ორშაბათი, მაისი 11, 2026

საქართველოში, 2023 წელს ავტოსატრანსპორტო შემთხვევების შედეგად 442 ადამიანი დაიღუპა

შინაგან საქმეთა სამინისტრო 2023 წლის საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შესახებ სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემების თანახმად, საქართველოში გასულ წელს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა) გათვალისწინებული 5594 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა, რაც წინა წელთან შედარებით 2,3% მეტია.

ავტოსატრანსპორტო შემთხვევების შედეგად 2023 წელს საქართველოში 442 ადამიანი დაიღუპა, რაც წინა წელთან შედარებით 2,8%-ით მეტია

აბსოლუტური რაოდენობის მხრივ ავტოსატრანსპორტო შემთხვევების შედეგად ყველაზე მეტი ადამიანი, დაიღუპა იმერეთ-რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონში (75), თბილისში (74), კახეთში (67) და ქვემო ქართლში, ყველაზე ნაკლები კი სამცხე-ჯავახეთში (8) და გურიაში (11).

სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით გათვალისწინებული 5594 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევიდან პროცენტულად ყველაზე მეტი დაღუპული მოდის კახეთზე (308 შემთხვევა, 67 დაღუპული – 21,8%), მცხეთა-მთიანეთზე (173 შემთხვევა, 34 დაღუპული – 19,7%) და სამეგრელო-ზემო სვანეთზე (254 შემთხვევა, 38 დაღუპული – 15%),  ყველაზე ნაკლები კი – თბილისზე (2655 შემთხვევა, 74 დაღუპული – 2,8%) და აჭარაზე (569 შემთხვევა, 43 დაღუპული – 7,6%)  რაც, დიდი ალბათობით, ერთი მხრივ, შემთხვევის ადგილიდან დაშავებულის კვალიფიციურ სამკურნალო დაწესებულებამდე გადაყვანის შედარებით მცირე დროის ფაქტორით და თბილისსა და აჭარაში, სხვა რეგიონებთან შედარებით, უფრო გამართული და მაღალი კლასი ავტომობილების (მათ შორის უსაფრთხოების ბალიშებით აღჭურვილი) არსებობით აიხსნება, მეორე მხრივ კი, შესაძლოა, მიუთითებდეს თბილისსა და აჭარაში არალეტალურად დასრულებული ავტოსატრანსპორტო შემთხვევების გამოვლენის და აღრიცხვიანობის უფრო გამართულ სისტემაზე.

ყოველ 100 000 მცხოვრებზე საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების დროს დაღუპულთა რაოდენობა საქართველოში დაახლოებით 12-ის ტოლია, რაც თითქმის ექვსჯერ მეტია, ვიდრე სკანდინავიის (დანია, ნორვეგია, შვედეთი) ქვეყნებში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

შალვა პაპუაშვილი – უფლის ნებით, საქართველოში ქრისტიანობის გამოცხადების 1700 წლისთავზე გამოირჩა ახალი პატრიარქი, ისტორია გრძელდება, ხარობს საქართველოს 2000-წლოვანი ეკლესია

ისტორია გრძელდება, ხარობს საქართველოს 2000 წლოვანი ეკლესია,- წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის არჩევის შესახებ.როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, ღვთის წყალობა და მადლი არ მოკლებოდეს მას.„დღეს, 2026 წლის 11 მაისს, უფლის ნებით, მის ორიათასწლოვან ეკლესიაში, ანდრია პირველწოდებულის კათედრაზე, საქართველოში ქრისტიანობის გამოცხადების 1700 წლისთავზე გამოირჩა ახალი პატრიარქი, ღირსეული მღვდელმთავარი ღირსეულთა შორის. უწმინდესი და უნეტარესი შიო III, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი – ინებოს უფალმა, რათა მრავალი წლის მანძილზე სწორედ ამგვარად მოვიხსენიოთ საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელი. ღვთის წყალობა და მადლი არ მოკლებოდეს მას.მძიმეა პატრიარქის ჯვარი და მისი ზიდვა განსაკუთრებულ შემწეობას საჭიროებს. ყველას გილოცავთ ამ უდიდეს, ისტორიულ დღეს! ისტორია გრძელდება, ხარობს საქართველოს 2000-წლოვანი ეკლესია,”- წერს პაპუაშვილი.საქართველოს ახალ, 142-ე კათოლიკოს-პატრიარქად მეუფე შიო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე დღეს აირჩიეს.

დეკანოზი შალვა კეკელია – გვჯერა, რომ ახალი პატრიარქი გააგრძელებს იმ გზას, რაც ილია მეორემ დაიწყო, ეკლესია არის ერთიანი და მყარი

მთელ ჩვენს ქვეყანას ვულოცავ ახალი პატრიარქის არჩევას, იცით, რომ ჩვენმა პატრიარქმა ილია მეორემ უდიდესი ღვაწლი გაიღო, მან დაგიტოვა ეკლესია, რაც დღეს არის ღვთის მადლით, – ამის შესახებ მამა შალვა კეკელიამ განაცხადა.მისი თქმით, ეკლესია არის ერთიანი და მყარი.„დღეს როცა ვისხედით კრებაზე, ვფიქრობდით იმაზე, თუ რა ეკლესია დახვდა პატრიარქს, დღეს როგორი ეკლესიაა. ამდენი ტაძარი, ამდენი მონასტერი. ღვთის მადლით, ჩვენ გვჯერა, რომ ახალი პატრიარქი იმ გზას გააგრძელებს, რაც ჩვენმა პატრიარქმა დაიწყო. ბედნიერები ვართ იმით, რომ ეკლესია არის ერთიანი, მყარი და ეკლესიას ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევა ვერასდროს. მინდა, რომ ყველას მოგილოცოთ. ბედნიერები იყავით და დატკბით ეკლესიის სიხარულით და ბედნიერებით“, – აცხადებს შალვა კეკელია.

პეტერ ფიშერი – ვულოცავ მიტროპოლიტ შიო მუჯირს, უკვე შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას და საუკეთესოს ვუსურვებ

პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს.„ვულოცავ მიტროპოლიტ შიო მუჯირს, უკვე შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას და საუკეთესოს ვუსურვებ“, - წერს საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი X-ზე.საქართველოს ეკლესიამ ახალი კათოლიკოს- პატრიარქი აირჩია. ქვეყნის 142-ე კათოლიკოს - პატრიარქი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) გახდა. მეუფე შიომ 22 ხმა მიიღო.რაც შეეხება პატრიარქობის სხვა კანდიდატებს, ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტმა იობმა 9 ხმა მიიღო, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა კი 7 ხმა. გაუქმდა ერთი ხმა.საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი გაფართოებულ საეკლესიო კრებაზე აირჩიეს.გაფართოებული საეკლესიო კრების განმარტებით, ახალარჩეულ პატრიარქს შიო III ეწოდა.

კახა კალაძე – 11 მაისი სამუდამოდ დარჩება უმნიშვნელოვანეს თარიღად, რომელიც ყოველთვის შეგვახსენებს იმ მარადიულ ფასეულობას, რაზეც დგას საქართველო – „ღმერთი, სამშობლო და ადამიანი“

ვულოცავ მთელ საქართველოს ამ უდიდეს ისტორიულ მოვლენას, ქვეყნის სულიერი ლიდერის, საქართველოს 142-ე პატრიარქის არჩევას, – ამის შესახებ თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს.მისი თქმით, ეს არის დღე, რომელმაც საქართველოს პატრიარქ შიო მესამის მოღვაწეობით, კიდევ უფრო უნდა გააძლიეროს ქართული ეკლესია.„დღეიდან საქართველოს ეკლესიის წინამძღოლია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III. ეს არის დღე, რომელმაც საქართველოს პატრიარქ შიო მესამის მოღვაწეობით, კიდევ უფრო უნდა გააძლიეროს ქართული ეკლესია, ხელი შეუწყოს ერში სულიერების ამაღლებას, ეროვნული თვითმყოფადობის განმტკიცებას, მშვიდობის შენარჩუნებას. 11 მაისი სამუდამოდ დარჩება ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს თარიღად, რომელიც ყოველთვის შეგვახსენებს იმ მარადიულ ფასეულობას, რაზეც დგას საქართველო – „ღმერთი, სამშობლო და ადამიანი“, – წერს კალაძე.

მიხეილ ყაველაშვილი – კათოლიკოს-პატრიარქის როლი მშვიდობისა და ურთიერთპატივისცემის დამკვიდრების საქმეში განუზომელია, მჯერა, რომ შიო მესამეს მოღვაწეობა სწორედ ამ ღირებულებებს დაეფუძნება

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეს, მეუფე შიოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს.როგორც ყაველაშვილი აცხადებს, შიო მესამეს წინამძღოლობით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია კიდევ უფრო განმტკიცდება.„თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, უდიდესი პატივისცემითა და მოკრძალებით გილოცავთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას. ჩვენი ეკლესიისათვის ახალი სულიერი წინამძღოლის გამორჩევა უდიდესი ეროვნული და სულიერი მნიშვნელობის მოვლენაა, რადგან პირდაპირაა დაკავშირებული ჩვენი სამშობლოსა და ხალხის სულიერ ცხოვრებასთან, ერთობასა და მრავალსაუკუნოვან ტრადიციებთან. მწამს, რომ თქვენი წინამძღოლობით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია კიდევ უფრო განმტკიცდება. კათოლიკოს-პატრიარქის როლი საზოგადოებაში მშვიდობის, სიყვარულისა და ურთიერთპატივისცემის დამკვიდრების საქმეში განუზომელია. მჯერა, რომ თქვენი მოღვაწეობა სწორედ ამ ღირებულებებს დაეფუძნება. თქვენო უწმინდესობავ, გისურვებთ ნაყოფიერ და ღვთივკურთხეულ მსახურებას. დაე, თქვენი მოღვაწეობა იქცეს მრავალი კეთილი საქმის საფუძვლად ჩვენი ეკლესიის, სამშობლოსა და თითოეული თანამემამულისთვის. გულწრფელად გისურვებთ, ღირსეულად განაგრძოთ ერის მთავარი საყრდენის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის მემკვიდრეობა. ღმერთი იყოს თქვენი და სრულიად საქართველოს მფარველი“, – წერს ყაველაშვილი. 

ბოლო სიახლეები