საოლქო საარჩევნო კომისიებში საჩივრების წარდგენის ვადები დასრულდა.
როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპეციალურ ბრიფინგზე ითქვა, ამ დროისთვის შეტანილია 1170 საჩივარი, რაც ცესკოს ინფორმაციით, წინა წლებთან შედარებით გაცილებით ნაკლებია.
“საოლქო საარჩევნო კომისიებში საჩივრების წარდგენის ვადები დასრულდა.
2020 წელს წარმოდგენილი იქნა სულ 2054 საჩივარი, 2021 წელს 1840 საჩივარი, ხოლო წელს, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან მიმართებით სულ წარმოდგენილია 1170 საჩივარი, რაც მიანიშნებს კლებით და იმ დადებით ტენდენციაზე, რომელიც 2020 წლის შემდეგ გვაქვს.
ამავდროულად წარმოგიდგენთ, 2020-2024 წლებიდან გამომდინარე სადამკვირვებლო ორგანიზაციების და საარჩევნო სუბიექტების მიერ წარმოდგენილ საჩივრებს და სტატისტიკა აქაც კლებითია.
მაგალითად: სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა 2020 წელს სულ წარმოადგინეს 629 საჩივარი, 2021 წელს 599, ხოლო მიმდინარე საპარლამენტო არჩევნების ფარგლებში სულ წარმოდგენილია 570 – საჩივარი.
რაც შეეხება საარჩევნო სუბიექტების მიერ წარმოდგენილი საჩივრების რაოდენობას, 2020 წელს წარმოდგენილ იქნა 1425 საჩივარი, 2021 წელს 1235, ხოლო მიმდინარე არჩევნებზე სულ წარმოდგენილია 600 საჩივარი,”- აცხადებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი გიორგი სანტურიანი.