პარასკევი, იანვარი 10, 2025

უკრაინაში სამედიცინო კანაფისგან დამზადებული პირველი პრეპარატი დაარეგისტრირეს

სამედიცინო კანაფისგან დამზადებული პირველი მედიკამენტი უკრაინაში ოფიციალურად დარეგისტრირდა.

ამის შესახებ საქველმოქმედო ფონდი „უკრაინის პაციენტები” იტყობინება.

„ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც უკრაინამ სამედიცინო კანაფის ლეგალიზების შესახებ კანონი მიიღო. ამ ხნის განმავლობაში, უკრაინის საკანონმდებლო სისტემა კანაფისგან დამზადებული მედიკამენტების ლეგალიზებისთვის მოემზადა. აქტიური ფარმაცევტული ინგრედიენტი (API) პირველმა მწარმოებელმა უკვე დაარეგისტრირა. ასე რომ, პირველი მედიკამენტები აფთიაქებში მალე გამოჩნდება“, – ამბობს დეპუტატი, ოლგა სტეფანიშინა.

კანაფის პერორალური წვეთების გარდა, აფთიაქებში მალე შესაძლებელი იქნება მყარი კაფსულების, კბილის პასტებისა და გელების შეძენა. ჯანდაცვის სამინისტრომ მედიკამენტების ჩამონათვალი და ფორმები 2024 წელს დაამტკიცა.

გარდა ამისა, დამტკიცდა იმ დაავადებებისა და პირობების ჩამონათვალი, რომლის ფარგლებშიც ექიმებს უფლება ექნებათ, პაციენტებს სამედიცინო კანაფით მკურნალობა დაუნიშნონ.

პრეპარატი ხელმისაწვდომი იქნება ქრონიკული ტკივილის, პარკინსონის დაავადების, ქიმიოთერაპიით გამოწვეული გულისრევის, ტურეტის სინდრომის, წამლებისადმი რეზისტენტული ეპილეფსიის, ბავშვებში კრუნჩხვების გამომწვევი დაავადებების და შიდსით გამოწვეული ანორექსიის მქონე პაციენტებისთვის.

აფთიაქებში მედიკამენტების გაცემა მოხდება ექიმის მიერ პაციენტის სახელზე გაცემული ელექტრონული რეცეპტის საფუძველზე. აფთიაქებს, რომლებიც მედიკამენტებს დაამზადებენ, უნდა ჰქონდეთ სამი ლიცენზია: საცალო ვაჭრობის, მედიკამენტების წარმოების და ნარკოტიკული ნივთიერებების მიმოქცევის.

უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს შეფასებით, სამედიცინო კანაფის შემცველი მედიკამენტები 6 მილიონ პაციენტს ესაჭიროება.

კანონი სამედიცინო კანაფის გამოყენების ნებართვის შესახებ

2023 წლის 21 დეკემბერს, უკრაინის უმაღლესმა რადამ, მეორე მოსმენით, მიიღო კანონპროექტი სამედიცინო კანაფის ლეგალიზაციის შესახებ. გადაწყვეტილებას 248-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. დოკუმენტი არეგულირებს კანაფის მოხმარებას მხოლოდ სამედიცინო, სამრეწველო და სამეცნიერო მიზნებისთვის. რეკრეაციული გამოყენებისთვის მარიხუანას გავრცელება კვლავაც დანაშაულად მიიჩნევა და ასეთ შემთხვევებს პოლიცია კანონის შესაბამისად გამოიძიებს.

2024 წლის 15 თებერვალს კანონს ხელი მოაწერა უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ. ის ძალაში 16 აგვისტოს შევიდა.

უკრაინაში სამედიცინო კანაფის კულტივირების უზრუნველსაყოფად, შემუშავებულია ლიცენზირების პირობები. გარდა ამისა, სამედიცინო კანაფის მიმოქცევის მთელი ჯაჭვი, იმპორტირებიდან ან კულტივირებიდან აფთიაქში პაციენტზე გაცემამდე, ლიცენზირების კონტროლს დაექვემდებარება. კულტივირებისთვის გათვალისწინებულია მცენარის თესლის შეძენის პროცედურაც.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ცნობილია კაცის ვინაობა, რომლის ცხედარი 4 თვიანი ძებნის შემდეგ სასაფლაოზე იპოვეს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში, 39 წლის მურთაზ რუსტამოვის ცხედარი სასაფლაოზე 4 თვიანი ძებნის შემდეგ იპოვეს. გარდაცვლილის ახლობლების თქმით, ცხედარს კიდურები მოკვეთილი ჰქონდა. ადგილობრივების თქმით, რამდენიმე დღის წინ ჯერ კაცის ტელეფონი და პირადობის მოწმობა აღმოაჩინეს, ხოლო მოგვიანებით მისი ცხედარი. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

ზურაბ ქადაგიძე: ოცნების მთავარი დაპირება, რომ აუცილებლად მოხდებოდა რეჟიმის გასამართლება, დღეიდან იწყება – მილიონობით მოქალაქე ელოდება, ქართულ “ნიურნბერგის” პროცესს

„ნაციონალური მოძრაობა, როგორც ბოროტების სათავე, უნდა ამოიძირკვოს ქართული რეალობიდან და დამსახურებული ადგილი მიეჩინოს, ისტორიულ სანაგვეზე!“ - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე. "ენჯეოკრატია", რომელმაც სამოქალაქო საზოგადოების სახელით გადააგვარა სამოქალაქო საზოგადოება; ფსევდო-სუვერენიტეტი, როდესაც საგარეო თუ საშინაო პოლიტიკა უცხო ქვეყნის ელჩებითა და საერთაშორისო აქტორებით ხორციელდებოდა; მედია-პლურალიზმის სახელით დამკვიდრებული - ლიბერალური ცენზურა; პატრიოტიზმით შეფუთული, ოკუპაციის ხელშეწყობა, საკუთარ ჯარისკაცებზე ომის დანაშაულების დაბრალება; ეკონომიკის სტიმულირებით შელამაზებული, სტრატეგიული ობიექტებისა და სახელმწიფო ქონების გადაცემა ოკუპანტ ქვეყანაზე; მონოპოლიზებული ბიზნესები და რეგულაციების გაუქმება; ჰუმანიზმის სახელით დამკვიდრებული ლიბერალური ფაშიზმი; ეს მცირე ჩამონათვალია იმ ბოროტი მემკვიდრეობისა, რაც ნაციონალურმა მოძრაობამ 2012 წელს დატოვა. ოცნების მთავარი დაპირება, რომ აუცილებლად მოხდებოდა რეჟიმის გასამართლება, დღეიდან იწყება და მილიონობით მოქალაქე ელოდება ქართულ "ნიურნბერგის" პროცესს, რომელსაც სამართლებრივი და პოლიტიკური შეფასებები მოჰყვება. ნაციონალური მოძრაობა, როგორც ბოროტების სათავე, უნდა ამოიძირკვოს ქართული რეალობიდან და დამსახურებული ადგილი მიეჩინოს ისტორიულ სანაგვეზე!“ - წერს ზურაბ ქადაგიძე.

ჯორჯია მელონი აცხადებს, რომ ილონ მასკი არ წარმოადგენს საფრთხეს დემოკრატიისთვის

იტალიის პრემიერ-მინისტრის, ჯორჯია მელონის განცხადებით, ილონ მასკი არ წარმოადგენს საფრთხეს დემოკრატიისთვის. მელონის თქმით, ჯორჯ სოროსი არის ის, ვინც ერევა სხვა ქვეყნების პოლიტიკაში. „პრობლემა არის მაშინ, როცა მდიდარი ადამიანები იყენებენ რესურსებს პარტიების, ასოციაციებისა და პოლიტიკოსების დასაფინანსებლად მთელ მსოფლიოში, რათა გავლენა მოახდინონ ეროვნული სახელმწიფოების პოლიტიკურ არჩევანზე, მაგალითად, რასაც აკეთებს ჯორჯ სოროსი“, – განაცხადა ჯორჯია მელონიმ. იტალიის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მისი აზრით, სწორედ ეს არის ჩარევა სახელმწიფოების საქმეებში და მათ სუვერენიტეტში. „პრობლემა არის ის, რომ ილონ მასკი გავლენიანი და მდიდარია, თუ ის, რომ არ არის მემარცხენე?“,- აღნიშნა მელონიმ ჟურნალისტებთან საუბრისას. ცნობისთვის, ევროპელი ლიდერების ნაწილი ილონ მასკს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტებით შიდა პოლიტიკაში ჩარევასა და ტრანსატლანტიკური კავშირების გაუარესებაში ადანაშაულებენ.

ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ახალი ინფორმაცია ვრცელდება

„ნაპოლის“ ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია „პარი სენ-ჟერმენში“ გადასვლას დათანხმდა, ფრანგები აჩქარებენ და ტრანსფერის შაბათ-კვირისთვის დასრულება სურთ, – ინფორმაციას AreaNapoli ავრცელებს. „ხვიჩა კვარაცხელია და „ნაპოლი“, შესაძლოა, ერთმანეთს რამდენიმე დღეში დაემშვიდობონ, სიახლე სულ უფრო და უფრო სანდო ხდება. იყო კონტაქტი პსჟ-სთან, მაგრამ გარიგება მხოლოდ ნეაპოლელთა პირობებით გაფორმდება – 80 მილიონი ევრო. ამასობაში, ფეხბურთელმა ფრანგებს თანხმობა პირადად განუცხადა. ქართველის დამატება პარიზელებს გასულ ზაფხულსაც სურდათ. ეიფელის კოშკის ჩრდილში ის ბევრად მეტს გამოიმუშავებს და ევროპის ერთ-ერთ ტოპ-კლუბშიც ჩაირიცხება. ჩვენი ინფორმაციით, პარიზელებს, სურთ გარიგების შაბათ-კვირისთვის დასრულება, რათა ქართველი უკვე მომავალ კვირას ჩემპიონთა ლიგის გადამწყვეტ მატჩებში დაეხმაროს. გარიგება, შეიძლება, დასრულდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფრანგები „ნაპოლის“ მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ და 80 მილიონ ევროს გადაიხდიან“.

ილჰამ ალიევი ირაკლი კობახიძეს საბერიოში მომხდარი ტრაგედიის გამო სამძიმარს უცხადებს

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარი ტრაგედიის გამო სამძიმარს უცხადებს. „ბატონო პრემიერ-მინისტრო, ღრმად დამწუხრებული ვართ გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარი ხანძრის შედეგად ხუთი ბავშვის დაღუპვის გამო. მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით ვიზიარებ თქვენს მწუხარებას და პირადად ჩემი და აზერბაიჯანელი ხალხის სახელით გულწრფელად გისამძიმრებთ პირადად თქვენ, გარდაცვლილი ბავშვების ოჯახს, ახლობლებსა და მთელს ქართველ ხალხს“,- აღნიშნავს ილჰამ ალიევი.

ბოლო სიახლეები