ორშაბათი, დეკემბერი 30, 2024

სტუ-ს რექტორმა CERN-ის საერთაშორისო დეპარტამენტის არაწევრ და ასოცირებულ წევრ ქვეყნებთან ურთიერთობის ხელმძღვანელთან ახალი მემორანდუმების გაფორმებასთან დაკავშირებულ ტექნიკურ საკითხებზე იმსჯელა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN) საერთაშორისო დეპარტამენტის არაწევრ და ასოცირებულ წევრ ქვეყნებთან ურთიერთობის ხელმძღვანელს, ოქსფორდის უნივერსიტეტის ფიზიკის დეპარტამენტის პროფესორ ემანუელ თესმელისს შეხვდა და მასთან საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და CERN-ს შორის ურთიერთგაგების ორი ახალი მემორანდუმის ხელმოწერასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

უნივერსიტეტის ცნობით, სტუ-სა და CERN-ს შორის ურთიერთგაგების მნიშვნელოვან დოკუმენტებს მხარეები ხვალ, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მოაწერენ ხელს.

პირველი მემორანდუმი CERN-ში მიმდინარე CMS ექსპერიმენტის ფაზა 2-ის განახლებას ეხება, ხოლო მეორე დოკუმენტი – CERN-ში მომავლის ციკლური კოლაიდერის (FCC – Future Circular Collaider) რეალიზების სამუშაოებს. ორივე მემორანდუმი CERN-ში მიმდინარე ექსპერიმენტებში სამუშაოებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერთა, ინჟინერთა და სტუდენტთა აქტიურ ჩართულობას ითვალისწინებს.

როგორც ემანუელ თესმელისმა სამუშაო შეხვედრაზე აღნიშნა, ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაცია უმაღლეს შეფასებას აძლევს დიდ ადრონულ კოლაიდერზე მიმდინარე უმსხვილეს CMS ექსპერიმენტში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერთა, ინჟინერთა და სტუდენტთა ჯგუფის საქმიანობასა და მიღწევებს, ასევე, დიდად აფასებს CMS კოლაბორაციაში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და მისი რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ქმედით მხარდაჭერას. მისი თქმით, CERN-ი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს კოლაბორაციის შეუცვლელ წევრად მოიაზრებს და შესაბამისად, სტუ-ის რექტორსა და მეცნიერთა ჯგუფს აძლევს საშუალებას ჩაერთონ არა მხოლოდ CMS ექსპერიმენტის მე-2 მასშტაბურ ფაზაში, არამედ, მომავლის ციკლური კოლაიდერის (FCC) ფიზიკური პროგრამის განხორციელებაშიც.

რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის განცხადებით, აღნიშნული მემორანდუმების ხელმოწერა, მათი ამოქმედება და CERN-ის სამომავლო გლობალურ სამეცნიერო საქმიანობაში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კვლევითი პოტენციალის მონაწილეობა უმნიშვნელოვანესია უნივერსიტეტისა და მის მეცნიერთათვის, განსაკუთრებით კი, ახალგაზრდა მკვლევრებისთვის.

„CERN-ში მიმდინარე ერთ-ერთი უდიდესი CMS ექსპერიმენტის ფაზა 2-ის განახლება ითვალისწინებს არა მხოლოდ ამჟამად მოქმედი დეტექტორების განახლებას, არამედ, ზოგიერთი დეტექტორის ახლით ჩანაცვლებასაც. განახლების პროგრამაში უაღრესად მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია ახალი ტიპის მაღალი გრანულირების უნივერსალური კალორიმეტრის – HGCAL-ის შექმნა. უნდა აღინიშნოს, რომ დღემდე მსგავსი კალორიმეტრი მეცნიერებაში არ შექმნილა და ჩვენთვის სასიხარულოა, რომ ამ მიმართულებით განსაკუთრებულ წვლილს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინჟინრები, მეცნიერები და ახალგაზრდა მკვლევრები შეიტანენ.

რაც შეეხება მეორე, ჩვენთვის ასევე განსაკუთრებულად მნიშვნელოვან მემორანდუმს, ის ითვალისწინებს მომავლის ციკლური კოლაიდერის, FCC-ის ფიზიკური პროგრამის განხორციელებას, რაც დიდი ადრონული კოლაიდერის, LHC-ის ფიზიკური პროგრამის დასრულებისთანავე დაიწყება. უნდა აღინიშნოს, რომ ამჟამად, LHC-ის რეალიზების პარალელურად, მიმდინარეობს FCC კოლაბორაციაში ქვეყნების გაერთიანება, სამუშო ჯგუფების შექმნა და სხვა მნიშვნელოვანი სამუშაოები. გარდა ამისა, FCC კოლაბორაციისთვის ხორციელდება სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოები როგორც ამაჩქარებლის, ასევე, უახლესი ტიპის დეტექტორების მიმართულებით. ამ სამუშაოებში აქტიურად არიან ჩართულნი ჩვენი უნივერსიტეტის მეცნიერ-ინჟინრები, რომლებიც FCC პროგრამის ტექნიკური დიზაინის რეპორტის – TDR-ის შექმნაზე მუშაობენ. ორივე მემორანდუმი ითვალისწინებს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და CERN-ს შორის მრავალწლიან სამეცნიერო კოლაბორაციას, რომლის ფარგლებში მონაწილეობის შესაძლებლობა, ჩვენი ქვეყნისა და უნივერსიტეტის ცნობილ მეცნიერებთან ერთად, არაერთ ახალგაზრდა ნიჭიერ მკვლევარს მიეცემა. მადლობას ვუხდით ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციას ჩვენი უნივერსიტეტის მეცნიერთა და ინჟინერთა ინტელექტუალური შესაძლებლობების ჯეროვნად დაფასებისთვის, გამოცხადებული ნდობისა და მეგობრობისთვის“, – განაცხადა დავით გურგენიძემ.

სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორები თამარ წერეთელი და თამარ ლომინაძე, სტუ-ის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტი პროფესორი ზურაბ გუდავაძე, სტუ-ის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის დირექტორი, სტუ-ის CERN-LHC ჯგუფის ლიდერი და საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი CERN-ში, პროფესორი ზვიად წამალაიძე და სტუ-ის CERN-LHC ჯგუფის წევრი, დოქტორი ირაკლი ლომიძე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

აშშ-ის ფედერალურ გამომძიებელთა ჯგუფი სამხრეთ კორეას ავიაკატასტროფის გამოძიებაში დაეხმარება

აშშ-ის ფედერალურ გამომძიებელთა ჯგუფი სამხრეთ კორეას ავიაკატასტროფის გამოძიებაში დაეხმარება. ამის შესახებ აშშ-ს ეროვნული სატრანსპორტო უსაფრთხოების საბჭოს განცხადებაშია აღნიშნული. მათი ინფორმაციით, ისინი უხელმძღვანელებენ გამომძიებელთა ჯგუფს თავისი სააგენტოდან, „ბოინგიდან“ და ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციიდან. განცხადებაში ასევე აღნიშნულია,რომ გამომძიებლები დაეხმარებიან კორეის რესპუბლიკის საავიაციო და სარკინიგზო შემთხვევების გამოძიების საბჭოს. შეგახსენებთ, რომ სამხრეთ კორეაში, მუანის საერთაშორისო აეროპორტში დაშვებისას თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. ბორტზე სულ 181 ადამიანი იმყოფებოდა. შემთხვევის შედეგად, დაღუპულია 179 ადამიანი. მაშველებმა მათგან მხოლოდ ორი ადამიანის გადარჩენა შეძლეს, ორივე ეკიპაჟის წევრია. ავიაკატასტროფის გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება. სახანძრო სამსახურში აცხადებენ, რომ ავიაკატასტროფა სავარაუდოდ ფრინველთან შეჯახებამ გამოიწვია.

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ეპიცენტრი დმანისი, სოფელი მამიშლარია. ბიძგების სიმძლავრემ 3,3 მაგნიტუდა შეადგინა.

გიორგი ვოლსკი მიხეილ ყაველაშვილზე: ის არის შეყვარებული საკუთარ ქვეყანაზე, პატრიოტი, თავდადებული, რომელსაც ცოდნის საკმაოდ ფართო სპექტრი გააჩნია და დიდი გამოცდილება პოლიტიკაში, სადაც იგი კარგა...

პრეზიდენტს აქვს ერთი უპირატესობა, რომ იგი გახდება ფიგურა, ბევრს ასპექტში შეიძლება სიმბოლური, მაგრამ ეს სიმბოლიზმიც ძალიან ბევრს ნიშნავს ისევე როგორც დროშა, გერბი, პრეზიდენტის დროშა და პრეზიდენტის ინსტიტუტი ზოგადად, - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ მიხეილ ყაველაშვილზე საუბრისას გადაცემაში „იმედი LIVE“. „ეს საკმაოდ დიდი რესურსია იმისთვის, რომ საზოგადოების კონსოლიდაციისთვის გარკვეული ნაბიჯები გადადგას. მხოლოდ განცხადებებზე და მოწოდებებზე არ არის ლაპარაკი. იზრუნოს ყოველთვის, რესურსის მობილიზება გააკეთოს ყველა მხრიდან პოლიტიკური პარტიები იქნება ეს, სამთავრობო სტრუქტურები თუ საქველმოქმედო რესურსები, რომელიც ქვეყანას გააჩნია, მაგრამ ჯერ - ჯერობით არ ჩანს. ეს ინიციატივები იქნება ის მთავარი მიმართულება, რომელსაც მიხეილ ყაველაშვილი ხელს მოჰკიდებს. გარდა ამისა ეს არის ადამიანი, შეყვარებული საკუთარ ქვეყანაზე, სამშობლოზე, პატრიოტი, თავდადებული, რომელსაც ცოდნის საკმაოდ ფართო სპექტრი გააჩნია სპორტული ცხოვრებიდან და დიდი გამოცდილება პოლიტიკაში, სადაც იგი კარგა ხანია არის და შესამჩნევი ფიგურაა“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: მახსოვს ჯერ კიდევ 90-იან წლებში, ჟურნალებიდან ამოჭრილი ხატები ფიცარზე და მუყაოს ნაჭერზე ჰქონდა ხალხს დაწებებული და ეს იყო მათი სალოცავი კუთხე,...

გაუქმებული ავტოკეფალია, გაპარტახებული საეკლესიო ცხოვრება. მოშლილი იყო და თავიდან იქმნებოდა ყველაფერი: ლიტერატურა, ლოცვანები, ხატები, - განაცხადა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქ, ილია მეორის მოღვაწეობაზე საუბრისას გადაცემაში „იმედის კვირა“. დეკანოზმა გაიხსენა თუ რა მდგომარეობაში იყო საქართველო, სანამ პატრიარქის ინტრონიზაცია მოხდებოდა. „მახსოვს ჯერ კიდევ 90-იან წლებში, ჟურნალებიდან ამოჭრილი ხატები ფიცარზე და მუყაოს ნაჭერზე ჰქონდა ხალხს დაწებებული და ეს იყო მათი სალოცავი კუთხე. სახარება ხელმიუწვდომელი იყო. დღეს რომ ადამიანი ხატის დანახვისას სიხარულს ავლენს, ეს უკვე ნიშნავს, რომ შევიცვალეთ ჩვენ“, - აღნიშნა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

ირაკლი კობახიძე – იმედი გვაქვს, შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში ვითარება შეიცვლება, იქნება მეტი სამართლიანობა, წარსულში მიღებული ანტიქართული გადაწყვეტილებები გადაიხედება

ცალსახად შემიძლია, ვთქვა, რომ ეს არის ანტიქართული გადაწყვეტილებები და ეს არის იმ უსამართლობის მორიგი გამოხატულება, რასაც ვხედავდით გასული ოთხი წლის განმავლობაში, როგორც ამერიკის ჯერ კიდევ მოქმედი ადმინისტრაციის მხრიდან, ასევე კონკრეტული ევროპელი ჩინოვნიკების მხრიდან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი მობახიძემ ტელეკომპანია „იმედს“ სანქციებთან დაკავშირებით განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის ერთგვარი პოლიტიკური ჟესტი, სამწუხარო ანტიქართული გადაწყვეტილებები. „ჩვენ გვაქვს იმედი, რომ შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში ვითარება ამ კუთხითაც მნიშვნელოვნად შეიცვლება, იქნება მეტი სამართლიანობა და საბოლოო ჯამში, არა თუ ასეთი ახალი უსამართლობა და ანტიქართული გადაწყვეტილებები არ იქნება მიღებული, იმედი გვაქვს, რომ რომელი ანტიქართული გადაწყვეტილებებიც წარსულში იქნა მიღებული, ის გადაწყვეტილებებიც გადაიხედება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ბოლო სიახლეები