,,უკვე ორი დღეა დასავლეთ საქართველოში, გზებს, ქუჩებსა და სოფლის ბილიკებს მივუყვები. ეს გზები გაზაფხულზე ამ ქვეყნის ბუნებას ადამიანის თვალწინ ცოცხალ ტილოდ წარმოსახავენ.
საქართველო განსაკუთრებული ქვეყანაა, რომელსაც ერთდროულად შეუძლია, უმასპინძლოს ბუნების მოყვარულებს მთებში, ტყეებში, ველებსა და ხეობებში; კულტურისა და ისტორიის მოყვარულები რამდენიმე ათასწლეულის ძეგლებთან მიიყვანოს; ხოლო გემოსა და სასმელების დამფასებლებს გააცნოს ისეთი არომატები და გემოები, რომლებიც ამ ერის იდენტობის ნაწილად იქცა.
ამ ორდღიანი მგზავრობისას, რომელმაც ათას ორას კილომეტრზე მეტი მოიცვა, ყველაზე მეტად ჩემი ყურადღება ამ ქვეყნის საგზაო ქსელმა მიიპყრო. ავტობანებიდან და მაგისტრალებიდან დაწყებული, პატარა სოფლის გზებით დასრულებული — ყველა მათგანს აქვს პოტენციალი, საქართველოს სილამაზისა და მიმზიდველობის ნაწილად იქცეს. თუმცა ამ დიდ შესაძლებლობასთან ერთად, თვალში საცემი კიდევ ერთი საკითხიც არის: საგზაო ინფრასტრუქტურის ნაწილის მოძველება და დაზიანებები, რომლებიც ზოგიერთ მონაკვეთზე მძიმე მოძრაობისა და სატრანზიტო დერეფნების დატვირთვის შედეგად გაჩნდა.
ბოლო დღეებში მწუხარებით შევიტყვე, რომ მხოლოდ ერთ კვირაში საქართველოში რამდენიმე ადამიანი საგზაო შემთხვევებს ემსხვერპლა. ამ მოგზაურობის დროს მეც საკუთარი თვალით ვნახე რამდენიმე ავარია — შემთხვევები, რომლებიც ზოგჯერ გზის საფარის დაზიანებით, ასფალტის ტალღოვნებით ან ინფრასტრუქტურის დაზიანებით იყო გამოწვეული.
საქართველო თავისი ეკონომიკური, ტურისტული და სატრანზიტო მომავლისთვის საჭიროებს უფრო ფართო ინვესტიციებს საგზაო ქსელის განახლებასა და გამაგრებაში. ქვეყანა, რომელიც აღმოსავლეთისა და დასავლეთის, ჩრდილოეთისა და სამხრეთის დამაკავშირებელ წერტილში მდებარეობს, თუკი შეძლებს თავისი საგზაო ინფრასტრუქტურის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად გაძლიერებას, არა მხოლოდ მეტ უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას მოუტანს საკუთარ მოსახლეობას, არამედ შექმნის ახალ შესაძლებლობებს ვაჭრობისთვის, ტრანსპორტისა და ტურიზმისთვისაც.
გზად ვესაუბრებოდი ირანში გზებისა და ხიდების მშენებლობის ერთ გამოცდილ კონტრაქტორს. მისი აზრით, საქართველო, საკუთარი საგზაო ქსელის გაძლიერებით, შეიძლება რეგიონში ტვირთისა და მგზავრთა გადაადგილების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მარშრუტად იქცეს და საკუთარ ხალხს მდგრადი კეთილდღეობა მოუტანოს.
მან ერთი ფრაზა თქვა, რომელიც, როგორც ჩანს, ირანელ კონტრაქტორებს შორის ერთგვარ დევიზად და სამუშაო პრინციპად ითვლება. ეს სიტყვები გონებაში ჩამრჩა:
„კარგი ასფალტი, პროგრესისკენ მიმავალი მტკიცე ნაბიჯების საყრდენი წერტილია”-წერს ირანის ელჩი ალი მოჯანი.

