შაბათი, დეკემბერი 13, 2025

ტყიბულში ვცხოვრობდით “დღესვე უნდა გნახო, იცოდე… ” – ალექსანდრე ბასილაიას “ზღაპარი სიყვარულისა”

“მეგონა, სადღაც, აქვეა გასული და მალე დაბრუნდება-თქო, მაგრამ ამ მოლოდინში უკვე ამდენი წელიწადი გავიდა. მაინც სულ ველოდები და… ისიც მოდის, მაგრამ – მხოლოდ სიზმარში. ყოველ ღამით მოდის. წუხელაც დამესიზმრა: ზუსტად ისეთი იყო, როგორც მაშინ, ერთად რომ ვიყავით”
დაჰპირდა, ცხოვრებაში არასდროს მიგატოვებო, მაგრამ მაინც გატეხა სიტყვა. თურმე, ოქროს ქორწილის აღნიშვნას აპირებდნენ – 50 წელიწადს იცხოვრეს ერთად. მისი გარდაცვალების შემდეგ ძალიან ღრმა დეპრესია დაეწყო. მერე, ნელ-ნელა ცოტათი გამოვიდა მდგომარეობიდან… სევდა ოდნავ მაინც

რომ შემსუბუქებოდა, ბავშვობის გახსენება ვთხოვე, მაგრამ ბავშვობაც, თურმე, “მასთან” ერთად იწყებოდა. ასე აღმოვჩნდი მხოლოდ წარსულისა და გასაოცარი, უსასრულო სიყვარულის პირისპირ, სიყვარულს კი ალექსანდრე (ბუთხუზი) ბასილაია და მისი მეუღლე – ლუიზა კობალაძე ჰქვია.
“იყო და არა იყო რა, რა იქნებოდა, ნეტავ, რაო? შეყვარებულთა ქუჩაზე უცებ რომ 

გამოედარაო”…

ლუიზა კობალაძე:

– ტყიბულში ვცხოვრობდით მეც და ბუთხუზიც. ის ჩემი 3 წლით უმცროსი დის თანაკლასელი იყო – მაღალი, წარმოსადეგი, ხუჭუჭთმიანი ბიჭი. სკოლის ანსამბლში უკრავდა და კონცერტებზე სხვებსაც უკეთებდა აკომპანემენტს. ყოველთვის დიდივით იქცეოდა, “ბიჭუშკა” არასდროს ყოფილა. სიყვარული 14 წლისამ ამიხსნა – თავისი ამხანაგი გამომიგზავნა ამის სათქმელად. პასპორტი რომ აიღო, კიდევ გამომიგზავნა ამხანაგი, პასპორტიც გამოატანა და შემომითვალა: ხელი მოვაწეროთ, მერე, მშობლებმა რომ არ ნახონ, პასპორტიდან ფურცელს ამოვხევ, მე კი მეცოდინება, რომ ლუიზა ჩემიაო.

თვითონ ზედა უბანში ცხოვრობდა, მის ზემოთ ცხოვრობდა ჩემი მეგობარი ტაია, რომელიც დილაობით ჩამომივლიდა ხოლმე და სკოლაში ერთად მივდიოდით. ბუთხუზმა ეს იცოდა და როგორც კი ჩემი მეგობარი ჩამოსცდებოდა მის სახლს, ესეც ნელ-ნელა უკან მოჰყვებოდა – ასე გვაცილებდა სკოლამდე. რამდენჯერ მეგობრებთან ერთად მჯდარა, მე ჩამივლია და ზედაც არ შემიხედავს. თურმე, ცრემლი წამოუვიდოდა ხოლმე ამ დროს და მისი მეგობრები ბრაზობდნენ: მაგას ვუჩვენებთ სეირსო. იმხანად ბუთხუზის საქციელზე მეცინებოდა, მაგრამ იმდენი ქნა, ვერც კი მივხვდი, როგორ შემომეპარა სიყვარული. მერე და მერე ხშირად მოდიოდა ჩვენთან, შინ. ვისხედით და ბუთხუზი ჩუმად მწერდა სასიყვარულო წერილებს, მეც წერილობით ვპასუხობდი – მოკლედ, ვმესიჯობდით, მამაჩემი კი ვერაფერს ხვდებოდა. სკოლის დამთავრების შემდეგ ყოფილ პუშკინის პედაგოგიურ ინსტიტუტში ჩავირიცხე და თბილისში ბინაც ვიქირავე. ბუთხუზის ოჯახი მანამდე გადმოვიდა საცხოვრებლად თბილისში, თვითონ ჯერ ტექნიკუმში მოეწყო, შემდეგ – კონსერვატორიაში.

პირველკურსელი ვიყავი, ჩუმად რომ მოვაწერეთ ხელი – მართალია, ბუთხუზი არასრულწლოვანი იყო, მაგრამ მმაჩის ბიუროში “ჩავაწყვეთ”. ის მაინც თავის ოჯახში ცხოვრობდა, თუმცა ყოველდღიურად ერთად ვიყავით. სამი თვის ფეხმძიმე რომ გავხდი, ბუთხუზმა დედამისს წერილი დაუტოვა და საცხოვრებლად ჩემთან გადმოვიდა. პატარა ჩემოდნით მოიტანა ორ-ორი კოვზი, დანა, ჩანგალი და კიდევ რამდენიმე საჭირო ნივთი. ერთ პატარა ოთახში საწოლიც ერთი გვედგა, მაგიდაც და სკამიც.

ორ დღეში მთელი სამეგრელო თბილისში ჩამოვიდა და იოლად მოგვძებნეს. დედამისს ძალიან არ უნდოდა ჩემი რძლობა, ფიქრობდა, ბუთხუზს მომავალი აღარ ექნება და დაიღუპებაო. ბიძამისმა აბორტის გაკეთებაც მომთხოვა. მამაჩემიც ჩამოვიდა თბილისში და ბასილაიებმა დაიბარეს. მამაჩემი აბორტის სასტიკი წინააღმდეგი წავიდა და ბუთხუზის ოჯახს გამოუცხადა, ჩემს შვილსაც და შვილიშვილსაც თვითონ მოვუვლიო. ამის შემდეგ ბუთხუზმა მითხრა, დედაჩემი ძალიან ცუდად არის, ფოთში უნდა წავიდე, მაგრამ 10 დღეში ჩამოვალო. ჩემთან ჩემი მშობლები და და დარჩნენ.

– დარწმუნებული იყავით, რომ დაბრუნდებოდა?

– ძალიან ცუდად ვიყავი. არ ვიცი, რას ვფიქრობდი… მეათე დღეს ფანჯარასთან დავდექი, ჩაფიქრებული და… უცებ ბუთხუზმა შემოაღო ჭიშკარი. შემოსვლისთანავე მუხლებზე დაიჩოქა, – ცხოვრებაში არასდროს მიგატოვებო, – შემომფიცა და..დარჩა. ანრი 6 თვის იყო, ბებიამ პირველად რომ ნახა. მერე შემირიგდა კიდეც. ბუთხუზმა კი სწავლაც შეძლო და მუშაობაც. პირველი სიმღერა – “სიყვარულის ზღაპარი” ჩვენს ერთოთახიან ბინაში დაწერა… ხანდახან აზრი მეკარგება ხოლმე… მერე შეიქმნა “ივერია”. ვაწყობდით კონცერტებს, ვმღეროდით, ბუთხუზი სიმღერებს წერდა… ჩემთვისაც ბევრი სიმღერა დაწერა, თუმცა არასდროს მეუბნებოდა, შენ გიძღვნიო, მაგრამ, რომ მომასმენინებდა და მეტყოდა, ჩვენ უნდა ვიმღეროთო, ვიცოდი, ჩემთვის იყო დაწერილი. მასმენინებდა და თან ორივენი ვტიროდით…

მახსოვს, მორის ფოცხიშვილმა თავისი საღამოს შემდეგ ბუთხუზს აჩუქა წიგნი, რომლის უკან ეწერა: “მერე ყველაფერი ნელდება. მერე ყველაფერი ძნელდება. ვნება მდუმარებით დუნდება”…როგორც კი ბუთხუზმა ტექსტი წაიკითხა, იმ წამს როიალს მიუჯდა და რაღაც მელოდია დაუკრა, მერე მეც დამიძახა და წამში შექმნა არაჩვეულებრივი მუსიკა, რომელსაც ტექსტი არ ჰქონდა. მეორე დღესვე მიაკითხა ფოცხიშვილს და ასე დაიწერა: “დღესვე უნდა გნახო, იცოდე, უნდა განმიახლო სიცოცხლე…” ამას მოჰყვა საოცარი სიმღერები, მიუზიკლები, გასტროლები, წარმატება და ყველგან ერთად ვიყავით – მე და ბუთხუზი. 

“უცებ რომ გამოედარა, სულსაც დავთმობდი, სულს…”

– ხალხს ძალიან უყვარდა ბუთხუზი, გამორჩეულად უყვარდა და ამას დღესაც ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვგრძნობ. ბოლოს სულ ამ სკამზე იჯდა, სამზარეულოში ან, თუ უგუნებოდ დაბრუნდებოდა შინ, აივანზე ჩამოჯდებოდა ხოლმე. ვერც ვუყურებ იმ ადგილს. უკვე მეშვიდედ აყვავდა ყველაფერი და ის კი აღარ არის… მის გარეშე ძალიან მიჭირს.

– ნუთუ, არ შეიძლებოდა მისი გადარჩენა?
– შეიძლებოდა… გერმანელმა ექიმებმაც შეცდომები დაუშვეს და ქართველებმაც. აღარ მინდა ამაზე ლაპარაკი. ისე იტანჯებოდა ტკივილისგან, სულ ცრემლი სდიოდა. ყოველთვის ვამბობდი, რომ მის გარეშე ვერ ვიცოცხლებდი. ვუმეორებდი, ძალიან მინდა, ჯერ მე მოვკვდე-მეთქი, ის კი მეხუმრებოდა: რად გინდა, პირველი მოკვდე? მე რომ მოვკვდები, პანთეონში დამასაფლავებენ, მერე კი შენც ჩემ გვერდით აღმოჩნდები, პირიქით კი არასდროს მოხდება – შენ პანთეონში არავინ დაგასაფლავებსო. ვბრაზობდი: პანთეონი რად მინდა, უშენოდ ვერ გავძლებ-მეთქი. მეგონა, მისი სიკვდილის შემდეგ გული გამისკდებოდა, მაგრამ დღემდე ცოცხალი ვარ… ხერხემალზე რომ მეტასტაზები ჰქონდა, ვუმალავდით. გერმანიაში მე არ წამიყოლა, ჩვენი შვილიშვილი, ტუსია წაჰყვა და ერთ თვეს მასთან, პალატაში ცხოვრობდა. ბუთხუზს იქ უთხრეს ექიმებმა, კიბო გაქვს და მეტასტაზებიც წასულიაო. ტუსია გაგიჟებულა, მაგრამ ვერავის გააგებინა, რატომ არ უნდა ეთქვათ ავადმყოფისთვის სიმართლე… თითქოს ოპერაციის შემდეგ უკეთ გახდა, ფეხზეც გაიარა, აქაც ჩამოვიდა, საჩუქარიც კი ჩამომიტანა – ვერცხლის სამაჯური. მაგრამ ისიც უკანასკნელი აღმოჩნდა… ნიცაში წასვლა აიჩემა და იქ წასვლამ მდგომარეობა კვლავ დაუმძიმა. უკანასკნელად რომ მიდიოდა გერმანიაში, “კლეტჩატ საროჩკაში” ლამაზად გამოეწყო, პატარა ჩემოდანი ჩაალაგა, – მაინც მალე უნდა დავბრუნდეო, – და გაემგზავრა, მაგრამ… ძალიან განვიცდი, უკანასკნელ წუთებში მის გვერდით რომ არ ვიყავი. ნატაშამ რომ დამირეკა, – მორჩა, ბუთხუზი აღარ არისო, – წარმოგიდგენიათ? – არ გამისკდა გული! აქ რომ ჩამოასვენეს, არც მაშინ გამისკდა გული – ვერ დავიჯერე, რომ ცოცხალი აღარ იყო. 

“დრო რა უეცრად გავიდა, რა უცებ გაიპარაო”

– მეგონა, სადღაც, აქვეა გასული და მალე დაბრუნდება-თქო, მაგრამ ამ მოლოდინში უკვე 7 წელიწადი გავიდა. მაინც სულ ველოდები და… ისიც მოდის, მაგრამ – მხოლოდ სიზმარში. ყოველ ღამით მოდის. წუხელაც დამესიზმრა: ზუსტად ისეთი იყო, როგორც მაშინ, ერთად რომ ვიყავით – კოხტად ჩაცმული, კოსტიუმში, ცოტათი ნასვამი… ასე მოდის ხოლმე, მიხარია, ველაპარაკები, მაგრამ არასდროს რჩება… ყოველთვის მიდის…
საღამოობით, აქ რომ ვისხედით ხოლმე, ათას რამეზე ვსაუბრობდით, ჩემს დამახინჯებულ ქართულ მეტყველებაზე ხომ სულ დამცინოდა… სიბერეში ძნელი ყოფილა მარტო დარჩენა…

– უმისოდ ცხოვრებას ოდნავადაც ვერ მიეჩვიეთ?

– მივეჩვიე, ამას თუ მიჩვევა ჰქვია. უკვე ოთხი შვილთაშვილი მყავს: ილუშა, ნია, თეოდორე და ალი. მათთან დიდ დროს ვატარებ. ბავშვებს რომ ვხედავ, აღარც წნევა მახსოვს და არც, ზოგადად, ცუდად ყოფნა. იცით, ოთხივე რა კარგად მღერის? ყველაზე პატარას, წლისა და 9 თვის ალის განსაკუთრებულად “არგო” უყვარს და არაჩვეულებრივადაც ასრულებს. სიმღერის ბოლოს დააყოლებს ხოლმე: ნანაი, ნანაი, ნა… ნანაი, ნანაი, ნაო… საყვარელი ბავშვია, მაგრამ… ბუთხუზის გარეშე მაინც ძალიან მიჭირს. ის ჩემთვის სიმაგრე იყო. ძალიან მიყვარს და მენატრება… “ახლა მენატრება შენი ხმა, ახლა უნდა გითხრა: ჩემი ხარ!” რომ ამბობენ: დრო ყველაფრის მკურნალიაო, – არ არის მართალი. რა ვქნა? მე ვერ განვიკურნე.

ირმა ხარშილაძე

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირაკლი მაქაცარია და ლიზა ჩიჩუა მესამე შვილს ელოდებიან – კადრები სქესის გაგების ცერემონიიდან

ტელეწამყვანი ირაკლი მაქაცარია და მისი მეუღლე, ლიზა ჩიჩუა, მესამე შვილს, გოგონას ელოდებიან.სქესის გაგების ცერემონიიდან კადრებს ლიზა სოციალურ ქსელში აქვეყნებს.წყვილმა 2022 წელს იქორწინა, მათ ორი შვილი, გიორგი და ნინა ჰყავთ.

თოვლის გამო მოძრაობა აიკრძალა! – ინფორმაცია მძღოლებისთვის

თოვის გამო, გუდაური (ფოსტა) -კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.ამის შესახებ ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.„თოვის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ93-კმ107 მონაკვეთზე (გუდაური(ფოსტა)-კობი), დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანტონიუ კოშტა – ევროკავშირის ლიდერებმა ოქტომბერში აიღეს ვალდებულება, რომ რუსული აქტივები გაყინული იქნებოდა, ვიდრე რუსეთი არ დაასრულებს ომს და არ აანაზღაურებს ზიანს, დღეს შევასრულეთ...

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიუ კოშტა ეხმაურება ევროკავშირის გადაწყვეტილებას რუსული აქტივების უვადოდ გაყინვასთან დაკავშირებით.„ოქტომბერში ევროკავშირის საბჭოს სხდომაზე ევროკავშირის ლიდერებმა აიღეს ვალდებულება, რომ რუსული აქტივები გაყინული იქნებოდა, ვიდრე რუსეთი არ დაასრულებს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულ ომს და არ აანაზღაურებს მიყენებულ ზიანს. დღეს ჩვენ შევასრულეთ ეს ვალდებულება“, – წერს კოშტა სოციალურ ქსელში.კოშტას თქმით, შემდეგი ნაბიჯი უკრაინის ფინანსური საჭიროებების უზრუნველყოფაა 2026-2027 წლებისთვის.ცნობისთვის, ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება რუსული აქტივების უვადოდ გაყინვის შესახებ, ვიდრე რუსეთი სრულად არ გადაიხდის რეპარაციებს უკრაინისთვის მიყენებული ზიანისთვის. მედიის ინფორმაციით, გადაწყვეტილება 25 ხმით მიიღეს, ორმა ქვეყანამ ამ ინიციატივას მხარი არ დაუჭირა. მანამდე უნგრეთისა და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრებმა განაცხადეს, რომ აღნიშნულ იდეას არ ეთანხმებიან.

მარიამ ქვირივიშვილი – ჩვენი მოტივაციაა ენერგეტიკის სექტორის ხელშეწყობა, აქედან გამომდინარეობს მილიარდი ლარის ჯარიმის პატიება, თუმცა ეს არ მოხდა უპირობოდ, ვალდებულება თუ დაირღვევა, ჯარიმა სრულად...

ენერგეტიკა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის გამორჩეულად პრიორიტეტულ სექტორს წარმოადგენს. ენერგეტიკას, გარდა იმისა, რომ აქვს უდიდესი შესაძლებლობა, მოიზიდოს დამატებითი ინვესტიციები, ყველაზე დიდი ღირებულებას აქვს ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისა და ენერგოუსაფრთხოების კუთხით, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.ქვრივიშვილს გადაცემის წამყვანმა კითხვა დაუსვა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც, ყველა ენერგოკომპანიას, რომელიც ჩართულია განახლებადი ენერგიის პროექტების განვითარებაში, კონკრეტული დათქმით ჩამოეწერება ჯარიმები, რომლის მოცულობა მილიარდი ლარია. ჟურნალისტმა მარიამ ქვრივიშვილს მიმართა, რა სტიმულს მისცემს ამ ტიპის ინიციატივა მთლიანად სისტემას, რაზეც ქვრივიშვილმა განაცხადა:„ბოლო თვეების განმავლობაში დიდი ყურადღება დავუთმეთ და ძალიან დიდი ძალისხმევა გავწიეთ, რომ უშუალოდ ჩვენსავე სამინისტროში გაგვეკეთებინა ძირეული რეფორმა, ისევე როგორც ყველა უწყებაში ენერგეტიკის ოპტიმიზაცია. დღეს ჩვენ უკვე შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 349 მილიონი ლარის ოპტიმიზაცია მოხდა უშუალოდ ჩვენს სამინისტროში შემავალ უწყებებში გატარებული ღონისძიებებით, რეორგანიზაციით. მათ შორის მიმდინარე პროექტების ოპტიმიზაციით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ოპტიმიზაციის შედეგად ყოველწლიურად დაახლოებით 25 მილიონი ლარის დანაზოგი აქვს ბიუჯეტს, რაც მეტწილად განპირობებულია საკადრო ოპტიმიზაციით. ამავდროულად, მნიშვნელოვანია, რომ დაზოგილი თანხა სრულად მოხმარდება ამავე უწყებების და უშუალოდ ენერგეტიკის სექტორების გაძლიერებას. მეორე მხრივ, ჩვენ საკმაოდ დიდი დრო დავუთმეთ კერძო სექტორთან, მეწარმეებთან, ბიზნესის წარმომადგენლებთან, საერთაშორისო თუ შიდა ინვესტორებთან კომუნიკაციას. ფაქტობრივად, ყოველდღიურად გვაქვს მათთან საუბარი დარგში დაგროვებული გამოწვევების შესახებ. ამაზე ერთმანეთთან გულწრფელად, გულახდილად, გამჭვირვალედ ვსაუბრობთ. ნამდვილად არის რიგი გამოწვევები, რომლებიც წლების განმავლობაში დაგროვდა“.„არსებობს რამდენიმე გარემოფაქტორი. ერთი მხრივ, ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანი ხელისუფლება, ჩვენს ნაწილსაც ვაანალიზებთ. იცით, რომ სამწუხარო ფაქტიც არსებობს, კურატორი, მინისტრის მოადგილე დღეს, ფაქტობრივად, ციხეში იმყოფება და უწევს, გარკვეული პასუხები გასცეს მიმდინარე გამოძიებას. მეორე მხრივ, კერძო სექტორსაც ჰქონდა დიდი გამოწვევები. ზოგადად, როდესაც ენერგეტიკის სექტორზე ვსაუბრობთ, ყველა პროექტს, ინვესტორსა და მთავრობას შორის გაფორმებული მემორანდუმის შესაბამისად, თან სდევს ვალდებულება, პროექტი განხორციელდეს ვადებში. ვხედავთ, რომ გამონაკლისის გარდა, ფაქტობრივად, არ არსებობს პროექტი, რომელსაც არ ჰქონდეს ვადაში დაგვიანება. ეს, თავის მხრივ, გულისხმობს პირგასამტეხლოს, ჯარიმების დარიცხვას და ასე შემდეგ. ასევე ობიექტურები უნდა ვიყოთ და ვთქვათ, რომ არსებობდა რიგი ობიექტური გარემოებები –  ქართველ, ასევე საერთაშორისო ინვესტორებს არ ჰქონდათ შესაძლებლობა, დათქმულ ვადაში განეხორციელებინათ პროექტები. ამავდროულად, არსებობს რიგი არაობიექტური გარემოებები. ბევრი ინვესტორი თუ პროექტის შემთხვევაში არ ხდებოდა ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. ფაქტობრივად, იყო ეგრეთ წოდებული დარეზერვებული დაერთების ნებართვები, თუ მემორანდუმები, რათა ერთ ინვესტორს გადაეყიდა მეორე პოტენციური ინვესტორისთვის. შესაბამისად, ვერ ხორციელდებოდა დათქმულ ვადებში ან იმ ვადებში, როდესაც სახელმწიფო ელოდება პროექტების ექსპლუატაციაში შესვლას. არსებული მემორანდუმის მფლობელი რეალური ინვესტორი არ გახლდათ და ის იყო უბრალოდ გადამყიდველი“.მარიამ ქვრივიშვილმა ასევე ისაუბრა, როგორ უნდა მოხდეს ამის პრევენცია და როგორ უნდა აღმოიფხვრას პრობლემა.„ვიტყოდი, რომ ყველაფერს ჰქონდა სისტემური ხასიათი. ალბათ ეს არის, როგორც შეიძლება, საწყის ეტაპზე შეფასდეს. მეორე მხრივ, ჩვენ უკვე გავატარეთ რიგი ღონისძიებები, რის საფუძველზეც ზუსტად ვიცით და იდენტიფიცირებულია ყველა ის პროექტი, რომლებიც ნამდვილად განხორციელდება და იდენტიფიცირებულია ყველა პროექტი, რომელიც ეგრეთ წოდებული გადამყიდველის ხელშია. პირველ ეტაპზე, ეკონომიკის სამინისტრომ დაახლოებით 1700 მეგავატის ხელშეკრულება გააუქმა, რათა არ მომხდარიყო დაერთების ნებართვების დაბევება და კეთილსინდისიერ ინვესტორს ჰქონდეს შესაძლებლობა, დროულად დაიწყოს გენერაციის პროცესი. ეს ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მეორე მხრივ, მინდა, განვმარტო, რომ ჩვენ ძალიან ბევრი საუბრის, ხანგრძლივი დისკუსიების შედეგად, იდენტიფიცირება გავუკეთეთ რიგ ბიუროკრატიულ საკითხებსაც, რომლებიც შესაძლებელია, ჩვენი მხრიდანაც მაქსიმალურად აჩქარდეს, რათა დავეხმაროთ ინვესტორებს, უფრო სწრაფად მიიღონ სახელმწიფოს მხრიდანაც რიგი ნებართვები. ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია პროცესის გამჭვირვალობა. ეს არის პირველი, რისი პასუხისმგებლობაც აიღო სახელმწიფომ. მთავარი საკითხი, რაც გულისხმობს ერთი მილიარდი ლარის ჯარიმის პატიებას, ზუსტად აქედან გამომდინარეობს. ჩვენი მოტივაციაა ენერგეტიკის სექტორის ხელშეწყობა“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.მარიამ ქვრივიშვილმა ასევე განმარტა, რა აძლევთ იმის გარანტიას, რომ კეთილსინდისიერად იმოქმედებენ კომპანიები.„სწორედ ეს არის აღნიშნული ჯარიმების პატიების წინაპირობა. ჯარიმების პატიება არ მოხდა უპირობოდ. პირველი, რაზეც ვთანხმდებით, მოხდება თითოეული პროექტის გადახედვა. საჭიროების შემთხვევაში, განსაზღვრული იქნება შესრულების ახალი ვადები, ორივე მხარე აიღებს პასუხისმგებლობას შეთანხმებული გეგმა-გრაფიკის, პერიოდების, პროცესის შესახებ. მეორე მხრივ, თუ ინვესტორი თანხმდება ახალ ვადას და ამბობს, რომ გარკვეულ პერიოდში სრულად მოახდენს პროექტის ექსპლუატაციაში შეყვანას, ამ შემთხვევაში, პატიება უპირობოა. აღნიშნული ვალდებულება თუ დაირღვევა, ნაპატიები ჯარიმა სრულად აღუდგება ინვესტორს, ისევე როგორც დაერიცხება ახალი პირსაგამტეხლო, საურავი, რომელიც დაკავშირებული იქნება ახალი ვადის დარღვევაზე.მესამე, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, არის პროცესის აქტიური მონიტორინგი, კონტროლი. ეს სახელმწიფოსთვის ბევრ ფუნქციურ ბერკეტთან არის დაკავშირებული. ვაპირებთ, მჭიდრო თანამშრომლობით, მათ შორის ზედამხედველობით უზრუნველვყოთ, რომ მუდმივად გვესმოდეს, სად არის პროექტები, რა სტატუსია, რათა გარკვეული პერიოდის შემდეგ არ აღმოვაჩინოთ, რომ, მათ შორის რომელიმე სტრატეგიული პროექტი დათქმული ვადებით, გეგმა-გრაფიკით არ მიიწევს წინ. ჩვენ გვინდოდა, პროცესი ყოფილიყო გამჭვირვალე. აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება და ვაკეთებთ უპირობო პატიებას, რომელსაც თან სდევს პირობიანი პატიება. მეორე მხრივ, ჩვენთვის, ამ შემთხვევაში, უფრო მეტად კერძო სექტორისთვის, მცირე, საშუალო მსხვილი მეწარმეებისთვის ეს იყო ძალიან დიდი მხარდაჭერა, რამდენადაც ისინი აღნიშნულ თანხებს სრულად მოაბილიზებენ, რათა მოახმარონ უშუალოდ ენერგეტიკული პროექტების განვითარებას, აჩქარდეს ენერგეტიკის სექტორში დადგმული სიმძლავრეები. ბოლო წლების განმავლობაში საკმაოდ შემცირებული იყო  ტენდენცია, რომელიც წლების განმავლობაში გვქონდა. ბოლო სამი წლის მაგალითი რომ ავითოთ, დაახლოებით 105 მეგავატი სიმძლავრეა შესული ექსპლუატაციაშ, მიმდინარე წელს იქნება 109 მეგავატამდე. საშუალოვადიან პერსპექტივაში ჩვენი ამოცანაა  თვითმყოფადობა. განსაკუთრებული ღირებულება აქვს ენერგეტიკის სექტორს, რათა უზრუნველვყოთ ჩვენივე ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა, ენერგოუსაფრთხოება. მეორე ეტაპზე დიდი ყურადღება დაეთმობა ჩვენი ქვეყნის ენერგოსაექსპორტო შესაძლებლობას. მესამე, რასაც ტრადიციულად ჩვენი ქვეყანა აკეთებს და გააგრძელებს, ეს არის ტარნზიტული შესაძლებლობა, მათ შორის ენერგეტიკის სექტორში. აქედან გამომდინარე იქნა მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. ენერგეტიკის სექტორიც სიხარულით შეხვდა ამ გადაწყვეტილებას. დარწმუნებული ვარ, ურთიერთთანამშრომლობით, პასუხისმგებლობით კერძო სექტორი და სახელმწიფო შევძლებთ, მალე გვქონდეს ხელშესახები შედეგები“, – განაცხადა ქვირვიშვილმა.

გაშვილებულმა ტყუპებმა ერთმანეთის პოვნის შემდეგ ძმასაც მიაკვლიეს

ტყუპებმა, ანანო სართანიამ და თამარ ხვიტიამ, რომლებმაც ერთმანეთი წლების შემდეგ უპოვეს, დაკარგულ ძმასაც მიაკვლიეს.ამის შესახებ ჟურნალისტი თამუნა მუსერიძე პოდკასტში „ვეძებ“ საუბრობს.ნახეთ გადაცემის ანონსი ⇓

ბოლო სიახლეები