პარასკევი, დეკემბერი 27, 2024

სპეციალური საგამოძიებო სამსახური „ტვ პირველის“ თანამშრომლებზე თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სპეციალური საგამოძიებო სამსახური „ტვ პირველის“ თანამშრომლებზე თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება 2024 წლის 7 დეკემბერს თბილისში, გრიბოედოვის ქუჩაზე ტელეკომპანია „ტვ პირველის“ თანამშრომლებზე თავდასხმის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით.

სამსახურმა შეტყობინების მიღებისთანავე საქმეზე დაუყოვნებლივ ჩაატარა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები: ჟურნალისტსა და ოპერატორზე თავდასხმაში მონაწილე პირების და მათი თანამზრახველების იდენტიფიცირების, აგრეთვე, უშუალოდ დანაშაულის ჩადენამდე და დანაშაულის ჩადენის შემდგომ პერიოდში მათი გადაადგილების მარშრუტის დადგენის მიზნით, დათვალიერდა შემთხვევის ადგილი და მიმდებარე ტერიტორია, რის შედეგადაც გრიბოედოვის, ძმები ზუბალაშვილების, ბესიკის, მ. ლაღიძის, ალ. ჭავჭავაძის ქუჩების და შოთა რუსთაველის გამზირიდან გადაუდებელი წესით ამოღებული იქნა კონსერვატორიის და 5 კერძო ობიექტის სამეთვალყურეო ვიდეოკამერის ჩანაწერები, რომელთა დეტალური შესწავლა და ანალიზი უკვე დაწყებულია. ასევე მიმდინარეობს სხვა კერძო და საჯარო ობიექტებიდან ვიდეოჩანაწერების გამოთხოვა და შესწავლა.

2024 წლის 8 დეკემბერს ერთ-ერთი ტელეკომპანიის სატელევიზიო ეთერში დანაშაულის შესაძლო ჩამდენი პირების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ჩატარდა გ. ლ.-ს პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა, რის შედეგადაც ამოღებული იქნა მისი კუთვნილი მობილური ტელეფონი და მოხდა მასში არსებული ინფორმაციის დათვალიერება. მობილური ტელეფონის მეხსიერებაში დაცული ინფორმაციის აღდგენის მიზნით ლ. სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში დაინიშნა კომპიუტერული ექსპერტიზა. საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გამოიკითხა გ.ლ. და მისი ოჯახის წევრი.

საგამოძიებო ორგანოში გამოკითხვაზე დაბარებული იქნა, ასევე, ლ.თ., რომლის შემთხვევის ადგილას შესაძლო ყოფნის თაობაზე ინფორმაცია მედიასაშუალებით გავრცელდა.

სატელეფონო ანძების და გამოძიებისთვის საინტერესო პირების გადაადგილების შესასწავლად მობილური ოპერატორებიდან მიმდინარეობს ინფორმაციის გამოთხოვის პროცესი.

დაზარალებული ჟურნალისტისა და ოპერატორის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად დანიშნულია სამედიცინო ექსპერტიზა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური ჟურნალისტებზე თავდასხმაში მონაწილე პირების იდენტიფიცირებისა და დაკავების, მტკიცებულებების მოპოვების მიზნით უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარებას“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა ეროვნულ გმირს, ჟიული შარტავას, სპექტაკლი – „უკანასკნელი თოლია“ მიუძღვნა

„ჟიული შარტავა იმ ლეგენდის დასაბამია, რომელიც მუდამ იცოცხლებს ჩვენს მომავალ თაობებში. შეუძლებელია საქართველომ ოდესმე დაივიწყოს ჟიული შარტავას და მასთან ერთად დახვრეტილი გურამ გაბესკირიას, ვახტანგ გეგელაშვილს, რაულ ეშბას, მამია ალასანიას, ალექსანდრე ბერულავას და სხვათა თავგანწირვა. ეს სპექტაკლი ეროვნული გმირის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელოვანი კურსდამთავრებულისა და მისი თანამებრძოლების სამშობლოსადმი თავდადების უკანასკნელ, უმძიმეს საათებს ასახავს. ისინი „უკანასკნელი თოლიები“ აღმოჩნდნენ მტრით გარემოცულ სოხუმში და სიცოცხლის ფასად, ბოლო ამოსუნთქვამდე იცავდნენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას“, - ამის შესახებ რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ სტუ-ის სახალხო თეატრ-სტუდია „მოდინახეს“ მიერ დრამატურგ მიხო მოსულიშვილის პიესის მიხედვით დადგმული დრამატული სპექტაკლის - „უკანასკნელი თოლია“ - საპრემიერო ჩვენებაზე განაცხადა. ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს. სტუ-ის ცნობით, სახალხო თეატრ-სტუდია „მოდინახეს“ სტუდენტურმა დასმა და სამხატვრო ხელმძღვანელმა ნუგზარ ბუცხრიკიძემ მაყურებელს წარუდგინეს ახალგაზრდა რეჟისორისა და მსახიობის, გიორგი ჭანტურიას მიერ დადგმული ერთმოქმედებიანი დრამა, რომელიც საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ, 1993 წლის 27 სექტემბერს განვითარებულ მოვლენებს მთელი სიმძაფრით ასახავს. თეატრ-სტუდია „მოდინახეში“ გამართულ პრემიერას, რომელიც ანშლაგით წარიმართა, ესწრებოდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია, საუნივერსიტეტო საზოგადოება, სტუდენტები, ასევე, ქართული სამეცნიერო წრეებისა და თეატრალური საზოგადოების წარმომადგენლები. სპექტაკლის დასრულების შემდეგ რექტორი საუნივერსიტეტო თეატრ-სტუდიის სამხატვრო ხელმძღვანელს და დასს შეხვდა. აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ რეჟისორსა და სტუდენტ მსახიობებს მადლობა გადაუხადა, შთაბეჭდილებები გაუზიარა და წარმატებები უსურვა. „ვერ დავფარავ ემოციას, უდიდეს სინანულს და, ამავდროულად, სიხარულსა და განცვიფრებას - „მოდინახეს“ ახალმა სპექტაკლმა და მასში გადმოცემულმა უკიდურესად მძიმე, დრამატულმა ამბავმა, საქართველოს უახლესი ისტორიიდან გაცოცხლებულმა ტრაგიკულმა მოვლენებმა, რაც ჩვენმა თაობამ ასე კარგად უწყის, წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა. სპექტაკლის მსვლელობისას, საშუალება მქონდა პუბლიკის, განსაკუთრებით კი ჩვენი ახალგაზრდების რეაქციებსაც დავკვირვებოდი - მათ ღრმად განიცადეს და სრულად გაიგეს იმ სათქმელის არსი, რაც დრამატურგ მიხო მოსულიშვილის პიესაშია და რისი მაყურებლამდე მიტანაც ასე ოსტატურად შეძლო „მოდინახეს“ დასმა. უკვდავებამდე ამაღლებული ჟიული შარტავა იმ ლეგენდის დასაბამია, რომელიც მუდამ იცოცხლებს ჩვენს მომავალ თაობებში. შეუძლებელია საქართველომ ოდესმე დაივიწყოს ჟიული შარტავას და მასთან ერთად დახვრეტილი გურამ გაბესკირიას, ვახტანგ გეგელაშვილს, რაულ ეშბას, მამია ალასანიას, ალექსანდრე ბერულავას და სხვათა თავგანწირვა. ეს სპექტაკლი ეროვნული გმირის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელოვანი კურსდამთავრებულის და მისი თანამებრძოლების სამშობლოსადმი თავდადების უკანასკნელ, უმძიმეს საათებს ასახავს. ისინი „უკანასკნელი თოლიები“ აღმოჩნდნენ მტრით გარემოცულ სოხუმში და სიცოცხლის ფასად, ბოლო ამოსუნთქვამდე იცავდნენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენი საუნივერსიტეტო საზოგადოებისთვის განსაკუთრებულად რთულია, ემოციების გარეშე ვისაუბროთ ადამიანზე, რომელმაც თავისი ახალგაზრდობის მნიშვნელოვანი ეტაპი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში განვლო და შემდეგ, განგების ძალით, დამოუკიდებელი საქართველოს პირველი ეროვნული გმირი გახდა. მისი ხსოვნა საუნივერსიტეტო სივრცეში მრავალმხრივ და სამუდამოდ არის უკვდავყოფილი და ეს შესანიშნავი სპექტაკლიც მისი უკვდავყოფის ნათელი დადასტურებაა. ჩვენ არაერთხელ გვიმსჯელია იმის შესახებ, თუ როგორი უნდა ყოფილიყო სპექტაკლი ეროვნული გმირის ცხოვრებაზე, შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა, რისთვისაც მადლობას ვუხდი მთელს დასს, ჩვენს ნიჭიერ სტუდენტებს, ახალგაზრდა და იმედისმომცემ რეჟისორს, გიორგი ჭანტურიას, „მოდინახეს“ ლეგენდარულ სამხატვრო ხელმძღვანელს, ბატონ ნუგზარ ბუცხრიკიძეს - ყველას ვინც თავი არ დაზოგა და საუნივერსიტეტო სივრცეში ასეთი შესანიშნავი სპექტაკლი შექმნა. გვჯერა, ჩვენს თანამემამულეებს და განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობებს ეს სპექტაკლიც ჩაუსახავს იმედს, რომ ქართული სახელმწიფოს, მისი მთავრობის თავდაუზოგავი შრომითა და ძალისხმევით, განათლებითა და მეცნიერებით, რომელიც მუდამ იქნება ხალხის სამსახურში, ოკუპირებული ტერიტორიები, აფხაზეთი და მასთან ერთად სამაჩაბლო, მშვიდობიანი გზებით დაუბრუნდება დედა-სამშობლოს. ვიმედოვნებთ, „უკანასკნელი თოლია“ მთელ საქართველოს შემოივლის და გულგრილს არავის დატოვებს. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი ეროვნული გმირის ცხოვრება ამ სპექტაკლითაც გახდება მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა გიყვარდეს სამშობლო, როგორ ემსახურო, უერთგულო მას“, - აღნიშნა რექტორმა დავით გურგენიძემ. სტუ-ის ინფორმაციით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახალხო თეატრ-სტუდია „მოდინახეს“ მიერ დრამატურგ მიხო მოსულიშვილის პიესის მიხედვით დადგმულ სპექტაკლში - „უკანასკნელი თოლია“ - მთავარ როლებს ასრულებენ სტუ-ის სტუდენტები და კურსდამთავრებულები: ლაშა შარაშენიძე (ჟიული შარტავა), მინდია ქიტიაშვილი (ჩინდიკოვი), ნატა მეშველიანი, ქეთა ჯოხაძე (ირმელა შუტცე), ზუკა ბერუაშვილი (გურამ გაბესკირია), შოთა კაჭარავა (რაულ ეშბა), გიორგი ონიანი (ჯუმბერ ბეთაშვილი), ნიკოლოზ მღებრიშვილი (გურამ ჯანიაშვილი), ლუკა აკობია (ვალმერ ბუტბა), გიორგი ანთიძე (ჯოკერი), ნიკოლოზ კალმახელიძე (მულტიკი); მეორეხარისხოვან როლებში მონაწილეობენ: გიორგი კუტალია, რომან ნებიერიძე, გუგა ჩარგეიშვილი, მერაბ ზუზაძე, საბა გაგელიძე, საბა ჯოლოხავა, დათი ტატულიშვილი; სპექტაკლის რეჟისურა სცენოგრაფია და მუსიკალური გაფორმება - გიორგი ჭანტურიას, რეჟისორის თანაშემწე - ქეთა ჯოხაძე, გახმოვანება - ჯეკო დათუაშვილი, განათება: გვანცა ნოზაძე, გიორგი თათულაშვილი, ამირან ჩარგეიშვილი; ტექნიკური ჯგუფი: დავით ჭეიშვილი და კობა სულაძე. სტუ-ის ადმინისტრაცია და საუნივერსიტეტო თეატრ-სტუდიის სამხატვრო ხელმძღვანელი ნუგზარ ბუცხრიკიძე მადლობას უხდის დრამატურგ მიხო მოსულიშვილსა და ყველა იმ პირს, რომელმაც სპექტაკლის შექმნაში წვლილი შეიტანა.

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი – დავიწყებთ საერთო დემოკრატიული ღირებულებებისადმი საქართველოს ერთგულების გადახედვას, რაც განსაზღვრავს პარტნიორობის სამომავლო განვითარებას

გადავწყვიტეთ, დავიწყოთ ჩვენი საერთო დემოკრატიული ღირებულებებისადმი საქართველოს ერთგულების გადახედვა, რაც განსაზღვრავს ჩვენი პარტნიორობის სამომავლო განვითარებას, – ამის შესახებ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, მარკოს პერესტრელომ განაცხადა. როგორც მარკოს პერესტრელომ აღნიშნა, კვირების განმავლობაში ქართველმა ხალხმა აჩვენა თავისი შეუვალი ერთგულება დემოკრატიული, ევროპული საქართველოსადმი. „საქართველოს პოლიტიკურმა ლიდერებმა ბოლოს და ბოლოს უნდა მოუსმინონ ხალხს და შეწყვიტონ მათ მიერ შემუშავებული დემოკრატიული უკუსვლა. ჩვენი ასამბლეა მუდმივად მხარს უჭერდა საქართველოს დემოკრატიულ, ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. ჩვენ კვლავაც ვაგრძელებთ ამას. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, დავიწყოთ ჩვენი საერთო დემოკრატიული ღირებულებებისადმი საქართველოს ერთგულების გადახედვა, რაც განსაზღვრავს ჩვენი პარტნიორობის სამომავლო განვითარებას. ქართული დელეგაციის ხელმძღვანელისადმი, გივი მიქანაძისადმი გაგზავნილ წერილში, მე მოვუწოდე მას და ქართული დელეგაციის სხვა წევრებს, გამოიყენონ თავიანთი გავლენა საქართველოს დემოკრატიულ გზაზე სასწრაფოდ დასაბრუნებლად“, – აღნიშნავს მარკოს პერესტრელო.

„აზერბაიჯანულ ავიახაზებში“ აცხადებენ, რომ ყაზახეთში მათი თვითმფრინავი ფიზიკური და ტექნიკური გარე ჩარევის შედეგად ჩამოვარდა

„აზერბაიჯანული ავიახაზების“ თვითმფრინავი ფიზიკური და ტექნიკური გარე ჩარევის შედეგად ჩამოვარდა, – ამის შესახებ აზერბაიჯანულ მედიას ავიაკომპანია „აზალში” განუცხადეს. პარალელურად, აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრი, რაშად ნაბიევი აცხადებს, რომ დაშავებული მგზავრების და გადარჩენილი ბორტგამცილებლების მონაყოლის თანახმად, გროზნოს თავზე აფეთქების ხმა გაიგეს. „ერთ-ერთი ბორტგამცილებელი ხელის არეშიც კი დაშავდა. სოციალური ქსელებიდან და პრესაში გამოქვეყნებული კადრებიდანაც ჩანს, რომ ქალს ხელ-ფეხი დაუზიანდა. გარდა ამისა, თვითმფრინავის ფრთაზე ხვრელების კვალი ჩანს. თვითმფრინავის შიგნით დაზიანებულია ფიუზელაჟი. დაზარალებულებმა, რომლებიც რუსეთის მოქალაქეები არიან, ასევე თქვეს, რომ გროზნოს თავზე აფეთქებების ხმა სამჯერ გაიგეს. მათივე თქმით, აფეთქებები გარედან მოხდა, შემდეგ კი თვითმფრინავს რაღაც შეეხო. გამოძიება დაადგენს, თუ რა სახის იარაღიდან იყო გარე ჩარევა. გარდა ამისა, თუ თვითმფრინავის ფრენის ტრაექტორიას დააკვირდებით, ირკვევა, რომ მან ფრენის მიმართულება აქთაუს მიმართულებით მახაჩყალზე აიღო. თვითმფრინავს აქ დაშვების უფლება მიეცა თუ არა, გამოძიების შედეგებიდან გამომდინარე გაირკვევა. გარდა ამისა, გამოძიება დაადგენს, რა მიზნით განახორციელა პილოტმა ავარიული დაშვება. GPS-ის გამორთვის საკითხი მტკიცებულებების წარდგენის შემდეგ გახდება ცნობილი”, – განაცხადა რაშად ნაბიევმა.

სალომე ზურაბიშვილი – კვირის გეგმები მმართველმა პარტიამ უნდა შეიტყოს კვირას და არა მანამდე

კვირის გეგმები, განსაკუთრებით მმართველმა პარტიამ, უნდა შეიტყოს კვირას და არა მანამდე, – ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიტანულ პოდკასტში (Rest Is Politics) სტუმრობისას განაცხადა. ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ რჩება საქართველოს პრეზიდენტად და თავის საქმიანობას გააგრძელებს. „მნიშვნელოვანი, რაც კვირისთვის უნდა ვიცოდეთ, არის ის, რომ პარლამენტი შეიკრიბა არალეგიტიმური არჩევნებითა და არაკონსტიტუციური გზით. კონსტიტუცია დაირღვა ორჯერ. ეს არჩევნები და შესაბამისად, პრეზიდენტის ინაუგურაციაც არ არის ვალიდური. ასე რომ, ვრჩები პრეზიდენტად და ვაგრძელებ ჩემი სამუშაოს შესრულებას. ეს არის ის, რაც ყველამ უნდა იცოდეს. დეტალები კვირას გახდება ცნობილი“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.

სასამართლომ მომღერალი აჩიკო მეფარიძე დამნაშავედ ცნო და ჯარიმის სახით 10 000 ლარი დააკისრა

თბილისის საქალაქო სასამართლომ მომღერალი აჩიკო მეფარიძე დამნაშავედ ცნო. მოსამართლის გადაწყვეტილებით, მას ჯარიმის სახით 10 000 ლარი დაეკისრა. მეფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ძალადობასა და სიცოცხლის მოსპობის მუქარას გულისხმობს. დაცვის მხარე სასამართლოს გამოტანილ განაჩენს არ ეთანხმება. ადვოკატის განცხადებით, გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით გაასაჩივრებენ. ცნობისთვის, შემთხვევა 2022 წლის 7 აპრილს ჭავჭავაძის N33-ში მოხდა. დაზარალებული ლელა ჯუღელი აცხადებს, რომ მას მანქანის პარკირების დროს მომღერალმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

ბოლო სიახლეები