პარასკევი, მარტი 20, 2026

სოზარ სუბარი: ეპოქა არ დასრულებულა – ის, რაც ილია მეორემ შექმნა, გაგრძელდება ძალიან დიდხანს

პატრიარქის ისტორიულ როლზე ისაუბრა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა და აღნიშნა, რომ ილია მეორის ეპოქა მისი ფიზიკური არყოფნის მიუხედავად, გაგრძელდება.

„პირველ რიგში, სამძიმარს ვუცხადებ მთელ საქართველოს – ჩვენი პატრიარქის გარდაცვალება უდიდესი ტკივილია თითოეული ჩვენგანისთვის. დღეს მთელი დღის განმავლობაში ვიღებდი სამძიმრის წერილებს ჩვენი თანამოქალაქეებისგან – სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის და სხვადასხვა სარწმუნოების ადამიანებისგან. ჩემი ცხოვრების განმავლობაში ისე მოხდა, მჭიდრო კავშირი მქონდა საქართველოში მცხოვრები თითქმის ყველა რელიგიის წარმომადგენელთან და ბევრმა მათგანმა დღეს თავი ვალდებულად ჩათვალა, ჩემთვისაც გაეზიარებინათ ის ტკივილი და მწუხარება, რასაც ისინი განიცდიან უწმინდესის გარდაცვალების გამო. მათ შორის განსაკუთრებით ბევრნი იყვნენ ჩვენი თანამოქალაქე აზერბაიჯანელი მუსლიმები, როგორც სასულიერო, ისე საერო პირები.
ასევე საოცრად თბილი და სიყვარულით აღსავსე სამძიმრის წერილი მომწერა ოსმან მჟავანაძემ, თურქეთელმა ქართველმა, ან როგორც თვითონ ეძახიან თავს – „ჩვენებურმა“. ამ დღეებში ბევრჯერ ითქვა, რომ ილია მეორის გარდაცვალებით დიდი ეპოქა დასრულდა, თუმცა მეუფე დანიელმა სხვაგვარად თქვა და მეც მინდა მას დავეთანხმო — ილია მეორის ეპოქა არ დასრულებულა. როგორც მეუფე დანიელმა ბრძანა, მისი უწმინდესობის ნახევარსაუკუნოვანი პატრიარქობა, ეს არის ქართლის მოქცევის საოცარი ეპოქა, პროცესი, რომელიც დღესაც გრძელდება და გაგრძელდება მარადისობაში.

ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში საქართველოს ისტორია და მისი უწმინდესობის ბიოგრაფია განუყოფელია და ერთმანეთშია გადაჯაჭვული, ეს ურთიერთობა მოიცავს ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროს. ილია მეორემ უდიდესი მონაწილეობა მიიღო ახალი ქართული სახელმწიფოსა ჩამოყალიბებაში და ჩვენი ქვეყნის უახლოეს ისტორიაში არ არის სფერო, რომელზეც მან წარუშლელი კვალი არ დატოვა.

ყველამ კარგად ვიცით, რა რთულ პერიოდში მოუხდა მოღვაწეობის დაწყება ილია მეორეს. მისი უწმინდესობა იხსენებს, როგორ მოხდა მისი ბერად აღკვეცა 1957 წლის 16 აპრილს: „ჩემი აღკვეცა წმინდა ალექსანდრე ნეველის ეკლესიაში შედგა. დიდი მარხვის ბოლო კვირა, ვნების შვიდეულის სამშაბათი იყო. ჩემს აღკვეცას არ ესწრებოდა არც ერთი ქართველი. აი, ასეთ უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფებოდა იმ დროს საქართველოს ეკლესია. ერთ-ერთმა სასულიერო პირმაც იგივე მითხრა: თქვენ რომ ჩაიბარეთ საქართველოს ეკლესია, მას სუდარა ჰქონდა გადაფარებულიო. გარეგნულად თითქოს მართლაც ასე იყო, მაგრამ ზეციური საქართველოს შემწეობა ცხოვლად იგრძნობოდა, ყოველთვის ასე იყო, ასეა დღეს და ასე იქნება კვლავაც. ზეციური საქართველოს, ჩვენი დიდი წინაპრების, ზეციური მხედრიონის ლოცვა-ვედრება ჩვენი ეკლესიის ძლიერების აღსადგენად ღმერთმა შეისმინა…“

ილია II-მ შეძლო ის, რაც მხოლოდ რჩეულთა ხვედრია: მან გააერთიანა ერი. მან დაგვანახა, რომ ჩვენი ძალა ერთობაშია და რომ სიყვარული ყველაფერზე მაღლა დგას. დღეს, როცა მის ღვაწლზე ვსაუბრობთ, ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ ვცხოვრობდით და ვცხოვრობთ ეპოქაში, რომელსაც ერქმევა „ილია მეორის ეპოქა“. ეს არის ეპოქა სულიერი სიმტკიცის, ეროვნული ღირსების, საკუთარი თავის, საკუთარი მეობისა და იდენტობის პოვნის. მან ეკლესიაში დააბრუნა ახალგაზრდობა, დააბრუნა ინტელექტუალური ელიტა და, რაც მთავარია, დააბრუნა იმედი.

ის, რაც მან შექმნა, გაგრძელდება ძალიან დიდხანს. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ ეს არის ეპოქა, რომელიც არ დასრულებულა და გაგრძელდება ძალიან დიდხანს, მანამ, სანამ საქართველო იარსებებს. ბუნებრივია, ამის გაკეთება ადვილი არ იყო. ირაკლი ქადაგიშვილ გაიხსენა: როცა სიონში იგალობებოდა საგალობელი, „ღვთივკურთხეული ქართველი ერი, ღმერთმა დალოცოს მრავალი წელი“, იმ პერიოდში ეს იყო პატრიოტიზმისა და ეროვნული სულისკვეთების გამოვლინება და განმტკიცება.

ერთი შეხედვით, დღევანდელი გადასახედიდან, თითქოს მცირე ამბავია, მაგრამ იმ დროისთვის ეს სიტყვები რომ იგალობებოდა, ესეც კი ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ილია მეორე ხშირად ხვდებოდა სხვადასხვა დარგის მეცნიერებს და ხელოვანებს და ცდილობდა მეცნიერება და სარწმუნოება, ხელოვნება და სარწმუნოება დაეახლოვებინა ერთმანეთთან. მისი ინიციატივით დაიწყო ძველი ქართული საგალობლების გაცოცხლება და ლიტურგიაში დანერგვა. კარგად მახსოვს, რამხელა რეზონანსი ჰქონდა, როდესაც ანჩისხატში შეიქმნა მგალობელთა გუნდი, რომლებმაც პირველებმა დაიწყეს მივიწყებული ძველი ქართული საგალობლების აღდგენა და გალობა. ბევრი ადამიანი სწორედ ამ გალობის მოსასმენად მიდიოდა ტაძარში და ასე იწყებდნენ ურთიერთობას და დაახლოებას ეკლესიასთან. გალობის პარალელურად დაიწყო ქართული ხატწერისა და ფრესკის აღორძინება, ასევე უკვე დაკარგული და მივიწყებული ქართული მინანქრის აღდგენა-აღორძინება და მრავალი ახალგაზრდა ხელოვანის ჩართვა ამ სფეროში. მახსოვს, იქნებოდა ალბათ 1987 წელი, როცა პატრიარქი შეგვხვდა სტუდენტებს და მოგვიწოდა, ყველას გვეთარგმნა სახარების რამდენიმე მუხლი ახალქართულად და ამით შეგვექმნა სახარება თანამედროვე ქართულ ენაზე. რა თქმა უნდა, ძალიან კარგად იცოდა, რომ ასე ახალი თარგმანი ვერ შეიქმნებოდა, მაგრამ მისი უწმინდესობის მიზანი იყო, ახალგაზრდებს დაგვეწყო სახარების კითხვა და დავაახლოვებოდით ეკლესიას. ასე, თანდათან ხდებოდა ჩამოყალიბება იმ მდგომარეობის, რასაც დღეს ქრისტიან ქართულ საზოგადოებად ვიცნობთ“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

მისი თქმით, როცა ილია მეორის ეპოქაზე ვლაპარაკობთ, აუცილებლად უნდა ვახსენოთ საერო და სასულიერო ხელისუფლებათა ურთიერთობის ის უნიკალური მოდელი, რომელიც საქართველოში შეიქმნა და რომლის შემოქმედი მისი უწმინდესობა გახლდათ. „ეს არის ურთიერთობა, რომელიც დაფუძნებულია ერთის მხრივ, ერთმანეთის საქმიანობაში ჩაურევლობაზე, მაგრამ, ამასთანავე სრულ ურთიერთპატივისცემასა და კოორდინაციაზე. ურთიერთობის ეს მოდელი უნიკალურია არა მხოლოდ თანამედროვე სამყაროში, არამედ ისტორიულადაც არა აქვს ბევრი ანალოგი“, – დასძინა სუბარმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ეკლესიათა მსოფლიო საბჭო ილია მეორის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

ეკლესიათა მსოფლიო საბჭო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.„ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს სახელით, გულწრფელად ვუსამძიმრებ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას. ჩვენ, მთელ მსოფლიოში ჩვენს მართლმადიდებელ დებსა და ძმებთან ერთად, მადლობას ვწირავთ ღმერთს პატრიარქ ილია მეორის სიცოცხლისა და მოღვაწეობისთვის. ღმერთმა მისცეს ძალა, მშვიდობა და ნუგეში ყველას, ვინც გლოვობს ამ მწუხარებისა და დანაკლისის ჟამს“,- აღნიშნულია საბჭოს გენერალური მდივნის, ჯერი პილეის განცხადებაში.განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ ეკლესიის განახლების მნიშვნელოვანი პროცესი წამოიწყო, 1980-იანი წლების ბოლოსთვის საგრძნობლად გაიზარდა სასულიერო პირთა, მონასტრებისა და ტაძრების რაოდენობა.„მისი წინამძღოლობით, ეკლესიამ გააძლიერა თავისი ყოფნა და ხელახლა დაამყარა კავშირი მორწმუნეებთან ქვეყნის მასშტაბით. ასევე, მისი ხელმძღვანელობით გამოიცა ბიბლიის თანამედროვე ქართული თარგმანი, საბჭოთა კავშირში მიმდინარე რეფორმების პერიოდში“,- აღნიშნულია ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს გენერალური მდივნის განცხადებაში.

დეკანოზი შალვა კეკელია: პატრიარქი არის გრიგოლ ხანძთელის მასშტაბის მოღვაწე

პატრიარქი არის გრიგოლ ხანძთელის მასშტაბის მოღვაწე, რომ არ ყოფილიყო გრიგოლ ხანძთელი არ იქნებოდა დავით აღმაშენებელი, არ იქნებოდა თამარ მეფე, ქვეყანა ვერ გაბრწყინდებოდა, ზუსტად ასე პატრიარქის მოღვაწეობამ განაპირობა, რომ ეს ქვეყანა შეიკრა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” დეკანოზმა შალვა კეკელიამ, ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარმა.დეკანოზმა პატრიარქის ნათლულებზე და დღეს მათ მიერ უწმინდესისთვის მიგებულ პატივზე ისაუბრა.„სამძიმართან ერთად დღევანდელი დღე იყო დღესასწაული, გარდაცვალებაც იყო დღესასწაული. სულ ვფიქრობდი ხოლმე, რომ ის ისეთ დროს გარდაიცვლება, როცა ამ გარდაცვალებითაც დიდ რამეს გააკეთებს, თავის გარდაცვალებითაც გვიქადაგებს. დღეს ვუყურებდი ამას, როგორ გვიქადაგებს უწმინდესი და რაზე გვესაუბრება - ამათზე დგას ქვეყანა, ცრემლმორეული ბავშვები თეთრი ვარდებით მიდიოდნენ თავის ნათლიასთან. საოცარი შეგრძნება იყო, ეს იყო ის რისთვისაც პატრიარქმა იღვაწა და რაც პატრიარქმა აკეთა თითოეული ჩვენგანისთვის. სულ ამბობდა რომ ეს ის თაობაა, რომელიც ამ ქვეყანას შეცვლის. დღეს მათ თვალებში ვხედავდი, რომ ეს ის ბავშვები არიან, რომლებიც ამ ქვეყანას შეცვლიან, ერთმანეთი ეყვარებათ. მას რომ უყვარდა საქართველო უნდოდა ყველას ასე გვყვარებოდა“, - განაცხადა დეკანოზმა შალვა კეკელიამ.სასულიერო პირმა ილია II-ის განსაკუთრებულ თვისებებზე ისაუბრა და მათ შორის ადამიანების სიყვარული გამოყო.„მთელი მისი მოღვაწეობა იყო უდიდესი მოღვაწეობა. პირველი რაც მას ყველაზე ძვირფასი თვისება ჰქონდა, ის არავის არ განიკითხავდა, მას ყველა ადამიანი უყვარდა, მიუხედავად მისი მაგინებლებისა, ყოველთვის მათზე ლოცულობდა“, - აღნიშნა დეკანოზმა.მამა შალვამ წმინდა სამების ტაძრის მშენებლობის ისტორიაც გაიხსენა და თქვა, რომ სამების ტაძარი პატრიარქის და ქვეყნის სახეა. „სამების მშობლობა როცა დაიწყო ვერავინ იჯერებდა, რომ ამხელა მასშტაბის ტაძარი შეიძლებოდა აშენებულიყო. პატრიარქს ეს გამოცხადებით ჰქონდა, რომ აქ უნდა აშენებულიყო. როცა მიწა მოიჭრა ტაძრის საძირკვლისთვის იქ აღმოჩნდა კლდე, ზუსტად ტაძრის ზომის და იმაზე დაშენდა ეკლესია. დღეს სამება არის პატრიარქის, ჩვენი ქვეყნის სახე. ჩემთვის პატრიარქი საქართველოა, როგორც პატრიარქი გაატარეს ამ ჯვარცმას, საქართველომაც ასე გაიარა: დაცემა, წაქცევა, ბრძოლები, ამას გავდიოდით სულ. დამიჯერეთ, ჩვენ კიდევ ვერ ვაცნობიერებთ რა მასშტაბის ადამიანზე გვაქვს საუბარი. როგორც ილია ჭავჭავაძის დროს ვერ წარმოედგინათ, უფრო დიდი მოღვაწის წინაშე ვდგავართ ჩვენ“, - განაცხადა ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძრის წინაღმძღვარმა.

ტარიელ ხარხელაური: პატრიარქს პირველად 2004 წელს შევხვდი. ჩემს ტრაგედიასთან დაკავშირებით ვისაუბრეთ და მან მომცა ძალა, რომ სიძულვილი სიყვარულით ჩამენაცვლებინა, მიტევება შემძლებოდა

პატრიარქს პირველად 2004 წელს შევხვდი, რამაც ჩემი ცხოვრება მთლიანად შეცვალა. ჩემს ტრაგედიასთან დაკავშირებით ვისაუბრეთ და რომ გავაანალიზე, წუთისოფლისკენ კი არ შემომატრიალა პატრიარქმა, საწუთისოფლოდ შემომატრიალა მისიის შესასრულებლად, – განაცხადა პოეტმა ტარიელ ხარხელაურმა გადაცემაში „იმედი LIVE“.მისივე თქმით, პატრიარქი იყო ისეთი პიროვნება, რომელთანაც ყველანაირ თემაზე შეეძლო საუბარი.„პატრიარქს პირველად 2004 წელს შევხვდი, რამაც ჩემი ცხოვრება მთლიანად შეცვალა. არ ვიყავი ეკლესიური. ჩემს ტრაგედიასთან დაკავშირებით ვისაუბრეთ და იმ დროისთვის მძიმე სიტყვა მითხრა – თქვენ გაცვალეთ მამა-შვილობაო. ისაა მამა, შენ შვილი. ის წავიდა შენს მაგივრად, შენ შენი მისია უნდა შეასრულოო. ეს არ იყო ადვილი მოსასმენი. რომ გავაანალიზე, წუთისოფლისკენ კი არ შემომატრიალა პატრიარქმა, საწუთისოფლოდ შემომატრიალა მისიის შესასრულებლად.პატრიარქმა მომცა ძალა, რომ სიძულვილი, უარყოფითი ემოცია სიყვარულით ჩამენაცვლებინა. მომცა ძალა, რომ მიტევება შემძლებოდა. პატრიარქი იყო, რომელთანაც ყველა თემაზე შემეძლო საუბარი. ისეთ მიუღებელ და დაუჯერებელ თემებზეც, რომელიც მართლმადიდებელი სარწმუნოებისთვის მისაღები არ არის. პატრიარქი გისმენდა, გეტყოდა, შენ ასე ხედავ? და გაძლევდა ანალიზის საშუალებას. მას ჩემთვის საუბარი არასდროს შეუწყვეტინებია. მან მასწავლა, რომ ეკლესიაში სანთელი უნდა დაანთო სხვისთვის. შევდივარ ტაძარში და ვანთებ სანთელს მისთვის, ვინც ჩემზე უარეს დღეშია“, – აღნიშნა პოეტმა.

„15 წუთი გველაპარაკა… „ბერი კაცი ვარ“ მიმღერეთო“ – სვიმონ ჯანგულაშვილი პატრიარქზე

სვიმონ ჯანგულაშვილი ილია მეორეს იხსენებს.„თავისი სნეულების გამო ხან ლაპარაკობდა, ხან ვერ ლაპარაკობდა. უცბად 15 წუთი გველაპარაკა. „ბერი კაცო ვარ“ მიმღერეთო. ეს სიმღერა ძალიან უყვარდა. სხვათა შორის ილია ჭავჭავაძესაც ძალიან ეს სიმღერა. სულ იყო ამ სულიერ ერთიანობაში. დიდ ქართველებთან. გალაკტიონს აუგო წესი და შემთხვევით არ არის, რომ გალაკტიონის გარდაცვალების დღეს გარდაიცვალა. მე მგონია, რომ ეს ღვთიური ადამიანები წმინდანებთან ერთად დახვდებიან იქ და მათთან ერთად იქნება“,  - ამბობს სვიმონ ჯანგულაშვილი.ცნობისთვის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის დაკრძალვასთან დაკავშირებით სახელმწიფო კომისია შეიქმნა. კობახიძის ადმინისტრაციის ცნობით, კომისიას ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს.

„გწერს შენი დედაი, შენი გზის მყურებელი…“ – რას წერდა დედა პატრიარქს

ჟურნალი „კარიბჭე" პატრიარქის პირადი არქივიდან, დედის მიერ კათოლიკოს-პატრიარქისთვის მიწერილ წერილს ავრცელებს:„პატრიარქის პირადი არქივიდან, დედის წერილი კათოლიკოს-პატრიარქს: "მოკითხვა ჩემს საყვარელ შვილს, ძვირფას, ოქროს და ბრილიანტს. შევნატრი ღმერთს შენს ჯანმრთელად სიცოცხლეს, ჩემო გულო. ეხლა მივიღეთ შენი დეპეშა, რომელშიც იწერები, როგორ ჩახვედითო, ჩვენ კარგად ჩავედით, ორი დღე მცხეთას დავრჩით, მერე სუყველანი ერთად წამოვედით... აქ ახალი არაფერია... მოკითხვა ყველას, შენს კეთილებს და შენს ერთგულს ქართველებსაც და რუსებსაც. კარგად იყავ, ჩემო სიცოცხლევ, ღმერთი იყოს შენი მფარველი ყველა საქმეში და ყველა ბიჯზე, ვთხოვ და ვეხვეწები ღვთისმშობელს, რომ გიფარავდეს და გიხსნიდეს ბოროტისაგან. გწერს შენი დედაი, შენი გზის მყურებელი". 

ბოლო სიახლეები