ოთხშაბათი, თებერვალი 25, 2026

სტუ-ის რექტორმა და ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის პროფესორმა თანამშრომლობის საკითხები განიხილეს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის (გერმანია) პროფესორს, დოქტორ ვილჰელმ ჰაუზერს შეხვდა.

შეხვედრას სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი რუსუდან ქუთათელაძე, ფაკულტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და პროფესორ-მასწავლებლები ესწრებოდნენ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა და ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის პროფესორმა განიხილეს ორი უნივერსიტეტის ურთიერთთანამშრომლობის, ასევე, სტუდენტების გაცვლით პროგრამებში მონაწილეობისა და პროფესორ-მასწავლებლების კვლევებში ჩართულობის საკითხები.

რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ მადლობა გადაუხადა სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანს და ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის პროფესორს იმ ნაყოფიერი სამეცნიერო კვლევებისთვის, რომელსაც ორი უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი და სტუდენტები ერთობლივად ახორციელებენ.

„მადლობა მინდა მოგახსენოთ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტთან თანამშრომლობისა და იმ პროექტებისთვის, რომელსაც საქართველოს ტექნიკური და ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტები ერთობლივად ახორციელებენ საქართველოსა და გერმანიაში. ჩვენი ორი ქვეყნის მეგობრობის შესახებ საყოველთაოდაა ცნობილი და განსაკუთრებით საამაყოა, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ამ მეგობრობასა და თანამშრომლობაში საკუთარი წვლილი შეაქვს. ჩვენი კოლაბორაცია არის ინტერნაციონალიზაციისკენ გადადგმული დიდი ნაბიჯი. წარმატებებს ვუსურვებ სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტსა და ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის წარმომადგენლებს ახალი პროექტების განხორციელების მიმართულებით“, – განაცხადა სტუ-ის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრისას, ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის პროფესორმა, დოქტორმა ვილჰელმ ჰაუზერმა მადლობა გადაუხადა რექტორს, კოლეგებს და აღნიშნა, რომ მისთვის დიდი პატივია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საჯარო ლექციების ჩატარება და ასევე, იმ პროექტების განხორციელება, რომელსაც ორი უნივერსიტეტი საქართველოსა და გერმანიაში ახორციელებს.

„ორივე უნივერსიტეტს გვაკავშირებს ინტენსიური თანამშრომლობა, რომლის ფუძემდებელი არიან პროფესორები – გენადი იაშვილი და  რუსუდან ქუთათელაძე. ამ  თანამშრომლობას რამდენიმე წლის წინ ჩაეყარა საფუძველი და დღემდე წარმატებით ხორციელდება. მადლობას ვუხდი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, იმ პროექტების მხარდაჭერისთვის, რომლებსაც ჩვენი უნივერსიტეტები საქართველოში, სტუ-ის ბაზაზე ახორციელებენ. შემუშავებულია ერთობლივი სადოქტორო პროგრამა, რომელიც გერმანელ სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, ხარისხი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დაიცვან. ვმუშაობთ სტუდენტთათვის ერთდროულად ორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ზარლაანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის დიპლომის მოპოვების საკითხებზე. აღსანიშნავია ისიც, რომ ორ უნივერსიტეტს შორის აკადემიური პერსონალის მობილობის აქტიური პროგრამა მუშაობს. ჩვენთვის დიდი პატივია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობა“, – განაცხადა, პროფესორმა, დოქტორმა ვილჰელმ ჰაუზერმა.

ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის პროფესორი, დოქტორი ვილჰელმ ჰაუზერი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიწვეული პროფესორია, რომელიც, გარკვეული პერიოდულობით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე საჯარო ლექციების ატარებს. ამჯერად, პროფესორმა ვილჰემ ჰაუზერმა სტუ-ისა და საქართველოში აკრედიტირებული უნივერსიტეტების სტუდენტებისათვის ორი საჯარო ლექცია – „ბილმანი“ – საბუღალტრო მანიპულაციების სწრაფი გამოვლენის პროგრამა“ და „საწარმოს ეკონომიკური ზარალის აღმოფხვრა“ წაიკითხა.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის პროფესორის ლექციების ციკლი 31 მარტს დასრულდა საერთაშორისო სტუდენტური კონფერენციით – „მსოფლიოს გლობალური გამოწვევები – 2023“, რომელიც საქართველოს ტექნიკური, შავი ზღვის საერთაშორისო და ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტების თანაორგანიზებით ჩატარდა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ემერიკ დუპონი – საქართველოს ხელისუფლების ნაბიჯები კანდიდატი ქვეყნის მიმართ ევროკავშირის მოლოდინებს არ შეესაბამება – დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის მიმართულებით სერიოზულ უკუსვლას აღვნიშნავთ

სამწუხაროდ, ბოლო დროს განვითარებული მოვლენები საქართველოს ევროკავშირის გზას კიდევ უფრო აშორებს, - ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის წარმომადგენელმა, ემერიკ დუპონმა ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში საქართველოს შესახებ ანგარიშის განხილვისას განაცხადა.„საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები კანდიდატი ქვეყნის მიმართ ევროკავშირის მოლოდინებს არ შეესაბამება. ასევე, ჩვენ დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის მიმართულებით სერიოზულ უკუსვლას აღვნიშნავთ. ხელისუფლების მიმართ ჩვენი მოლოდინები ნათლად დავაფიქსირეთ, რაც გულისხმობს დაკავებული ჟურნალისტებისა და აქტივისტების გათავისუფლებას, რეპრესიული კანონმდებლობის გაუქმებას, ასევე, დემოკრატიული, ყოვლისმომცველი და მდგრადი რეფორმების გატარებას. ასევე, ველით, რომ ევროკავშირისა და ელჩების წინააღმდეგ აგრესიული რიტორიკა შეწყდება“, - განაცხადა ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის წარმომადგენელმა.მისი თქმით, „საქართველოს ხელისუფლებამ თავი უნდა შეიკავოს ისეთი ქმედებებისა და განცხადებებისგან, რომლებიც საგარეო პოლიტიკის შესახებ ევროკავშირის პოზიციებს ეწინააღმდეგება“.„საქართველოს საგარეო პოლიტიკის ევროკავშირთან შესაბამისობის დონე შემცირდა. ველით, რომ საქართველო ევროკავშირთან ითანამშრომლებს, რათა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული შემზღუდავი ზომების თავიდან არიდება არ დაუშვას. ასევე, აღვნიშნავთ საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობის ევროპულ მისწრაფებებს და ჩვენ მზად ვართ საქართველოს დემოკრატიულ, სტაბილურ და ევროპულ მომავალს მხარი დავუჭიროთ“, - აღნიშნა ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის წარმომადგენელმა.

გიორგი გახარიასთვის 20 ივნისის საქმეზე შეფარდებული პატიმრობა მოსამართლემ ძალაში დატოვა

ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრ, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერ გიორგი გახარიასთვის 20 ივნისის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა მოსამართლემ ძალაში დატოვა.აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დემეტრე ჯინჯოლიამ მიიღო.ბრალდების მხარის შუამდგომლობის მიხედვით, რაიმე ახალი გარემოება, რის გამოც, გახარიას მიმართ შეფარდებული მკაცრი ღონისძიება შეიცვლებოდა, არ გამოვლენილა.აღნიშნულს დაცვის მხარე არ დაეთანხმა. მათი განმარტებით, გახარიას წინააღმდეგ არც ერთი მტკიცებულება არ არსებობს და გახარიას წინააღმდეგ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა არ უნდა გამოეყენებინათ.ცნობისთვის, გიორგი გახარიას 20 ივნისის საქმეზე ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „მ“ ქვეპუნქტით და 333-ე მუხლის მე-2 ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ორ პირზე მეტის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას და სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ევროპარლამენტარი გჟეგოჟ ბრაუნი – ევროკავშირი რასაც ეძახის დემოკრატიის უკუსვლას საქართველოში, შესაძლოა, ეს სუვერენიტეტის აღდგენაა, ხალხი ისმენს ომის გზავნილებს და ირჩევს მშვიდობას

ევროკავშირი კიდევ ერთხელ ქადაგებს და ასწავლის დემოკრატიას, თქვენ რასაც ეძახით დემოკრატიის უკუსვლას საქართველოში, შესაძლოა, ეს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის აღდგენაა, – ამის შესახებ პოლონელმა დამოუკიდებელმა ევროპარლამენტარმა გჟეგოჟ ბრაუნმა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამოსვლისას განაცხადა.ევროპარლამენტარის თქმით, ევროკავშირი ამბობს, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესი რეგრესია, მაგრამ შესაძლოა, გაჯანსაღებაა, როცა უფრო მეტ ადამიანს უბრუნდება საღი აზრი.„ისინი თვალს ადევნებენ მოვლენებს, უსმენენ, ხედავენ და აცნობიერებენ, როგორი ცუდია ევროპული პროექტი. ენერგიაზე ფასები მატულობს, მათ ესმით ომის წაქეზებისკენ გზავნილები და ხალხი ამ დროს უბრალოდ ირჩევს მშვიდობასა და სუვერენიტეტს. საერთოდ როდიდან არის „ბიბისი“ ქიმიური იარაღის საკითხებში ექსპერტი? შესაძლოა, მას შემდეგ, რაც ისინი აფრთხილებდნენ მსოფლიოს, რომ სადამ ჰუსეინს აქვს ქიმიური იარაღი?“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა.

გიორგი ვოლსკი უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაზე: არავის უნდა ჰქონდეს იმის განცდა, რომ ვიღაცას ვეკეკლუცებით ან ისეთ პოლიტიკურ პოზიციას ვიკავებთ, რომ საყვედური არ მივიღოთ. ეს არის...

გიორგი ვოლსკი გაეროში უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის მიღებას გამოეხმაურა. პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი აღნიშნავს, რომ რეზოლუციისადმი მიერთებით საქართველომ უკრაინელი ხალხისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა.„როდესაც უკრაინის საკითხთან დაკავშირებით ჩვენს პოლიტიკაზე ვსაუბრობთ, არავის უნდა ჰქონდეს იმის განცდა, რომ ვიღაცას ვეკეკლუცებით ან ისეთ პოლიტიკურ პოზიციას ვიკავებთ, რომ საყვედური არ მივიღოთ. ეს არის ჩვენი ხედვა, ჩვენი მხარდაჭერა უკრაინელი ხალხის მიმართ და არავითარ შემთხვევაში ეს არ უნდა ავურიოთ იმ პოლიტიკურ განზომილებაში, რომელიც ჩამოვაყალიბეთ ომთან დაკავშირებით, საქართველოს გადარჩენის თემასთან დაკავშირებით. რასაკვირველია, მთელი რიგი ჩამონათვალია რეზოლუციების, ოფიციალური დოკუმენტების, სადაც მყარი პოლიტიკური პოზიცია გამოვავლინეთ“, - აცხადებს ვოლსკი.გაეროს გენერალურმა ასამბლეამ რეზოლუცია „უკრაინაში მდგრადი მშვიდობის მხარდაჭერა“ მიიღო, რომელსაც მხარი 107- მა წევრმა სახელმწიფომ დაუჭირა, მათ შორის საქართველომ. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და უნგრეთმა კი კენჭისყრის დროს თავი შეიკავეს.

მკაფიოდ მინდა განვაცხადო, რომ მე არ დამითმია ტელეკომპანია “pos tv”-ს ჩემი წილი და ამის გაკეთებას არც მომავალში ვაპირებ, რადგან ვთვლი, რომ მოცემული ტელეარხი ემსახურება...

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე მედიასთან გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მან დათმო ტელეკომპანია „პოსTV”-ს წილი. ჯაფარიძემ უარყო აღნიშნული ინფორმაცია და განაცხადა, რომ წილის დათმობას არც მომავალში აპირებს:„წილის დათმობას მე არც მომავალში ვაპირებ. აქვე, სრულ მხარდაჭერას გამოვხატავ ტელეკომპანიის თითოეული თანამშრომლის მიმართ, ვისაც ურთულეს პირობებში უწევს, ემსახუროს სიმართლეს და ამას ნამდვილად ღირსეულად აკეთებენ“ - თქვა ვიქტორ ჯაფარიძემ.დეპუტატმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ მართვაში გადასცა ტელეკომპანიის მისი კუთვნილი წილი კონკრეტულ პირს, რათა მისი საქმიანობა არ მოდიოდეს წინააღმდეგობაში კანონმდებლობასთან.„მინდა გამოვეხმაურო ზოგიერთი ე.წ. მედიასაშუალებისა და ე.წ. ჟურნალისტის მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, თითქოს მე დავთმე ჩემი კუთვნილი წილი ტელეკომპანია "pos tv"-ში და თითქოს ეს იმიტომ გავაკეთე, რომ წინასწარ მქონდა ინფორმაცია ბრიტანეთის მხრიდან ტელეკომპანიის მოსალოდნელ დასანქცირებაზე. პირველ რიგში, მკაფიოდ მინდა განვაცხადო, რომ მე არ დამითმია ტელეკომპანია "pos tv"-ს ჩემი წილი და ამის გაკეთებას არც მომავალში ვაპირებ, რადგან, ვთვლი, რომ მოცემული ტელეარხი ემსახურება სიმართლეს და ამიტომაც მას ჩემი მხარდაჭერა სულ ექნება. სინამდვილეში, მე, როგორც კანონმორჩილმა მოქალაქემ, ვინაიდან, ვარ საქართველოს პარლამენტის წევრი და არ მაქვს უფლება ვმართავდე ბიზნესს (აქვე აღვნიშნავ, რომ ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკაში არც არასდროს ჩავრეულვარ), მხოლოდ და მხოლოდ მართვაში გადავეცი ტელეკომპანიის ჩემი კუთვნილი წილი კონკრეტულ პირს, რათა ჩემი საქმიანობა არ მოდიოდეს წინააღმდეგობაში კანონმდებლობასთან( საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-10 მუხლი). ამიტომ, მინდა აღვნიშნო, რომ სრული სიცრუეა და საფუძველს მოკლებულია რადიკალების სიხარული, თითქოს მე ტელეკომპანია "pos tv"-ს წილს აღარ ვფლობ. როგორც ზემოთაც აღვნიშნე, ამ წილის დათმობას მე არც მომავალში ვაპირებ. აქვე, სრულ მხარდაჭერას გამოვხატავ ტელეკომპანიის თითოეული თანამშრომლის მიმართ, ვისაც ურთულეს პირობებში უწევს, ემსახუროს სიმართლეს და ამას ნამდვილად ღირსეულად აკეთებენ“ - განაცხადა ვიქტორ ჯაფარიძემ.

ბოლო სიახლეები