ორშაბათი, თებერვალი 24, 2025

სიცრუე და აბსურდია საიდუმლო და რისკიან დავალებებზე საუბარი გიორგი ბაჩიაშვილის მხრიდან. მიმაჩნია, ამგვარი დეზინფორმაციის გავრცელების მიზანი აჟიოტაჟის შექმნის მცდელობა და სკანდალური ინფორმაციის გავრცელებაა, რაც მიუთითებს ბრალდებულის პოზიციების სისუსტეზე და დაზარალებულის პოზიციის სისწორეზე – თეიმურაზ წიქვაძე

„მსურს, ძალიან მოკლედ, შევეხო ბაჩიაშვილის მცდელობებს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე განმარტებების მიცემის პროცესში, საკითხი წარმოეჩინა იმგვარად, რომ თითქოს მას როგორც მორალურად, ასევე თურმე ბიძინა ივანიშვილის მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, ეკუთვნოდა კრედიტი და მიიღო კიდეც“-წერს „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი თეიმურაზ წიქვაძე სოციალურ ქსელში. ადვოკატი „ტვ პირველის“ ეთერში გასული სიუჟეტის შესახებ გიორგი ბაჩიაშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით დამატებით განმარტებას აკეთებს.

როგორც ადვოკატი პოსტში აღნიშნავს, როგორც სხვა მსგავს შემთხვევებში, მიაჩნია, რომ ამგვარი დეზინფორმაციის გავრცელების მიზანი, კვლავ არის აჟიოტაჟის შექმნის მცდელობა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მეშვეობით თითქოსდა სკანდალური ინფორმაციის გავრცელება. „ე.წ მორალურ კატეგორიას მიეკუთვნება ორი ცრუ გარემოება, რომ თითქოს ბრალდებულს დაბალი ხელფასი ჰქონდა ფონდში და რისკიან დავალებებს ასრულებდა. ამ ცრუ გარემოებებით ბრალდებული ცდილობს იმის დადასტურებას, რომ მას ეკუთვნოდა კრედიტი მაინც, დაბალი შემოსავლისა და განსაკუთრებული დავალებების შესრულების გამო. ამ თვალსაზრისით, აღსანიშნავია, რომ ბაჩიაშვილის ხელფასი ფონდში ბანკი ქართუს გენერალური დირექტორის ხელფასს რამდენიმეჯერ აღემატებოდა. უფრო მეტიც, სრულ შესაბამისობაში იყო ტოპ მენეჯერების ყველაზე მაღალ ანაზღაურებასთან, რაც კი არსებობდა იმ პერიოდში ქართულ საფინანსო სექტორში.

გარდა ამისა, ცხადია იღებდა დამატებით ანაზღაურებას, ბონუსებს. შესაბამისად, ბრალდებულის აღნიშნული მსჯელობა უსაფუძვლოა. ტყუილია ისიც, რომ ის თითქოსდა ბიძინა ივანიშვილის საიდუმლო და ამავდროულად სარისკო დავალებებს ასრულებდა. ერთის მხრივ, ასეთი დავალებები ბუნებაში არ არსებობდა. მეორეს მხრივ კი, ჩემი მარწმუნებლის განმარტებით, თავად ბაჩიაშვილი ყოველთვის იყო მის პროფესიულ საქმიანობაზე ორიენტირებული, ფრთხილი ადამიანი. ამიტომ სიცრუე და აბსურდია რაღაც საიდუმლო და რისკიან დავალებებზე საუბარი მისი მხრიდან. მესამე ცრუ გარემოება კი აპელირებას ახდენს თითქოსდა ბიძინა ივანიშვილის მიერ დამკვიდრებულ არაჯანსაღ საბანკო პრაქტიკაზე, როდესაც მისი ახლობლები თუ ნაცნობები განსაკუთრებული პრივილეგიებით სარგებლობდნენ, მათ შორის დაკრედიტების პროცესში. აღნიშნულიც წარმოადგენს ტყუილს, რადგან პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებითაც დადასტურდა, რომ დაახლოებით ოც წლიან (თუ მეტი არა) პერიოდში არცერთი ბიზნეს კრედიტი არ არის გაცემული უზრუნველყოფის გარეშე მესამე პირზე და ამავდროულად, შემდგომში უზრუნველყოფილი ჩემი მარწმუნებლის პირადი ქონებით (დამონტაჟებული ჩანაწერის ტექსტშიც ნათლად ვლინდება ეს).

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, როგორც სხვა მსგავს შემთხვევებში, მიმაჩნია, რომ ამგვარი დეზინფორმაციის გავრცელების მიზანი, კვლავ არის აჟიოტაჟის შექმნის მცდელობა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მეშვეობით თითქოსდა სკანდალური ინფორმაციის გავრცელება, რაც, ჩემი აზრით, ცალსახად მიუთითებს ბრალდებული მხარის პოზიციების სისუსტეზე და საპირისპიროდ, დაზარალებულის პოზიციის სისწორეზე, რეალობასთან შესაბამისობაზე“- წერს თეიმურაზ წიქვაძე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ არ შექმნის კოალიციას ულტრამემარჯვენე პარტიასთან „ალტერნატივა გერმანიისთვის“

კონსერვატიული ბლოკის, „ქრისტიან-დემოკრატიული/ქრისტიან-სოციალური კავშირის“ ლიდერი ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ მისი ბლოკი არ შექმნის კოალიციას ულტრამემარჯვენე პარტიასთან „ალტერნატივა გერმანიისთვის“. ამის შესახებ მერცმა გერმანიის საზოგადოებრივ მაუწყებელთან განაცხადა. „ჩვენ ეს არჩევნები ძალიან ნათლად მოვიგეთ. მე მიზნად დავისახავ, შევქმნა მთავრობა, რომელიც წარმოადგენს მთელ ქვეყანას და რომელიც გადაჭრის ქვეყნის პრობლემებს. არ არის საიდუმლო, რომ მირჩევნია მხოლოდ ერთი კოალიციური პარტნიორი. ჩვენ ეს ვთქვით არჩევნებამდე და ხალხმა, ვინც „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მისცა ხმა, ეს იცოდა“, – თქვა მერცმა. შეგახსენებთ, რომ, ეგზიტპოლის ბოლო მონაცემებით, ბუნდესტაგის ვადამდელ არჩევნებში ფრიდრიხ მერცის კონსერვატიული ბლოკი „ქრისტიან-დემოკრატიული/ქრისტიან-სოციალური კავშირი“ (CDU/CSU) ლიდერობს 28,6 პროცენტით. ალის ვაიდელის ულტრამემარჯვენე „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) მეორე ადგილზეა 20,4 პროცენტით, ოლაფ შოლცის მემარცხენე-ცენტრისტულ „გერმანიის სოციალ-დემოკრატიულ პარტიას“ (SPD) კი 16,3 პროცენტი აქვს. გერმანიის ვიცე-კანცლერის, რობერტ ჰაბეკის მემარცხენე-ლიბერალურმა, „კავშირი-90“/„მწვანეებმა“ 12,3 პროცენტი მიიღეს. „მემარცხენე პარტია“ 8,5 პროცენტს აგროვებს, მემარცხენე-პოპულისტური „სარა ვაგენკნეხტის კავშირი“ (BSW) – 4.9 პროცენტს, ხოლო ლიბერალური „თავისუფალი დემოკრატიული პარტია“ (FDP) – 4.7 პროცენტს.

რა მდგომარეობაა დასავლეთ საქართველოს მიმართულებით გზებზე – განახლებული ინფორმაცია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის და ქარბუქის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი - საჩხერე - ჭიათურა - ზესტაფონის საავტომობილო გზაზე, დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

გიორგი ვოლსკი „სამშობლოს ღალატის“ მუხლზე: ეს საკითხი გაცილებით უფრო სერიოზული და მნიშვნელოვანია. ეს მას შემდეგ გამოჩნდა, რაც დრამატული პროცესები განვითარდა საქართველოში

ეს საკითხი გაცილებით უფრო სერიოზული და მნიშვნელოვანია. ეს მას შემდეგ გამოჩნდა, რაც დრამატული პროცესები განვითარდა საქართველოში, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ, სისხლის სამართლის კოდექსიდან „სამშობლოს ღალატის“ მუხლის ამოღებაზე საუბრისას გადაცემაში „იმედის კვირა“. „როდესაც ომის წინა პერიოდში მან ინტენსიური კონსულტაციები გამართა მაკკეინის გუნდთან, რომელიც იყო პრეზიდენტობის ერთ-ერთი პრეტენდენტი ამერიკის შეერთებულ შტატებში, დღევანდელი გადმოსახედიდან მე ვფიქრობ, რომ სწორედ მაშინ დაიგეგმა ნაბიჯები, რომელიც საქართველოს ინტერესებში არ შეიძლება, ყოფილიყო. სააკაშვილმა შეცვალა თავისი პოზიცია, დაშალა მოლაპარაკების ფორმატები და გადავიდა ისეთ ქმედებაზე, რომელიც აშკარა იყო, რომ დამთავრდებოდა რუსეთის შემოჭრით, აშკარა იყო, რომ რუსეთი დაიპყრობდა იმ ტერიტორიებს, რომელიც დღეს მას აქვს ხელში ჩაგდებული, მაგრამ არავინ არ მოელოდა იმას, რომ სააკაშვილი ხელს მოაწერდა დოკუმენტს, სადაც იქნებოდა ნათქვამი, რომ ეს ყველაფერი საქართველოს ბრალია. როგორ შეიძლება, ასეთი ვითარებაში არ გქონდეს მუხლი, რომელიც წინასწარ განზრახვით იყო ამოღებული საკანონმდებლო სივრციდან. რადგან ზუსტად იცის მანაც და ყველამ, ვინც ამაში მონაწილეობას იღებდა, ვინც იმ რეზოლუციას აწერდა ხელს, სადაც საქართველოს დააბრალეს ომის დაწყება, ჯარისკაცები კინაღამ საერთაშორისო ტრიბუნალისკენ გაამგზავრეს. რასაკვირველია, ეს ყველაფერი არის ის, რასაც სამშობლოს ღალატი შეიძლება ეწოდოს. კანონი უნდა არსებობდეს და უნდა იყოს მტკიცე დამადასტურებელი ფაქტები იმისთვის, რომ სამართლიანი გადაწყვეტილებები იყოს მიღებული“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

დონალდ ტრამპი – როგორც ჩანს, კონსერვატიულმა პარტიამ გერმანიაში მოიგო მნიშვნელოვანი არჩევნები, დიდი დღეა გერმანიისა და აშშ-ისთვის, ვულოცავ ყველას, კიდევ ბევრი გამარჯვება გველოდება

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გერმანიის არჩევნებს ეხმაურება. „როგორც ჩანს, კონსერვატიულმა პარტიამ გერმანიაში მოიგო ძალიან მნიშვნელოვანი და მეტად მოსალოდნელი არჩევნები. ამერიკის მსგავსად, გერმანიის ხალხი დაიღალა უაზრო დღის წესრიგით, განსაკუთრებით ენერგეტიკისა და იმიგრაციის საკითხებში, რომელიც წლების განმავლობაში დომინირებდა. ეს არის დიდი დღე გერმანიისთვის და ამერიკის შეერთებული შტატებისთვის დონალდ ტრამპის ხელმძღვანელობით. ვულოცავ ყველას, კიდევ ბევრი გამარჯვება გველოდება!!!“, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში. შეგახსენებთ, რომ, ეგზიტპოლის ბოლო მონაცემებით, ბუნდესტაგის ვადამდელ არჩევნებში ფრიდრიხ მერცის კონსერვატიული ბლოკი „ქრისტიან-დემოკრატიული/ქრისტიან სოციალური კავშირი“ (CDU/CSU) ლიდერობს 28,6 პროცენტით. ალის ვაიდელის ულტრამემარჯვენე „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) მეორე ადგილზეა 20,4 პროცენტით, ოლაფ შოლცის მემარცხენე-ცენტრისტულ „გერმანიის სოციალ-დემოკრატიულ პარტიას“ (SPD) კი 16,3 პროცენტი აქვს. გერმანიის ვიცე-კანცლერის, რობერტ ჰაბეკის მემარცხენე-ლიბერალურმა, „კავშირი-90“/„მწვანეებმა“ 12,3 პროცენტი მიიღეს. „მემარცხენე პარტია“ 8,5 პროცენტს აგროვებს, მემარცხენე-პოპულისტური „სარა ვაგენკნეხტის კავშირი“ (BSW) – 4.9 პროცენტს, ხოლო ლიბერალური „თავისუფალი დემოკრატიული პარტია“ (FDP) – 4.7 პროცენტს.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს, რომლითაც ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. "ვეხმიანებით ტელეკომპანია "პირველის" მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას იმის შესახებ, რომ თითქოს 23 წლის ახალგაზრდის მკვლელობაში ეჭვმიტანილმა პირმა, გიორგი პაპაშვილმა საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის მიერ განხორციელებული შეწყალების აქტის შედეგად დატოვა საპატიმრო. გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და პირდაპირ ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანასა და პრეზიდენტის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას. მოვუწოდებთ აღნიშნულ ტელეკომპანიას, გამოასწორონ შეცდომა და თავი შეიკავონ ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან", - აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

ბოლო სიახლეები