ.
„ჩვენმა ერთ-ერთმა წყარომ დაგვიდასტურა კილაძისა და სააკაშვილის ფინანსური თანამშრომლობის ფაქტი, კერძოდ მისი რეგულარული ავიარეისების გადახდის სახით და ასევე ჯილდოს სახით, რომელსაც იგი თითქოს დამოუკიდებელ ჟურნალისტს უხდიდა“, – აცხადებს ოლეგ დეინეკა.