რუსეთ-საქართველოს შორის 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებიდან 17 წლისთავთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელს ბრიფინგზე შეკითხვა დაუსვეს.
„დღეს 17 წელი შესრულდა, რაც რუსეთმა საქართველო დაიპყრო. ისინი საქართველოს ტერიტორიებს ჯერ კიდევ აკონტროლებენ და, როგორც ჩანს, წარმატებით დანერგეს მათი კუთვნილი რუსული მთავრობა, რომელიც ღიად ძალადობს ქართული ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ. გაქვთ თუ არა რაიმე კომენტარი ორივე საკითხზე – რუსულ ოკუპაციასა და საქართველოს მთავრობის ქცევაზე?“ – იკითხა ჟურნალისტმა ალექს რაუფოღლუმ.
სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ტომ პიგოტმა კონკრეტული პასუხისგან თავი შეიკავა და განაცხადა, რომ აშშ-ის საელჩომ განცხადება უკვე გააკეთა.
„საქართველოში ამერიკის საელჩომ განცხადება გააკეთა. მეტი დეტალებისთვის ამ განცხადებას გაეცანით“, – აღნიშნა ტომ პიგოტმა.
საქართველოში აშშ-ის საელჩომ 2008 წლის აგვისტოს ომიდან 17 წლისთავთან დაკავშირებით 7 აგვისტოს სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა.
„დღეს ჩვიდმეტი წელი გავიდა საქართველოში რუსეთის შეჭრიდან. ეს არის დღე, როდესაც ვიხსენებთ ომის მსხვერპლს, იძულებით გადაადგილებულ პირებს და მათ, ვინც სიცოცხლე ბრძოლაში დაკარგა. ჩვენ ვხედავთ, როგორ სათუთად ინახავს მათი გმირობის ხსოვნას ქართველი ხალხი. სოლიდარობას გიცხადებთ და კიდევ ერთხელ გიდასტურებთ ერთგულებას საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობის მიმართ“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.