27 სექტემბერი არის უმძიმესი დღე, რომელმაც განსაზღვრა ჩვენი ქვეყნის მომავალი და დაგვიტოვა უდიდესი პასუხისმგებლობა ვემსახუროთ სამშობლოს ერთიანობასა და სახელმწიფოებრიობის განმტკიცებას, – ასე ეხმაურება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე სოხუმის დაცემის დღეს.
როგორც ის აღნიშნავს, სახელმწიფოებრიობა და თავისუფლება უდიდეს მსხვერპლს მოითხოვს.
„27 სექტემბერი არის უმძიმესი დღე, რომელმაც განსაზღვრა ჩვენი ქვეყნის მომავალი და დაგვიტოვა უდიდესი პასუხისმგებლობა ვემსახუროთ სამშობლოს ერთიანობასა და სახელმწიფოებრიობის განმტკიცებას. აფხაზეთის ომში დაღუპულთა თავდადება გვახსენებს, რომ სახელმწიფოებრიობა და თავისუფლება მოითხოვს უდიდეს მსხვერპლს. აკადემიურ საზოგადოებას განსაკუთრებული მისია აკისრია – გააგრძელოს კვლევა, გააანალიზოს ის ისტორიული პროცესები, რომლებმაც განსაზღვრა ჩვენი ქვეყნის ბედისწერა და ამ ცოდნის საფუძველზე აღზარდოს მომავალი თაობა მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და სამშობლოს სამსახურის იდეალებით. პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ ქვეყნის აღმშენებლობისთვის არჩეული გზა, მშვიდობისა და კეთილდღეობისკენ სწრაფვა, წარმოადგენს საქართველოს გაერთიანების მნიშვნელოვან საწინდარს. სწორედ მეცნიერებისა და სახელმწიფოს ერთობლივი ძალისხმევით ეროვნული ერთიანობის განმტკიცებასა და ისტორიული მეხსიერების შენარჩუნებას ვუყრით საფუძველს”, – განაცხადა დავით გურგენიძემ.
ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთელმა, ფაკულტეტების დეკანებმა, პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს.
1993 წლის 27 სექტემბერს აფხაზეთში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების 32 წლისთავის ფარგლებში, უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა გმირთა მემორიალი და საქართველოს ეროვნული გმირების ჟიული შარტავას და გურამ გაბისკირიას ბიუსტები გვირგვინებით შეამკეს.
„27 სექტემბერი საქართველოს თანამედროვე ისტორიაში არის გარდამტეხი თარიღი, ტრაგიკული მოვლენების სიმბოლო და ამავდროულად ჩვენი ეროვნული თვითშეგნების განმტკიცების საფუძველი. თითოეულ ჩვენგანს ეკისრება ვალდებულება, რომ სტუდენტებსა და ახალგაზრდებს შევუნარჩუნოთ ისტორიული მეხსიერება, რათა მათი პროფესიული და მოქალაქეობრივი საქმიანობა ყოველთვის იყოს განმსჭვალული სამშობლოს სიყვარულით, სიმართლით და პასუხისმგებლობით“, – აცხადებს თამარ წერეთელი.
აღნიშნულ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.