სამშაბათი, აპრილი 7, 2026

სოზარ სუბარი – მარგველაშვილის ხაზი ზურაბიშვილმა გააგრძელა, ოღონდ გაცილებით შორს წავიდა, პრაქტიკულად ღიად გამოაცხადა, რომ ის ასრულებს უცხოური ძალების დაკვეთებს საქართველოში

პარლამენტის ვიცე-სპიკერი სოზარ სუბარი საპრეზიდენტო სასახლის დატოვების თაობაზე სალომე ზურაბიშვილის მიერ გაცხადებულ უარს კომიკურად აფასებს.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სიტუაცია ერთდროულად კომიკურიც არის და სამარცხვინოც, რადგან სალომე ზურაბიშვილის ასეთი საქციელი ქვეყნის იმიჯზე იმოქმედებს უარყოფითად.

სოზარ სუბარი იმედოვნებს, რომ ვადის ამოწურვის შემდეგ სალომე ზურაბიშვილი არ ჩაიგდებს თავს ამგვარ ვითარებაში და მორიგ ჯერზე არ დაარღვევს საქართველოს კანონმდებლობას.

„ძალიან კომიკურია იმის წარმოდგენა, როგორ ზის თავის ოთახში სალომე ზურაბიშვილი და ეჭიდება სკამს. მაგრამ ეს სურათი, კომიკურთან ერთად, სამარცხვინოცაა, რადგან ეს ქვეყნის იმიჯზე ძალიან ცუდად აისახება, თუმცა იმედს ვიტოვებ, რომ ასე არ მოხდება. არ მინდა, ამ საკითხის იურიდიულ მხარეს ჩავუღრმავდე, მაგრამ ერთი წუთი წარმოიდგინეთ, რომ ვიღაც ადამიანები – პოლიტიკოსები თუ მათი მხარდამჭერები, შედიან პრეზიდენტის სასახლეში მას შემდეგ, რაც ზურაბიშვილს ვადა ეწურება და აცხადებენ, რომ ამ შენობიდან არ გავლენ. ასეთი ქმედება, რა თქმა უნდა, დანაშაულია და მას შესაბამისი რეაგირებაც მოჰყვება. ზოგადად, პრეზიდენტის ინსტიტუტის რეიტინგული დაზიანება დაიწყო გიორგი მარგველაშვილმა, როდესაც დაიწყო ჭიდაობა, რომ სწორედ ის უნდა წარმდგარიყო გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს სახელით. მის მიერ დაწყებული ეს კინკლაობა ანტიკონსტიტუციურიც იყო და სამარცხვინოც. როგორც წესი, ასამბლეაზე ყველა ქვეყანას მთავრობის მეთაური წარმოადგენს – საპრეზიდენტო ქვეყნებიდან პრეზიდენტები ჩადიან, საპარლამენტო რესპუბლიკებიდან კი – მთავრობის მეთაურები. საქართველო იყო ერთადერთი ქვეყანა, სადაც მარგველაშვილმა ასეთი სამარცხვინო ვითარება შექმნა. სალომე ზურაბიშვილი, სამწუხაროდ, გაცილებით შორს წავიდა – მან პრაქტიკულად ღიად დაიწყო საქართველოში უცხოური ძალების დაკვეთების შესრულება და აბსოლუტურად არ აინტერესებს საკუთარი ამომრჩევლისა და ქართველი ხალხის ბედი. მიხეილ ყაველაშვილი კი იქნება პრეზიდენტი, ვინც ამ ინსტიტუტს კონსტიტუციურ ჩარჩოში მოაქცევს“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიო მუჯირი – მივეჩვიე, რომ გადმოგცემდით კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ლოცვა-კურთხევას, ძალიან რთულია, ამ სიტყვების გარეშე ქადაგებით მოგმართოთ, გილოცავთ ხარებას

დღეს განსაკუთრებული სიყვარულით, მოწიწებით ვუმზერთ ჩვენი მოდგმის დიდებას და სიქადულს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს. მუდამ ვადიდოთ იგი, ვმადლობთ მას და ვევედროთ, იყოს ჩვენი მეოხი, შუამავალი, შუამდგომელი ჩვენ. მოგვმადლოს ისეთივე სიმდაბლე, რწმენა, მინდობა უფალზე და სიყვარული, რაც არის მხოლოდ და მხოლოდ გზა ჩვენი სულის გადარჩენისა, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სიონის ტაძარში ხარების დღესასწაულზე ქადაგებისას განაცხადა.მეუფე შიომ მრევლს ხარების დღესასწაული მიულოცა.„ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ ხარების დიდებულ დღესასწაულს. მივეჩვიე, რომ ვამბობდი ხოლმე, გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ლოცვა-კურთხევას, ძალიან რთულია, ამ სიტყვების გარეშე ქადაგებით მოგმართოთ. გილოცავთ ხარებას. როგორც ამ დღესასწაულის ტროპარში არის ნათქვამი, „დღეს ცხოვრებისა ჩვენისა თავი არს და საუკუნითგან დაფარულისა მის საიდუმლოსა გამოცხადება, ძე ღვთისა ძედ ქალწულისა იწოდების“. ყველაფერს, რაც სამყაროში ხდება, ესმით ეს ადამიანებს თუ – არა, საბოლოო მიზნად აქვს საღვთო სიყვარულის ძალით ღმერთთან შეერთება. ეს არის ადამიანის ცხოვრების აზრი, ღვთის სიყვარულის ძალით მადლმოსილება. შეგახსენებთ, წმინდა მამები ერთხმად ამბობენ, რომ ქრისტიანული ცხოვრების მთავარი მიზანი არის სულიწმიდის მოხვეჭა, რის შედეგადაც ადამიანი მადლით ხდება ღმერთი და აღწევს განღმრთობას. სწორედ ამისთვის მოხდა ძე ღმერთის განკაცება, ეს იყო მიზანი, მაგრამ ისმის კითხვა, იმჟამად, იმ საუკუნეებში ნუთუ შესაძლებელი იყო ასეთი მადლმოსილება, სრული მადლმოსილება ადამიანის? ათასობით წლის განმავლობაში კაცობრიობა ცხოვრობდა ცოდვებში, უწმინდურობაში, წარმართობაში. მართალია, იყვნენ გამორჩეული ადამიანები, მათ შორის წინასწარმეტყველები, რომლებიც წინასწარმეტყველებდნენ მესიის მოსვლის შესახებ, როგორც ბიბლიაშია ნათქვამი, ელოდნენ იმ დედაკაცის გამოჩენას, რომლის თესლიც დათრგუნავდა გველის თავს, ე.ი. ეშმაკს, მაგრამ ის არ ჩანდა და კაცობრიობა განაგრძობდა ცხოვრებას ბოროტების, ცოდვის ტყვეობაში. აი, დადგა დრო, როდესაც ზეციდან ღმერთმა მოავლინა ანგელოზი, რომელმაც აუწყა კაცობრიობას ძე ღმერთის დედამიწაზე მოვლინებისა და ქალწულისგან შობის შესახებ. ქალწულისგან, რომელმაც თვით ღმერთს უნდა მისცეს ადამიანის სხეული, ესე იგი, ამიერიდან შესაძლებელი გახდა ის სრული მადლმოსილება. ეს პირველად განხორციელდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პიროვნებაში. სწორედ ხარებას, ამ დროს მოხდა ეს. ამიტომაც ეს დღესასწაული აღინიშნება, როგორც ჩვენი გამოხსნის დასაბამი, როგორც ტროპარშია ნათქვამი, დასაწყისი ჩვენი გამოხსნის, რომელიც შეიძლება, არც მომხდარიყო, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს თავისუფალი ნებით რომ არ მიეღო ეს, ხარება და თანხმობა არ განეცხადებინა.ასეთ მადლმოსილ ადამიანს, რომელიც სულიწმინდის ჭურჭელი გახდა, შეუძლებელია, არ სცოდნოდა, რა მძიმე წლები, დღეები ელოდება მას მომავალში, თუნდაც მისი საღვთო ცის ჯვარცმისა და საშინელი სიკვდილის სახით. შეუძლებელია, ეს არ სცოდნოდა. ასევე ყოველგვარ ადამიანურ გონებას აღემატება მამაკაცის გარეშე ჩასახვის და შობის საიდუმლო, რომელიც მას ეუწყა. მას რომ ოდნავ მაინც გაევლო გულში ეს ფიქრები და დაბრკოლებულიყო, ხარება არ შედგებოდა. ის კი როგორი ღვთისადმი მინდობით, სიმდაბლით მიუგებს მთავარანგელოზს, „აჰა, მხევალი უფლისა, მეყავნ მე სიტყვისაებრ შენისა“. ეს არის მისი საოცარი სულიერება, სიმდაბლე, უპირველესი თვისება. მხოლოდ ამ სიმდაბლეში შეიძლება, გაიხსნას ადამიანის სული სულიწმიდის მადლის მიღებისთვის და ამ სიმდაბლემ გაუხსნა გული ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს სულიწმიდის მისაღებად. ამ სიმდაბლის წყალობით ღირსი გახდა კაცობრიობა საოცარი ხარების. ამიტომაც, წმინდა ეკლესია გვეუბნება, რომ დღეს ღვთისმშობლის გამო ხარობს ყოველი ქმნილება, როგორც არის ნათქვამი ჩვენს საეკლესიო ლოცვებში, „ანგელოზს დაკრებული და კაცთა ნათესავი“ დღეს ხარობს. ძვირფასო დებო და ძმებო, არა მხოლოდ ღვთისმშობლის გული შეიძლება გაიხსნას სიმდაბლის ძალით სულიწმინდის მადლისთვის, არამედ ყოველი ჩვენგანის გულიც. ეს მოიტანა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ, ეს მოიტანა ხარებამ და მხოლოდ ამ სიმდაბლეში შეიძლება იშვას ნამდვილი ღვთის სიყვარული, ამ სიყვარულში კი დასაბამს იღებს ნამდვილი სწრაფვა სიკეთისკენ, ჭეშმარიტებისკენ, მშვენიერებისკენ.ამიტომ, ჩვენ დღეს განსაკუთრებული სიყვარულით, მოწიწებით ვუმზერთ ჩვენი მოდგმის დიდებას და სიქადულს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს. მუდამ ვადიდოთ იგი, ვმადლობთ მას და ვევედროთ, იყოს ჩვენი მეოხი, შუამავალი, შუამდგომელი ჩვენი და მოგვმადლოს ისეთივე სიმდაბლე, რწმენა, მინდობა უფალზე და სიყვარული, რაც არის მხოლოდ და მხოლოდ გზა ჩვენი სულის გადარჩენისა. კიდევ ერთხელ გილოცავთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების დიდებულ დღესასწაულს. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ლოცვით ღმერთმა მოიხსენიოს, შეიწყალოს და აცხოვნოს აწ განსვენებული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ლოცვით ღმერთმა გააძლიეროს, გაამთლიანოს და გადაარჩინოს სრულიად საქართველო. მრავალი სიხარული მოგმადლოთ უფალმა თქვენ და სრულიად საქართველოს“, – განაცხადა მეუფე შიომ.

ირანის მთავრობა მოუწოდებს სტუდენტებს, სპორტსმენებს, არტისტებს და ტექნოლოგიური კომპანიებს თანამშრომლებს, ელექტროსადგურების გარშემო ცოცხალი ჯაჭვი შეკრან

ირანის მთავრობა მოუწოდებს სტუდენტებს, სპორტსმენებს, არტისტებს და ტექნოლოგიური კომპანიებს თანამშრომლებს, ელექტროსადგურების გარშემო ცოცხალი ჯაჭვი შეკრან.„ფაინენშალ თაიმსის“ ცნობით, ირანის ხელისუფლებამ ეს მოწოდება იმ ფონზე გააკეთა, როდესაც აშშ და ისრაელი ირანის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმებით იმუქრებიან.გამოცემის ცნობით, ირანის ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ ორგანიზებულ აქციაში 2000-ზე მეტი მოხალისე მიიღებს მონაწილეობას.ირანის ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, ცოცხალი ჯაჭვების აქცია მიმართულია საზოგადოებრივ დაწესებულებებზე აშშ-ისა და ისრაელის დარტყმების გასაპროტესტებლად.

ჯეი დი ვენსი ბუდაპეშტში ჩავიდა

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი ბუდაპეშტში ჩავიდა. როგორც „გარდიანი“ იუწყება, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტსა და მის მეუღლეს ბუდაპეშტის საერთაშორისო აეროპორტში უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო დახვდა.როგორც ცნობილია, ჯეი დი ვენსი უნგრეთში ორდღიანი ვიზიტით ჩავიდა.როგორც ვარაუდობენ, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ქვეყანაში 12 აპრილს დაგეგმილ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე მხარდაჭერას გამოუცხადებს ქვეყნის მოქმედ პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანს.სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ ჯეი დი ვენსის უნგრეთში ვიზიტს უწოდა დადასტურება, რომ ვაშინგტონისა და ბუდაპეშტის ურთიერთობებში ახლა „ოქროს ხანაა“.მისივე ცნობით, დღეს დაგეგმილი ვიზიტის დროს განხილული იქნება ისეთი საკითხები, როგორიცაა მიგრაცია, გლობალური უსაფრთხოება და ეკონომიკისა და ენერგეტიკის სფეროში უნგრეთისა და აშშ-ის თანამშრომლობა.

რუსეთში „ჩეჩნეთის იჩქერიის რესპუბლიკა“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადდა და აიკრძალა

რუსეთში „ჩეჩნეთის იჩქერიის რესპუბლიკა“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადდა და აიკრძალა.„გროზნის შეიხ-მანსურის რაიონულმა სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლითაც ჩეჩნეთის იჩქერიის რესპუბლიკის ორგანიზაცია და მისი 29 ფილიალი ევროპის 14 ქვეყანაში ტერორისტულ ორგანიზაციებად ცნო და მათი საქმიანობა რუსეთში აკრძალა“, – ნათქვამია ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.რუსული მედიის თანახმად, უკრაინაში ომის დაწყებიდან უკრაინელი ჯარისკაცების გვერდით იბრძვიან ჩეჩნეთის იჩქერიის რესპუბლიკის წევრები, რომლებიც მონაწილეობდნენ ბელგოროდისა და კურსკის ოლქებში დივერსიულ და ტერორისტულ თავდასხმებში, ასევე რუსი ჯარისკაცებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობაში.„ჩეჩნეთის იჩქერიის რესპუბლიკა“ 1991 წელს ჩეჩნეთში დაარსდა. 2007 წლის ნოემბრიდან მას ახმედ ზაკაევი ხელმძღვანელობს, რომელიც, რუსული მედიის მტკიცებით, საერთაშორისო ძებნილთა სიაშია. აჰმედ ზაკაევი სავარაუდოდ დიდ ბრიტანეთში იმყოფება.

გია ვოლსკი – აზერბაიჯანის პრეზიდენტმა შუა დერეფანში საქართველოს როლს ხაზი გაუსვა, ფაქტი, რაზეც პრეზიდენტი ალიევი საუბრობს, არ იცვლება, ეს არის კონსტანტა

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა შუა დერეფანში საქართველოს როლს ხაზი გაუსვა, მსგავსი პოზიცია იყო მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, დავოსშიც, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.მისი თქმით, ფაქტია, რომ ამ პროექტში საქართველოს საკვანძო ქვეყანაა, რომელიც აზიას ევროპასთან აკავშირებს.„სამწუხაროა, რომ ეს მაშინ არ გაითვალისწინეს, როცა ევროკავშირმა ამ საკითხებზე შეხვედრა ჩაატარა, სადაც შუა აზიის ყველა ქვეყანა მიიწვია და საქართველოს უთხრეს, რომ თითქოს, აქ დემოგრაფიის უკუსვლაა და ამ თემაში მონაწილეობას ვერ მიიღებს, მაგრამ ფაქტი, რაზეც პრეზიდენტი ალიევი საუბრობს, არ იცვლება, ეს არის კონსტანტა. საუკუნეების განმავლობაში, საქართველოს წინააღმდეგ ომი სწორედ მისი მნიშვნელობის გამო მიმდინარეობდა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო იმის ხაზგასმა, რომ სამმა ქვეყანამ მოახერხა და მომავალში უფრო მეტს გააკეთებს, რათა ეკონომიკური ურთიერთობები ერთმანეთთან დაკავშირებული იყოს. ეს არის გარანტია მშვიდობის და ამას ალტერნატივა არ გააჩნია“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ბოლო სიახლეები