სამშაბათი, მარტი 10, 2026

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა ღვაწლმოსილ მეცნიერ ქალებს გაზაფხულის დღესასწაულები მიულოცა

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქალთა ასოციაციისთვის დიდი პატივია, რომ 8 მარტის აღნიშვნა მადლიერებისა და პატივისცემის გამოხატვით შევძელით. ჩვენი საქველმოქმედო აქცია, რომელიც რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ინიციატივით და მხარდაჭერით რამდენიმე წელია ტარდება, მიზნად ისახავს უნივერსიტეტის იმ ღვაწლმოსილი მეცნიერი ქალბატონების მონახულებას, რომლებიც უკვე 90 წელს გადაცილებულნი არიან და რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს უნივერსიტეტის სამეცნიერო-აკადემიური ტრადიციების ჩამოყალიბებასა და განვითარებაში. ეს ქალბატონები არიან არა მხოლოდ პროფესიონალიზმის მაგალითი, არამედ თაობათა შორის ცოდნისა და გამოცდილების გადაცემის ცოცხალი სიმბოლო. მათი მრავალწლიანი აკადემიური და სამეცნიერო საქმიანობა ათეულების განმავლობაში ქმნიდა იმ ინტელექტუალურ გარემოს, რომელსაც დღეს ჩვენი უნივერსიტეტი ეფუძნება“, – ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქალთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ნაზი კუციავამ სარვამარტო ღონისძიებაზე განაცხადა.

 

სტუ-ის ინფორმაციით, ქალთა ასოციაციის ინიციატივით, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტისა და აგრარული მეცნიერებისა და ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტის ჩართულობით, სარვამარტო აქცია გაიმართა, რომლის ფარგლებშიც უნივერსიტეტის ღვაწლმოსილ მეცნიერ ქალებს საჩუქრები გადაეცათ.

 

როგორც ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანი აცხადებს, მსგავსი ინიციატივები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ადამიანების მხარდაჭერისა და დაფასებისთვის, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს უნივერსიტეტისა და მეცნიერების განვითარებაში. პროფესორ თალიკო ჟვანიას თქმით, უნივერსიტეტი დიდი აკადემიური ოჯახია, სადაც ერთმანეთის მხარდაჭერა, პატივისცემა და ტრადიციების შენარჩუნება განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს.

 

„განსაკუთრებით ღირებულია ტრადიცია, რომელიც ჩვენს უნივერსიტეტში არსებობს – ვაფასებდეთ და ყურადღებას ვაქცევდეთ იმ ადამიანებს, რომლებმაც მრავალი წლის განმავლობაში ერთგულად ემსახურნენ მეცნიერებასა და ახალგაზრდა თაობის აღზრდას. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქალთა ასოციაციის მიერ ორგანიზებული საქველმოქმედო აქცია სწორედ ასეთი ღირებულებების გამოხატულებაა. განსაკუთრებულად ემოციური და მნიშვნელოვანი იყო იმ ღვაწლმოსილი მეცნიერ ქალბატონების მონახულება, რომლებიც უკვე 90 წელს გადაცილებულნი არიან და რომელთა პროფესიული ცხოვრება მჭიდროდ არის დაკავშირებული უნივერსიტეტის განვითარებასთან. ეს ადამიანები არიან ჩვენი აკადემიური ისტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი. მათ მიერ შექმნილი სამეცნიერო და პედაგოგიური მემკვიდრეობა დღემდე ახდენს გავლენას უნივერსიტეტის საგანმანათლებლო გარემოზე. სწორედ მათი შრომის, ცოდნისა და ერთგულების შედეგად ჩამოყალიბდა ის ძლიერი აკადემიური საძირკველი, რომელსაც ჩვენი უნივერსიტეტი ეფუძნება“, – აცხადებს დეკანი.

 

სტუ-ის აგრარულ მეცნიერებათა და ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანის განცხადებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქალთა ასოციაციის აქტივობები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს უნივერსიტეტის ჰუმანურ ღირებულებებს, კოლეგიალურ ურთიერთობებსა და იმ პასუხისმგებლობას, რომელიც უნივერსიტეტს აკისრია ღვაწლმოსილი მეცნიერების მიმართ.

 

„აზა დანელია, ნანული თევზაძე, ლენა კალანდაძე, ნელი მაისურაძე, ელმირა ჩხიკვაძე, მერი ციციშვილი, ნელი ჭიჭინაძე, ელისაბედ ხუხუნაიშვილი, ირა ჩხეიძე – ეს ადამიანები ჩვენი აკადემიური ტრადიციების მატარებლები არიან. მათი მრავალწლიანი სამეცნიერო და პედაგოგიური საქმიანობა მნიშვნელოვანი საფუძველია იმ წარმატებებისა, რასაც დღეს ჩვენი უნივერსიტეტი აღწევს. მათი გამოცდილება, პროფესიონალიზმი და მეცნიერებისადმი ერთგულება მომავალ თაობებს განსაკუთრებულ მაგალითს აძლევს. მსგავსი ინიციატივები არა მხოლოდ მადლიერების გამოხატვის საშუალებაა, არამედ გვახსენებს აკადემიური საზოგადოების ერთიანობისა და თაობებს შორის უწყვეტი კავშირის მნიშვნელობას. დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი აქტივობები მომავალშიც გაგრძელდება და კიდევ უფრო გააძლიერებს იმ ღირებულებებს, რომელზეც ჩვენი უნივერსიტეტი დგას – აკადემიურობას, ურთიერთპატივისცემას, კოლეგიალობას და მეცნიერებისადმი ერთგულებას“, – აცხადებს ლიანა თარგამაძე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

რეჯეფ თაიფ ერდოღანი – თურქეთის საჰაერო სივრცის დარღვევას გამართლება არ აქვს

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, თურქეთის საჰაერო სივრცის დარღვევას გამართლება არ აქვს.მედიის ინფორმაციით, ირანის პრეზიდენტ მასუდ პეზეშკიანთან სატელეფონო საუბრისას ერდოღანმა ხაზი გაუსვა, რომ თურქეთი ცდილობს დიპლომატიის კარის გაღებას ომის დასრულების ხელშეწყობის მიზნით.მისი თქმით, თურქეთი ცდილობს დიპლომატიის კარი გაუღოს ომის დასრულებას.გუშინ საღამოს მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე ერდოღანმა ირანს პროვოკაციული ნაბიჯებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს.„ჩვენი გულწრფელი გაფრთხილებების მიუხედავად, უკიდურესად არასწორი და პროვოკაციული ნაბიჯები კვლავ იდგმება, რაც საფრთხეს შეუქმნის თურქეთის მეგობრობას“.შეგახსენებთ, გუშინ ირანიდან გაშვებული ბალისტიკური რაკეტა თურქეთის საჰაერო სივრცეში ნატო-ს თავდაცვის სისტემებმა გაანეიტრალეს. თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ნატო-ს თავდაცვის სისტემების მიერ მოგერიებული ირანული რაკეტის ზოგიერთი ფრაგმენტი სამხრეთ გაზიანტეპში, ღია ტერიტორიაზე ჩამოვარდა, თუმცა არავინ დაშავებულა.

მებაჟე ოფიცრებმა ქუთაისის აეროპორტში არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

საბაჟო გამშვები პუნქტი - ,,ქუთაისის აეროპორტში“ არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის მცდელობის 2 ფაქტი აღიკვეთა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს (საერთო წონით 219.81 გრამი) ნაკეთობები აღმოაჩინეს. არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 77 202 ლარი შეადგინა. სამართალდამრღვევი მოქალაქეების საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

ანტონიუ კოშტა – ჯერჯერობით, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის ერთადერთი გამარჯვებული რუსეთია

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიუ კოშტა აცხადებს, რომ ახლო აღმოსავლეთში ომის ერთადერთი გამარჯვებული რუსეთია. ამის მიზეზად კოშტა ენერგომატარებლების ფასების ზრდას და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომისადმი ყურადღებას შემცირებას ასახელებს.„ჯერჯერობით, ამ ომში მხოლოდ ერთი გამარჯვებულია – რუსეთი. ენერგომატარებლების ფასების ზრდის გამო, ის ახალ რესურსებს იძენს უკრაინის წინააღმდეგ ომის დასაფინანსებლად. ის მოგებას იღებს სამხედრო შესაძლებლობების გადამისამართებით, რომლებიც სხვა შემთხვევაში შეიძლებოდა, უკრაინის მხარდასაჭერად გაეგზავნათ. ის სარგებლობს უკრაინის ფრონტზე ყურადღების შემცირებით, რადგან ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტი ცენტრალურ ადგილს იკავებს“, – განაცხადა კოშტამ ბრიუსელში ევროკავშირის ელჩების წინაშე გამოსვლისას.ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ამასთან ხაზი გაუსვა ევროკავშირის მიერ საერთაშორისო წესებზე დაფუძნებული წესრიგის დაცვის აუცილებლობას, რომელსაც, მისი თქმით, ახლა შეერთებული შტატები ეჭვქვეშ აყენებს.„თავისუფლება და ადამიანის უფლებები ბომბებით ვერ მიიღწევა. მათ მხოლოდ საერთაშორისო სამართალი იცავს. ჩვენ უნდა ავიცილოთ თავიდან შემდგომი ესკალაცია. ასეთი გზა საფრთხეს უქმნის ახლო აღმოსავლეთს, ევროპას და მის ფარგლებს გარეთაც“, – განაცხადა კოშტამ.

გია ხუხაშვილი – არ მითქვამს, რომ საქართველოში ტერაქტების სერიის დაწყების რისკებია, რეგიონზე ვთქვი, რის საფუძველზე ვაკეთებ ამ განცხადებას, სუს-მა ჩემზე კარგად იცის

არ მითქვამს, რომ საქართველოში ტერაქტების სერიის დაწყების რისკებია, რეგიონზე ვთქვი, რის საფუძველზე ვაკეთებ ამ განცხადებას, სუს-მა ჩემზე კარგად იცის, – ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე შესვლამდე განაცხადა.როგორც ხუხაშვილმა აღნიშნა, ტერაქტების სერიაზე საუბრისას მას მხედველობაში რეგიონი ჰქონდა და საქართველო არ უხსენებია.„არ მითქვამს, რომ რისკებია, ტერაქტების სერია საქართველოში დაიწყოს, რეგიონი ვთქვი. ალბათ, ისრაელის საელჩოს განცხადებასაც ნახავდით. დიდი ბოდიში, მაგრამ მე წარმოშობით ებრაელი ვარ, ასე რომ, პირად საფრთხესაც ვგრძნობ. ანალიზის საფუძველზე გავაკეთე ეს განცხადება, როდესაც ასეთი ჯგუფები არიან რეგიონში, რისკები სულ არსებობს“, – აღნიშნა ხუხაშვილმა.ხუხაშვილმა კიდევ ერთხელ ისაუბრა იმ ჯგუფებზე, რომლებიც, მისი თქმით, მომზადებას გადიან ამერიკის მიერ დასანქცირებულ „ალ მუსტაფას“ უნივერსიტეტში. ხუხაშვილის მტკიცებით, ამ ჯგუფებში საქართველოს მოქალაქეებიც არიან.„დაკავების ნამდვილად არ მეშინია, რომ დამაკავონ რა? წამოვწვები და წავიკითხავ წიგნებს. საქართველოს მოქალაქეები გადიოდნენ მომზადებას, რის საფუძველზე ვაკეთებ ამ განცხადებას ეს სუს-მა ჩემზე კარგად იცის, იმათ ჰკითხეთ. არსებობს ამერიკიდან სანქცირებული ჯგუფები, ეს უნივერსიტეტი რომაა ცნობილი და საქართველოში მათ ჰქონდათ აქტივობები“, – განაცხადა ხუხაშვილმა.ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე იმყოფება, ექსპერტი გია ხუხაშვილი. ხუხაშვილი სუს-ში  გუშინდელ განცხადებასთან დაკავშირებით არის დაბარებული.კერძოდ, მან „პალიტრანიუსის“ პოლიტიკურ თოქშოუში, „360 გრადუსში“ განაცხადა: „ძალიან საფრთხილო სიტუაციაა. დეტალებს ვერ ვიტყვი. ღია წყაროებიდან ვფლობ ინფორმაციას, მაგრამ ინფორმაცია საკმაოდ დამაჯერებელია და აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, საფრთხე არის რეალური. შეიძლება, დაიწყოს ტერაქტების სერია“.

ბუნდესტაგში ოპოზიციური ფრაქცია „ალტერნატივა გერმანიისთვის” გერმანიის მთავრობას მიმართავს კითხვებით, რომლებიც, მათ შორის საქართველოში LGBTIQ-სა და გენდერის თემატიკის დაფინანსებას ეხება

გერმანიის ბუნდესტაგში ოპოზიციურმა ფრაქციამ, „ალტერნატივა გერმანიისთვის” წარადგინა კითხვები, რომელშიც გერმანიის მთავრობას სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით განმარტებებს სთხოვს.მოთხოვნაში რამდენჯერმე არის ნახსენები საქართველო, როგორც ქვეყანა, სადაც გერმანიის მთავრობა, ფრაქციის აზრით, სხვა სახელმწიფოს შიდა საქმეებში ერევა.პირველ დოკუმენტში, რომელიც ეხება გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ პროექტების დაფინანსებას, ფრაქციის დეპუტატები ასეთი პროექტის მაგალითად ასახელებენ GEO4E-ს. ფრაქციის შეფასებით, ეს პროექტი, რომელიც „ქართული სამოქალაქო საზოგადოების ევროკავშირთან ინტეგრაციას” ემსახურება, ლობირებს LGBTIQბუფლებებისა და  ე.წ. სქესთა თანასწორ ქორწინებას საქართველოში.დეპუტატებმა გერმანიის მთავრობას შემდეგი კითხვები დაუსვეს:„რა რაოდენობით დაფინანსება იყო გამოყოფილი GEO4EU-სთვის, რა ვადით და ბიუჯეტის რომელი მუხლიდან?“„მოხდა თუ არა ამ პროექტის შეფასება და, თუ მოხდა, დაბრუნდა თუ არა სახელმწიფოს სახსრები?“მეორე დოკუმენტში, რომელიც საზღვარგარეთ LGBTIQ-სა და გენდერის თემატიკის დაფინანსებას ეხება, ფრაქციამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ საქართველოსთან დაკავშირებით შემდეგი კითხვები დასვა:„კითხვა 23: ჰქონდათ თუ არა გერმანელ დიპლომატებს ან საგარეო საქმეთა სამინისტროს რაიმე საჯარო განცხადება საქართველოში LGBTQ კანონთან და, თუ კი, რა შინაარსის?”„კითხვა 24: რატომ მიიჩნევს გერმანიის მთავრობა საქართველოში მიღებულ LGBTQ კანონს ანტიდემოკრატიულად?”„კითხვა 25: რა სახის „ყალბი ინფორმაცია” გაავრცელა საქართველოს მთავრობამ ევროკავშირისა და გერმანიის შესახებ და როდის?“აღნიშნული კითხვები ეხება 2024 წლის სექტემბერში საქართველოში მიღებულ კანონს LGBTQ პროპაგანდის შეზღუდვის შესახებ, რასაც გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა.ბუნდესტაგში წარდგენილ დოკუმენტში ფრაქცია „ალტერნატივა გერმანიისთვის” მთავრობას სთხოვს განმარტებას რიგი პროექტების დაფინანსებასთან დაკავშირებით. მათ შორის არის ნახსენები საქართველოში 2021 წელს გამართული გამოფენა Queer Chronicles-ი, რომლის ორგანიზატორად ან პარტნიორად მითითებულია გოეთეს ინსტიტუტი.ფრაქცია „ალტერნატივა გერმანიისთვის” ბუნდესტაგში წარდგენილ ორივე დოკუმენტში ამტკიცებს, რომ გერმანიის მთავრობა, მათ შორის გოეთეს ინსტიტუტისა და სხვა სახელმწიფო სტრუქტურების მეშვეობით, ფინანსურად უჭერს მხარს LGBTIQ  და გენდერის სფეროში მოქმედ ორგანიზაციებს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის ისეთებში, სადაც ეს საქმიანობა ადგილობრივ კანონმდებლობასთან ან ღირებულებებთან შეუთავსებელია.გერმანიის მთავრობამ ამ კითხვებზე პასუხი კანონით განსაზღვრულ ვადაში უნდა წარადგინოს.

ბოლო სიახლეები