ხუთშაბათი, მაისი 28, 2026

საქართველოში სურსათის ბანკების შექმნა იგეგმება

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „სურსათის დანაკარგებისა და სურსათის ნარჩენების შემცირების და სურსათის შეწირულობის შესახებ“ კანონპროექტი და მისგან გამომდინარე კანონპროექტთა პაკეტი განიხილა.

მომხსენებლის, პარლამენტის წევრის ხატია წილოსანის ინფორმაციით, კანონპროექტი სიახლეა ქართულ სინამდვილეში და ასევე პირველი ინიციატივაა რეგიონში, რომელიც სურსათის ნარჩენების, სურსათის დანაკარგების და შეწირულობის საკითხს ეხება.

„მთელ მსოფლიოში აქტუალურად დგას საკითხი სურსათის ნარჩენების შემცირებასთან დაკავშირებულ თემებზე, ჩვენ მიერ ეს გადაწყვეტილება მიღებულია გაეროს სოფლის მეურნეობის და სურსათის ორგანიზაციასთან აქტიური თანამშრომლობით და ევროკავშირის დაფინანსებით. საქართველო არ წარმოადგენს გამონაკლისს და 2020 წლის მონაცემებით, 261 ტონა სურსათი მიდიოდა ნაგავსაყრელზე. ერთ სულ მოსახლეზე ეს არის საკმაოდ დიდი მაჩვენებელი იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში ბევრი ადამიანი ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს მიღმა“, – განაცხადა წილოსანმა.

კანონპროექტი ითვალისწინებს ერთი მხრივ, სურსათის ნარჩენების შემცირების უზრუნველყოფას, მეორე მხრივ, გააჩენს შესაძლებლობას დაინტერესებული მხარეებისთვის, რომ ნარჩენი სურსათი მოაწოდონ ბენეფიციარებს, ვისაც ამის საჭიროება უდგას.

კანონმდებლობით შემოდის ახალი ცნებები – სურსათის საქველმოქმედო ორგანიზაცია და სურსათის ბანკები, რომელთა მეშვეობითაც მოხდება მარკეტებიდან საბოლოო ბენეფიციარებამდე პროდუქციის მიწოდება.

პროექტი ამავდროულად გარკვეულ ეკონომიკურ გამონაკლისებსაც ითვალისწინებს. კერძოდ, მარკეტებს და ქსელებს, რომლებიც ვადის მქონე სურსათის განაწილებას მოახდენენ დაინტერესებული ბენეფიციარებისთვის, ექნებათ საგადასახადო შეღავათი, ისინი ისარგებლებენ დღგ-ს ჩათვლის უფლებით და გათავისუფლდებიან მოგების გადასახადისგან.

კომიტეტის თავმჯდომარის, მაია ბითაძის შეფასებით, კანონპროექტის მიღება მნიშვნელოვანია ორი მიზნით – ერთი, ნარჩენების წარმოქმნის პრევენციის და მართვის კუთხით და მეორე – პროდუქტი, რომლის გამოყენება ჯერ კიდევ შეიძლება და რომელიც თავის შინაარსით არ არის ნარჩენი, მიზნობრივად სწორად განიკარგოს, რაც მისასალმებელია.

კომიტეტმა განხილულ საკანონმდებლო პაკეტს მხარი დაუჭირა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

„ღვინის ქარხანა №1“-ის ენოთეკაში დაცული ალკოჰოლური სასმელების უნიკალური კოლექციის შესწავლა იწყება

თბილისში, „ღვინის ქარხანა №1“-ის ენოთეკაში დაცული ალკოჰოლური სასმელების უნიკალური კოლექციის შესწავლა იწყება.ღონისძიების ორგანიზატორთა ინფორმაციით, „ღვინის ენოთეკა“ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ღვინის ეროვნული სააგენტოს სარგებლობის უფლებით, უსასყიდლოდ და უვადოდ გადასცა.„ღვინის ქარხანა №1“ XIX საუკუნის ეროვნულ არქიტექტურულ ნიმუშს წარმოადგენს, რომლის მშენებლობაც ცნობილმა საზოგადო მოღვაწემ და მეცენატმა დავით სარაჯიშვილმა დააფინანსა. ენოთეკა, რომელიც ამ ისტორიულ კომპლექსში მდებარეობს, საუკუნოვან მემკვიდრეობას ინახავს და ქართული მეღვინეობის მნიშვნელოვან საგანძურს წარმოადგენს. წინასწარი მონაცემებით, აქ დაახლოებით 20 ათასამდე საკოლექციო ბოთლი ინახება, ორ საუკუნეზე მეტი ხნის დაძველებით, როგორც ქართული, ისე უცხოური პრემიუმ კლასის ღვინოებით. კოლექციაში ასევე გვხვდება ნაპოლეონ ბონაპარტის, იოსებ სტალინის და სხვა  პირადი კოლექციებთან დაკავშირებული ნიმუშები.მათივე ცნობით, დაიწყება აღნიშნულ ღვინის ენოთეკაში დაცული ალკოჰოლიანი სასმელების ბოთლების იდენტიფიცირებისა და მათი წარმოშობის დადგენის შესწავლა. უნიკალური ენოთეკის გახსნა და მისი შესწავლა შესაძლებლობას იძლევა, რომ ქართული ღვინო კიდევ ერთხელ მოექცეს საერთაშორისო ყურადღების ცენტრში და წარმოდგენილი ნიმუშები ლოტების სახით გამოჩნდეს მსოფლიოს მსხვილი აუქციონების სტენდებზე.ღონისძიება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით სონღულაშვილმა გახსნა. ღონისძიებას ესწრებიან  საქართველოს მთავრობის წევრები, საერთაშორისო სააუქციონო სახლებისა და მედიის წარმომადგენლები, ღვინის უცხოელი კოლექციონერები, ასევე საქართველოს ღვინის ინდუსტრიისა და ბიზნესწრეების წარმომადგენლები.

კახა კალაძე – ოპოზიციაში მიდის ბრძოლა, ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია

ოპოზიციონერებს არანაირი შესაძლებლობა არ აქვთ, პოლიტიკაში წარმატებულები რომ იყვნენ, რადგან ისინი სხვა ქვეყნის ინტერესებს ემსახურებიან და დავალებებს გარედან იღებენ, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან განაცხადა.როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციურ ძალებს აქამდეც არაერთხელ ჰქონიათ გაერთიანების მცდელობა, თუმცა მათ შორის შიდა დაპირისპირება აშკარად ჩანს.„გვახსოვს, მანამდე რა განცხადებებს აკეთებდნენ გაერთიანებასთან დაკავშირებით, თუმცა თავიდანვე ჩანდა, რომ ეს ყველაფერი დროებითი იყო. ჩვენ კარგად ვიცით ამ ადამიანების ერთმანეთთან დამოკიდებულება. მე გარედან როგორც ვხედავ, ბრძოლა მიდის – ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია. მათ შორის არსებული დაპირისპირება აშკარად ჩანს, ამაზე ღიად საუბრობენ და ერთმანეთს თავს ესხმიან. მათ გაერთიანება ბევრჯერ სცადეს, მაგრამ წარმოუდგენელია ამ ადამიანების, ამ დაჯგუფების ერთ პლატფორმაზე შეყვანა. თუმცა, მათ წარსულს თუ გადავხედავთ, ყველა „ნაციონალურ მოძრაობაში“ აღმოცენებული ელემენტია. რეალურად, მათ არანაირი შესაძლებლობა არ აქვთ, პოლიტიკაში წარმატებულები რომ იყვნენ. ამის მთავარი მიზეზი არის ის, რომ ისინი სხვა ქვეყნის ინტერესებს, გარე აქტორებს ემსახურებიან, გარედან დავალებებს იღებენ. როდესაც ასე მოქმედებ, ქართველი ხალხის მხრიდან ვერანაირი თანადგომა ვერ გექნება.რაც შეეხება 26 მაისის აქციას, დიდი ინტერესი მათ მიმართ არ მაქვს, რადგან იმდენი საქმეა გასაკეთებელი ქალაქში, მათი ქმედებები თუ აქციები არ მაინტერესებს. ასიათასობით ადამიანი უნდა გამოსულიყო და ყველამ ვნახეთ რამდენიც გამოვიდა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.რაც შეეხება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას საპროტესტო აქციისა და ზოგადად ოპოზიციის შესახებ, თბილისის მერის თქმით, ეს განცხადებაც შიდა დაპირისპირებაზე მიუთითებს.„ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს შიდა დაპირისპირებაზე. თუ დააკვირდით, ოპოზიციას საზოგადოებისთვის არანაირი ხედვა არ წარმოუდგენია, თუ რა გეგმა აქვს ქვეყანასთან დაკავშირებით. ისინი იბრძვიან მხოლოდ იმისთვის, თუ ვინ იქნება ოპოზიციის მთავარი წარმომადგენელი. რაც შეეხება სააკაშვილის მხრიდან რევოლუციურ სცენარზე საუბარს, ვინც კი კანონს დაარღვევს, ამას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება. კანონის ფარგლებში, ყველას შესაბამისი პასუხი გაეცემა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

გაერო შეშფოთებას გამოხატავს ლიბანში ისრაელის სამხედრო ოპერაციის გამო

გაერო შეშფოთებას გამოხატავს ლიბანში ისრაელის სამხედრო ოპერაციის გამო. ამის შესახებ გაერო-ს ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის რეგიონული ოფისი სოციალურ ქსელ X-ზე წერს.„ჩვენ სერიოზულად შეშფოთებული ვართ ისრაელის სამხედრო ოპერაციების გაძლიერებისა და მოსახლეობის გადაადგილების ბრძანებების დამანგრეველი შედეგებით. დაუყოვნებლივ საჭიროა დეესკალაცია“, – აღნიშნულია განცხადებაში.გაერო-ს განცხადებით, წინასწარი ინფორმაცია მიუთითებს, რომ ისრაელის ბოლო დარტყმების შედეგად დაღუპულთა შორის უამრავი სამოქალაქო პირია, მათ შორის ქალები და ბავშვები.მანამდე, ლიბანის ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ისრაელის დარტყმების შედეგად 27 მაისს, სულ მცირე, 34 ადამიანი დაიღუპა და 77 დაშავდა.

კახა კალაძე – გორში მომხდარი ფაქტი არის ძალიან მძიმე, მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს

გორში მომხდარი ფაქტი არის ძალიან მძიმე და დარწმუნებული ვარ, გულგრილი ვერც ერთი ადამიანი ვერ დარჩებოდა, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.მისი თქმით, ფაქტზე შესაბამისი უწყებების რეაგირება ადასტურებს, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია.„ფაქტი, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე იყო და დარწმუნებული ვარ, გულგრილი ვერც ერთი ადამიანი ვერ დარჩებოდა, ვინც ნახა ეს კადრები, თუმცა აქ არის მეორე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი – შესაბამისმა სამსახურებმა მოახდინეს რეაგირება. ეს არის კიდევ ერთი დასტური, რომ კანონის წინაშე ყველანი ვართ თანასწორნი და არავის მიეცემა შესაძლებლობა, ვინც არ უნდა იყოს, რომ კანონი დაარღვიოს და ამაზე თვალი დავხუჭოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.რაც შეეხება ოპოზიციის განცხადებებს, რომ ადგილი აქვს სისტემურ დანაშაულს, კახა კალაძემ განაცხადა, რომ სისტემური დანაშაულებები ქვეყანაში 2012 წლამდე ხდებოდა.„სისტემური დანაშაული ხდებოდა 2012 წლამდე. გვახსოვს, რა ვითარება იყო მაშინ საქართველოში, როგორი დამოკიდებულება იყო განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიმართ და, ზოგადად, რა პროცესები მიდიოდა. ხალხი ძალიან კარგად ხედავს ყველაფერს, ძალიან კარგად ხედავს განსხვავებას და კარგად აკეთებს ანალიზს, რა ხდებოდა ქვეყანაში, როგორ საქართველოში ვცხოვრობდით და დღეს რა მოცემულობა გვაქვს“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.პროკურატურამ გორში პოლიციელების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ბრალდებით ექვსი პირი დააკავა.

სინოპტიკოსების გაფრთხილება მოსალოდნელი ამინდის შესახებ

საქართველოში არამდგრადი ამინდები გრძელდება. სინოპტიკოსების ინფორმაციით, უახლოეს დღეებში ქვეყნის მასშტაბით მოსალოდნელია როგორც ძლიერი წვიმა და ქარი, ისე ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი კლება.სინოპტიკოსების პროგნოზით, მიმდინარე კვირაში დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში იწვიმებს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში ქარის გაძლიერებაა მოსალოდნელი.29 მაისს, თითქმის მთელი საქართველოს მასშტაბით იწვიმებს და დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი იქროლებს.თუმცა მანამდე, 28 მაისს, ამინდი დროებით გამოიდარებს. როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში მზიანი და თბილი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა შესაძლოა 30 გრადუსსაც გადააჭარბოს.სინოპტიკოსები აცხადებენ, რომ სწორედ ამის შემდეგ განვითარდება ამინდის მკვეთრი ცვლილება — 29 მაისს ძლიერი ნალექისა და ქარის ფონზე ტემპერატურა დაახლოებით 15-16 გრადუსამდე დაეცემა, რაც თითქმის 15-გრადუსიან ვარდნას ნიშნავს.არამდგრადი ამინდი მაისის ბოლომდე შენარჩუნდება. 30-31 მაისსაც ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში კვლავ მოსალოდნელია წვიმა და ქარი.

ბოლო სიახლეები