გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ცნობით, ირანში მიმდინარე ომით გამოწვეული ქაოსის გამო, მცენარეული ზეთის ფასმა განსაკუთრებით მაღალ ნიშნულს მიაღწია.
გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) განცხადებით, აპრილში, ზედიზედ მესამე თვეა, სურსათზე ფასები მთელ მსოფლიოში გაიზარდა, ხოლო მცენარეული ზეთის ფასმა განსაკუთრებით მაღალ ნიშნულს ირანში მიმდინარე ომით გამოწვეული ქაოსის გამო მიაღწია.
სურსათის ფასების ინდექსმა, რომლითაც სასურსათო პროდუქტების კალათის ღირებულება იზომება, აპრილში საშუალოდ 130.7 პუნქტი შეადგენა, რაც წინა თვესთან შედარებით 1.6 პროცენტით, ხოლო გასულ წელთან შედარებით, 2 პროცენტით მეტია.
FAO-ს ინფორმაციით, სურსათის ფასების ინდექსის ზრდა „ძირითად მარცვლეულ კულტურებზე ფასების მატებამ“ განაპირობა (სორგოსა და ქერის გამოკლებით).
ხორბლის მსოფლიო ფასები 0.8 პროცენტით გაიზარდა, რაც ასევე განპირობებულია აშშ-ის ცალკეულ რეგიონებში არსებული გვალვით და ავსტრალიაში ნალექების საშუალოზე დაბალი დონის მოსალოდნელი მაღალი ალბათობით.
ფასების ზრდას ხელი შეუწყო2026 წელს ხორბლის დათესვის შემცირების პროგნოზმაც. ფერმერები, როგორც წესი, დასათესად ისეთ კულტურებს ირჩევენ, რომლებიც ნაკლებ სასუქს საჭიროებს. თანაც, ეს ხდება სასუქებზე ფასების მატების ფონზე, რაც „ენერგორესურსების მაღალი ღირებულებითა და ჰორმუზის სრუტის ფაქტობრივი ჩაკეტვით გამოწვეული შეფერხებებით“ არის განპირობებული.
ამ შეფერხებების მიუხედავად, FAO მიიჩნევს, რომ გლობალური აგროსასურსათო სისტემები კვლავ ავლენენ „მდგრადობას“, რადგან მარცვლეულზე ფასები მართალია იზრდება, მაგრამ ზომიერი ტემპით.
თუმცა, მცენარეული ზეთების შემთხვევაში, ფასების უფრო მკვეთრი მატება ფიქსირდება, რაც, ძირითადად, ნავთობზე მაღალი ფასებით არის გამოწვეული „ეს ზრდის მოთხოვნას ბიოსაწვავზე და დამატებით ზეწოლას ახდენს მცენარეული ზეთის ბაზრებზე“, – განმარტავს FAO.
აპრილში, მცენარეული ზეთის ფასების ინდექსი, მარტთან შედარებით 5.9 პროცენტით გაიზარდა და 2022 წლის ივლისის შემდეგ, ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია.

