ორშაბათი, თებერვალი 24, 2025

სერგეი ლავროვი – რუსეთი მზადაა, აწარმოოს მოლაპარაკებები უკრაინის საკითხზე, მაგრამ საბრძოლო მოქმედებებს მხოლოდ მაშინ შეწყვეტს, როცა შედეგი რუსულ მხარეს დააკმაყოფილებს

რუსეთი მზადაა, აწარმოოს მოლაპარაკებები უკრაინის საკითხზე, მაგრამ საბრძოლო მოქმედებებს მხოლოდ მაშინ შეწყვეტს, როცა შედეგი რუსულ მხარეს დააკმაყოფილებს. ამის შესახებ განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა თურქ კოლეგასთან, ჰაკან ფიდანთან მოლაპარაკებების შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

„ჩვენ მზად ვართ, ვაწარმოოთ მოლაპარაკებები როგორც უკრაინასთან, ისე ევროპასთან, ნებისმიერ წარმომადგენელთან, რომელსაც კეთილი ნების სულისკვეთებით სურს, დაეხმაროს მშვიდობის მიღწევას, მაგრამ საბრძოლო მოქმედებებს ჩვენ შევწყვეტთ მხოლოდ მაშინ, როცა ეს მოლაპარაკებები მოგვცემს მყარ და სტაბილურ შედეგს, რომელიც დააკმაყოფილებს რუსეთის ფედერაციას“, – თქვა ლავროვმა.

მისივე თქმით, რუსეთი აპირებს, გააგრძელოს კონტაქტები აშშ-თან.

„ჩვენ დეტალურად ვაცნობეთ ჩვენს თურქ მეგობრებს რუსულ-ამერიკული მოლაპარაკებების შესახებ, რომელიც 18 თებერვალს ერ-რიადში გაიმართა და რომელმაც საკმაოდ პოზიტიური შეფასება დაიმსახურა იმ თვალსაზრისით, რომ ბოლოსდაბოლოს გაჩნდა შესაძლებლობა, გვქონდეს ნორმალური დიალოგი, მიუხედავად მრავალი წინააღმდეგობისა, რომლებიც, რა თქმა უნდა, რჩება“, – თქვა ლავროვმა.

„ნორმალური დიალოგის გარეშე ვერ გავიგებთ, შევძლებთ თუ არა ამ წინააღმდეგობების შერბილებას. ჩვენ გავაგრძელებთ კონტაქტებს ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან, ამაზე არის შესაბამისი შეთანხმება“, – აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ამასთან, ლავრვის თქმით, „ევროპული ქვეყნების პოზიციის გაგება რთულია, რადგან ის საკმაოდ არასტაბილურია და იცვლება იმის მიხედვით, თუ ვის რა იდეები უჩნდება”. ამის მაგალითად ლავროვმა 2022 წლის აპრილში სტამბოლში გამართული მოლაპარაკებები დაასახელა.

„მაშინ მივაღწიეთ შეთანხმებას იმ პრინციპების საფუძველზე, რომლებიც თავად უკრაინელებმა შემოგვთავაზეს. ჩვენ მოგვმართეს თხოვნით, კეთილი ნების ჟესტის სახით შეგვეჩერებინა ჩვენი ჯარის შეტევა და ცოტათი უკანაც კი დავხეულიყავით, რაც ჩვენ გავაკეთეთ კიდეც. თუმცა ამის შემდეგ უკრაინას დასავლეთმა, მაშინდელი ბრიტანეთის პრემიერის, ბორის ჯონსონის სახით, აუკრძალა უკრაინის მიერვე ინიცირებული დოკუმენტის ხელმოწერა, უთხრეს, რომ უკრაინამ უნდა გააგრძელოს რუსეთის შემდგომი დასუსტება, მიიღებს შეიარაღებას, ჩაატარებს მობილიზაციას და იომებს იმდენ ხანს, ვიდრე რუსეთი სტრატეგიულ მარცხს არ განიცდის“, -განაცხადა ლავროვმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

„სისხლის სამართლის კოდექსში“ სამშობლოს ღალატის მუხლის დამატების თაობაზე ცვლილებები დაინიცირდა

„სისხლის სამართლის კოდექსში“ სამშობლოს ღალატის მუხლის დამატების თაობაზე ცვლილებები უკვე ინიცირებულია. ცვლილებების მიხედვით, სამშობლოს ღალატად ჩაითვლება „სისხლის სამართლის კოდექსით“ გათვალისწინებული რომელიმე ისეთი ქმედების ჩადენა, როგორიც არის – ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევა, ანტიკონსტიტუციური ხელშეკრულების დადება ან მოლაპარაკების წარმოება, საქართველოს საგარეო უშიშროების ხელყოფა, უცხოეთის სადაზვერვო სამსახურში შესვლა, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ხელყოფა, სახელმწიფო საიდუმლეობის გაცემა. ასევე, ჯაშუშობა, შეთქმულება ან ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, საბოტაჟი ან უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისთვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარება.

რა ხდება გზებზე და სად აიკრძალა მოძრაობა – უახლესი ინფორმაცია მძღოლებს

ხაშური-ახალციხე-ვალეს გზაზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, - ამის შესახებ ინფორმაციას გზები დეპარტამენტი ავრცელებს. „თოვის და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზაზე, დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზესტაფონი-კიცხი-ხარაგაულის საავტომობილო გზებზე, დასაშვებია მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტთან დაკავშირებით კერძო პარტნიორთან კონტრაქტი, შესაძლოა, გაზაფხულზე გაფორმდეს

პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტთან დაკავშირებით კერძო პარტნიორთან კონტრაქტი, შესაძლებელია, მიმდინარე წლის გაზაფხულზე გაფორმდეს. როგორც დავითაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ამ მიმართულებით მოლაპარაკებები ინტენსიურად მიმდინარეობს. „ვფიქრობ, შევძლებთ, კონტრაქტი უკვე გაზაფხულზე გავაფორმოთ, არაუგვიანეს ზაფხულისა. ჩემი მოლოდინი იყო, რომ მოლაპარაკების რაუნდები უფრო სწრაფად შედგებოდა და შედეგებიც უფრო სწრაფად იქნებოდა, თუმცა გვესმის, რომ მსოფლიოს რამდენიმე წამყვანი კომპანიაა მოლაპარაკებებში ჩართული და ამ პროცესში კონფიდენციალობაა საჭირო, რათა მაქსიმალურად ეფექტიანად წარიმართოს“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

შალვა პაპუაშვილი – დარეგისტრირებულია ამერიკული „ფარას“ სიტყვასიტყვითი თარგმანი, პარლამენტში განხილვის პროცესში მოხდება შესაბამისობაში მოყვანა ქართულ სამართლებრივ სივრცესთან

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დღევანდელ ბიუროს სხდომაზე ახალ საკანონმდებლო ინიციატივაზე ისაუბრა. მისი თქმით, ამერიკული „ფარას“ ზუსტი ანალოგი არის დარეგისტრირებული პარლამენტში და სწორედ მისი განხილვა იგეგმება. როგორც ბიუროს სხდომაზე, პარლამენტის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელ,ა, ალექსანდრე ტაბატაძემ განაცხადა, წარმოდგენილი ინიციატივა არის აშშ-ში დღეს მოქმედი საკანონმდებლო აქტის ქართულენოვანი თარგმანი, შესაბამისად, ერთგვარ სამართლებრივ და შინაარსობლივ უზუსტობებს შეიცავს, რაც მომავალში აუცილებლად დასაკონკრეტებელი იქნება. „კანონის აღსრულების პროცესში მონაწილე სახელმწიფო ორგანოები და თანამდებობის პირები, რომლებიც აშშ-ში არის ამ კანონისთვის გათვალისწინებული, ქართულ რეალობასთან ერთგვარად შეუსაბამოა. მაგალითად, საქმე ეხება კანონპროექტში მოხსენიებულ ორგანოს, მაგალითად კონგრესს, კონგრესის ბიბლიოთეკას, სახელმწიფო დეპარტამენტს, იუსტიციის დეპარტამენტს, ხაზინის მდივანს, ფოსტის გენერალურ დირექტორს, შტატების პრეზიდენტს. ეს გარკვეულწილად უნდა იყოს ქართულ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანილი“,- აღნიშნა ტაბატაძემ. შალვა პაპუაშვილის თქმით, პარლამენტში განხილვის პროცესში მოხდება აღნიშნული კანონპროექტის ქართულ სამართლებრივ სივრცესთან შესაბამისობაში მოყვანა. „ახალი საკანონმდებლო ინიციატივა არის საქართველოს კანონის პროექტი – უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი, პაკეტი. არსი არის იმაში, რომ არის ამერიკული „ფარას“ სიტყვასიტყვით, მძიმე-წერტილით თარგმანი. შემდეგ უკვე პარლამენტში განხილვის პროცესში მოხდება შესაბამისობაში მოყვანა ქართულ სამართლებრივ სივრცესთან. თუმცა ამით დასრულებულია ნებისმიერი ყალბი, ცრუ ნარატივი, რომელსაც ზოგიერთი შიგნიდან თუ გარედან ავრცელებდა ხოლმე ქართულ კანონებთან დაკავშირებით. არის კანონპროექტი, რომელიც არის სიტყვასიტყვითი თარგმანი. ყველა სიტყვა, ყველა ტერმინი, ყველა მძიმე, ყველა წერტილი არის იდენტური აშშ-ში მოქმედი კანონისა და საზოგადოებას, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, ე.წ. თრექჩეინჯით დააკვირდნენ, რა შეიცვლება ამ კანონში. ნებისმიერი სპეკულაცია, თითქოს საქართველოს პარლამენტი მიიღებს კანონს, რომელიც რაიმე საერთაშორისო სტანდარტს არ შეესაბამება, ამით დასრულებული იქნება. ამიტომ, გთხოვთ გადაწყვეტილებას, რომ გადავცეთ სამსჯელოდ იურიდიულ საკითხთა კომიტეტს და, შესაბამისად, უკვე მოხდება ამ კანონპროექტზე მსჯელობა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კაია კალასი – ყველა დემონსტრანტი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს, ნაბიჯები, რომლებსაც საქართველო დგამს, არ არის ევროპის მიმართულებით გადადგმული

ყველა დემონსტრანტი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. ნაბიჯები, რომლებსაც საქართველო დგამს, არ არის ევროპის მიმართულებით, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა ბრიუსელში ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. კალასის თქმით, „საქართველო ნამდვილად არ დგამს სწორ ნაბიჯებს“. „მოკლედ განვიხილეთ საქართველოში არსებული ვითარება. რეპრესიული კანონმდებლობის მიღება და აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ძალის გადამეტებული გამოყენება რეგიონში საგანგაშო მდგომარეობას ქმნის. ყველა ეს დემონსტრანტი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. ცხადია, რომ ნაბიჯები, რომლებსაც საქართველო დგამს, არ არის ევროპის მიმართულებით გადადგმული. ჩვენ მოველით გარკვეულ ღირებულებებს, ნაბიჯებს კანდიდატი ქვეყნებისგან, როგორიც საქართველოა. ნათელია, რომ საქართველო ნამდვილად არ დგამს სწორ ნაბიჯებს“, – განაცხადა კაია კალასმა.

ბოლო სიახლეები