ორშაბათი, მაისი 26, 2025

ტანჯვის მიღება და მწუხარების დათმენა არის ჯვრის ზიდვა და ყოველ ჩვენგანს აქვს მოცემული მეტად თუ ნაკლებად მძიმე ჯვარი, ეს ჯვარი ჩვენ უნდა ავიღოთ და ვატაროთ – მეუფე შიო

ტანჯვა ყოველთვის არის გამომხსნელი, მიმყვანებელი ბოროტების დაძლევასთან, ზნეობრივ და სულიერ ამაღლებასთან, თუ ადამიანი გონივრულად და მართებულად იღებს მას, – განაცხადა თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში ქადაგებისას საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი).

მისივე თქმით, ტანჯვის მიღება და მწუხარების დათმენა არის ჯვრის ზიდვა და ყოველ ადამიანს აქვს მიცემული სატარებლად მეტად თუ ნაკლებად მძიმე ჯვარი. მისივე განმარტებით, მხოლოდ ამ ჯვრიდან „გვეძლევა ნამდვილი და სრულყოფილი სიხარული, რომელსაც ვეძებთ და რომლისკენაც მივისწრაფვით“.

„ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელსაც ეწოდება ბრმის კვირა, ვინაიდან წირვაზე იკითხება სახარება უფალ იესო ქრისტეს მიერ ბრმადშობილი ადამიანის განკურნების შესახებ, რომელიც გზის პირას იჯდა და მათხოვრობდა. და აი, მოციქულებმა ჰკითხეს მაცხოვარს: – რისთვის იტანჯება ეს ადამიანი, თავისი ცოდვებისთვის თუ მშობლების ცოდვების გამო? წარმოიდგინეთ, მთელი მისი ცხოვრება იყო გაუთავებელი ტანჯვა. შეუძლებელია, რომ ეს სატანჯველი მისი ცოდვების გამო ჰქონოდა, ვინაიდან დაბადებიდან ბრმა იყო და უფალმა მიუგო: „არც მას შეუცოდავს, არც მის მშობლებს, არამედ რათა მასში განცხადდეს ღვთის საქმენი“ (ინ. 9,3). უფალმა შემდეგ მოახდინა დიდი სასწაული და ამ ადამიანს მიანიჭა მხედველობა. აი, აქ ეს საქმე ღვთისა, რომელზეც უფალი ამბობს, კიდევ უფრო მეტად აღსრულდა იმით, რომ ამ ადამიანს ფიზიკურ თვალებთან ერთად აეხილა სულიერი თვალებიც. მან მადლიერებით მიიღო ეს კურნება, იწამა უფალი და თაყვანი სცა მას. ე.ი. მოხდა მისი შეხვედრა ღმერთთან და მან იხილა ისეთი რამ, რასაც მის ირგვლივ თვალხილული ადამიანები ვერ ხედავდნენ. უფლის საქმეც სწორედ ეს არის, მთავარი საქმე უფლისა, მას სურს, რომ ყველა ადამიანმა იხილოს ღმერთი და გადარჩეს.

სახარების ეს ეპიზოდი ჩვენი ცხოვრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან აქ უფალი ასევე გვასწავლის, რა დამოკიდებულება უნდა გვქონდეს ტანჯვისადმი, მწუხარებისადმი, იმიტომ რომ ამ მიწიერ ცხოვრებაში ყველა ადამიანი მეტ-ნაკლებად იტანჯება. ეს ჩვენც განგვიცდია და ჩვენ ირგვლივაც ვხედავთ ბევრ მწუხარებას და ტანჯვას: ომებს, ძალადობას, უსამართლობას, ავადმყოფობას, სიღატაკეს, პატიმრობას, დიდ ოჯახურ პრობლემებს და ა. შ. ვინ იცის, კიდევ რისი დათმენა უწევს ყოველ ადამიანს, ამის ჩამოთვლაც ძნელია ახლა.

შეიძლება, ითქვას, რომ ამ ცხოვრებაში ჭირი და მწუხარება უფრო მეტია, ვიდრე ლხინი და კეთილდღეობა. კიდევ რბილად ვამბობ ახლა. არიან დიდი წმინდანები და დიდი მოაზროვნეები, რომლებიც პირდაპირ წერენ და ამბობენ, რომ ეს წუთისოფელი ტანჯვაა, ჩვენი ერთადერთი იმედი, ნუგეში და სიხარული არის იმედი გადარჩენისა იესო ქრისტეში. ეს ასე იყო ყოველთვის, ახლაც ასეა და მომავალშიც ასე იქნება.

იმის გამო, რომ არასდროს არავის უნდოდა გაჭირვების გადატანა, ტანჯვა და მწუხარება, გაჩნდა ბევრი რელიგიური, ფილოსოფიური თუ სხვა სახის მოძღვრება, რომლებიც ცდილობენ, ახსნან, თუ რა არის ტანჯვა, რა დამოკიდებულება უნდა გვქონდეს მასთან. ყველა ეს სწავლება უარს ამბობს ტანჯვის მიღებაზე, უარყოფენ მას და ყოველგვარი საშუალებით ცდილობენ, გაექცნენ ტანჯვას და ადამიანი გაათავისუფლონ მისგან. მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს არ გამოსდით და ერთადერთი მოძღვრება, რელიგიურიც, თუ გნებავთ, დავარქვათ ფილოსოფიურიც, რომელიც არ უარყოფს ტანჯვას, ეს არის ჩვენი ქრისტიანული სწავლება. თვით უფალი იესო ქრისტე გვასწავლის, რა არის ტანჯვა, მწუხარებათა დათმენა, რისთვის არის მწუხარება მოვლენილი ამ ცხოვრებაში და როგორი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს მისდამი.

რა თქმა უნდა, ტანჯვაც და მწუხარებაც ცოდვის შედეგია, ბოროტების შედეგია, დაცემის შედეგია, მაგრამ დღევანდელი სახარებიდან ვხედავთ, რომ მხოლოდ ცოდვის გამო როდი ეძლევა ადამიანს სატანჯველი, რადგან ეს ბრმადშობილი იტანჯებოდა იმისთვის, რომ მასში გაცხადებულიყო ღვთის საქმეები. ე.ი. ტანჯვას და მწუხარებას აქვს დიდი მიზანი და რადგან მიზანი აქვს ე.ი. აზრიც აქვს. ვიმეორებ, მხოლოდ ქრისტიანობა ხედავს ამ აზრს და კანონზომიერებას. თვით უფალიც, ძე ღმერთიც იტანჯა და მის ტანჯვას ჰქონდა დიადი მიზანი; ეს არის კაცობრიობის გამოხსნა.

ამდენად, ტანჯვა ყოველთვის არის გამომხსნელი, მიმყვანებელი ბოროტების დაძლევასთან, ზნეობრივ და სულიერ ამაღლებასთან, თუ ადამიანი გონივრულად და მართებულად იღებს მას. მართალია, ზოგიერთი მწუხარებისა და ტანჯვისგან სასოწარკვეთილებაშიც ვარდება და იღუპება კიდეც, მაგრამ ეს ემართებათ ისეთ ადამიანებს, რომლებიც უარყოფენ ტანჯვას, არ აინტერესებთ მისი აზრი, არც უნდათ, გაიგონ და ამიტომ იღუპებიან. მაგრამ ჩვენ, ქრისტიანებმა, ვიცით, რომ ტანჯვას და მწუხარებას ყოველთვის მივყავართ გამოხსნამდე. ვიმეორებ, ბოროტების დაძლევამდე და სულიერი და ზნეობრივი ამაღლებისკენ მიმყვანებელი გზა არის ყოველთვის ქრისტეს ვიწრო გზა. ეს არის ჯვრის ზიდვის გზა. ამრიგად, ტანჯვის მიღება და მწუხარების დათმენა არის ჯვრის ზიდვა და ყოველ ჩვენგანს აქვს მოცემული მეტად თუ ნაკლებად მძიმე ჯვარი, ეს ჯვარი ჩვენ უნდა ავიღოთ და ვატაროთ.

აი, ძვირფასო ძმებო და დებო, მხოლოდ ამ ჯვრიდან, მხოლოდ მაშინ, როდესაც ჩვენ ამას ვიღებთ და ვზიდავთ, გვეძლევა ნამდვილი და სრულყოფილი სიხარული, რომელსაც ვეძებთ და რომლისკენაც მივისწრაფვით ჩვენ ყველა. ამიტომ არის, რომ ბევრი წმინდა მამა, მათ შორის, წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს, რომ გული არ უნდა გავიტეხოთ, როდესაც ჩვენ ან სხვასშეგვხვდება რაიმე გასაჭირი ან უბედურება, არამედ თუ ყველაფერს დავითმენთ ღვთისადმი მადლიერებით, სიმამაცით, მაშინ ყოველგვარი უბედურება და განსაცდელი სასიკეთოდ დასრულდება ჩვენთვის. ამას კი აუცილებლად მოჰყვება მრავალი სიკეთე და ნუგეში. როგორც ამბობს წმინდა პავლე მოციქული შესანიშნავ სიტყვებს: „ჩვენი მცირედი ჭირი შეიქმს ჩვენთვის უსაზომო დიდებას, როცა ხილულს კი არ მივაპყრობთ მზერას, არამედ უხილავს. რადგან, ხილული წარმავალია, უხილავი კი წარუვალი“ (2 კორ. 4:17-18)“, – განაცხადა მეუფე შიომ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

შვედეთის საელჩო – ძვირფასო ქართველებო, გულთბილად გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს, მტკიცედ ვდგავართ ქართველი ხალხისა და მათი ევროპული მისწრაფებების გვერდით

საქართველოში შვედეთის საელჩო საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.„ძვირფასო ქართველებო, გულთბილად გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! შვედეთი რჩება საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერი. ჩვენ კვლავაც მტკიცედ ვდგავართ ქართველი ხალხისა და მათი ევროპული მისწრაფებების გვერდით“, – წერს შვედეთის საელჩო.

ალარ კარისი – გულთბილ სურვილებს ვუგზავნი ქართველ ხალხს, თავისუფლება, ერთხელ მოპოვებული, უნდა იყოს დაცული, დაე, ყოველთვის გქონდეთ ძალა ამის გასაკეთებლად

ესტონეთის პრეზიდენტი ალარ კარისი საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.„საქართველოს დამოუკიდებლობის დღის წინ, ყველაზე გულთბილ სურვილებს ვუგზავნი ქართველ ხალხს, თავისუფლების მოყვარულ ქართველებს. დამოუკიდებლობის დღე პატივს მიაგებს იმ გამბედაობას, რაც სჭირდება თავისუფლების არჩევასა და დაცვას. თავისუფლება, ერთხელ მოპოვებული, უნდა იყოს დაცული – დაე, ყოველთვის გქონდეთ ძალა ამის გასაკეთებლად“, ​​​​​​​​​​​​​​- წერს ალარ კარისი.

ვაშინგტონის მერი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს, მარიელ ბაუზერის გადაწყვეტილებით, 26 მაისი ვაშინგტონში საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ გამოცხადდა

აშშ-ის დედაქალაქის, ვაშინგტონის მერი მარიელ ბაუზერი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ში საქართველოს საელჩო ავრცელებს.მათივე ცნობით, ვაშინგტონის მერის გადაწყვეტილებით, 26 მაისი ვაშინგტონში საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ გამოცხადდა.საქართველოს საელჩო ასევე აქვეყნებს ვაშინგტონის მერის მიერ ხელმოწერილ ოფიციალურ დოკუმენტს.

ჯარიმა 5 000 ლარამდე და პატიმრობა 7 წლამდე – ცნობილია, ვისთვის გამკაცრდა კანონი

ხე-ტყის უკანონო მოპოვება-დამზადებაზე, ასევე გარემოსთვის მიყენებულ ზიანზე, კანონი მკაცრდება. შესაბამისი ცვლილებები, როგორც სისხლის სამართლის კოდექსში, ისე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში უკვე ასახულია.შესაბამის დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ გარემოსთვის მიყენებული ზიანის მასშტაბებიდან გამომდინარე განისაზღვრება როგორც ჯარიმის მოცულობა, ისე პატიმრობა.უფრო კონკრეტულად, „დაცული ტერიტორიებისა და მათ საზღვრებში მერქნიანი მცენარის უკანონო გაჩეხვა ან/და დაზიანება(მათ შორის, ხეტყის უკანონო დამზადება) გამოიწვევს დაჯარიმებას 2 500 ლარის ოდენობით;ქარსაფარ (მინდორდაცვით) ზოლში მერქნიანი მცენარის უკანონო გაჩეხვა − გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით;სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე ხეტყის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი დოკუმენტების გარეშე დამზადება − გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით;სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე სამონადირეო მეურნეობის სათანადო ლიცენზიის გარეშე მოწყობა − გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით; ხოლო მისი განმეორებით ჩადება გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში (მათ შორის, კერძო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე) მოპოვებული ხე-მცენარის საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო დოკუმენტის ან სპეციალური ფირნიშით მარკირების გარეშე ტრანსპორტირება − გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით (განმეორებით ჩადენა 1000 ლარის ოდენობით);სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნის დარღვევა, ან მრგვალი ხეტყის (მორის) სახერხი საამქროს ტერიტორიაზე მარკირების გარეშე განთავსება − გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, უკანონო ხეტყის/ხე-მცენარის ან/და მისგან მიღებული პირველადი გადამუშავების პროდუქციის კონფისკაციით (მისი განმეორებით ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით).რაც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შესულ ცვლილებებს, სახერხ საამქროში მრგვალი ხე-ტყის (მორის) სახერხი ან/და თერმული დამუშავების დანადგარის (ტექნიკის) ან/და მოწყობილობის რეგისტრაციის გარეშე მონტაჟი – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე; იგივე ქმედება, ჩადენილი არაერთგზის, – ისჯება ჯარიმით ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე;იგივე ქმედებისთვის იურიდიული პირი ისჯება ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით ხუთ წლამდე;სახერხი საამქროს ტერიტორიაზე დიდი ოდენობით მრგვალი ხეტყის (მორის) მარკირების გარეშე განთავსება − ისჯება ჯარიმით ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე;ცნობისთვის, მრგვალი ხეტყის (მორის) დიდ ოდენობად ითვლება ის ოდენობა, რომლის უკანონო ჭრის/დამზადების შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხამ შეადგინა 3 000 ლარი ან 3 000 ლარზე მეტი.მერქნიანი მცენარის უკანონო გაჩეხვა (მათ შორის, ხეტყის უკანონო დამზადება), რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია ისჯება ჯარიმით ან/და გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე;იგივე ქმედება ჩადენილი არაერთგზის, ისჯება ჯარიმით ან/და გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.საქართველოს ტყეში ან დაცულ ტერიტორიაზე საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მერქნიანი მცენარის უკანონო გაჩეხვა ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ისჯება ჯარიმით ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.იგივე ქმედება, ჩადენილი არაერთგზის, ისჯება ჯარიმით ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.სახელმწიფო ტყეში ან დაცულ ტერიტორიაზე მერქნიანი მცენარის დიდი ოდენობით უკანონო გაჩეხვა (მათ შორის, ხეტყის დიდი ოდენობით უკანონო დამზადება) – ისჯება ჯარიმით ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე.

“ოქროს მედალს სულ სხვა გემო აქვს” – სანდრო ბაზაძე

მსოფლიო თასის ფინალში სანდრო ბაზაძემ ოქროს მედალი მოიპოვა - 258 სპორტსმენს შორის პირველობა ქართველმა მოფარიკავემ დაისაკუთრა."რუსთავი 2-თან" ექსკლუზიურ ინტერვიუში სპორტსმენი ამბობს, რომ მას ჯერ კიდევ შეუძლია ხმლით დაწეროს გამარჯვების ისტორია. მისივე თქმით, რთული პერიოდის შემდეგ ეს გამარჯვება იყო მტკიცებულება იმისა, რომ რწმენა, შრომა და თავდადება კვლავაც იმარჯვებს მსოფლიო ასპარეზზე.სანდრო, რა იყო პირველი ფიქრი იმ მომენტში, როცა გაიაზრეთ, რომ ოქრო თქვენი იყო?- ოქროს მედალი მაინც სულს სხვა გრძნობა არის და ძალიან ბედნიერი და ძალიან გახარებული ვარ, იმიტომ, რომ აქტიურ სპორტს დავუბრუნდი. შრომა ისევ ფასდება, ჩემს თავში რწმენა უფრო მიბრუნდება და კიდევ ვაგრძელებ ჩემი მიზნებისთვის ბრძოლას.ეს გამარჯვება სხვა გამარჯვებებისგან განსხვავებული ემოციის მატარებელი იყო?- ძალიან ბევრი სირთულის შემდეგ ეს პირველი შეჯიბრებაა, რომელზეც ოქროს მედალი მოვიპოვე და რაღაცნაირად უფრო გახარებული ვარ, ჩემი თავის იმედი დამიბრუნდა - ვიბრძვი კიდევ დიდი წარმატებებისთვის.იყო მომენტები, როცა ეჭვი შეგეპარათ საკუთარ ძალაში? - სპორტი რთული რამ არის, კარიერაში იმედგაცრუება, გულისტკივილი - ყოველთვის არის ეს ყველაფერი და არის მსგავსი რაღაცები. შენს თავშიც შეგეპარება ეჭვი, ბევრ სხვა ადამიანშიც, მაგრამ ეს არის გამოწვევები, უნდა გავუძლოთ და არასდროს უნდა ჩავიქნიოთ ხელი, ყოველთვის უნდა ვიყოთ მიზანდასახულები, შრომის მოყვარულები და ყველაფერი შესაძლებელია დღევანდელ ცხოვრებაში.  ეს ოქროს მედალი ორმაგად და სამმაგად დასაფასებელია, იმიტომ, რომ ნამდვილად რთული პერიოდი გამოვიარე და კიდევ დავამტკიცე, რომ მე შემწევს ძალა ჩემი სახელი კიდევ გავიტანო მსოფლიო ასპარეზზე და მრავალჯერ გავაკეთებ კიდევ ამას. ვცდილობ ყოველთვის ვიყო გაწონასწორებული, პატივი ვცე ჩემს მოწინააღმდეგეს, იმიტომ, რომ ეს არის ჩემი პროფესია, ამით ვცხოვრობ. გქონდათ თუ არა კონკრეტული ტაქტიკა შემუშავებული, რომლითაც ფინალში საკმაოდ ძლიერ მეტოქეს დაუპირისპირდებოდით?- საერთოდ ეს შეჯიბრება არის ძალიან რთული - მსოფლიო თასი, იმიტომ, რომ მთელი მსოფლიო ჩამოდის, 258 სპორტსმენი მონაწილეობდა და პირველობა, რა თქმა უნდა, რაღაცნაირად ძალიან ისეთია რა... ხანდახან, რომ დავუფიქრდები ძალიან მახარებს ეს ყველაფერი. მზად ვიყავი ამ შეჯიბრებაზე და ვინც არ უნდა შემხვედროდა, ჩემი აზრით, ყველა მოწინააღმდეგესთან ჩემს საკეთილდღეოდ დამთავრდებოდა ორთაბრძოლა.

ბოლო სიახლეები