Facebook მორიგ სიახლეს გეგმავს. სოციალური ქსელის გიგანტი ერთ-ერთ გავრცელებულ და უსიამოვნო პრობლემას აღმოფხვრის: მომხმარებლები აღარ მიიღებენ შეტყობინებებს გარდაცვლილი მეგობრებისა თუ ოჯახის წევრების შესახებ.
კერძოდ, ამ ეტაპზე Facebook მომხმარებელს საიტის ალგორითმი მაინც სთავაზობს იმ მეგობრებისთვის დაბადების დღის მილოცვასა თუ ღონისძიებებზე დაპატიჟებას, რომლებიც გარდაცვლილები არიან.
კომპანიის გადაწყვეტილებით, ხელოვნურ ინტელექტს გამოიყენებენ იმისათვის, რომ Facebook-ის გარდაცვლილი მომხმარებლების ხსოვნის პატივსაცემად პროფილი განცალკევებით იყოს და მათი Timeline ხელშეუხებელი დარჩეს.
გარდაცვლილი ადამიანების Facebook პროფილებს დაემატებათ ფუნქცია „Tributes”, რომლის მეშვეობითაც ხალხი სამძიმრის დაწერას და მოგონენების გაზიარებას შეძლებს. მომხმარებლებს აღარ მიეცემათ საშუალება, რომ უშუალოდ გარდაცვლილი ადამიანის „კედელზე“ დაწერონ პოსტები, როგორც ეს ახლა ხდება.
“იმედი გვაქვს, Facebook იქნება ადგილი, სადაც ჩვენი საყვარელი ადამიანების ხსოვნასა და სულს პატივს მივაგებთ,“- განაცხადა შერილ სენდბერგმა, Facebook-ის წარმომადგენელმა.