ტერორიზმისა და შეთქმულების მუხლებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მოწმეთა გამოკითხვა გრძელდება.
უწყებაში გამოსაკითხად უკვე შევიდა მაური მაჩალიკაშვილი, რომელმაც მედიასთან კომენტარი არ გააკეთა. მან აღნიშნა, რომ ის ტერორიზმისა და შეთქმულების მუხლებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში არ დაუბარებიათ. მაჩალიკაშვილი უწყებაში ადვოკატთან ერთად შევიდა. უფლებადამცველის განცხადებით, ჯერ უცნობია, რა საკითხზეა მაჩალიკაშვილი დაბარებული.
მას შემდეგ, რაც ტერორიზმისა და შეთქმულების მუხლებით მიმდინარე საქმესთან დაკავშირებით აქტიური საგამოძიებო მოქმედებები დაიწყო, მოწმის სტატუსით უკვე გამოიკითხა 15-ზე მეტი პირი. გამოკითხვები, ერთ კვირაზე მეტია, გრძელდება და გამოკითხულთა ნაწილმა პროცესი მაგისტრი მოსამართლის წინაშე, საქალაქო სასამართლოში გაიარა. გამოკითხულთა შორის არიან როგორც უკრაინაში მებრძოლი ქართველები, ასევე ბიზნესმენები. იქიდან გამომდინარე, რომ საქმეს გრიფი ადევს, დეტალები უცნობია, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ გამოსაკითხ პირთა წრე კიდევ უფრო გაიზარდოს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება ტერორისტული აქტის მომზადების და სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 18-323-ე მუხლის პირველი ნაწილით და 315-ე მუხლის პირველი ნაწილით. სუს-ში აცხადებენ, რომ უწყება იძიებს უკრაინაში მყოფი საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებითა და დაფინანსებით საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის, პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტებს.